"რესპუბლიკელების" კოალიციაში ყოფნა პოლიტიკურადაც და მორალურადაც აზრს კარგავს

"ალბათ ერთიც და მეორეც. ისიც, რომ კოალიციაში სერიოზული დაპირისპირებაა და ისიც, რომ არჩევნები ახლოვდება. კოალიციაში კონსენსუსის მიღება საკმაოდ რთულია, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. საჯარო ინფორმაციითაც კი ცხადია, რომ იქ საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და სიამტკბილობა არასოდეს ყოფილა. თუ ადრე ე.წ. კოჰაბიტაცია "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის იყო, ცნობილი მოვლენების შემდეგ, კოჰაბიტაციის პროცესი უკვე თავად კოალიციის სუბიექტებს შორის დაიწყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ბრძოლა მზისქვეშეთში ადგილის მოპოვებისათვის აქტიურდება. ყველა პარტია თავისას ითხოვს და ამით კონფლიქტი მწვავდება. თუმცა კოალიციის ცალკეულმა სუბიექტებმა, მაგალითად "რესპულიკელებმა", პოზიციები ერთგვარად გაიმყარეს და როგორც ჩანს, იმაზე მეტი მოიპოვეს, ვიდრე, კოალიციის დანარჩენი სუბიექტების აზრით, მათ ეკუთვნით", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ანჯაფარიძე: "რესპუბლიკელების" კოალიციაში ყოფნა პოლიტიკურადაც და მორალურადაც აზრს კარგავს.

"სწორედ ესეც შეიძლება იყოს იმ კამპანიის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ დაიწყო. ამ კამპანიის მოთავე გოგი თოფაძეა, თუმცა თუ კოალიციის სხვა წევრების პოზიციასა და მათ პასიურობას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თოფაძის აზრისადმი ისინიც სოლიდარულად არიან განწყობილნი. ასე რომ, კოალიციაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და ამის ფონზე მე პირადად მიჩნდება კითხვა - რამდენად საჭიროა კოალიციის ასეთი სახით შენარჩუნება და არჩევნებზე წარდგომა, რამდენად წაადგება ეს თავად კოალიციას, ხომ არ გამოიწვევს ეს ელექტორატის გარკვეული ნაწილის დაკარგვას?!მიზანი, რის გამოც თავის დროზე კოალიცია შეიქმნა - სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა - წარმატებით შესრულდა. მას შემდეგ კი, ჩემი აზრით, კოალიციის არსებული სახით შენარჩუნება არც პოლიტიკურადაა გამართლებული და არც სამართლიანია. მისმა ყველა წევრმა საკუთარი ძალით უნდა სცადოს ბედი, საკუთარი რესურსით, იდეოლოგიითა და პროგრამით უნდა წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ეს სამართლიანი იქნებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

"თუმცა არსებობს ერთი ფაქტორი - პოლიტიკური კონიუნქტურა, წმინდა მიწიერი და პრაგმატული ინტერესები, რომელიც კოალიციის ყველა წევრ პარტიას ბიძინა ივანიშვილის კისერზე ჯდომას აიძულებს. ამით გამოწვეული კომფორტი იმდენად მიმზიდველია, რომ მან მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობით გამოწვეული დისკომფორტი გადაწონა. წესით, არ უნდა გაჩერდე კოლიციაში, სადაც შენ გვერდით დიამეტრალურად განსხვავებული ღირებულებების მქონე სუბიექტია. მიუხედავად ამისა, "რესპუბლიკელები" მუდმივად იმეორებენ, რომ კოალიციის დატოვებას არ აპირებენ. არადა, თუ ევროპული პოლიტიკური კულტურის წესებს გავითვალისწინებთ, რომლის მიმდევრებადაც ისინი მიიჩნევიან, არ უნდა ჩერდებოდნენ იქ, სადაც მათ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგებიან. არ მგონია, კოალიციაში ვნებები ჩაცხრეს, რადგან ის წინააღმდეგობები არსად გაქრება. ასე რომ, პოლიტსაბჭოს სხდომის უსასრულოდ გადადებას ვერ მოახერხებენ. როგორც ჩანს, კოალიციაში დუღილის პროცესია, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არიან. ალბათ "რესპუბლიკელებთანაც", "მრეწველებთანაც" და სხვა სუბიექტებთანაც კულუარული მოლაპარაკებები მიდის, რათა გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ. რა გადაწყვეტილებითაც უნდა დასრულდეს პოლიტსაბჭო - ”რესპუბლიკური პარტია” წავა თუ ”მრეწველები”, კოალიციისათვის ორივე ვარიანტი დამაზიანებელი იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუ კოალიცია თავისი რიგებიდან თოფაძესა და "მრეწველებს" გაუშვებს, ვფიქრობ, ტრადიციულად მოაზროვნე ელექტორატის არცთუ მცირე ნაწილი "ქართულ ოცნებას" ჩამოშორდება. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ საით წავა ეს ხალხი. თუ "ოცნება" ”რესპუბლიკურ პარტიას” შეელია, რა თქმა უნდა, ეს დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. კითხვები აუცილებლად გაჩნდება. რაც მთავარია, ამან შეიძლება ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვიოს - პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან დავით უსუფაშვილი წავა, მთავრობას სამი მინისტრი, რამდენიმე მინისტრის მოადგილე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დატოვებენ, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არიან. ასე რომ, ეს ყველაფერი ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ამიტომაც, ჩემი აზრით, ახლა "ქართულ ოცნებაში" ოქროს შუალედის მოძებნას ცდილობენ. თუმცა ასეთი შუალედის მონახვა ნამდვილად გაუჭირდებათ და რომელიმე სუბიექტთან შელევა მოუწევთ", - თვლის ანალიტიკოსი.

