რა შემთხვევებში აქვს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება

რა შემთხვევებში აქვს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება

მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე ვითარება დაიძაბა (რაც, ბუნებრივია, პოლიტასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება), აქა-იქ რიგგარეშე არჩევნებზეც დაიწყო საუბრები. ვახტანგ ხმალაძესთან გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, თუ როდის უნდა ჩატარდეს, წესითა და მოქმედი კანონით, პარლამენტის მორიგი ვადიანი არჩევნები 2012 წელს და რა შემთხვევაში ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

– კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს 2012 წლის ოქტომბერში. კონსტიტუციაში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბერში, რომელ წელსაც გასდის წინა პარლამენტს უფლებამოსილების ვადა. ანუ შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს, ვთქვათ, 2012 წლის იანვარში, მაგრამ შემდეგ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება არა 2016 წლის იანვარში, არამედ ოქტომბერში, რაც მიიჩნევა, რომ არ არის სწორი, ამიტომ  რომ დემოკრატიულ ქვეყნებში სქემა ასეთია: თუ რიგგარეშე არჩევნებით მოდის პარლამენტი ხელისუფლებაში, მაშინ არჩევნები იმართება იმ პარლამენტის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადის ამოწურვამდე, დაახლოებით, ორი-სამი თვით ადრე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთი და იგივე პარლამენტი ოთხ წელზე მეტხანს არ იჯდეს ხელისუფლებაში და ის ახალმა პარლამენტმა შეცვალოს. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნებისთვის დადგენილია ერთი და იგივე ვადა, მაგალითად, არჩევნები იმართება ყოველი მეოთხე წლის ოქტომბერში, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, როგორც წესი, მომდევნო არჩევნები მანამ იმართება, სანამ რიგგარეშე არჩევნებით მოსულ პარლამენტს ოთხი წელი შეუსრულდება. მიჩნეულია, რომ უმჯობესია, ხელისუფლებაში პარლამენტი უფრო ნაკლები ვადით დარჩეს, ვიდრე გადააჭარბოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადას.

რატომ არის უმჯობესი? ჩვენ სულ პირიქით გვეუბნებიან, რაც მეტხანს იქნება ერთი გუნდი ხელისუფლებაში, მით უფრო თანმიმდევრულად მოახერხებს საკუთარი კურსის გატარებასო?

– დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს. ზოგადად, კონსტიტუციონალიზმის კონცეფციაში საყოველთაოდაა აღიარებული და ეს წერია როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიიღეს, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში, რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს გონივრული პერიოდულობით არჩევნების გზით. რატომ წერია? იმიტომ რომ, ასევე, საყოველთაოდ აღიარებული აქსიომაა, რომ ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნისას ეჩვევიან ამ თავიანთ მდგომარეობას და რაც მეტი დროის განმავლობაში არიან იმ სავარძელში, მით უფრო იზრდება საფრთხე, რომ ისინი თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებენ. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს სურვილი, გააფართოოს თავისი ძალაუფლება და, როდესაც დიდი ხნითაა ხელისუფლებაში ერთი და იგივე პარტია თუ პოლიტიკური გუნდი, ერთი და იგივე პიროვნება, მით უფრო იზრდება იმის საფრთხე, რომ ისინი გასცდებიან არა მარტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, არამედ მათ შეიძლება, კანონის ძალით გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება. ამიტომაა მიჩნეული, რომ ხელისუფლებაში მყოფი ამა თუ იმ გუნდისა თუ ადამიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნის დრო უნდა იყოს შემოსაზღვრული. ეს დრო არ უნდა იყოს ხანგრძლივი და კანონმა არ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ გაჩნდეს შესაძლებლობა ამ ხელისუფლების, რაც შეიძლება, მეტი დროის განმავლობაში შენარჩუნებისა. ამიტომაც არის შეზღუდული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ოთხი წლით, პრეზიდენტის –  ხუთი წლით და ზოგან –  მხოლოდ ზედიზედ ორჯერ, ზოგან –  უბრალოდ მხოლოდ ორჯერ შეიძლება, ანუ ერთი და იგივე პირი ორჯერ მეტად არ გახდება პრეზიდენტი. ამიტომაც  არის არასწორი, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია, რომ გაიგრძელოს უფლებამოსილების ვადა.

რა შემთხვევაში შეიძლება, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით?

– რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გაიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და არსებობს  პარლამენტის დათხოვნის რამდენიმე წინაპირობა. ამ წინაპირობების არსებობის გარეშე პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. განვიხილოთ, თუ რა შემთხვევაში აქვს პრეზიდენტს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი: პირველი, როდესაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ეს საკითხი შეიძლება, დადგეს იმის გამო, რომ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ამიტომ უნდა შეიცვალოს მთავრობაც; ან, ვთქვათ, მთავრობა გადადგა, ან პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი გადააყენა, რასაც მოჰყვება მთელი მთავრობის გადადგომა. ერთი სიტყვით, თუ მთავრობას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მაშინ დგება ახალი მთავრობის შექმნის საკითხი. პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პრემიერ-მინისტრი –  მინისტრების კანდიდატურებსა და პროგრამას და ამის შემდეგ პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას. თუ პარლამენტმა ზედიზედ სამჯერ არ გამოუცხადა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი.

