რომელი ქართველი ექიმი იყო იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმის მკურნალი

რომელი ქართველი ექიმი იყო იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმის მკურნალი

შთამომავლობით მეხუთე თაობის ექიმი, ლევან შარაშიძე მედიკოსთა ცნობილი ოჯახის – ვაწაძეების შთამომავალია და უცნობი დეტალების შესახებაც ბევრი რამ იცის ამ გვარის წარმომადგენელთა ისტორიიდან. ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, თუ როგორ აღმოაჩინა ბორჯომის წყლის სამკურნალო ღირებულებები მისმა წინაპარმა, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალი ექიმი იყო; მისი რომელი წინაპარი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი და რატომ იგემა რეპრესირებულთა მწარე ხვედრი ამ ადამიანმა.

ლევან შარაშიძე: ვაწაძეთა საგვარეულოზე საუბარს, ჩემი დიდი წინაპრის იოსებ ვაწაძის გახსენებით დავიწყებ, რომელიც მღვდელმთავარი გახლდათ. მამა იოსები წარმოშობით რაჭის სოფელ ღვარდიიდან იყო. მისი უფროსი ვაჟი სპირიდონი პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, საქართველოში დაბრუნდა. ეს იყო 1881 წელს. ამის შემდეგ მან თბილისის ნიჟნეგოროდის პოლკის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. სულ ცოტა ხანში მოიხვეჭა საუკეთესო ექიმის სახელი და მალე, როდესაც გრიგოლ ორბელიანმა დააარსა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება, სპირიდონ ვაწაძე პრეზიდიუმის წევრად აირჩია. ამის შემდეგ, სპირიდონ ვაწაძის სახელი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალობა სპირიდონ ვაწაძისთვის დაუვალებია.

როგორ გაართვა ამ დავალებას თავი ქართველმა ექიმმა?

– იგი ძალიან დიდ დროს ატარებდა აბასთუმანსა და ბორჯომში, სადაც მისი დასტურით შეირჩა ადგილი ცივ წყაროსთან, რათა იმპერატორის ძმისთვის ლიკანში სასახლე აეშენებინათ.

დღეს ყველამ იცის ეს შენობა, თუმცა, ცოტას თუ მოეხსენება, რომ იგი ქართველი ექიმის ამაგსა და ხსოვნას ინახავს.

– მეც ასე მგონია. ამ საქმიანობის პარალელურად, სპირიდონ ვაწაძე ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებებსაც სწავლობდა, რომელსაც საბოლოოდ, სადოქტორო დისერტაციის სახე მისცა და წარმატებით დაიცვა კიდეც.

ამას გარდა ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, კოხტა აფხაზი სპირიდონს, როგორც კარგ სპეციალისტს, ხშირად იწვევენ კონსილიუმებზე. აღსანიშნავია, რომ უფროსი შვილის ნათლიამ, ილია ჭავჭავაძემ, სპირიდონ ვაწაძეს მეტად საპასუხისმგებლო მისია დაავალა – შემოეტანა და დაემკვიდრებინა მეტყველებაში სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართული შესატყვისები, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი.

სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება აგრეთვე თბილისში პირველი ინფექციური სტაციონარის ორგანიზება. ამ პერიოდში დედაქალაქში განსაკუთრებით მძვინვარებდა მუცლის ტიფი. ცნობილმა ექიმმა ავლაბარში, კერძოდ იქ, სადაც ახლა პირველი საავადმყოფოა. 20-საწოლიანი ბარაკების ტიპის საავადმყოფო აამოქმედა. ამავე პერიოდში, კერძოდ, 1911 წელს, სპირიდონ ვაწაძის ოცნება ახდა, მისი თაოსნობითა და ინიციატივით თბილისში ამოქმედდა პირველი სამედიცინო დახმარების ეტლი.

ამის შემდეგ რა მოხდა?

