რას ასწავლის მოსწავლეებს ახალი საგანი „მე და საზოგადოება“

რას ასწავლის მოსწავლეებს ახალი საგანი „მე და საზოგადოება“

მე და საზოგადოების“ ირგვლივ ატეხილ აურზაურს განათლების სამინისტრო უკვე მერამდენედ პასუხობს, რომ მესამე და მეოთხე კლასელებთან მამათმავლობასა თუ გეი საზოგადოებაზე მსჯელობებს არ აპირებენ. ამის მიუხედავად, „ბრალმდებლები“ პოზიციას არ იცვლიან. სადაც კი მოუხერხდებათ, ნებისმიერი ტრიბუნიდან საზოგადოებას დაუსრულებლად ატყუებენ, თითქოს სამინისტრო ბავშვების გახრწნას აპირებს. სწორედ ამიტომ, „ვერსია“ შეეცადა გაერკვია კონკრეტულად რისი სწავლა იგეგმება სკოლებში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მსგავს თემებზე მინიშნებითაც კი არაფერია ნათქვამი რაც ბადებს კითხვას - აბა, რას აპროტესტებენ ამ საგნის მოწინააღმდეგები? მით უმეტეს, როდესაც ამ საგნის სახელმძღვანელო, ჯერ არც კი არსებობს.

რეალურად, საჭიროა თუ არა მოსწავლეებისთვის  მსგავსი საკითხების სწავლება, ეს მართლაც რომ განსჯის თემაა. რომელიმე სამინისტროს ადვოკატობა რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელია ერთსადაიმავე უწყებას ორმაგი სტანდარტი დაუწესო - ერთის მხრივ, არ გაბედოს და მოსწავლეებს სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით არაფერი ასწავლოს, მეორე მხრივ კი, აკრიტიკო მოსწვალეთა გათხოვება-გამოთხოვების გამო და ამ მიზეზით სკოლის მიტოვებისთვის. ფაქტია, მსგავსი მოვლენები, სწორედ სკოლაში ხდება, ამ მხრივ სტატისტიკა მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. რაც შეეხება „მე და საზოგადოებას“, ამ საგნის დეტალებზე თავად მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ვესაუბრეთ.

ლია გიგაური: „მოგეხსენებათ,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად,  საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, აქტიური, პასუხიმგებლობის მქონე  პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც მზად იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისა და სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისათვის.ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა და სკოლამ ამ გამოწვევას რომ უპასუხოს, უნდა ხელი შეუწყოს მოზარდის   პიროვნულ განვითარებას, მისცეს  საჭირო ცოდნა, განუვითაროს  გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები,  გამოუმუშაოს   კრიტიკული აზროვნების უნარი,  ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. უნდა ასწავლოს  იმ ბუნებრივი და კულტურული გარემოს  დაცვის მნიშვნელობა, რომელშიც ცხოვრობს, დაეხმაროს  ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებაში. მოამზადოს  დამოუკიდებელი  ცხოვრებისთვის, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ შეძლონ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა.

ამასთან,  დღევანდელ დინამიკურ და ტექნოლოგიებით გაჯერებულ, ეთნიკურად,  კულტურულად მრავალფეროვან  სამყაროში  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  მოსწავლეების ღირებულებეთა სისტემის ფორმირებას, ურთიერთპატივისცემის და ურთიერთგაგების, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების   უნარ - ჩვევების,  განვითარებას. სკოლამ ამ მიზნებს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიოს, თუ  მომავალი მოქალაქეების ფორმირების ხანგრძლივი  პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იქნება, რის საფუძველიც ეროვნულმა  სასწავლო გეგმამ უნდა შექმნას. .

