გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის ცივი ომი გრძელდება, თუმცა მინისტრსა და დეპუტატს ,,ყვითელი ბარათი'' უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც აუწია. სავარაუდოდ, დავის ორივე მხარემ მოსასწრები უკვე მოასწრო, ვიწროპარტიული დავა რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებად გამოიყვანა და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს შეახსენეს, ვინ პირველი მივიდა კოალიციაში, ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი, ვის მეტი პოლიტიკური წონა და რეიტინგი აქვს. რაკი ეს თემა თავად პოლიტიკოსებმა წამოწიეს, გადავწყვიტეთ ყველაზე კომპეტენტურ და მაშინდელი მოვლენების ეპიცენტრში მყოფ ადამიანთან ერთად გაგვეხსენებინა, როგორ იქმნებოდა კოალიცია და დღეს როგორ აღმოჩნდა რეალური დაშლის საფრთხის წინაშე. ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ვერსიისთვის'' კოალიციის პირველ ნაბიჯებზე ექსკლუზიურ დეტალებს იხსენებს და ბიძინა ივანიშვილს ღიად მიმართავს.
- ალბათ, თქვენ ყველაზე უკეთ გახსოვთ, როგორ შეიქმნა კოალიცია, ვინ იყო პირველი, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა დაუძახა და საერთოდ, პარტიები ივანიშვილის კარზე რიგითობას ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებენ?
- მე და ივანიშვილი ერთმანეთს ინდივიდუალურად ჯერ კიდევ მის ცნობილ განცხადებამდე შევხვდით. მითხრა, რომ უახლოეს დღეებში განცხადების გაკეთებას აპირებდა და შემომთავაზა, ამ პროცესში ვყოფილიყავი. პირდაპირ გეტყვით, მაშინ ჩვენ რესპუბლიკურ პარტიასა და თავისუფალ დემოკრატებზე ვისაუბრეთ. ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი და რაღაც გაუგებრობის მიზეზი რომ არ გამხდარიყო, ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილს ჯერ კიდევ განცხადების გაკეთებამდე შევხვდი და ივანიშვილის შეთავაზება დავუანონსე.
- ანუ, მხოლოდ ეს ორი პარტია იყო თავიდან დაზუსტებული?
- დიახ, მხოლოდ ეს ორი პარტია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრი მიზეზის გამო. თუმცა ახლა ამ მიზეზების გაშიფვრა არ მინდა. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ კოალიციაში მხოლოდ ეს ორი სუბიექტი იქნებოდა ან მათ რაიმე შეიძლება ჰქონოდათ. ამის მერე უკვე დაიწყო კოალიციის შენების პროცესი და ამ პროცესში ზოგიერთი პარტია თვითონ მოვიდა, ზოგს - სთავაზობდნენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თუმცა თქმა, რომ რადგან პირველს რესპუბლიკურ პარტიას დაუძახეს, ამიტომ ისაა სამყაროს ცენტრი, პოლიტიკური პროცესის არასწორი გაგებაა. ყველას ესმის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევანი. ეს იყო რეჟიმთან ბრძოლა, რომელიც პოლიტიკური ძალების მაქსიმალურ კონსოლიდაციას საჭიროებდა. ივანიშვილის განცხადებაში ,,შუა მართლა გაიკრიფა'' და იმათ გარდა, ვინც მას კონკრეტულად ჰყავდა დასახელებული, ყველა დანარჩენთან პარტნიორობის შანსი არსებობდა. ასე რომ, ყალბი ისტორიაა, თითქოს რესპუბლიკელებზე ან თავისუფალ დემოკრატებზე აიგო ყველაფერი. კოალიცია იყო პოლიტიკური მაგიდა, სადაც პარტიასაც და ინდივიდუალურ მონაწილესაც თანაბარი ხმა ჰქონდა - მათ შორის მეც.
- ამის მიუხედავად, დღეს მაინც იმაზე საუბრობენ, რომ როცა გოგი თოფაძე ბიზნესპრობლემებს აგვარებდა, სხვებმა შექმნეს კოალიცია და ის უკვე გამზადებულ ბლოკში მივიდა.
