რატომ არის საიდუმლოებით მოცული პავლე პირველის მკვლელობის ღამე და რის გამო აკუწა ის ვლადიმერ იაშვილმა

რატომ არის საიდუმლოებით მოცული პავლე პირველის მკვლელობის ღამე და რის გამო აკუწა ის ვლადიმერ იაშვილმა

საქართველოს ისტორია მდიდარია ისეთი ადამიანების ბიოგრაფიებით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი ქვეყნის კეთილდღეობას შესწირეს – სასწორზე დადეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ. ალბათ, ბევრისთვის უცნობია, რომ რუსეთის იმპერატორი, პავლე პირველი, ქართველმა, ვლადიმერ იაშვილმა მოკლა, რის შემდეგაც რუსეთ-საქართველოს ისტორია ისე არ განვითარდა, როგორც ამას თავად „მკვლელი” ელოდა.

ლევან გურიელიძე: პავლე პირველმა საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტი 1801 წლის 18 იანვარს გამოსცა, მაშინ როდესაც მეფე გიორგი მეთორმეტე 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა და მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღეც არ იყო გასული. სულ რაღაც, ორ თვეში კი იმპერატორი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას და 1801 წლის 11 მარტს, შეთქმულებმა, ქართველი კაცის მეთაურობით, პავლე პირველი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ვინ იყო ეს ადამიანი და როგორ აღმოჩნდა შეთქმულების სათავეში?

– ეს იყო ვლადიმერ იაშვილი. ის რუსეთ-თურქეთის 1787-1791 წლების ომში მონაწილეობდა, კონკრეტულად კი – ბენდერის, კინბურგის ბატალიებში, იზმაილის აღებაში. იბრძოდა პოლონელების წინააღმდეგ 1792-1794 წლებში, ბოგდანის საცხენოსნო ბატალიონში პოლკოვნიკად ირიცხებოდა. შეთქმულებას მეფის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი; სხვა ვერსიით კი, ინიციატორთა შორის პალენთან ერთად იყვნენ ვიცე-კანცლერი პანინი და ადმირალი რიბასი. იმისთვის, რომ პანინის გეგმა განხორციელებულიყო, საჭირო იყო მომავალი იმპერატორის, პავლეს შვილის, ალექსანდრეს თანხმობა. ცნობილია პანინის წერილი იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნასთან, რომელიც ცხადყოფს, რომ თანხმობა, თანაც – წერილობითი, მიღებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე თანახმა იყო, ოღონდ ყველაფერს უმტკივნეულოდ უნდა ჩაევლო: მეფე კი არ უნდა მოეკლათ, უნდა გადაეყენებინათ და, ახალი იმპერატორი ალექსანდრე, დესპოტური და ქაოტური მმართველობის ნაცვლად, წესრიგს დაამყარებდა.

მაგრამ, იმპერატორი მაინც მოკლეს.

– 11 მარტის საღამოს შეთქმულები ვახშმად შეიკრიბნენ. აქ იყვნენ მკვლელობის თანამონაწილენი და რა თქმა უნდა, მათ შორის იყო იაშვილიც. თვითონ იმპერატორს ძალიან ძლიერი ეჭვები ჰქონდა – გრძნობდა, რომ მის თავზე ცა შავი ღრუბლებით გაივსო. ყოველთვის ეშინოდა რომ მოწამლავდნენ, ამიტომაც, არ ენდო თანამემამულე მზარეულებს და ეს საპატიო მისია ინგლისიდან ჩამოსულ ბებერ, კეთილ მზარეულს დააკისრა. ზოგადად, მას ყოველთვის ეშინოდა, რომ მოკლავდნენ, მანამდეც კი, სანამ ტახტზე ავიდოდა.  მოხდა ისე, რომ,  იმპერატორ მიხეილის საკმაოდ ძლიერად დაცულ სასახლეში, სადაც პავლე პირველი ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრობდა, შეთქმულები შეიჭრნენ და მონარქი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ მოვლენათა მემატიანე ისტორიკოსების მიერ ერთხმად სახელდება მეფის უშუალო მკვლელი – პოლკოვნიკი ვლადიმერ იაშვილი. საძინებელში წასვლამდე იმპერატორმა შვილებთან ერთად ივახშმა, საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და, რატომღაც უთქვამს: „რაც მოსახდენია, მოხდება“. სხვადასხვა ისტორიკოსი თვითონ მკვლელობის სცენას სხვადასხვანაირად აღწერს, მაგრამ, ფაქტია, რომ მეფემ ხმაური გაიგო და ფარდის უკან დაიმალა, თუმცა, ის იპოვეს და მოკლეს. ექიმი ვილიე მთელი ღამის განმავლობაში აწესრიგებდა  იმპერატორის ხმლებით აკუწულ სხეულს, რომ დილით მისი გარდაცვლილი სხეული ჯარისთვის ეჩვენებინათ და დაემტკიცებინათ, რომ ის ბუნებრივი გზით გარდაიცვალა. თუმცა, ამის დაფარვა მაინც ვერ შეძლეს.

რატომ გადატყდა ჯოხი მაინცდამაინც იაშვილზე?

– არ არის გამორიცხული, რომ ეს ხმა ბენიგსენის დაყრილი იყო. მოტივი თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ მას გაშმაგებულმა იმპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვლადიმერ იაშვილი გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში მსახურობდა. სწორედ იქ უთავაზა მას პავლე პირველმა ჯოხი, რის გამოც შემდგომში იაშვილმა შური იძია. ისე ყოფილა შეურაცხყოფილი, რომ თითქოს მაშინაც კი, როცა დაუცველად დარჩენილმა იმპერატორმა თქვა, ოღონდ არ მომკლათ და გადადგომაზე ხელს მოვაწერო, ვლადიმერ იაშვილს შეუძახია: „დიახ, დღეს ხელს მოაწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, ხვალ კი ყველას ეშაფოტზე თავებს დაგვაყრევინებს!” ამით თითქოს ნათელი გახდა მკვლელობის საბაბი – შეურაცხყოფა და პირადი შურისძიება. მაგრამ, 1909 წელს, პავლეს მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჟურნალმა „რუსსკაია სტარინამ” გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველისადმი მიწერილი, საიდანაც ნათელი ხდება მკვლელობის პოლიტიკური წინასწარგანზრახულობა.

ანუ, მკვლელობა ალექსანდრეს შეკვეთილი იყო?

– ასე ჩანს წერილიდან. „მეფეო, იმ დღიდან მოყოლებული, რაც მამათქვენი ტახტზე ავიდა, მე გადავწყვიტე, თავი შემეწირა, თუკი ეს საჭირო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც დიდი პეტრეს სიკვდილის შემდეგ, ჯერ მედროვეების სათამაშოდ იქცა, შემდეგ – მსხვერპლადაც... ჩვენი ქვეყანა თვითმპყრობელობის ხელშია, მილიონობით ადამიანის ბედ-იღბალი ერთი ადამიანის ჭკუაზე და სულისკვეთებაზეა დამოკიდებული. პეტრე დიდს კი შეეძლო, მართლაც ყოფილიყო თვითმპყრობელი, მისი ბრძნული მმართველობით ქვეყანა ისვენებდა, მაგრამ, გენიოსები ხომ ესოდენ იშვიათია... ღმერთმა იცის, ჩვენ ხელები სისხლში პირადი გამორჩენის გამო არ გაგვისვრია. გვინდოდა, მსხვერპლს სიკეთე მოეტანა. გაგვიგეთ, ჩვენ დიდი მოწოდება გვამოძრავებდა. ტახტზე რომ ზიხართ, თუკი ეს შესაძლებელია, იყავით პატიოსანი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე. გაიგეთ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსავალი და სამშობლოს დაღუპვამდე ნუ მიიყვანთ. ადამიანს, რომელმაც რუსეთისთვის თავი გაწირა, შეუძლია, თქვენ ასე გითხრათ. მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, იმიტომ, რომ არაფერი მსურს, არაფერს მოვითხოვ... მეფეო! მე ხელმწიფისა და სამშობლოსთვის ვარ დამაშვრალი, შვილისათვის კი – მამის მკვლელი!” წერილი ცხადყოფს, რომ პავლე პირველის ნამდვილი მკვლელი თავგადაკლული პატრიოტი ვლადიმერ იაშვილი კი არა, იმპერატორი ალექსანდრე პირველი იყო. მან ყველაფერი იცოდა და წინასწარ ხელები დაიბანა, შემდეგ კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო და ამიტომაც დაიმსახურა „ცბიერი ბიზანტიელის” სახელი. არც ერთი დაპირება ქვეყანაში მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ ახალ იმპერატორს არ შეუსრულებია და ალბათ, ამან დააწერინა იაშვილს ასეთი აღელვებული წერილი. მეორე მხრივ, მამის მკვლელ ალექსანდრეს, ეტყობა, მართლაც ქენჯნიდა სინდისი. ის შეეცადა, ყველა შეთქმული, დიდი იქნებოდა თუ პატარა, თავიდან მოეშორებინა. სანქციები იაშვილსაც შეეხო.

სიკვდილით დასაჯეს?

– ასე მკაცრად არ მოჰქცევიან, მაგრამ, 1803 წელს მას თანამდებობა დაატოვებინეს და იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თავის სოფელ მურომცევოში, კალუგის გუბერნიაში გადაასახლეს. იმ დღიდან მას ორ ქალაქში – მოსკოვსა და პეტერბურგში ბინადრობის უფლება აღარ ჰქონდა. ასე იცხოვრა სოფელში გვარდიის პოლკოვნიკმა ვლადიმერ იაშვილმა ცხრა წლის განმავლობაში და ის დარწმუნდა, რომ ახალი იმპერატორი ძველზე უკეთესი არაფრით ყოფილა. 1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიენიჭებინათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად წასულიყო, რის შემდეგადაც კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის განმავლობაში მან დიდი წარმატება მოიპოვა ელნიასთან ბრძოლითა და გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა. როცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრემ გაიგო, სასტიკად განრისხდა. მან უბრძანა კუტუზოვს, დაუყოვნებლივ განეშორებინა მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და დაებრუნებინა გადასახლების ადგილას, რაც 1812 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა. 1815 წელს, ვლადიმერ იაშვილი ორმოცდაათი წლის ასაკში მურომცევოში გარდაიცვალა.