მოგეხსენებათ, მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა 2011 წელს დამტკიცდა.   თუმცა,  2014 წელს მონიტორინგმა და   კვლევების ანალიზმა გამოავლინა  საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიმართულებით  გარკვეული ხარვეზები: წლიურ პროგრამებში იგნორირებული იყო მნიშვნელოვანი საკითხები ან  ფრაგმენტულად და არათანამიმდევრულად იყო წარმოდგენილი, საბაზო საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებები (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) წინმსწრები განათლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო სათანადოდ არ  ისწავლებოდა. იმის გამო რომ თემები სხვადასხვა საგნებში იყო განაწილებული,  პედაგოგი, მხოლოდ საკუთარი საგნის მიმართულებით მუშაობდა. კვლევებმა გვიჩვენა, რომ   მოსწავლეებმა არ იციან პირადი უსაფრთხოების, ქუჩაში მოძრაობის, პირადი ჰიგიენის დაცვის,  ბუნებრივი კატასტროფების დროს მოქმედებისა და  ჯანსაღი ცხოვრების წესები. არ იციან საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. უჭირთ საზოგადოებრივი წესრიგის გააზრების მნიშვნელობა, მიმდინარე პროცესებში საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, სკოლისა და სამშობლოს  ადგილის განსაზღვრა- გააზრება ასაკის შესაბამისად.

-  და სამინისტრომ რა ზომები მიიღო პრობლემების აღმოსაფხვრელად?

განახორციელდა  ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ისეთი ქვეყნების სასწავლო გეგმებთან როგორიცაა ინგლისი, ფინეთი, ესტონეთი, აშშ (მასაჩუსეტსი), ჩეხეთი, ავსტრალია და სინგაპური (2013 -2014 წწ). კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები საზოგადოებრივ მეცნიერებებს ინტეგრირებულად დაწყებითი საფეხურის პირველივე კლასიდანვე სწავლობენ. მოეწყო  სხვადასხვა ქვეყნებში საკლასო პროცესში ესგ-ს დანერგვის შესწავლა (ჩეხეთი, ესტონეთი, ავსტრალია, ავსტრია, შვედეთი, ინგლისი, ფინეთი, პოლონეთი) მოწვეულ იქნენ  ექსპერტები ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ INNOVE-დან, ფინეთის განათლების სამინისტროდან, აშშ-დან, მათ შორის  საკონსულტაციო ორგანიზაცია Lengel Education Consulting  (LEC) ჯგუფის ექსპერტები(ph მხარდაჭერა), საერთასორისო კვლევების შედეგების გაანალიზება, სკოლის მასწავლებლების ფოკუსჯგუფები  , რის საფუზველზეც განათლების ექსპერტების და ფსიქოლოგების მხრიდან მივიღეთ რეკომენდაცია   საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული საგნის  III-IV კლასებისთვის დამოუკიდებელ საგნად შეთავაზებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, რა თქმა უნდა ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხი დარჩა გამჭოლი  კომპეტენციის კონტექსტშიც. მომზადდა შესაბამისი სტანდარტები და საგნობრივი პროგრამები.

ესგ-ს რევიზიაში ჩართულები იყვნენ როგორც საგნის ექსპერტები და ფსიქოლოგები ასევე საჯარო და კერძო სკოლებიც და უნივერსიტეტებც. პედაგოგთა პროფესიული ასოციაციები: ისტორიის პედაგოგთა ასოციაცია, გეოგრაფების ასოციაცია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი; გაეროს ბავშვთა ფონდი; გაეროს ქალთა ფონდი; გაეროს მოსახლეობის ფონდი; ადენაუერის ფონდი (სამოქალაქო განათლების მიმართულებით); განათლების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (PH International, ფონდი ,,თანადგომა’’, ინოვე); სამოქალაქო განათლების ექსპერტები; მოქმედი მასწავლებლები, მშობლები, განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები  და მკვლევარები.

პროექტის საჯარო განხილვები და მიღებული რეკომენდაციების განხილვა პროექტში 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო: განთავსდა სამინისტროს ვებპორტალზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. გადაეგზავნა ყველა სკოლას,  საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს, მეცნიერებათა აკადემიას. მოეწყო შეხვედრები თბილისის ყველა რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და  დირექტორებთან (ჯამურად დაახლოებით 4500 -მდე პედაგოგი). ამასთანავე, გასვლითი შეხვედრები რეგიონების სკოლებში (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილი ქალაქების სკოლები). რეგულარული შეხვედრები ტარდებოდა საპატრიარქოს განათლების ცენტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე   სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან.