"განვმეორდები და ვიტყვი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოალიციაში ორივე პარტია დარჩება, არც ეს წაადგება საარჩევნოდ კოალიციის იმიჯს, რადგან ყველას ეცოდინება, რომ "ქართული ოცნება" აბსოლუტურად ხელოვნური ერთობაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრებზე ზის. რაც შეეხება თინა ხიდაშელისადმი წაყენებულ ბრალდებას, ის მართლაც საკმაოდ მძიმეა. ამ ბრალდების გამოც და იმის გამოც, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, პოლიტიკური და მორალური კუთხით "რესპუბლიკელების" კოალიციაში ყოფნა აზრს კარგავს. არ ვიცი, რა დასკვნას დადებს პროკურატურა, მაგრამ თუ მან დაადგინა, რომ თავდაცვის მინისტრი არჩევნების შედეგების გაყალბებაში მართლაც მონაწილეობდა, ან მონაცემებში რაიმე ფორმით ერეოდა, ეს პოლიტიკური სკანდალი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, დადგინდება, რომ საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ შეიძლება დაიწყოს გამოძიება, თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ მან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. ევროპასა და ამერიკაში ეს მიღებული პრაქტიკაა. იქაური საგამოძიებო ორგანოების ყურადღების ცენტრში ძალიან მაღალი თანამდებობის პირები მოხვედრილან", - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

"არ მგონია, კოალიციაში დაპირისპირებების გამო საპარლამენტო და მით უმეტეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსი გაზრდილიყო. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება მთავარი ოპოზიციური ძალისადმი, როგორადაც "ნაცმოძრაობაა" მიჩნეული, ისეთივე რჩება, როგორიც ადრე იყო. ამას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს."ნაცმოძრაობას" ის რეიტინგი, რაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჰქონდა, არც მომატებია და არც დაჰკლებია. ეს იმას მოწმობს, რომ მისი ელექტორატი არ იზრდება. რამდენიმე პარტიას აქვს იმის პოტენციალი, რომ თუ კოალიციაში განხეთქილება გაღრმავდა, "ქართული ოცნების" ელექტორატის გარკვეული ნაწილი თავისკენ წაიყვანოს", - დასძენს ანალიტიკოსი და კითხვას: "მაგალითად რომელ პარტიებს აქვთ ამის პოტენციელი?", - პასუხობს:

"ესენია ის პარტიები, რომლებიც ნაციონალურ-პატრიოტულ პლატფორმაზე დგანან. რომლებიც ამბობენ, რომ არც დასავლეთი უნდათ, არც რუსეთი და ქართული ინტერესების დაცვას აპირებენ. სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავეყრდნობით, ასეთ პარტიებს უფრო აქვთ მხარდაჭერა. შესაბამისად, თუკი ელექტორატის ის ნაწილი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობით, "ქართული ოცნებით" განიხიბლა, რაც უკვე დაწყებულია, დიდი ალბათობით ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიებისკენ წავა. თუ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური მოთამაშეები გამოჩნდნენ, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაძლოა მხარდამჭერთა ნაწილი მათაც წაიყვანონ"

interpressnews.ge