– ამის შემდეგ იწყება რუსეთ-თურქეთის ომი და პოლკოვნიკის ჩინის მქონე სპირიდონ ვაწაძესაც მოძრავი ჰოსპიტლის ორგანიზატორ-მეთვალყურედ აგზავნიან. ომს მოივლის, მაგრამ იქ მიღებული ტრავმა საბოლოოდ შეურყევს ჯანმრთელობას. 1923 წელს სპირიდონ ვაწაძე გარდაიცვალა და მისი საქმე მისმა ვაჟმა – გიორგიმ გააგრძელა.

რას გვიამბობთ გიორგი ვაწაძის შესახებ?

– ვიდრე გიორგი ვაწაძეზე გიამბობდეთ, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც კარგად წარმოაჩენს მის ხასიათს. 1911 წელს იგი ოქროს მედალზე ამთავრებს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიას. გამოსაშვებ საღამოზე კი, უარს აცხადებს ოქროს მედალზე და ამბობს: მე ცოდნის მისაღებად ვსწავლობდი და არა ოქროსიო. რამდენიმე დღის შემდეგ გიმნაზიის დირექტორი მედალს მაინც გადასცემს და ეტყვის: ეს შენ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას დაგეხმარებაო. მართლაც, სულ მალე გიორგი მოსკოვში მიემგზავრება და სწავლას სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძობს. მეხუთე კურსელი პირველ მსოფლიო ომში მიემგზავრება და „წითელი ჯვრის” მოხალისეთა რაზმში ეწერება. 1915 წელს პეტერბურგში, იმპერატორის სასახლეში დედოფალი მარიამი ოფიცერთა ჯგუფს აჯილდოებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მათგანი გიორგი ვაწაძეა. მალე გიორგი სამედიცინო სასწავლებელს ამთავრებს და მოღვაწეობას რუსეთში განაგრძობს, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო თბილისში ბრუნდება.

რა საქმიანობა დაიწყო თბილისში გიორგი ვაწაძემ?

– თბილისის მაშინდელი გამგებელი გიორგის სოფელ დიღმის საერობოს უბნის ექიმად ნიშნავს. მალე მას რუსეთიდან ახლად დაბრუნებული ივანე ბერიტაშვილი თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, ფიზიოლოგიის კათედრაზე მუშაობას სთავაზობს.

მიიღებს ამ შეთავაზებას იგი?

– მიიღებს, თუმცა, მისი მოღვაწეობა ამ პერიოდში მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით არ შემოიფარგლება. 1921 წელს თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. შემდეგ კი, როგორც ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე და საკურორტო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სხვადასხვა აგარაკებზე ხსნის ბავშვთა საზაფხულო გამაჯანსაღებელ ბანაკებს, ჩვილ ბავშვთა სანატორიუმებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბორჯომს, აბასთუმანს, უწერას. კარგად ესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბუნებრივ სიმდიდრეს ტურიზმის განვითარებისთვის. ამიტომაც, არ უთმობს ბორჯომის ხეობას რუსებს.

რას გულისხმობთ?

– 1924-1925 წლებში ბორჯომში საკავშირო სახალხო კომისარმა ლუნაჩარსკიმ დაისვენა. ძალიან მოეწონა აქაურობა. იმდენად, რომ საკავშირო ჯანდაცვის სახალხო კომისართან – სემაშკოსთან მოილაპარაკა და ეს ორი ჩინოსანი შეთანხმდა, რომ ბორჯომი საქართველოს დაქვემდებარებიდან რუსეთის შემადგენლობაში გადასულიყო, რის თაობაზეც მალე ბრძანება მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატში. ექიმთა ერთი ჯგუფი, გიორგი ვაწაძის თაოსნობით, წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ, – ამის ირგვლივ დავა შეწყვიტეთო! – მოკლედ მოუჭრია სემაშკოს. ასეთ სიტუაციაში ბორჯომი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას გიორგი ვაწაძის ტყუილმა გადაარჩინა. რაკი სხვა გზა არაა, იძულებული ვარ, ყოველივე, რაც აქ მოხდა, სტალინს მოვახსენოო, – უთქვამს ვაწაძეს და ამ სიტყვების შემდეგ, დამფრთხალა რუსი მოხელე და გადაწყვეტილებაც შეუცვლია.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, გიორგი ვაწაძე რამდენიმე წლით მეუღლესთან და ქალიშვილ თინათინთან ერთად, რომელიც ჩემი ბებია გახლდათ, გერმანიაში, კერძოდ კი, ქალაქ კილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მიემგზავრება. მისთვის, როგორც მეცნიერისთვის, ნაყოფიერი აღმოჩნდა იქ გატარებული წლები. სამშობლოში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით ბრუნდება და კვლავ ივანე ბერიტაშვილთან განაგრძობს მუშაობას.

