როგორ აიძულეს ქართველებმა რუსები ეღიარებინათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების უკანონობა

როგორ აიძულეს ქართველებმა რუსები ეღიარებინათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების უკანონობა

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ პირისგან მიწისა აღგავა რუსეთის იმპერია. ქართველთა ეროვნულმა ენერგიამ გასაქანი ჰპოვა. სულ მცირე ხნის განმავლობაში საქართველოში სამ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას ჰქონდა ადგილი: 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი; 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. როგორც ვხედავთ, სამღვდელოება ყველაზე უფრო ადრე შეუდგა იმ იდეების ხორცშესხმას, რისთვისაც ქართველი ერი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. სწორედ ამ მოვლენის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

როგორ მოახერხა ქართველმა სამღვდელოებამ დროის ამ მცირე მონაკვეთში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა?

– საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა რუსეთის იმპერიის დაცემიდან სამი კვირის შემდეგ. ეს მართლაც მცირე დრო იყო ასეთი დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ავტოკეფალიის აღდგენა მოულოდნელი სულაც არ იყო. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია (თვითმწყემსობა) მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის ჟამს მოიპოვა. მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო დამპყრობთა წინააღმდეგ მუდმივი ომებით, საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის შენარჩუნება მეცხრამეტე საუკუნის დამდეგამდე. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, 1911-1914 წლებში, რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ქართველი სამღვდელოება არასდროს შეჰგუებია ავტოკეფალიის დაკარგვას და მუდამ იბრძოდა მისი აღდგენისთვის. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დამდეგს. ასე რომ, იდეური თვალსაზრისით, ქართველი სამღვდელოება 1917 წლამდე კარგა ხნით ადრე იყო მზად ავტოკეფალიის აღდგენისთვის და, როგორც კი ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, უმოკლეს ვადაში შეძლო დიდი ხნის ნაფიქრალის ხორცშესხმა.

კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ქართველი სამღვდელოების მზადყოფნა?

– მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დამდეგს ავტოკეფალისტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ: ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდე (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე) და სხვები. ავტოკეფალისტები სასტიკად იდევნებოდნენ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, 1905 წლის დეკემბერში, თბილისში შეკრებილმა ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლებმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე. 1906 წელს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება იძულებული გახდა, ოფიციალურად განეხილა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის კანონიერება. ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე. ეპისკოპოსმა კირიონმა, ეპისკოპოსმა ლეონიდემ, პროფესორებმა: ალექსანდრე ცაგარელმა, ნიკო მარმა და ალექსანდრე ხახანაშვილმა, ცნობილი რუსი მეცნიერები და მღვდელმთავრები საშინელ დღეში ჩაყარეს, რუსებმა კი ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია კანონიერად გაუქმდა. ერთ-ერთმა რუსმა მეცნიერმა ასეთი რამ განაცხადა: ეკლესიების ავტოკეფალიები მანამდეც გაუქმებულა და ეს ქართველებმა კარგად იციანო. ამ ცინიკურ განცხადებას ეპისკოპოსმა კირიონმა ასე უპასუხა: თქვენ ვერ გაიგეთ საკითხის არსი, ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე, არამედ იმაზე, რომ ღირსებით დაბალმა ეკლესიამ (ესე იგი, რუსეთის ეკლესიამ) გააუქმა ღირსებით მაღალი ეკლესიის (ესე იგი, საქართველოს ეკლესიის) ავტოკეფალიაო. რუსი მეცნიერები და მღვდელმთავრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ აღიარეს: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უკანონოდ კი გაუქმდა, მაგრამ ახლა ამას რაღა ეშველებაო. ეს, პრაქტიკულად, იყო ქართველ მღვდელმთავართა და მეცნიერთა დიდი გამარჯვება. უკვე 1906 წელს გამოჩნდა, რომ ქართველი სამღვდელოება მზად იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. იდეურად, ქართველი სამღვდელოება უფრო უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

– ავტოკეფალისტები კვლავ სასტიკად იდევნებოდნენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ეპისკოპოს კირიონს, რომელსაც საქართველოში მსახურებაც კი აუკრძალეს, ხოლო ერთი პერიოდი, პრაქტიკულად, ხარკოვის მახლობლად, კურიაჟის მონასტერში იყო გამოკეტილი. ავტოკეფალისტები კიდევ ერთხელ სასტიკად დაარბიეს 1908 წელს, ეგზარქოს ნიკონის მკვლელობასთან დაკავშირებით. მართალია, ეგზარქოსი ნიკონი ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს, მაგრამ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მკვლელობაში ქართველი ავტოკეფალისტები დაადანაშაულა და სხვადასხვა სასჯელი დაადო მათ. ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ.