- არც გასაკვირია და არც დასაძრახი, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი, ვისაც რაღაც აქვს დასაკარგი, თავს იზღვევს. გოგი თოფაძეს თავისი ცოდვები ეყოფა, რომ კიდევ რაღაცები არ დავუმატოთ. რაც შეეხება ხიდაშელის შეფასებას, რომ ის განასახიერებს პროდასავლურ მხარეს, თოფაძე კი - პრორუსულს, ეს მძიმე განცხადებაა. როცა ადამიანი ცდილობს, თავი დასავლურ გარანტად ჩათვალოს და სამყარო თავის ირგვლივ დაატრიალოს, ამით სწორედ პროდასავლურ ფრონტს აყენებს ზიანს. რა დასამალია, რომ ხალხს დიდად არ უყვარს რესპუბლიკური პარტია. ამიტომ თუ დასავლური ვექტორის გარანტი თინაა და ის ვიღაცას არ მოსწონს, შესაბამისად, მისდამი ეს დამოკიდებულება შეიძლება, დასავლეთზეც გადავიდეს. ასე იყო მიშა სააკაშვილის დროსაც. მის დროს ანტიდასავლური განწყობის მთავარი მიზეზი სააკაშვილის განცხადებები იყო, რომ ის თუ არ იქნა, ქვეყანა საგარეო ორიენტირს შეიცვლის. მერე იყვნენ თავისუფალი დემოკრატები, ჩვენ რომ არა, დაიქცევა ქვეყანაო. ახლა ხიდაშელი აკეთებს იგივეს. რბილად რომ ვთქვათ, თავისი უგნური განცხადებებით, ის დასავლურ ვექტორს უფრო დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე გოგი თოფაძე, რომელიც მიუღებელი განცხადებებით გამოდის, მაგრამ ალალია კაცი! ჰოდა, დღეს რომაა საუბრები, რატომ გაიზარდა ანტიდასავლური განწყობაო, ამაში დამნაშავე გოგი თოფაძე ან ის ხალხი კი არაა, ვისაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, პროდასავლელი რადიკალები არიან. ბევრჯერ მიუთითა საზოგადოებამ ხიდაშელსაც და სხვებსაც, ნუ გაქვთ ამბიცია, რომ თქვენ ხართ რაღაცის გარანტიო, მაგრამ ამის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტია მაინც იგივე თამაშს აგრძელებს.
- სააკაშვილმა დათმო ხელისუფლება, ალასანიამაც, მოვლენების განვითარების ლოგიკა ხიდაშელის ბედს ხომ არ გკარნახობთ?
- ეს საზოგადოების შანტაჟია ან იმ ადამიანის, ვინც, როგორც ხიდაშელს ჰგონია, პროცესებში გადამწყვეტ როლს ასრულებს. შანტაჟის ენაზე საუბარი ისაა, რომ თუ მე არ ვიქნები, დაგაბრალებთ, რომ თქვენ ხართ პრორუსებიო.
- ანუ ივანიშვილს აშანტაჟებენ?
- ფაქტია, რესპუბლიკელები არ აპირებენ ლეგიტიმაციის ივანიშვილისგან მიღებას. პოლიტიკაში დარჩენა ისევ უკანა კარიდან სურთ, სხვის მხრებზე ამხედრებულებს. ესეც არაა პრობლემა, ასეც ხდება პოლიტიკაში, მაგრამ შე კაი ადამიანო, თუ ამაზე აწერ ხელს, იცი, რომ სხვისი რესურსებით უნდა მიიღო შედეგი და ხალხთან კომუნიკაციას ვერ ახერხებ, მაგრამ რაღას აშანტაჟებ, კაცო! შანტაჟი, რომ შენ ხარ სამყაროს ცენტრი და შენ ხარ ნატო, რა საჭიროა?! რესპუბლიკელებიც აუცილებლად უნდა მოხვდნენ შემდეგ პარლამენტში და მოხვდებიან კიდეც, უბრალოდ, არც ერთ პარტიას იმაზე მეტი ამბიცია არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე ლეგიტიმაცია აქვს. ლეგიტიმაციას კი მხოლოდ ხალხი იძლევა.