- როგორც ცნობილია, აღნიშნული საგანი მესამე და მეოთხე კლასებში უნდა დაინერგოს. იქნებ ცალ-ცალკე განგვიმარტოთ რა თემებზეა საუბარი? სხვა საგნების ხარჯზე ხომ არ ხდება ამ საგნის შემოტანა?

- იმისათვის, რომ ამ საკითხზე სპეკულირება დასრულდეს, კიდევ ერთხელ განვმარტავ საგნის სწავლების მიზანს და დეტალურად მოგახსენებთ თემების შესახებ:  „ მე და საზოგადოება “  მიზნად ისახავს,  მოსწავლის პიროვნულ და  ღირებულებათა სისტემის განვითარებას, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; შესძინოს საბაზისო ცოდნა საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ; გამოუმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც  საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში შეუწყობს ხელს. შესაბამისად, „მე და საზოგადოების“ სასწავლო პროგრამაში საგნის მიზნებისა და ასაკის შესაბამისად განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა:  მესამე კლასში ბავშვები გაივლიან სამ თემას: 1. „ჩემი ოჯახი“ 2. „სასკოლო გარემო, სკოლა და თანატოლები“ 3. „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“. რაც შეეხება მეოთხე კლასს, განიხილება შემდეგი თემებს: 1. „სად და როგორც ვიღებ განათლებას“ 2. „მედია და ინფორმაცია“ 3. „მე და ჩემი ქვეყანა“.

„ჩემი ოჯახი“, მესამე კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილია ისეთი საკითხების შესწავლა , როგორიცაა: როგორ გამოვხატო პატივისცემა ოჯახის წევრების (დედ-მამის, და-ძმის, ბებია-ბაბუის) მიმართ? რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე? როგორ გავინაწილოთ შრომა ოჯახში? რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, და-ძმის, ბებია-ბაბუის) შრომა? რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე? რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ოჯახში საერთო და პირადი ჰიგიენა? როგორ დავიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი? რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას? როგორ შეგვიძლია გავალამაზოთ საოჯახო გარემო (სახლი, ეზო)? რატომ და როგორ უნდა დავიცვა უსაფრთხოების წესები საცხოვრებელ ადგილზე? რატომ და როგორ უნდა მოვიხმარო რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?

„სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლების“  თემა მოიცავს მაგალითად, რა უფლებები და მოვალეობები მაქვს სკოლაში? რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული სკოლაში? რატომ და როგორ უნდა ვცეთ პატივი თანაკლასელებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა პერსონალს? როგორ შეგვიძლია სხვადასხვა სიტუაციაში თანატოლების დახმარება? როგორ ავირიდოთ ან გადავჭრათ თანატოლებთან კონფლიქტი  მშვიდობიანად? როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება სკოლაში, როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ვიკვებოთ ჯანსაღად?  როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში სკოლაში ყოფნისას? როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე?  რატომ არის მნიშვნელოვანი ქცევის წესების დაცვა სკოლის ყველა როგორ ზრუნავენ სკოლაში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სკოლაზე? როგორ გამომადგება სწავლა მომავალში (მაგ. პროფესიისთვის, რომელზეც ვოცნებობ)? რატომ უნდა იყოს სკოლაში ყველა გოგონასა და ბიჭის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები?

„გარემო რომელშიც ვცხოვრობთ“ გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი თანატოლები ჩემი თემის ცხოვრებაში? რა გვაერთიანებს და რა საერთო საზრუნავი გვაქვს ჩვენი უბნის მაცხოვრებლებს, როგორ შეიძლება გამოვადგე ჩემს თემს (ინდივიდის დახმარება; საზოგადოებრივი საქმიანობა)? რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის? როგორ ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში (ჩემი და სხვების უსაფრთხოება)? როგორ და რატომ ვიცავ ქუჩაში მოძრაობის წესებს? რატომ და როგორ უნდა დავიცვა ჩემი თემის ბუნებრივი და  კულტურული გარემო? რომელი დაწესებულებების არსებობა არის აუცილებელი სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში? რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენ ირგვლივ? რატომ ვყიდულობთ სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას? რატომ არის საჭირო სპორტული და დასასვენებელი ადგილები ჩემი თემისთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდე ჩემი სოფლის/ქალაქის ისტორია, ღირსშესანიშნაობა და დღევანდელი მდგომარეობა?

