ოდესღაც მსოფლიო პოლიტიკაში ტიტანების ეპოქა იყო, თუმცა უფროს-უმცროსობა მათ შორისაც არსებობდა. უინსტონ ჩერჩილმა სტალინის საჯაროდ ძაგება მხოლოდ მას შემდეგ გაბედა, რაც დარწმუნდა, რომ „ძია ჯოს“ ტახტს ტაკიმასხარა ნიკიტუშკა დაეპატრონა. წავიდა რუზველტიც, ჩერჩილიც, ბროზ ტიტოც, დე გოლიც... მოვიდნენ ტაკიმასხარები. თანაც ისეთები, რომელთა ფონზე ხრუშჩოვი თითქმის ბრძენკაცად გამოიყურება. ისინი ერთმანეთს ჰგვანან. მერე რა, რომ ზოგი ქალია, ზოგი - ფერადკანიანი, ზოგს კი არ ერცხვინება, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მერი იყოს და შეთავსებით - ჰომოსექსუალი. ისინი ერთნაირად ლაპარაკობენ, ერთნაირად იღიმიან, ერთსა და იმავე „საფრთხეებზე და გამოწვევებზე“ საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი მეგობარი ანდერს ფოგ რასმუსენი ორიოდე დღის წინ ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. დღევანდელი მსოფლიოს ლიდერები ამაშიც ჰგვანან ერთმანეთს. ეს კეთილმოწყობილი კლასი ისეთივე მარცხიანია, როგორც „ჩვენი მაღალი“. მასავით ხან ველოსიპედიდან ვარდება, ხან მანქანით რაიმეს შეასკდება, ხანაც ციგურებზე ან თხილამურებზე სრიალისას შავდება.
„ველოსიპედი ევროპული ცხოვრების წესია,“ - ამტკიცებს სააკაშვილი. ხელმოტეხილი რასმუსენიც უდასტურებს. სხვათა შორის, ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი ველოსიპედით პოლიციელს დაეჯახა და ველოსიპედი დაამტვრია. ველოსიპედის არა, მაგრამ თვითმფრინავის მართვისას მარცხიანობის რეკორდსმენი „ჩვენი მაღალის“ კიდევ ერთი მეგობარი ჯონ მაკეინია. ახალგაზრდობაში, ტეხასში სამსახურისას, თვითმფრინავიანად ჩამოვარდა, მაგრამ გადარჩა. 60-იან წლებში ესპანეთში თვითმფრინავით ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო და მისისიპიში დააბრუნეს ინსტრუქტორად. ვიეტნამის ომის დროს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კატაპულტირებისას ტბაში ჩავარდა და კინაღამ დაიხრჩო, მოიტეხა ორივე ფეხი და ხელი.
ყოველგვარი ტექნიკური საშუალებების გარეშე „იმარჯვეს“ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ბორის ელცინს სარდინიაში დასვენებისას ტუალეტში ფეხი დაუცდა და ბარძაყი მოიტეხა. როცა ვილას „ილ ტარტარუჯინო“, ანუ ტარტაროზი ჰქვია, სხვას რას უნდა ელოდე! ჰილარი კლინტონს ისე ეჩქარებოდა თეთრ სახლში მისვლა, რომ ფეხი დაუცდა და ხელი მოიტეხა. 83 წლის მარგარეტ ტეტჩერს კი არსად აგვიანდებოდა, მაგრამ ლონდონში, საკუთარ სახლში, დაეცა და მანაც ხელი მოიტეხა.
სამაგიეროდ, იტალიის სკანდალურად ცნობილ აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის ვიღაც მილანელი მიეჭრა და ლითონის სტატუეტით ცხვირი და ორი კბილი ჩაუმტვრია.
ერთი სიტყვით, ჩვენ მარცხიანი ტაკიმასხარების ეპოქაში ვცხოვრობთ. ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხვდებიან, აცილებენ, იკრიბებიან, დასცინიან, ალალი გამომეტყველებით ცრუობენ, ჩვენ კი ჩვენი პრობლემების ამარა ვართ დარჩენილი და ვერ გაგვიგია, რატომ იღებს პარლამენტარი თვეში 3000 ლარზე მეტ გასამრჯელოს, როცა ერთი ზრდასრული ადამიანის საარსებო მინიმუმად 155 ლარს და 60 თეთრს გვიწესებენ?
ვერც იმას ხსნის უჩინო მოქალაქე, რაში გამოიხატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა და „ნომერ პირველი რეფორმატორობა“, ვერც იმას, რომ ამ ზრდისა და წინსვლის კვალობაზე სულ უფრო და უფრო ჭირს ცხოვრება. ომი მოვიგეთ, მაგრამ ომი არ დაგვიმთავრებია. ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ ყველაზე ეფექტური მთავრობა გვყავს, ეკონომიკა არ გვაქვს, სამაგიეროდ, მდგრადი მინისტრი გვყავს. ელექტროენერგია 2003 წლის მერე ვნახეთ პირველად (ასეთ ინფორმაციას აწვდიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ მეგობრებს), მაგრამ ანთებას ვერიდებით, რადგან „ნაგავს წერს“.
ჩვენ ვართ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მაგრები, იმიტომ, რომ მიშა მაგარია! მიშას სიმაგრე კი იმ შელოცვაშია, რომელსაც ყოველდღიურად ჩაგვჩიჩინებენ მისი მორჩილი სატელევიზიო ზონდერბრიგადები:
რევოლუციამდე საქართველო მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო. საქართველომ უპირატესობა კანონის უზენაესობას მიანიჭა. საქართველომ დაძლია კორუფცია. საქართველომ შეძლო ფართომასშტაბიანი დეცენტრალიზაცია. „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიღწევა ის არის, რომ სახელმწიფო შედგა. საქართველო სიახლის, უკეთესის შექმნის, ცივილიზებულ გარემოში ცხოვრების გზაზეა შემდგარი. რეფორმების მიზანია ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ამოქმედება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ყოველი ადამიანის დაცვა, მისი განვითარებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ყველაზე მთავარი, რაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მიიღო, არის სოციალური ტრანსფორმაცია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ერთდროულად გქონდეს თავისუფლებაც და წესრიგიც. „ვარდების რევოლუცია“ დაიწყო 7 წლის წინ და დღესაც გრძელდება. იგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ძალაუფლება ხალხმა აიღოს საკუთარ ხელში და საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონი გახდეს.
„ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიღწევა ისაა, რომ ჩვენ ღირსება დავიბრუნეთ, ჩვენ გვერჩიან იმიტომ, რომ საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა რეგიონში, გაძლიერდა პარლამენტის როლი უსაფრთხოების სფეროს დემოკრატიულ ზედამხედველობაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოგვარდა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, განვითარდა სპორტის ყველა სახეობა. სპორტული ფედერაციები ეფექტური გახდა, ქართული მედიის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამ არ იცის მათი მფლობელების ვინაობა.
სასამართლოს ნდობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა - გამოკითხულთა 72% ენდობა.
საქართველოს მოსახლეობის 77% ნატოში შესვლას უჭერს მხარს.
გამოკითხულთა 68% მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს.
ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტს 62% ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დადებით ნაბიჯად მიიჩნევს.
გიორგი თარგამაძეს საქართველოს მასშტაბით 62%-იანი ნდობა აქვს.
სააკაშვილის თქმით, მისი რეიტინგი 76%-ს შეადგენს.
რეიტინგები, როგორც ცნობილია, ეშმაკის გამოგონებაა. ჩვენი ხელისუფლებაც, სხვა ეშმაკობებთან ერთად, ამ გამოგონებით სრულად სარგებლობს. მთავარი ის კი არ არის, რას ფიქრობთ თქვენ, არამედ ის, თუ რას გამოგიცხადებთ, მაგალითად, ლუის ნავარო. თუ არ მოგწონთ, თავი იმ უმცირესობაში იგულეთ, რომელიც ნავარომ შემოგიხაზათ.
ზოგადად, ჩვენი ეპოქა მხოლოდ ტაკიმასხარებით არ გამოირჩევა. დღეს მსოფლიოში, როგორც წესი, სწორედ უმცირესობა მართავს პროცესებს. მათ ხელშია მსოფლიო სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, ისინი წყვეტენ, ვინ გადარჩეს და ვინ შეეწიროს „დემოკრატიის იდეალებს“, მათი განაჩენით იღუპებიან ადამიანები უცხო ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო ბატონობის მათეულ მონოპოლიას უქმნიან საფრთხეს.
მასონებზე არ მოგახსენებთ. ეს მცირე ჯგუფი იმ ქაღალდების მონოპოლისტია, რომელზეც ჩვენნაირი ქვეყნების სიმდიდრე იყიდება. იმ ქაღალდების, რომლის უკანაც არაფერი დგას მათ მიმართ მონური ნდობის გარდა. ჩვენ კი, ბრჭყვიალა ქაღალდებით მოხიბლული პაპუასებივით, ღიმილით ვასხვისებთ იმას, რამაც ჩვენ და ჩვენი შვილები უნდა გვარჩინოს, შვილებს კი ინგლისურს ისე მონდომებით ვასწავლით, თითქოს მათხოვარი ამერიკელი არ გვენახოს!
ჩვენი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლება არ არის. იგი ერთი დიდი, ჭრელი საბნის პატარა საკერებელია. ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ამ საბნის უფრო დიდ საკერებლებს და გვგონია, რომ ვიცით, რა ხდება. სინამდვილეში, ეს ძაფზე დაკიდებული მარიონეტების თეატრია და სხვა არაფერი. რეალური მოვლენები კი მანჰეტენზე, დიდი ოცეულის სამიტებზე, სხვადასხვა ფორმატის შეკრებებზე ხდება. მათ შესახებ ჩვენ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ „შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა და მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს არჩეული კურსის ერთგულება“.
პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი იმ დიდ საბანზე მხოლოდ საკერებელი შეიცვლება, თუ, რა თქმა უნდა, თვალს არ გავახელთ და საკუთარ თავს არ ვკითხავთ: ღირდა კია ერთი - საბჭოთა ტყუილიდან მეორე - ლიბერალურ ტყუილში გადახტომა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, არც ხორცს იძლევა, არც კვერცხს და არც ბუნდღას?!