თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებულია.
საერთაშორისო მასშტაბით ძებნილთა ნუსხაში, რომელშიც სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად დაკავების ორდერი შევარდნაძის ეპოქის გავლენიან ფიგურებზე, მათ შორის ასლან აბაშიძეზე, იგორ გიორგაძეზე, ალეკო გოცირიძეზე, ლევან მამალაძესა და თემურ ბასილიაზე არის გაცემული, ირაკლი ოქრუაშვილი აღარ ფიგურირებს.ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ძებნილთა სიიდან კონკრეტული ადამიანის ამოღება იმ სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომელმაც ინტერპოლს მიმართა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ოქრუაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების გამო გაკვირვებულია და "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამის შესახებ პირველად ესმის. მაგრამ, 2 მაისს ანალოგიურ თემაზე სააგენტო "პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემას ორშაბათისთვის გაარკვევდა, შესაბამისად, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია, ჩვენ ამის დადგენა ვერ შევძელით.
თუ ვისი მოთხოვნით ამოიღეს ოქრუაშვილი ძებნილთა სიიდან, ამ შეკითხვით "რეზონანსმა" წერილობით მიმართა ინტერპოლს და შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ ჩვენს მკითხველს ვაცნობებთ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში აუცილებლად უნდა იყოს.
"ოქრუაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ამჟამადაც უნდა იყოს. თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში მისი ძებნილთა სიიდან ამოღება საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებულ სტატუსთან," - განუცხადა "პირველს" პავლე კუბლაშვილმა.
ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელიაც ამბობს, რომ მასაც არ აქვს ამ თემაზე ინფორმაცია. იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ოქრუაშვილს როგორც პოლიტიკურ დევნილს თავშესაფარი მისცა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შესაბამისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, საერთაშორისო ძებნილთა შორის მაინც უნდა იყოს, ვინაიდან ინტერპოლის ძებნილთა სიაში სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯერ გენერალური პროკურორის, შემდგომ კი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის პოსტები ეკავა და რომლის უშუალო ხელმძღვანელობით შევარდნაძის მთავრობის არაერთი წარმომადგენელი ციხეში აღმოჩნდა, 2007 წლის სექტემბერიდან თავად გახდა ბრალდებული. თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებული ოქრუაშვილი ამ დრომდე წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.
2008 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულად ცნო ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვაში და მას დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
"პირველი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ოქრუაშვილის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერი თეო ტლაშაძე ამ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
"პირველის" წყაროს ცნობით კი სააკაშვილი და ოქრუაშვილი ერთმანეთს ბოლო 2 თვის განმავლობაში 2-ჯერ შეხვდნენ. ერთხელ საფრანგეთში და მეორედ თურქეთში და შესაძლოა ოქრუაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება ამ ფაქტთან იყოს კავშირში.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ძებნილთა სიიდან კონკრეტული ადამიანის ამოღება იმ სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომელმაც ინტერპოლს მიმართა.
"მე რამდენადაც ვიცი, მას შემდეგაც კი რაც საფრანგეთის სახელმწიფომ თავშესაფარი მისცა ოქრუაშვილს, ის მაინც არ მოიხსნა ძებნილთა სიიდან. როგორც წესი, ვინც ძებნის ინციატორია, ამბობს რომ სისხლის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და ძებნაც წყდება."