- გენდერული, სექსუალური და მსგავსი საკითხები ალბათ, მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვისაა გათვლი?

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო,  რომ სასწავლო გეგმა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეთა ასაკის ფსიქოემოციური, კოგნიტური მზაობისა და საგნის მიზნების შესაბამისი დოკუმენტია. მეოთხე კლასის მოსწავლეები თემაში, „სად და როგორ ვიღებ განათლებას“, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის? რისი სწავლა შეიძლება არასაგაკვეთილო აქტივობების (მაგ. ექსკურსიაზე, მუზეუმში, სპექტაკლზე) შედეგად? რატომ არის განათლება ყველა ბავშვის უფლება? როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით? რას ვსწავლობთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ თეატრში, კინოში, გამოფენასა და მუზეუმში? რა მიზნით და როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას? როგორ ვიქცევით უსაფრთხოების წესების დაცვით ექსკურსიაზე (არ ვტოვებთ ცეცხლს, არ ვეხებით უცხო საგნებს და ცხოველებს)? რა ინფორმაციას გვაწვდის ისტორიული ძეგლები გარემოსა და ჩვენი მხარის შესახებ? რატომ გვჭირდება სპორტი გოგონებსაც და ბიჭებსაც, დიდებსაც და პატარებსაც? რატომ არის შრომა მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება? 

„მედია და ინფორმაციის“ თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საიდან ვიღებთ და როგორ ვიყენებთ ინფორმაციას? რატომ შეიძლება გახდეს შეუმოწმებელი ინფორმაცია კონფლიქტის მიზეზი? რატომ უნდა მოვუსმინოთ განსხვავებულ აზრს? რა დრო უნდა დავუთმო ჩემი დღის რეჟიმში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს (ტელევიზორს, ინტერნეტს)? რა ინფორმაცია შეიძლება მივიღო რეკლამისგან? რაში გვეხმარება სოციალური რეკლამა (რომელიც ასახავს მაგ.: ეკოლოგიის პრობლემებს, ან მოგვიწოდებს სამოქალაქო აქტიურობისკენ)? ვის და როგორ უნდა მივმართო საფრთხეების შემთხვევაში (პირადი უსაფრთხოება, საზოგადოებრივი პრობლემები)?

და ბოლოს, თემაში „მე და ჩემი ქვეყანა“, გათვალისიწნებულია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა რატომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვუფრთხილდებოდე მას? რატომ  უნდა ვცე პატივი ჩემი ქვეყნის დროშასა და გერბს? როგორ ასახავს ცალკეული ნივთები/ძეგლები (მაგ.: სურათი, ციხესიმაგრის ნანგრევები, ტაძარი) ჩემი ქვეყნის  ისტორიას? რატომ არის საჭირო ქვეყნისთვის საზოგადოებრივი ინსტიტუტები (მაგ.: ოპერა, თეატრი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, მუნიციპალიტეტი)? რატომ უნდა გავუფრთხილდე ჩემი ქვეყნის ბუნებას? რატომ უნდა მოვიხმარო პასუხისმგებლობით ბუნებრივი რესურსები?  რატომ უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი (ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში) რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წესებისა და კანონების დარღვევას?რატომ აღვნიშნავთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნულ დღესასწაულებს (მაგ.: დამოუკიდებლობის დღეს)? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია?  სწორედ ესაა თემები, რის სწაველბასაც სამინისტრო გეგმას და დასკვნები თავად გააკეთეთ. 

დაბოლოს,   საზოგადოებას მინდა ვთხოვო, არ აყვეს იმ ადამიანებს, ვინც პირადი თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის თავსმოხვევას, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მასწავლებლების მრავალათასიანი კორპუსის დისკრედიტაციას, განათლების სისტემის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ცდილობს. „მე და საზოგადოების შესახებ ვიმსჯელოთ მხოლოდ პროფესიული არგუმენტებით! ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება წაიკითხოს სტანდარტი ისე გამოიტანოს დასკვნები. ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე.