ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ღარიბები ბლომად გვყვანან (რაკი იქ, ზემოთ, კვლავაც ვერ დაისრულეს „ოქროს სარაიები“, რომ შემდეგ ღარიბებზეც გადმოერთონ), სავსებით ბუნებრივია, რომ სპეციალურად მათთვის სპეცმაღაზიების ქსელიც გაიხსნა, ფრიად ამაღელვებელი და მეტად ტევადი სახელწოდებით: „ნუგეში“, სადაც, იქ, ზემოთ მყოფთა განცხადებით, უფულო მოსახლეობას პროდუქტების იაფად შეძენის საშუალებას აძლევენ (სიიაფეც პირობითია, ამიტომ, ვაზუსტებ: იაფად, ვიდრე მსგავსი რამ სუპერმარკეტებში იყიდება).
იმის გამო, რომ სანუგეშო ბევრია, უნდა ვაღიაროთ, რომ „ნუგეშებს“ არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა ოფიციალურად მყოფნი (მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ღარიბი ბევრია, პროგრამაში მოხვედრილი – არც ისე), არამედ, ზღვარს გამოღმა მყოფნიც ეშურებიან ხოლმე („როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია“).
მაგრამ, როგორც ირკვევა, მაინცდამაინც „მშიერი ზაქარიებისთვისაც“ არ გახლავთ განკუთვნილი „ნუგეშური“ სიიაფე. არ გახლავთ, ვინაიდან, ამ თითქოსდა ჩვენი უქონელი მოსახლეობის დაპურების მიზნით შექმნილ ქსელში მყიდველს დანახარჯის გადახდა თვით „ამერიქან ექსპრესის“ ბარათითაც კი შეუძლია (მოგეხსენებათ, „ამერიქან ექსპრესს“ ასე მარტივადაც ვერ აიღებთ, სულ მცირე, ყოველთვიურად მუდმივი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ღარიბთა კატეგორიას მიკუთვნებული მოსახლეობისთვის კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ბარათის ფლობა). ხოლო, რაკი შეუძლია, აშკარაა, რომ, ჯიბეთხელების მსგავსად, ჯიბესქელებიც ეძებენ „ნუგეშს“, რაც წარმოშობს კიდევ ერთ პოსტრევოლუციურ ჭეშმარიტებას: არა მხოლოდ ბედი, ფული მომეც და „სანუგეშოდ“ დამაგდეო.