მეორე შემთხვევა ასეთია: თუ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა არსებულ მთავრობას, პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობა ან გადააყენოს, ან არ გადააყენოს. მაგრამ, თუ მომდევნო 90-ე დღიდან 100-დღემდე შუალედში პარლამენტმა ხელმეორედ გამოუცხადა უნდობლობა მთავრობას, პრეზიდენტს უკვე აქვს უფლება, ან მთავრობა გადააყენოს, ან პარლამენტი დაითხოვოს. მესამე შემთხვევაა: როდესაც მთავრობა პარლამენტის წინაშე სვამს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ეს როდის ხდება ხოლმე?

–  მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ვთქვათ, მთავრობამ პარლამენტში შეიტანა რაღაც კანონპროექტი და პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ მიიღო. თუ ეს კანონპროექტი ეხება მთავრობის სტრუქტურასა და უფლებამოსილებას, ან ბიუჯეტისა და საგადასახადო საკითხებს, მაშინ პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობისადმი ნდობას და, თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას, პრეზიდენტს უკვე აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი. ანუ პარლამენტი, დაახლოებით, ისეთ ვითარებაშია, ქათამი რომ ჩიოდა –  ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო.

რის საფუძველზე შეუძლია პარლამენტს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება?

– ვთქვათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით, უბრალოდ პარლამენტს მიაჩნია, რომ მთავრობის მოქმედება არის არაეფექტიანი და არასწორი. ანუ უნდობლობის გამოცხადების საფუძველი შეიძლება, იყოს ნებისმიერი.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად რამდენი ხმა სჭირდება პარლამენტს?

– მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას ყველა ქვეყანაში სჭირდება პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, ანუ შემადგენლობის ნახევარს პლუს ერთი ხმა, მაგრამ ჩვენთან წესი განსხვავებულია. თუ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა უბრალო უმრავლესობამ, როგორც გითხარით, პირველ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია, ყურადღება არ მიაქციოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ხოლო, თუ სამი თვის შემდეგ პარლამენტი ხელმეორედ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას ხმების იმავე რაოდენობით, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია, ან მთავრობა გადააყენოს, ან პარლამენტი დაითხოვოს. არის მეორე შემთხვევაც, როდესაც პარლამენტი ორი მესამედის შემადგენლობით უცხადებს უნდობლობას მთავრობას, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია, გადააყენოს მთავრობა.

ანუ, თუ პრეზიდენტი შეუთანხმდება პარლამენტს, ნებისმიერ დროს შეუძლია, თანაც უმიზეზოდ მთავრობის გადაყენება?

– ისეთ პარლამენტში, რომელიც მორჩილად იწევს ხელს ყველაფერზე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უპრობლემოდ შეუძლია მთავრობის გადაყენება. ასევე, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც იცვლება მთავრობის შემადგენლობის მესამედზე მეტი, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტში აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას, იწყება ის პროცედურა, რაც გითხარით: პრეზიდენტი იძენს უფლებას, ან მთავრობა გადააყენოს, ან პარლამენტი დაითხოვოს. აქვე გეტყვით, რომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება და მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სჭირდება პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხმა. თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას, პრეზიდენტი მაშინვე იძენს პარლამენტის დათხოვნის უფლებას, ხოლო, თუ პარლამენტმა მთავრობას საკუთარი ინიციატივით გამოუცხადა უნდობლობა, მაშინ ორჯერ უნდა გამოუცხადოს უნდობლობა სამთვიანი შუალედით და პრეზიდენტს მაინც უჩნდება ან მთავრობის, ან პარლამენტის დათხოვნის უფლება.

ისიც ვთქვათ, მინიმუმ რამდენი დრო სჭირდება ამ პროცედურას?

– ყველაზე ხანმოკლე პროცედურაც კი დროშია გაწერილი: საკითხის დასმის შემდეგ, რამდენ ხანში უნდა შედგეს კენჭისყრა, რაღაც გარკვეული პროცედურის შემდეგ, რა დრო უნდა გავიდეს. ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება ისეთ შემთხვევას, როდესაც მთავრობას პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი.

ისეთები, რომლებიც ეხება ბიუჯეტის ან საგადასახადო  საკითხებს, ან მთავრობის სტრუქტურას?

– დიახ, პარლამენტი არ იღებს ამ კანონპროექტს და სვამს მთავრობისადმი ნდობის საკითხს. ესე იგი, პარლამენტი არ უცხადებს ნდობას მთავრობას და პრეზიდენტს უჩნდება პარლამენტის დათხოვნის უფლება.  ამ პროცედურას, დაახლოებით, 17-18 დღე სჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნები. თვითონ არჩევნების გამართვას კი ორი თვე სჭირდება. ანუ ამ სამოც დღეს უნდა დავუმატოთ 17-18 დღე, ესე იგი, თუ დღეს გადაწყვეტენ ამ სქემით წასვლას, მაშინ, სადღაც, თებერვლის დასაწყისისთვის უწევს რიგგარეშე არჩევნები.

