”ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ავიაცია მიწასთან გაასწორა!”

”ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ავიაცია მიწასთან გაასწორა!”

სამოქალაქო ავიაციის პრობლემებზე გასულ წლებში ბიზნესსა და მედიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ”ეკოპალიტრამ” დარგში არსებული პრობლემების შესახებ რამდენიმე შეკითხვით მიმართა ავიაკომპანია ”აირზენას” დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილს.

რას ფიქრობთ ავიაციის სფეროში დღეს შექმნილ ვითარებაზე? როგორც ვიცი, ბევრი რეისის დახურვამ მოგიწიათ და ყოველთვის აცხადებდით, რომ ეს ამ დარგისადმი ხელისუფლების ანტიეროვნული დამოკიდებულების შედეგი იყო.

- ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიწასთან გაასწორა ქართული ავიაცია! მოგეხსენებათ, ეს ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგია და ამაში დარწმუნებული თავად ნაციონალებიც იყვნენ.

2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს კარგად დაინახა ყველამ, რა როლი შეასრულა ”აირზენამ” ქვეყნისათვის, არა მხოლოდ იმით, რომ რეგულარული რეისები არ შეაჩერა, არამედ იმითაც, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ბევრი ჩარტერული ფრენა განახორციელა. ამის მიუხედავად, არ ვიცი რატომ, შესაძლოა ჩემი პიროვნება არ მოსწონდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდნენ ავიაციას და მათ შორის, ჩემს კომპანიას. პრაქტიკულად, ისეთი რაღაცები გააკეთეს, რის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც მთავრობის წევრები და განსაკუთრებით პრეზიდენტი, ხშირად საუბრობდნენ, იაფი ბილეთებია. რამდენად რეალურია 37-ევროიანი ბილეთების არსებობა?

- პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენიმე რეისი შეიძლება თავად პრეზიდენტმა, ან ვინმე კერძო პირმა დააფინანსოს, თუმცა წლობით ამას ვერავინ შეძლებს. კომუნისტების დროს, როცა 37 მანეთი ღირდა ბილეთი, ერთი ტონა საწვავის ფასი 25 მანეთს შეადგენდა. დღეს კი, როგორც იცით, ერთი ტონა საწვავის ფასი 1300-დან 1500 დოლარამდე მერყეობს. ამასთანავე, საწვავის შემოტანა მონოპოლიზებული ჰქონდა ”ნაციონალურ მოძრაობას”. მე პირადად 7-მილიონიანი ინვესტიცია ჩავდე და აეროპორტის ტერიტორიაზე თვითმფრინავების გასამართი საწვავის ტერმინალი ავაშენე. ტერმინალი საწვავს მიიაფებდა და ეს ბილეთის ფასზეც აისახებოდა, ერთი წელი იმუშავა და შემდეგ საწვავის შემოტანა ამიკრძალეს!

ეკონომიკის სამინისტროში, საჰაერო ადმინისტრაციის სათავეში მოკალათებული იყვნენ კორუმპირებული პირები, ანტიეროვნული ძალები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული. პრეზიდენტი თავს იწონებდა, რომ მთავრობაში კორუფცია აღარ არის და მოისპო, ასეთი ხალხი კი უახლოეს გარემოცვაში ჰყავდა. კონკრეტული პირები არიან პასუხისგებაში მისაცემი. მათ მილიონობით ზარალი მიაყენეს ქვეყანას „ატკატებითა“ და ქრთამებით.

მე ადრეც გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ სანამ ბილეთის ფასზე დაიწყებენ ლაპარაკს, ეკონომიკის სამინისტროში ხელში კალკულატორი აიღონ, კარგად დაითვალონ.

ბილეთის ფასი შედგება საწვავის, აეროპორტის მოსაკრებლების, თვითმფრინავის დაზღვევისა და სხვა მონაცემებისგან. ეს ყველაფერი შეკრიბონ, დაითვალონ და ბილეთის ფასზე განცხადებები მერე აკეთონ! მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი პიარისთვის კეთდება.

რას ფიქრობთ ტურიზმის განვითარების გეგმაზე, უკვე ყოფილი მთავრობა 5 მილიონი ტურისტის შემოყვანაზე ლაპარაკობდა, ეს ხომ პირდაპირ უნდა ასახულიყო თქვენს ბიზნესზე?

