გასულ კვირას პრეზიდენტი ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედით დაინტერესდა. პირდაპირ (თუ, წინასწარ ჩაწერილ, მაგრამ ჩვენთვის მაინც პირდაპირ) ეთერში გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისგან, ზედაც, გუბერნატორ არსოშვილისგან, იქ არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია კიდეც მოისმინა და განკარგულებებიც მიაყოლა.
თუმცა ისიცაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მცხოვრებლებს ოკუპაციის დღიდან აწუხებთ პრობლემები (უწყლობა, უშეშობა, უშუქობა, უგაზობა და უსახსრობა), რომლებზეც ზემოხსენებულმა მინისტრებმა და გუბერნატორმა პირველ პირს მოახსენეს.
ასეა თუ ისე, პრეზიდენტი გვპირდება, რომ „ზამთარი მათ უპრობლემოდ უნდა გადავატანინოთ – წელსაც, მომავალ წელსაც და იმის შემდეგ წელსაც… მოსახლეობას ფქვილიც უნდა დავურიგოთ და სხვა სახის დახმარებაც გავუწიოთ.“ მეტიც, „ბევრი სხვა პროგრამაც უნდა ავამოქმედოთ, რომელიც, მაგალითად, განათლების სფეროში ხორციელდება“ (მე რომ მკითხოთ, არც ოკუპანტებს აწყენდათ, მანდატურები რომ მიგვეჩინა, თუმცა, ვეჭვობ, რომ ჩვენს მანდატურებს არასრულწლოვნებს შორის უფრო ურჩევნიათ წესრიგის დამყარება ოკუპანტთან ჭიდაობას). მაგრამ, როგორც უნდა მეგონოს, „უპირველესად, ამ ადამიანებს უნდა შეეხოს კომპიუტერიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება, სახელმძღვანელოებით დახმარება, დახმარება ჯანდაცვის სფეროში და ყველა სხვა მიმართულებით.“
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათთვის სარწყავი წყლის სისტემის ამუშავებას რამდენიმე მილიონი სჭირდება, მეორე მხრივ, წესით, არც კომპიუტერიზაცია უნდა დაჯდეს მთლად იაფი, მაგრამ, რადგან კომპიუტერიზაციის საჩვენებლად გამოყენება შესაძლებელია, სარწყავი სისტემის აღდგენისგან განსხვავებით, უფრო მეტად ისაა სავარაუდო, რომ ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლებში სულ მალე კომპიუტერები გამოჩნდება, იმიტომ რომ, ჩვენი, პოსტრევოლუციური საქართველოს დევიზია: „როცა გშია, ზაქარია, კომპიუტერიც შაქარია.“