"ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო კვლავ ვნებათაღელვაა - 300 თანამშრომლიდან ძმებ გაჩეჩილაძეებთან დარჩენას 7 ადამიანი გეგმავს. დანარჩენი მუშაობის გაგრძელებას შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორ ბაჩო კიკაბიძესთან აპირებს, რომელიც ახალი ტელევიზიის გახსნას რამდენიმე დღეში გეგმავს, თუმცა "მაესტროს" სახელისა და ლოგოს გარეშე, რადგან საქალაქო სასამართლომ კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება შეუზღუდა. "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას შეუჩერდა ფულის ნაკადი, რომელიც არხზე "იმედსა" და "მაესტროს" შორის დადებული კონტრაქტით უნდა შესულიყო. ამასთან, მისივე თქმით, ამავე გადაწყვეტილებით კიკაბიძეს არა მხოლოდ სახელწოდება "მაესტროს", არამედ "მაესტროს 24"-ის გამოყენებაც აეკრძალა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "მაესტრო" დაიშალა, კიკაბიძემ თითქმის ყველა გადაიბირა.
"სახელის არგამოყენების უფლება ნიშნავს, რომ მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, მაგრამ მთავარი ფულის ნაკადის შეჩერებაა. მოგეხსენებათ, აქ ადამიანები რთულ ფინანსურ ვითარებაში მუშაობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფული არის ჩვენთვის ჰაერი იმისთვის, რომ სამსახურში ვიაროთ, და არის მცდელობა, ჰაერი გადაგკვიკეტონ," - აღნიშნა გადაბაძემ და დასძინა, რომ პარასკევს საქალაქო სასამართლოსთან სიტყვის თავისუფლების დასაცავად პირაკრულთა აქცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბაჩო კიკაბიძე მაუწყებლობას "ტვ-11"-ის სიხშირით და "მაესტრო 24-ის" სახელით აპირებდა. როგორც კიკაბიძე აცხადებს ლოგო და ბრენდი "მაესტრო" ჯერ კიდევ გენერალური დერექტორობის დროს გადაიფორმა, გუშინ სასამართლომ კი, ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნის საფუძველზე, გამოყენების უფლება შეუზღუდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას "ლევანის შიშებს" უწოდებს კიკაბიძე და ამბობს, რომ ტელევიზიას მაინც გახსნის, თუმცა სხვა სახელით. მისი თქმით, მაუწყებლობას რამდენიმე დღეში დაიწყებს და ეთერში გავა ყველა ის გადაცემა თუ სერიალი, რომელიც აქამდე "მაესტროს" ეთერში გადიოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ახლა ვიყავი სასამართლოში, ჩამბარდა განჩინება და მისი წაკითხვის დროს დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს მოსამართლე და ლევან გაჩეჩილაძე ისხდნენ სადღაც ჩაიზე და რასაც ჭორაობდნენ, მოსამართლემ გადაიტანა ფურცელზე. ამას "ლევანის გულისტკივილი და შიშები" ჰქვია. განჩინება შესაძლებელია ისე იყოს აღქმული, რომ "მაესტროს" სახელის გამოყენება მე კი არა, თვითონ "სტუდია მაესტროსაც" აეკრძალოს - ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან ჩემი ძველი მეგობრები. რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად ტელევიზიას მაინც გავაკეთებთ, მით უმეტეს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ დაფარვის არეალი გამიზარდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთელი მოსახლეობა მიიღებს იმ დაბალანსებულ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვავრცელებდით," - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ გამოცემასთან საუბრისას.
"მისივე თქმით, ყველაფერს ნულიდან დაიწყებენ, როგორც 20 წლის წინ დაიწყო "მაესტრომ". "როდესაც 20 წლის წინ დავიწყეთ ფუნქციონირება, სახლიდან მოვიტანეთ ვიდეო, ტელევიზორი და ერთი მიკროფონი. ანალოგიურს გავაკეთებთ, მაგრამ დღეს ტექნიკა უფრო დაიხვეწა. ტელევიზია ეთერში გავა რამდენიმე დღეში. ამ ეტაპზე ვფიქრობ ტელეკომპანია "მაესტროს" არსებული შენობით ვისარგებლოთ, რომელიც "ემ ინვესტმენტის", მაკა ასათიანის კომპანიის საკუთრებაა. მაგრამ, თუ ასათიანს არ მოუნდება ჩვენთან თანამშრომლობა, ჩვეულებრივი 2-ოთახიანი ბინიდან გავალთ ეთერში," - განაცხადა კიკაბიძემ. ამის პარალელურად კი, საქალაქო სასამართლო "მაესტროს" გაკოტრების პროცესს აჩერებს. არხის გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიმართავს და აცხადებს, რომ უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მის ადვოკატებს მიმართონ", - განაგრძობს გამოცემა.
interpressnews.ge
"ძალიან სწორად და სამართლიანად მიდის იურიდიული პროცესები. ვულოცავ საზოგადოებას და ჟურნალისტებს, რომ შეწყდა "მაესტროს" გაკოტრების საქმე. მინდა მივმართო მთელ პერსონალს, რომ დაწყნარდნენ. მათი ბრალი არ არის, შპს "სტუდია მაესტრო" რომ ასეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამ დღეებში მათთან შეხვედრას ვაპირებ და ყველაფერი დალაგდება მათი ინტერესებიდან გამომდინარე. მე მივალ "მაესტროში", შევალ "მაესტროში" და დავიწყებ ძალიან ჯანმრთელ ფუნქციონირებას. თუ მათი უფლებების დარღვევა ხდება, მიმართონ ჩემს ადვოკატებს, ნუ აჰყვებიან 2-3 ადამიანის პროვოკაციას და ძალადობას. სულ მოკლე ხანში გადაივლის ეს კრიზისი და "მაესტრო" იქნება ერთ-ერთი ობიექტური ტელევიზია," - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
"მისივე თქმით, სხვა შენობის ძებნას ამ დროისთვის არანაირი აზრი არ აქვს. "ტელევიზია არის ძალიან რთული ობიექტი ტექნიკურ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მე მივალ რამდენიმე ადამიანთან, ანუ ჩემს გუნდთან ერთად. გავეცნობი დანარჩენ გუნდს და დავიწყებ ფუნქციონირებას. ვუშვებ იმას, რომ არ შემიშვან ჩემს სამუშაო ადგილზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვაგან მოვახერხებ ჟურნალისტებთან და მთელ კოლექტივთან შეხვედრას, რათა არ დავუშვათ, ტელევიზია "მაესტრო" ვიღაცამ ჯიჯგნოს," - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. რაც შეეხება "მაესტროს" თანამშრომლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შპს "სტუდია მაესტროს" დატოვების შესახებ, გაჩეჩილაძის თქმით, ამ საკითხებს ინდივიდუალურად, პირად შეხვედრებზე გაეცნობა. "ამაზე დღეს ვერ გიპასუხებთ. ესეც ძალიან ჯანმრთელი სამუშაო რეჟიმია. მიუხედავად იმისა, ვის აიძულეს განცხადების დაწერა და წასვლა, ჩვენ ამ ყველაფერში ინდივიდუალურ რეჟიმში გავერკვევით. მთავარია "ემ ინვესტმენტმა" მოგვცეს მუშაობის საშუალება და არ მოხდეს რაიმე ძალადობა. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ემ ინვესტმენტმენტს" აქვს დიდი სურვილი, გათიშოს დღეს არსებული მაუწყებლობა", - თქვა ლევან გაჩეჩილაძემ.
"მისივე თქმით, შპს "სტუდია მაესტრო" გამოიყენებს ყველაფერ იმას, რასაც მანამდე იყენებდა. რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, გაჩეჩილაძის თქმით, მისი გაგრძელება, კომპანია "ემ ინვესტმენტზეა" დამოკიდებული, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის. "მე მაქვს დიდი სურვილი, რომ "იმედის" ხელშეკრულება გაგრძელდეს. სხვათა შორის, "ემ ინვესტმენტზეა" დამოკიდებული "იმედის" კონტრაქტის გაგრძელება, რადგან სარეკლამო დრო მთლიანად გატანილია "ემ ინვესტმენტის" მიერ," - დასძინა გაჩეჩილაძემ.