- რომელ პარტიას აქვს კოალიციაში იმხელა ლეგიტიმაცია, გულზე მჯიღისცემით ისაუბროს, თოფაძეს?
- მაშინ ჯერ გაზომონ, რა უღირს ესა თუ ის პარტია ხალხს. იყვნენ კოალიციაში, ხომ არ ვამბობ, ვინმე არ უნდა იყოს-მეთქი. უბრალოდ, იმაზე მეტი არ უნდა მოითხოვონ, ვიდრე ღირან. ასე კი ზიანს ისევ კოალიციას აყენებენ. ვინც ამომრჩეველს არ უყვარს, ის კოალიციისთვის პლუსად კი არ იქცევა წინასაარჩევნოდ, არამედ ბალასტად! რატომ გვაყენებენ შეურაცხყოფას რესპუბლიკელები, რომ მათ გარეშე, ყველანი ავდგებით და რუსეთში გავიქცევით, რა დამსახურების გამო გველაპარაკებიან ასე? მე ვიცი მათი ფასი და ამდენი არ ღირან.
- აბა, რამდენი ღირან?
- არც მათი შეფასების ინტერესი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, იმდენი არ ღირან, რამდენიც თავად უნდათ.
- ფაქტია, დღეს ამ პარტიებს ლეგიტიმაციას ხალხი კი არა, ივანიშვილი ანიჭებს. მისგან ელოდებიან სიის დაკომპლექტებასაც. თქვენი აზრითაც ასეთია მოცემულობა?
- დიახ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს სწორი ან არასწორია, იმიტომ, რომ მართლა ასეთი მოცემულობაა. სამწუხაროდ, ძალაუფლებაში ყოფნის ეს წლები ამ პარტიებმა გაფლანგეს. არათუ თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვეს, ხალხთან კომუნიკაციაც საერთოდ შეწყვიტეს, აბსოლუტურ პარაზიტებად ჩამოყალიბდნენ ივანიშვილის მხრებზე და მისი რესურსებისა და გადაწყვეტილებების ამარა დარჩნენ. სხედან ახლა ივანიშვილის მხრებზე და აღარ უნდათ იქედან ჩამოსვლა. ამიტომაც ვამბობ, თუ ლეგიტიმური ხელისუფლების მიღება გვინდა, კოალიცია უნდა დაიშალოს, ყველა პარტია ცალ-ცალკე გავიდეს არჩევნებზე, მიიღოს მანდატი ხალხისგან და ამ მანდატით, უკვე პარლამენტში შექმნან რეალური კოალიცია. აი, ეს იქნება ჯანსაღი პროცესი.
- დღეს ამაზე თავად პარტია ,,ოცნების'' რამდენიმე წევრის გარდა, არავინ ლაპარაკობს. ისმის კულუარული საუბრები ასევე ,,ფორუმის'' ცალკე მონაწილეობაზე. მართლაც, ,,ფორუმი'' კოალიციაში განსხვავებულად მივიდა, გვახსოვს ივანიშვილის შეფასება კახა შარტავას მასტერკლასის შესახებ, ამიტომ საინტერესოა, ვის რა შანსი ექნება არჩევნებში მართლა ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში?