1930 წელს უნივერსიტეტიდან სამედიცინო ფაკულტეტის ცალკე ინსტიტუტად გამოყოფის საკითხი დადგა. ივანე ჯავახიშვილმა სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე თავის მოხსენებაში გიორგი ვაწაძეს გაუწია რეკომენდაცია. გიორგი ვაწაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი.

როგორ წარიმართა მისი მუშაობა ამ თანამდებობაზე?

– გიორგი ვაწაძის თაოსნობით, აშენდა ორი სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი 360 სტუდენტისთვის. ახალ სამედიცინო სასწავლებელს, თავდაპირველად, 3 ფაკულტეტი ჰქონდა: სამკურნალო-პროფილაქტიკური, სანიტარულ-პროფილაქტიკური და ფარმაკო-ქირურგიული. ასე გრძელდება მისი მოღვაწეობა 1937 წლამდე. ამ წელს გიორგი ვაწაძეს, როგორც „ხალხის მტერს” გარიცხავენ კომუნისტური პარტიის რიგებიდან, მოხსნიან რექტორობიდან, თუმცა ამჯერად ვაწაძეების ოჯახი რეპრესიებს გადაურჩა.

ამჯერად, ესე იგი, შემდეგ მაინც იქნა გიორგი ვაწაძე რეპრესირებული?

– 1944 წელს გიორგი ვაწაძეს ანიჭებენ მედიცინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებას. აღიარების პარალელურად, იწყება მისი გოლგოთა, რომელიც 12 წელს გაგრძელდა.

1945 წელს პროფესორი ამთავრებს ლექციებს, ბრუნდება კაბინეტში, საიდანაც ორ ახალგაზრდას უშიშროების მაშინდელ მინისტრთან – აქვსენტი რაფავასთან მიჰყავთ აგარაკზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ათავსებენ. ამ სარდაფის დერეფანში მის გვერდით გაატარეს ადამიანი, ვის ჩვენებასაც მოჰყვა ბაბუას რეპრესირება. თუმცა, ბაბუა მას არასოდეს კიცხავდა. ამბობდა, ვერავინ გაუძლებდა მისგვარ წამებასო. რა თქმა უნდა, დერეფანში მათ გადალაპარაკების საშუალებას არავინ მისცემდა, მაგრამ ამ პიროვნებას ბაგეები გაუხსნია და დაუნახვებია, რომ პირში არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა. ამგვარად, უთხრა, რომ წამების შედეგად დაწერა ის, რაც შემდეგ გიორგი ვაწაძის ბრალდებად იქცა. რამდენიმე დღეში გამომძიებელი მარქაროვი ვაწაძეების ოჯახს ატყობინებს: „ბრალდებულ” გიორგი ვაწაძეს გამოუვლინდა ფსიქიკური დარღვევის ნიშნები და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მალე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანთო. გაივლის რამდენიმე თვე და გიორგი ვაწაძეს 10 წლით პატიმრობას მიუსჯიან. თუმცა, საბედნიეროდ, ეს რეპრესიები მისი ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება. 1949 წელს, ვაწაძეს ყარაღანდის მახლობლად, სპასკის შრომაგამასწორებელ ბანაკში გაამწესებენ, სადაც ექიმს ყველა დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობა. მის მოსანახულებლად მხოლოდ ერთხელ ყოფილა ჩასული ბებიაჩემი – შემდგომში ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი თინათინ ვაწაძე. 1958 წელს მოხდა გიორგი ვაწაძის რეაბილიტაცია.