რას გულისხმობთ?

– რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრე გახდა დროებითი მთავრობა, რომელიც, თავისთავად იყო უსუსური მთავრობა. მას არ შეეძლო რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი რეპრესიების გატარება. ასე რომ, ქართული ეროვნული მოძრაობა და ქართველ ავტოკეფალისტთა მოძრაობა აღარ განიცდიდა დევნასა და შევიწროებას. შექმნილი ვითარება შესანიშნავად გამოიყენა ქართველმა სამღვდელოებამ. 1917 წლის 25 მარტს (ძველი სტილით 12 მარტს) მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილმა ქართველი სამღვდელოებისა და საერო მოღვაწეების კრებამ მიიღო გადაწყვეტილება: 1. 1917 წლის 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3. საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დე-ფაქტო და დე-იურე აღდგენილ იქნა.

როგორ შეხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება?

– დავიწყოთ იმით, რომ ავტოკეფალიის აღდგენიდან ორი დღის შემდეგ ქართველი ეპისკოპოსები: ლეონიდი, ანტონი და პიროსი მივიდნენ საქართველოს ეგზარქოს პლატონ როჟდესტვენსკისთან და გამოუცხადეს, რომ, სვეტიცხოველში მიღებული აქტის საფუძველზე, იგი გადაყენებული იყო საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობიდან.

რა რეაქცია ჰქონდა ამაზე რუს ეგზარქოსს?

– პლატონ როჟდესტვენსკიმ გარეგნულად სიმშვიდე შეინარჩუნა და ქართველ ეპისკოპოსებს უპასუხა: მე ყველაფერს ამას შევატყობინებ პეტერბურგში წმიდა სინოდს და მისი განკარგულების თანახმად ვიმოქმედებო. როგორც ვხედავთ, ეგზარქოსი დროს იგებდა და მოვლენათა განვითარებას ელოდებოდა.

გაუმართლდა თუ არა ეგზარქოსს იმედები?

– არა, არ გაუმართლდა. მართალია, რუსეთის ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა კატეგორიულად არ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, მაგრამ, შედარებით ლიბერალური პოზიცია დაიკავა რუსეთის დროებითმა მთავრობამ. საკმაო ხნის ყოყმანის შემდეგ დროებითმა მთავრობამ სპეციალური აქტით ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ოღონდ, არა ტერიტორიული, არამედ – ეროვნული.

ეს რას ნიშნავდა?

– ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ეკლესია ვერ იღებდა სრულ დამოუკიდებლობას, სრულ ავტოკეფალიას, ანუ, ორგანიზაციულად ვერ გამოეყოფოდა რუსეთის ეკლესიას. საქართველოს ეკლესია, როგორც ეროვნული ეკლესია, უნდა დარჩენილიყო რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში ავტონომიური უფლებებით.

ასეთი რამ შეიძლებოდა?

– იმხანად ასეთი რამ დასაშვები იყო. ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები დღესაც არსებობს სხვა ეკლესიების შიგნით, მაგალითად, ფინეთსა და იაპონიაში.

მიიღო თუ არა ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის დროებითი მთავრობის პირობა?

– გაგონებაც კი არ ისურვეს! ქართველი სამღვდელოება მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. უფრო მეტიც, მოწვეულ იქნა საქართველოს საეკლესიო კრება, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– საქართველოს საეკლესიო კრება გაიხსნა 1917 წლის 8 სექტემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. კრებამ მიიღო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება და თავისი მუშაობა დააგვირგვინა იმით, რომ 17 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი კირიონი, სახელწოდებით – კირიონ მეორე. ეს იყო პასუხი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. სრული ავტოკეფალიური უფლებებით აღჭურვილი საქართველოს ეკლესია თავისი ისტორიული მისიის აღსრულებას შეუდგა.