- ეროვნული ფორუმი და თავად კახა შარტავა ძალიან საინტერესო ძალაა. შარტავა ერთ-ერთი უწესიერესი კაცია ქართულ პოლიტიკაში. საქმე ისაა, რომ თავად შარტავა არ გაეკარა ძალაუფლებას, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც დღეს იმ დივიდენდებით არ სარგებლობს, რითაც ხელისუფლებაში მოხვედრილი სხვა პოლიტიკოსები. ის პარტიის ლიდერია, მაგრამ არც დეპუტატია და არც საჯარო სივრცეში აქტიურობს. თუკი მან მართლა მოამზადა პარტიის სტრუქტურები და არჩევნებისთვის ემზადება, სხვა პარტიებსაც იგივე საქციელისკენ მოვუწოდებ. ახლა, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ცალ-ცალკე არ ჩამოვყვები. რეალურად, დღეს ყველას ძალიან მცირე შანსი აქვს, მინიმალური ბარიერი გადალახოს და პარლამენტში აღმოჩნდეს - პარაზიტული ცხოვრების გაგრძელება სურს. პარტიებს არ აქვთ განცდა, რომ არჩევნებში ძალაუფლების წყარო არ არის ხალხი. მათთვის ძალაუფლების წყარო ივანიშვილია და ამიტომაც არავინ ლაპარაკობს ცალკე მონაწილეობაზე. ივანიშვილის არჩევანი კი არაა, ზურგზე პარაზიტები ესხდნენ, პარაზიტების არჩევანია. წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილმა ხელი ჩაიქნია და გაერიდა პროცესს - დიდი საშინელება დატრიალდება, ესენი ხომ ერთმანეთს ბოლომდე დაჭამენ? ახლა სტაბილურობის გარანტი ივანიშვილია. მაგალითად, რა ფაზაში შეიძლება გადასულიყო რესპუბლიკელებისა და მრეწველების კონფლიქტი და კიდევ რამდენი მხარე ჩაერთვებოდა მასში. ერთადერთი, რაც ამ ხალხის უგნურებას აკავებს, ისაა, ეშინიათ, ივანიშვილმა მხრებიდან არ ჩამოსვას. ამით ივანიშვილი აზღვევს სახელმწიფოებრივ რისკებს.
- მერე, არჩევნებში პარტიების ცალ-ცალკე მონაწილეობა ამ რისკებს არ უკაშირდება?
- ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს, ამ რისკების მიუხედავად, ერთადერთი სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია კოალიციის დაშლა და ამით მულტიპარტიული დემოკრატიის ხელშეწყობაა. დაახლოებით შედეგიც შეგვიძლია ვივარაუდოთ: პირველ ადგილზე გავა პარტია ,,ქართული ოცნება'', რადგან ის უფრო მეტად ასოცირდება ივანიშვილთან და მისგან მეტი რესურსი აქვს, მეორეზე - ნაციონალური მოძრაობა, ასევე, შევლენ თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტებს აქვს შანსი, პატრიოტთა ალიანსისა და ბურჯანაძის ფრთაც შევა, გარკვეული შანსი აქვს ,,გირჩს'', ასევე პაატა ბურჭულაძეს, თუკი პოლიტიკაში ჩართვას რეალურად გადაწყვეტს. თუ აქტიურად იმუშავებენ, კიდევ ვიღაცებსაც აქვს შანსი. ასე ჩვენ მივიღებთ პარლამენტში 7-8 პარტიას, ალბათ ,,ოცნება'' მარტო ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას. თუმცა უკვე პარლამენტში შეუძლია, ნამდვილი, ერთნაირ სტრატეგიულ მიზნებსა და მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული კოალიციის შექმნა. სხვათა შორის, ასე ხდება ევროპაშიც. ამიტომ ივანიშვილს მე ამას ვურჩევ და ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი საქმე, რაც მას შეუძლია ქვეყანას გაუკეთოს.
- ფიქრობთ, ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- ეს ნაკლებად სავარაუდოა. ახლა უბრალოდ, სურვილების დონეზე ვსაუბრობ. დღეს კოალიციაში ყველას ერთმანეთი ეზიზღება, რა საერთო ფასეულობებზეა საუბარი. დღეს მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებთ - უსუსურების განცდა, რომ ცალკე არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ და მეორე, ივანიშვილის რესურსები. აი, ასეთ არაჯანსაღ პოლიტიკურ ვითარებაშია დღეს კოალიცია და ამ ვითარების შეცვლის ერთადერთი გამოსავალი სწორედ კოალიციის დაშლაა.