კიდევ ერთი მოტივი პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა არის ის, თუ პარლამენტმა წლის ბოლომდე არ მიიღო კანონი ბიუჯეტის შესახებ, მაშინ პრეზიდენტს  ისევ აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი. ანუ პრეზიდენტს, ამ მოტივით, პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს 2012 წლის პირველ იანვარს და მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს მარტის დასაწყისისთვის.

თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, რომელი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება ის?

– მოქმედი კანონმდებლობით.

ანუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმასაც ნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაც ვერ მოხერხდება?

– დღეს პარლამენტში ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია. ამდენად, თუ მათ რამე ცვლილებების შეტანა უნდათ, გინდა, სასიკეთოსი, რაშიც პირადად მე ეჭვიც მეპარება; გინდა, გაუარესების, მათ ნებისმიერი რამის მიღება შეუძლიათ ძალიან სწრაფად.

მაგრამ ხომ მუშაობენ ხელისუფლება და რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე? მემორანდუმიც გააფორმეს, ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს და ასე შემდეგ?

– მერე რა?! თუ უნდათ, რომ გააკეთონ ასე, გააკეთებენ ასე. თუ უნდათ, რომ გააკეთონ სხვაგვარად, გააკეთებენ სხვაგვარად. პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ორი მესამედი უმრავლესობა და, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. ასე რომ, შესაძლოა, მოხდეს ნეგატიური ცვლილებებიც. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი იმისა, რომ რამე არსებითად გაუმჯობესდებოდა, არც ახლა მაქვს და არც მაშინ მქონდა, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა იმ წინადადებაზე, რომლებსაც „რვიანი“ სვამდა. ამდენად, არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“ რამეს მიაღწევენ საარჩევნო გარემოს არსებითად გასაუმჯობესებლად.

პოლიტიკურად რატომ შეიძლება, იყოს ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

– აქ მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ლაპარაკი. შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ, თუკი  არჩევნები გაიმართება 2012 წლის ოქტომბერში, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, პარლამენტის დათხოვნის გარეშე, ამ დროის განმავლობაში შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა უკეთესად შეძლონ ორგანიზება არჩევნებში წარმატების მისაღწევად, უფრო მცირე დროის შემთხვევაში, გაუჭირდებათ ამის ორგანიზება. მეორე ვარაუდიც შეიძლება, გარკვეულწილად, ორგანიზებასთან იყოს დაკავშირებული. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სწორი და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება და საკუთარი შეთავაზებების მიტანა თითოეულ ამომრჩევლამდე. მაგრამ, როდესაც ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს ეგრეთ წოდებული ეროვნული მაუწყებლები, რომლებიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობენ, ოპოზიციას რჩება ერთადერთი შესაძლებლობა: პირადად უნდა მიხვიდე ამომრჩეველთან და უთხრა, რასაც აპირებ, რაც მოითხოვს უფრო მეტ რესურსს როგორც ადამიანურს, ისე მატერიალურს და, რაც უფრო მცირე დრო იქნება არჩევნებამდე, მით უფრო გაუჭირდება ოპოზიციას ამომრჩევლის ფართო წრის მოცვა. აქვე შემიძლია, გითხრათ კონტრარგუმენტი, თუ რატომ შეიძლება, რომ არ უღირდეს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა: ჯერ ერთი, შესაძლოა, ოქტომბრამდე ხელისუფლებას მეტი შანსი გაუჩნდეს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და, როდესაც ოპოზიციაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიგულისხმოთ ბიძინა ივანიშვილი და მასთან ერთად მყოფი პოლიტიკური პარტიები. აშკარაა, რომ ამ ძალის რეიტინგი მიდის მაღლა, მაგრამ რეიტინგს აქვს თავისი ზღვარი, რის შემდეგაც ის ჩერდება და ერთ დონეზეა. თუ ამ პერიოდში ოპოზიციამ რამე რეალურ მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწია, მაშინ საზოგადოების ნაწილში ჩნდება იმედგაცრუება და რეიტინგმა შეიძლება, დაიწყოს ვარდნა. შეიძლება, საზოგადოების ნაწილმა ვერ გააცნობიეროს, რომ იმის შედეგი, რაც ახლა ხდება, დადგება მხოლოდ არჩევნების შემდეგ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, როდის იქნება არჩევნები, ადრე თუ გვიან, მოუთმენლობამ არ უნდა შეიპყროს საზოგადოება და არ უნდა გაუჩნდეთ არასწორი მოლოდინი, რადგან სასიკეთო ცვლილებები შეიძლება, მოხდეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ერთ დღეში არაფერი კეთდება. ასე რომ, შეიძლება, ხელისუფლებამ ამაზე გააკეთოს გათვლა და ამჯობინოს საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარება.