რამდენი ტიპის ჯავშანმანქანა სჭირდება ქართულ არმიას?..

რამდენი ტიპის ჯავშანმანქანა სჭირდება ქართულ არმიას?..

საქართველოში აწყობილი "დიდგორების" შეიარაღებაში მიღების შემდეგ ქართული არმიის არსენალში ერთდროულად ცხრა სხვადასხვა ტიპის ბორბლებიანი ჯავშანმანქანა აღმოჩნდება.

შეიძლება მრავალფეროვნება სხვა საქმეში მისასალმებელია, მაგრამ არმიის შეიარაღება და აღჭურვილობა უნიფიკაციას მოითხოვს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით განხორციელდეს  ჯავშანმანქანების დროული რემონტი და სრული საბრძოლო მზადყოფნა.

ამჟამად ქართული არმიის შეიარაღებაშია "ჰამვის" ტიპის ორი მოდიფიკაციის შეჯავშნული ავტომობილები, ჯავშანმანქანები "კობრა", "ვულფი" და "დიდგორის" ორი მოდიფიკაცია, ჯავშანტრანსპორტიორები "ეჯდერი", БТР-80-ები და БТ-70DI-ები.

БТ-80-ები და  БТ-70DI-ები საბჭოთა წარმოებისაა (თუმცა ამ უკანასკნელთ მოდერნიზაციის შემდეგ დასავლური წარმოების დიზელის ძრავები ჩაუყენეს), რომლებიც უკრაინისგან შევიძინეთ.

ჯავშანტრანსპორტიორი "ეჯდერი" და ჯავშანმანქანა "კობრა" თურქული წარმოებისაა, "ვულფები" ებრაულია, "ჰამვი" - ამერიკული, "დიდგორები" კი საქართველოშია აწყობილი, ოღონდ ამერიკული "ფორდის" პიკაპის ბაზაზე.

ყველა ქვეყანა სხვადასხვა სავალ ნაწილს, ძრავას და დეტალებს იყენებს, რის გამოც მათი უნიფიკაცია ძალიან გაძნელებული ან საერთოდ შეუძლებელი იქნება. თითოეული მათგანისთვის საჭირო გახდება სათადარიგო ნაწილების მთელი ნომენკლატურის შეძენა მწარმოებელ ქვეყნებში,  ეს კი ძალზე ძვირი სიამოვნებაა.

უფრო ლოგიკური იქნებოდა, ქართული არმიის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ - ორი ტიპის ჯავშანმანქანა ყოფილიყო.

თავის დროზე იმავე პრობლემას საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები (აწ უკვე დაშლილი) და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა წააწყდნენ, რომელთა განკარგულებაში აღმოჩნდა ნაჩუქარი ან ნაყიდი მცურავი საშუალებების მთელი პალიტრა თურქეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან თუ გერმანიიდან. რა მძიმე დღეში იყვნენ მეზღვაურები (განსაკუთრებით - მოტორისტები) ამ ძველი კატარღების შეკეთებისას (როგორც იტყვიან, ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო), ხშირად ღია ზღვაშიც კი, ცალკე საუბრის თემაა.

გასაგებია, რომ ქართული არმიის ჯავშანტექნიკის მრავალფეროვნება ხშირად ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული, მაგრამ აუცილებელია ერთიანი კონცეფციის შემუშავება, რომელშიც განისაზღვრება, კონკრეტულად რომელი კლასისა და ტიპის საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა იყოს არმიის შეიარაღებაში.