- რასაკვირველია, ეს აბსურდია. 90-იან წლებამდე, როცა ცნობილი კურორტების გარდა თითქმის ყველა რაიონში ტურბაზები იყო, საქართველოში ტურისტად 3 მილიონ ადამიანზე მეტი ვერ შემოდიოდა. მგონი, ეს განცხადებები 5 მილიონ ტურისტზე მხოლოდ იუმორისტული გადაცემების მთავარი თემა გახდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ტურისტების შემოყვანა არ ხდება რეგულარული რეისებით. როცა დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, ტურისტები შემოჰყავთ და გაჰყავთ ჩარტერული რეისებით, როგორც ჩვენ დავფრინავთ ანტალიასა და ეგვიპტეში.

რა უნდა გაკეთდეს სფეროს განვითარებისთვის?

- არ მინდა დღეს ექსპერტის როლში გამოვიდე, სანამ არ მეცოდინება, ახალ მთავრობას რა სტრატეგია ექნება ამ დარგის მიმართ. ისე, ჩემი აზრით, დარგის განვითარებამდე ჯერ დარგის გადარჩენაა აუცილებელი. თუ ავიაციით დაინტერესდებიან, ჯობს უცხოელი ექსპერტები მოიწვიონ და ისინი კომპეტენტურ დასკვნას დადებენ, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში.

ერთი ასეთი დასკვნა უკვე არსებობს. 2000 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით, ტრასპორტის სამინისტროში უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ, მათ ავიაციის სფეროს განვითარებაზე 300-გვერდიანი დასკვნა დადეს. თუმცა არც მაშინდელ მთავრობასა და არც შემდგომს ეს დასკვნა არ წაუკითხავს. თუ ვინმე დაინტერესდება ამ დოკუმენტით, მისი მოძებნა შესაძლებელია.

საქართველოში აეროპორტების გამალებული მშენებლობებია, პრეზიდენტი ახალ აეროპორტებზე დიდ იმედებს ამყარებდა, აგრეთვე მიმდინარეობს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია. რას ფიქრობთ, საჭიროა საქართველოსთვის ამდენი აეროპორტი?

- თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ჩადებული ინვესტიციები გაუმართლებელია და წყალში გადაყრილია ფულია, ორივე აეროპორტი უპერსპექტივოა. ბათუმის აეროპორტი ზამთარში უამინდობის გამო შვიდიდან სამი დღე დაკეტილია. 5 მ/წმ-ის ზევით ქარის სისწრაფის შემთხვევაში აეროპორტი იკეტება, აფრენა-დაფრენა მხოლოდ ერთი, ზღვის მიმართულებიდანაა შესაძლებელი. ჩემი აზრით, ამ რეგიონში აეროპორტი უნდა იყოს ქობულეთში ან მერიაში (გურია).

რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, სადაც ისევ თურქული კომპანია აპირებს 65-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას, ესეც აბსურდულად მიმაჩნია. თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს ორივე მხრიდან აქვს დიდი ღელეები, ამიტომაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს აეროპორტი უპერსპექტივოა. გაგახსენებთ შემთხვევას, როცა 1992 წელს ”ტუ-154”-მა განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავი იმდენად იყო გადატვირთული, რომ არ ეყო ბილიკის სიგრძე, ორხევის ღელეში ჩავარდა და დაიწვა. ღელის ადგილას მინდორი რომ ყოფილიყო, კატასტროფა აღარ მოხდებოდა. მეორე მხრიდან ლოჭინის ხევია. ამიტომ თუ აეროპორტში ინვესტიციების განხორციელება იგეგმება, ეს უნდა მოხდეს ვაზიანის სამხედრო აეროპორტში, რომელიც დღეს უფუნქციოდაა. მას კარგი მდებარეობა აქვს და თბილისის აეროპორტიდან ხუთი კილომეტრითაა დაშორებული.

ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა კი ალბათ, მთავრობის ერთ-ერთი კორუფციული წყაროა, როგორც სხვა ყველა მშენებლობა და ეს თანხები ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ადამიანების ჯიბეებში მიდის.

