ჩვენთან საუბარში "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ შავიშვილმა განაცხადა: - სააკაშვილი ვირტუალურ საქართველოში ცხოვრობს, ჩვენ კი ნამდვილში. სააკაშვილი კარგად ცხოვრობს: სასმელი და საჭმელი ბევრი აქვს, არც ფული აკლია და როგორც ამბობენ, ქალები თვითმფრინავით მიჰყავ-მოჰყავსო...
ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ფოთში წყალი გაუშვა, ვიყავი ფოთში და წყალი არ არის. ამას წინათ გაზი გაუშვა ზუგდიდში და არც ზუგდიდელებს აქვთ გაზი. ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლებია. "ფორუმი" დადის რეგიონებში და კარგად იცის, სად რა ხდება.
"ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მტრული ძალაა. ესენი მე კი არ მემტერებიან, საქართველოს, ქართულ კულტურასა და ტრადიციას მტრობენ.
თქვენ ხომ ამ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ?
- დიახ, სააკაშვილთან ერთად მოძრაობის თანათავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდა, რადგან ცხადად დავინახე, რაც იქ კეთდებოდა. იქ ჩემი ადგილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეფერებოდა სააკაშვილის ჩათვლით და ერთი გადაბრუნული სიტყვაც არ უთქვამთ ჩემთვის, მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა საქართველოსთვის სასარგებლო ძალა. ეს ჩანდა მათ ქცევაში, მენტალიტეტში, საკითხებისადმი მიდგომაში. ამიტომაც უარი ვუთხარი საკრებულოს წევრობაზე და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ხელისუფლებაში დღეს ბევრი ისეთი პირია, რომელსაც ეს ქვეყანა არათუ არ უყვარს, სძულს. ქართველობა ჩამორჩენილობად მიაჩნიათ და ტრადიცია - გოიმობად.
თავად სააკაშვილიც ასეთია?
- დიახ. მაშინვე ჩანდა ეკლესიისადმი მისი დამოკიდებულებაც.
მაგრამ საზოგადოება ხშირად ხედავს პრეზიდენტს ეკლესიაში, მოწიწებით ემთხვევა ხოლმე პატრიარქს.
- პატრიარქის გვერდით დგომა და ხელზე ამბორი, დამიჯერეთ, მხოლოდ პოზაა. მე დავანგრიე ფერიის მთაზე ეკლესია?!
ითქვა, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და სააკაშვილმა არაფერი იცოდა.
- ვაცხადებ, - ფერიის მთაზე ეკლესია სააკაშვილის პირადი ბრძანებით დაინგრა. ადგილობრივი ხელისუფლება ამას გაბედავდა და დღეს ციხეში არ იჯდებოდა? ეს იყო სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა. მე, გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა აჭარაში რომ ჩავედით, 2-3 საათის მომხდარი იყო ეს ამბავი. დილაადრიან ავედით მთაზე. მრევლი შეკრებილიყო და მღვდელი წირვას ატარებდა ეკლესიის ნანგრევებზე. გაუხარდათ ჩვენი დანახვა, მაგრამ რაღას ვუშველიდით. თურმე ღამე მიადგნენ "გრეიდერებით" და დალეწეს იქაურობა. ხომ მიიღეს პასუხი? ხომ ჩამოენგრა იმ გამგებელს შენობა თავზე?
მინდა გკითხოთ იმ შეკითხვების თაობაზე, რომელიც საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გაუგზავნა პატრიარქს.
- რას ჰქვია საზოგადოების ერთი ჯგუფი? ეს არის ხელისუფლების პიარაქცია პატრიარქის სახელის გასატეხად. ერთი ბურჯიღა დარჩა საქართველოს, რომელსაც ეფუძნება და ისიც უნდათ გამოუშალონ. ამას თუ მიაღწევენ, აღარც ქართველი გაახსენდება ხელისუფლებას, აღარც ეკლესია, აღარც ქრისტიანი და შემაწუხებელიც ნაკლები ეყოლებათ. საზოგადოება ბევრს მოითმენს, მაგრამ ეკლესიის დაქცევას არავის აპატიებს. ვერც დააქცევენ. ნაკლებ ყურადღებას რომ ვაქცევდეთ ასეთ გამოხდომებს, უკეთესი იქნებოდა. მათი მიზანი სწორედ ისაა, რომ პოლემიკაში ჩაითრიონ საზოგადოება. ვინ არიან, რა უკეთებიათ. ამ ადამიანებს თუ ვინმე იცნობს, მხოლოდ გაფუჭებული საქმეებით. თავისუფლების ინსტიტუტი რომ სააკაშვილის საყრდენი და რუპორია, ხომ ვიცით?
ხელისუფლების მიზანი ქართული ეკლესიის დანგრევაა. ამას არც უფალი დაუშვებს და არც ქართველი საზოგადოება. ქვეყნისთვის ავის მოსურნენი ცუდ დღეში ჩაცვივდებიან და ისევ ჩემი დასაცავი გახდებიან, რომ ფიზიკურად არ გაუსწორდეს ხალხი. მათი მიზანიც ხომ ეს არის, თავი ტანჯულებად წარმოადგინონ.
ანუ დაავალეს, თუ თავად არიან ასეთები?
- მორწმუნე ადამიანს როგორ უნდა დაავალოს ვინმემ ეკლესიასთან ბრძოლა? რატომ დაავალეს ეს მხოლოდ სააკაშვილსა და მის გუნდს? რაღაც ძალა ყოველთვის ეძებს დასაყრდენს ქვეყანაში. დღეს ასეთი დასაყრდენი თავისუფლების ინსტიტუტია, რომელიც ძალზე სუსტია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული. ამ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებენ გარედანაც და ხელისუფლებიდანაც.
ეს ზუსტი ინფორმაციაა თუ თქვენი ვარაუდი?
- ვიცი, რადგან ჟურნალისტი ბრძანდებით, ამიტომ მისვამთ ამ კითხვას, თორემ თქვენც ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ყველაფერს ხედავთ.
მედვედევთან ქართველი ჟურნალისტების გამოჩენას ხომ არ მოჰყვება კიდევ ერთი კამპანია ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერებით?
- გამოხატვის თავისუფლება თუ მათ ჰქონდათ, ვინც პატრიარქს დაუსვა კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეთ გამოხატვის უფლება ჟურნალისტებს?
მეჩვენება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის გარიგებაა. მედვედევის სიტყვაში არ იგულისხმებოდა, სააკაშვილის წასვლის შემდეგ ვილაპარაკოთ ლარსის გახსნასა და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზეო. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ეს პრობლემები თუ მოიხსნა, რაღა დარჩება?
დარჩება ქართული ტერიტორიის ოკუპირებული 20%.
- ჩვენ თუ ურთიერთობა აღვადგინეთ რუსეთთან, ამ ტერიტორიას როგორ დავიბრუნებთ? ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ოკუპაციის საკითხი დიდი ხნით დაკონსერვდეს. სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიას თმობს. რატომ არ უნდა აძლევდეს რუსეთს ხელს სააკაშვილის პრეზიდენტობა?
ბიზნესის დღევანდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ ყიდულობენ ბინებს, რომელშიც არ ცხოვრობენ? მეხუთე და მეექვსე ბინას რატომ იშენებს მოქალაქე? არ უნდა ერჩივნოს, ბიზნესში დააბანდოს ფული და მოგება ნახოს? ბინით, რომელშიც არ ცხოვრობს და არც აქირავებს, რა მოგება აქვს?
რატომ არ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესში, რომ ბიზნესმა იმუშაოს და ფული შეიტანოს ბიუჯეტში?
