ნარკობიზნესის ქართული სცენარი

ნარკობიზნესის ქართული სცენარი

გაეროს ექსპერტების მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 6 ნარკოსატრანზიტო მარშრუტი გადის, რომელიც ძირითადად ავღანეთიდან ევროპაში ჰეროინის ტრანსპორტირებას მოიცავს. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების  ძალისხმევისა, ჩვენს სამართალდამცველებს არასდროს მიუწვდებოდათ ხელი ამ ბიზნესში ჩართულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნარკოტრანზიტს საქართველოს ხელისუფლებაში ძლიერი ლობი ჰყავს.

2  ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია ამ მხრივ უპრეცედენტოა. სამართალდამცველებმა დააკავეს საერთაშორისო ნარკორეალიზატორობაში ეჭვმიტანილი 5 კაცი. ანასტასია ზაუტაშვილი (მუსემიანი), მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. როგორც გაირკვა, ნარკოტრაფიკის სქემა ასეთი იყო:

ნუგზარ ბოჭორიშვილმა, ესპანეთში "მოღვაწე" ქართველი კანონიერი ქურდების დახმარებით, შეძლო ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში შესაბამისი კავშირები დაემყარებინა კოკაინის მსხვილ რეალიზატორებთან. ის პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან საქართველოში რეგულარულად უგზავნიდა ნათესავებს - მევლუდ სვანიძეს და რომან მუსემიანს ჯართს(?!), რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე ათეული კილოგრამი კოკაინი იყო ჩამალული.

ფოთის პორტში შემოსული ტვირთი ქუთაისში გადაჰქონდათ. ამოღებული კოკაინი შემდგომში სანდო კურიერებს - გიორგი ჩეჩელაშვილსა და მის მეგობარს მსუბუქი მანქანით თურქეთში გადაჰქონდათ (ნარკოტიკი მანქანის ცალკეულ ნაწილებში იყო შენახული) სარეალიზაციოდ. საინტერესოა, რომ  თურქეთში მყიდველს თავად ბოჭორიშვილი უკავშირდებოდა. კოკაინი თურქეთის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, თუ ევროპისკენ აგრძელებდა გზას, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

2009 წლის ივლისში ფოთში ჯართით დატვირთული გემი შემოვიდა. მასში 90 კგ კოკიანი იყო გადამალული. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს პორტებში არ დგას ნარკოტიკების აღმომჩენი სპეციალური აპარატურა. ანალოგიური სიტუაციაა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, განსაკუთრებით სარფის საბაჟოზე. თავად თურქეთში ნარკოტიკების შეტანა ძალიან სარისკოა, რადგან საზღვრები ამ თვალსაზრისით კარგად არის დაცული. როგორც თურქი ექსპერტები აცხადებენ, გამონაკლისი მხოლოდ სარფის საბაჟოა. თურქ მებაჟეებში კორუფციის მაღალი დონის გამო ნარკოტიკების მოძრაობის კონტროლი თითქმის ვერ ხერხდება...

ნუგზარ ბოჭორიშვილის ოჯახური ბიზნესი "იღბლიანი" გამოდგა და დიდი მოგებაც მოჰქონდა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი ქართული სცენარით განვითარდა: კურიერებს - გიორგი ჩეჩელაშვილს და მის მეგობარს დაპირებული ათ-ათი ათასი ევროს ნაცვლად ათ-ათი ათასი დოლარი გადაუხადეს. ჩეჩელაშვილი დიდხანს ამაოდ ითხოვდა გაწეული სამსახურისთვის დაპირებულ ანაზღაურებას. ბოლოს, სამართალის ძიება ადგილობრივ კრიმინალებში დაიწყო. იმ დროისთვის ნუგზარ ბოჭორიშვილი თბილისში იმყოფებოდა. საქმეში ჩარეულმა "კაი ბიჭებმა" ბოჭორიშვილს, დასჯის მიზნით, 250.000 დოლარი მოსთხოვეს. "შეშინებულმა" ნარკოსაქმოსანმა თავისი გავლენიანი ბიზნესპარტნიორები შეაწუხა. შედეგმაც არ დააყოვნა:

თბილისელ კრიმინალურ ავტორიტეტს, თენგო გურჩიანს თავად კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა დაურეკა და ამ საქმის მოგვარება სთხოვა. როგორც კალაშოვთან დაახლოებული პირები ამბობენ, შაქროს ტელეფონის ერთი ზარი მილიონები ღირს.

ქართველი კანონიერი ქურდების ნარკობიზნესით დაინტერესება ჯერ კიდევ 1994 წელს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ქურდული კოდექსის თანახმად, ნარკოტიკების რეალიზაცია დიდ ცოდვად ითვლებოდა, სან ხოსეში გამართულ შეკრებას, სადაც მსოფლიო ნარკოსაქმოსნები პოსტსაბჭოური სივრცის განაწილებაზე მსჯელობდნენ, ქართველი კანონიერი ქურდი დათო ციხელაშვილი, მეტსახელად დათო ტაშკენტელიც ესწრებოდა. შაქრო კალაშოვის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, სათამაშო ბიზნესის შემდგომ, ნარკობიზნესი ითვლება, რაც ხშირად გამხდარა "კოლეგების" მხრიდან პრეტენზიის საბაბი.

რაც შეეხება თენგო გურჩიანს, ის ერთადერთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც, რატომღაც ბოლო დრომდე ახერხებდა თბილისში დარჩენას. "უფროსი ძმის" თხოვნა გურჩიანმა შეასრულა და ბოჭორიშვილზე ზეწოლა შეწყდა. მოგვიანებით, "ოჯახმა" აბეზარი კურიერის დასჯა გადაწყვიტა. ნუგზარ ბოჭორიშვილმა დაურეკა ანასტასია ზაუტაშვილს და მისცა კილერის საკონტაქტო ტელეფონი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩეჩელაშვილი უნდა მოეკლა. განზრახვის შესრულება არ დასცალდათ.

2 ივნისის სპეცოპერაციის დროს მევლუდ სვანიძის სახლის ეზოში სამართლდამცველებმა ჩამარხული დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩინეს (1.700.000 ევრო), ანასტასია ზაუტაშვილის სახლში კი 50.000 ევრო და ცეცხლსასროლი იარაღი.

სპეცოპერაციის შემდგომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ხდებოდა შემოტანილი კოკაინის გავრცელება ჩვენს ნარკობაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდერეფანში გამავალი ნარკოტიკის გარკვეული ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც ილექება, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენებური ნარკოსაქმოსნები ამ კუთხით ფრთხილობდნენ, ვინაიდან კოკაინის (ე.წ. ელიტარული ნარკოტიკის) გამოჩენა ქართულ ნარკობაზარზე აუცილებლად მიიქცევდა შესაბამისი სამსახურების ყურადღებას.

დაკავებულ პირებს სასამართლომ  2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბBრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

შეძლებს თუ არა ქართული მართლმსაჯულება ნუგზარ ბოჭორიშვილის სამართალში მიცემას, ამას დრო უჩვენებს...