თურქული კომპანიის მიერ 65-მილიონიანი ინვესტიცია უკვე ოფიციალურად დაანონსდა პრეზიდენტის მიერ, თურქებმა არ იციან, რომ ამ აეროპორტს, როგორც თქვენ ამბობთ, პერსპექტივა არ აქვს?

- მინდა გითხრათ, რომ თურქულ კომპანიას არ აინტერესებს მგზავრების უსაფრთხოება, მათ მხოლოდ ფულის კეთება აინტერესებთ. არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდიათ, ეს ტყუილია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესმენს თუ არაბიზნესმენს შეეძლო ასეთი ინვესტიციების ჩადება. დოკუმენტის მიხედვით, თურქული კომპანიის სადამფუძნებლო თანხა, როცა ხელშეკრულება გაფორმდა, მხოლოდ 10 ათასი ლარი იყო. შემდეგ მათ მოითხოვეს 54-მილიონიანი კრედიტი ევროპული ბანკიდან, იმის გარანტიით, რომ მარკეტინგული კვლევებიდან გამომდინარე, წელიწადში ნახევარ მილიონ მგზავრს გაიყვანდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოსაკრებლების სახით ყველა გასულ მგზავრზე დააწესეს 22 დოლარი, შემდეგ პარლამენტის მეშვეობით გააკეთეს ისე, რომ ეს მოსაკრებლები არ იბეგრება და პირდაპირ კრედიტის დასაფარავად მიდის. ხოლო ყველა ტიპის კომერციული მომსახურება აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე თუ მის გარეთ მონოპოლიზებული აქვთ. მილიონობით დოლარი მიდის თურქების ჯიბეში და არ გამოვრიცხავ, იმ ქართველების ჯიბეშიც, რომლებიც წლებია ლობირებენ ამ კაბალურ ხელშეკრულებას. გაიხსენეთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ტავ ურბანის“ლანძღვა-გინება ბოლო დროს როგორ უცებ შეიცვალა, როგორ უწოდებდა „ტავ ურბანს“ წარმატებულ კომპანიას თავად მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის გახსნისას.

ისინი არანაირი 65 მილიონის ჩადებას არ აპირებენ, ამ ბილიკს ისევ მოსაკრებლების გაზრდისა და ისევ მგზავრების ხარჯზე ააშენებენ!

ჩემთვის გაუგებარი იყო - მათ ააშენეს მხოლოდ სამგზავრო ტერმინალი, მაგრამ უსასყიდლოდ გადაეცათ თვითმფრინავის სადგომები, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები. ამ ყველაფრისთვის ავიაკომპანიები თურქულ კომპანიას უზარმაზარ თანხებს უხდიან. ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და აფრიკაში მოხდეს.

როცა აეროპორტებზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ჩაგეკითხოთ საჰაერო ნავიგაციის თემაზე, მას წლობით გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, დღეს რა მდგომარეობაა?

- აეროპორტისა და ავიაკომპანიების მსგავსად, საჰაერო ნავიგაციაც განადგურებულია. გიორგი კარბელაშვილს პროფესიონალები ეჯავრებოდა, ვინც კი ავტორიტეტული იყო ამ სამსახურში, პირადად გაათავისუფლა! ნავიგაცია დღეს არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ისინი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, ჰაერში თუ ორი თვითმფრინავია, სადისპეტჩერო სამსახური პანიკაში ვარდება.

დღეს სანავიგაციო ხელსაწყოების და ლოკატორების შეძენა კორუფციული სქემაა: როცა თანამგზავრული ნავიგაცია არსებობს, ლოკატორებმა ფუნქცია დაკარგა, მისი დიდი ნაწილი საჭირო აღარ არის.

დასასრულ, უკვე დასახელდა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, როგორ შეაფასებდით მას?

- მივესალმები გიორგი კვირიკაშვილის დასახელებას ამ პოსტზე, იმედებს ვამყარებ მასზე, ვფიქრობ, ის ხელს შეუწყობს ავიაციის სფეროს განვითარებას. მისი ბიოგრაფია მიუთითებს, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია ეკონომიკისა და ფინანსების დარგში.