"სიმართლეს ვამბობდი და ქვეყნის მტრად მომნათლეს"

ნანა ფაჟავა წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი იყო სამეგრელოს რეგიონში.

- "იმედში" მუშაობისას ხშირად იმ სიცრუისა და დეზინფორმაციის უარყოფა მიხდებოდა, რომელიც სხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა. ვცდილობდი, საზოგადოებას გაეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში. დიდი დეზინფორმაცია იყო განმუხურის ინციდენტიც. ამ სპექტაკლისთვის "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია ღირსების ორდენით დააჯილდოეს, არადა ამ ჟურნალისტმა აფხაზებს ჩემი მკვლელობა შეუკვეთა.

ნანა, ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა, იქნებ დეტალურად გვიამბოთ, რა მოხდა?

- ერთ-ერთი გატაცებული აფხაზი, რომელიც ქართველ პარტიზანებს ჰყავდათ დატყვევებული, გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადავეცი. აფხაზურ საბაჟოზე ვიყავი, როდესაც ემა გოგოხიამ დამირეკა და რუსლან ქიშმარია ვალაპარაკე. თან ვიხუმრე, ემას სისხლი ჩაექცევა, ეს მასალა რომ არ აქვს-მეთქი. მტერს არ ვუსურვებ, რაც მე მაშინ მოვისმინე, ამას კოლეგასა და თანაქალაქელს კი არა, მტერს არ გავუკეთებ, - ჩემი მკვლელობა შეუკვეთა იმის გამო, რომ ინფორმაცია მოვიპოვე გატაცების შესახებ. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, - სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ლუსტრირებაა საჭირო, რადგან უმრავლესობა ოფიციალურად არის უშიშროების თანამშრომელი.

თქვენ საჯაროდ სდებთ ბრალს გოგოხიას მკვლელობის შეკვეთაში. რა რეაქცია ჰქონდა მას ამ განცხადებაზე?

- რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. მაშინ ქიშმარიამ უთხრა, - ემა გოგოხია, არ დაგავიწყდეს, ვინ ხარ და რა გაგიკეთებიაო. ოთხმხრივ შეხვედრაზე ვთხოვე ქიშმარიას, გადმოეცა ემა გოგოხიას მამხილებელი დოკუმენტები, რომ ის იყო აფხაზური სპეცსამსახურების აგენტი, მაშინ მან მიპასუხა, გოგოხია "ტრაინოი" აგენტიაო.

განმუხურის ინციდენტზე რას იტყვით?

- შეიძლება ჟურნალისტი შეესწროს ამა თუ იმ  შემთხვევას, მაგრამ მუდმივად ყველაფერი რომ იცოდეს, ეს შესაძლებელია? კარგად მახსოვს ის სცენა, როდესაც ჩვენი სამხედროები განმუხურში დააკავეს და სასტიკად სცემეს. მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ამალა როგორ ჩამოვიდნენ და როგორ "განდევნეს" რუსები "იდი ნა..."-თი. ეს ვიდეოჩანაწერშიც კარგად ისმის. მაშინ ვთქვი, ეს "იდი ნა..." ცუდად შემოგვიბრუნდება-მეთქი და არავინ დამიჯერა, ქვეყნის მტრად მომნათლეს. ყველამ კარგად იცოდა რუსების მარშრუტი, - ანაკლიის დისლოკაციის ადგილას მიჰქონდათ საუზმე, სადილი და ვახშამი. ნასვამი რუსების მდგომარეობიდან გამოყვანას არაფერი უნდოდა და დაგეგმეს ასეთი პროვოკაცია. დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაფერი რუსებთან იყო შეთანხმებული და საქართველოს ხელისუფლებას მილიონ-ნახევარი დაუჯდა განმუხურის ფარსი. რუსი გენერლის შვეულმფრენი, სანამ პრეზიდენტი და შს მინისტრი არ ჩამოვიდნენ, არ აფრენილა შემთხვევის ადგილიდან, რუსებს ფეხი არ მოუცვლიათ.

საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- აქ არაფერი იმალება. სპეცოპერაციის დაწყებამდე სოფელ ხეთაში, რესტორან "გეგეთაში" აქეიფეს რუსი ჯარისკაცები. მახსოვს, ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას პრობლემებიც კი შეექმნა, რადგან "რუსთავი 2"-ზე გასული რეპორტაჟი "მზეს" არ ჰქონდა. ვერც ექნებოდა, რადგან ეს მხოლოდ ემა გოგოხიასთვის იყო დაგეგმილი და მის მიერ იყო ინსცენირებული. თავად ბასილაიამ მოისმინა, როგორ ეუბნებოდა ემა გოგოხია სპეცსამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცის ფორმა, ავტომატი და... ტანკი სჭირდებოდა. ყველაფერი 15 წუთში მიართვეს. ქართველ ჯარისკაცებს ჩააცვა ფორმები, ტანკი რუსული იყო და სიუჟეტიც გამოვიდა. კადრში სულ არ ჩანდა, ჯარისკაცი რუსი იყო თუ ქართველი.

გამოდის, ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით დაიდგა?

- სწორედ ასეა. ყოველ შემთხვევაში, გასული სიუჟეტები ამაზე მიუთითებს. ხურჩის ინციდენტიც გავიხსენოთ. მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამაც თქვა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. პირველი არხისა და "რუსთავი 2"-ის ტელეკამერები და ის ყუმბარსატყორცნი გვერდიგვერდ იდგა და მოხდა ისე, რომ საკუთარ ხალხს ესროლეს. მოატყუეს, თითქოსდა ამ ყველაფრის გადაღება უნდოდათ, ვითომ ხალხი არჩევნებზე მიდის და აფხაზები არ უშვებენ. ხურჩელ პედაგოგებსა და ზუგდიდელებს უთხრეს, გასულიყვნენ მოედანზე და გაეთამაშათ, თითქოს აფხაზეთიდან მოდიან და გზაში დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. როცა ეს რადიოს პირდაპირ ეთერში ვთქვი, მტრის წისქვილზე ასხამ წყალსო და რა არ დამაბრალეს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც დაფიქსირდა, რომ ეს ინციდენტი ქართული სპეცსამსახურებისა და ჟურნალისტების პროვოცირებული იყო. იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდნენ(!).

ტელევიზიიდან გაგათავისუფლეს, თუ თქვენი ინიციატივით წამოხვედით?

- რა არ მომიგონეს. ტელევიზიის ხელმძღვანელობა აიძულეს, გავეთავისუფლებინე, მაგრამ რადიოში  მიმიღეს. სიმართლე გითხრათ, ამან გამაოცა. თუმცა შარშან, 23 ივლისს, რადიოდანაც დამითხოვეს. ომის დაწყების წინა პერიოდი იყო და ჩემი მუშაობა არავის აძლევდა ხელს.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტ ემა გოგოხიას:

ნანა ფაჟავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თქვენ აფხაზებს მისი მკვლელობა შეუკვეთეთ.

- გასარკვევია, ვინ ვისი მკვლელობა შეუკვეთა. კარგად შეისწავლეთ, ვინ არის ნანა ფაჟავა და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნა, თუ ღირს მისი ნათქვამის კომენტირება. მასზე მეტ საუბარს არ ვაპირებ...