- მდიდარი ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალია. ის სააკაშვილის ტყუილებს არ დაიჯერებს. მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის, მხოლოდ ღარიბებს აინტერესებთ. ხალხი უნდა გაასაცოდაო, რომ მერე მოვიდეს და რაღაც გთხოვოს. ხელისუფლებაც გადაუგდებს ნახევარ ტომარა ფქვილს, ზეთს და მოსთხოვს, ამის სანაცვლოდ ხმა მომეციო. სააკაშვილს უნდა, ხალხს შემოსავალი არ ჰქონდეს და ქვეყანაში მისგან უკონტროლო ფული არ არსებობდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ძალები დაფინანსდებიან კერძო ბიზნესიდან და სააკაშვილს რეალური კონკურენტები გაუჩნდება. სააკაშვილს მხოლოდ თავისი და საკუთარი გარემოცვის ბიზნესი სჭირდება, რომელიც აბსოლუტურად კონტროლირებადია. ამ ბიზნესიდან შემოსული ფული ხმების ყიდვასა და ხელისუფლების პიარაქციებს ხმარდება.
შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი კორუფციის აღმოფხვრა სააკაშვილს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია. დამარცხდა თუ არა საბოლოოდ კორუფცია საქართველოში?
- კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას ანგარიში დავწერე, ქვეყანაში გამეფებულია უკიდეგანო კორუფცია, რომელიც ანგრევს არა მარტო ქვეყნის მატერიალურ-ეკონომიკურ საფუძველს, არამედ სულიერებასაც-მეთქი. შევარდნაძემ მაშინ თქვა, რასაც შავიშვილი წერს, თუ მართალია, მაშინ ყველა დასაჭერი ვართ ჩემი ჩათვლითო. სხვათა შორის, მთავრობის სხდომას იშვიათად ვესწრებოდი. როდესაც სხდომაზე გამოვჩნდებოდი, ქონების მართვის მინისტრ სილაგაძეს მიგზავნიდნენ, ჰკითხე, ვის გასანადგურებლად მოვიდაო. როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, როდესაც ყველა გეპირფერება, უცებ კი ზოგის გამოხედვაში შიშისა და ზიზღის მეტს ვერაფერს ამოიკითხავ, არ არის სასიამოვნო.
მიშას არ სჭირდება ინსპექტორის მოგროვებული 2-2 ლარიდან წილის მიტანა. პირველი პირები პირდაპირ იღებენ ბიზნესებიდან, რაც უნდათ. თუკი ქვეყანაში რამე არსებობს, ყველაფერი მათია. მათია საუკეთესო მიწები, საუკეთესო შენობები. ეს კორუფცია არ არის? მასშტაბი ძალიან გაზრდილია, ახლა მარტო ესენი ჭამენ.
საქართველოს გადარჩენის გზაზე ამ ხელისუფლების მოცილება მხოლოდ ერთი პატარა პირობაა: სააკაშვილის მოცილება იქნება პირველი ნაბიჯი ხალხის საზოგადოებად ქცევისა.
სააკაშვილი დიქტატორად დასახეთ, ის ყოველთვის ასეთი იყო?
- ეს ჩანდა ხელქვეით მეგობრებთან მის დამოკიდებულებაში. ისეთი სიტყვებით მიმართავდა, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი და მივუთითე კიდეც ამაზე. დამპირდა, შენი თანდასწრებით ასე აღარ მოვექცევი მეგობრებსო. დღეს რომ დიდი და გავლენიანი მინისტრები არიან, სააკაშვილი მათ დედას აგინებდა. მაშინ დავიცავი ისინი, მაგრამ სააკაშვილი თუ აქამდე მივიდოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
ფორუმის რეგიონებში მუშაობამ ძალიან შეაშინა ხელისუფლება. ჩვენი ინფორმაციით, გვიმზადებენ იმას, რაც გაუკეთეს გიორგაძისა და ბურჯანაძის მომხრეებს; ანუ იქნება შავი პიარი იარაღის ფიგურირებით, გადატრიალების მცდელობისა და რუსეთთან კავშირის დაბრალებით. მოვიდნენ და დაგვიჭირონ. ამით დააჩქარებენ საკუთარ წასვლას და მეტად დაიმძიმებენ ხვედრს.