საქართველოში რუსული ესტრადის ვარსკვლავების მოსალოდნელი კონცერტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ზოგი ამ ამბავს ხელისუფლების ცვლილებას მიაწერს და მიიჩნევს, რომ თუკი წინათ საქართველოში ჩამოყვანილ უცხოელ შემსრულებლებთან დუეტებს სოფო ნიჟარაძე წერდა, ახლა რომელიმე რუსი ვარსკვლავის და სოფოს "შემცვლელის" ბერას დუეტიც მოსალოდნელიაო...
კომენტარისთვის კულტურული პროექტების ორგანიზატორს - ბატონ დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:
- ხალხის აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხვდები: ძველით ახალ წელს, თბილისის თითქმის ყველა კლუბში დაგეგმილი ღონისძიებება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთ კლუბში ცნობილი რუსული ჯგუფი - "გრადუსი" მღეროდა. ამით ყველაფერი ნათქვამი გახლავთ. საქართველოში მსმენელს საშუალება უნდა ჰქონდეს, თავად აირჩიოს, თუ რომელ კონცერტს დაესწრება...
ბერას და მაგალითად, ალა პუგაჩოვას დუეტს მართლა ხომ არ უნდა ველოდოთ?
- არა, რას ამბობთ?! ეს სულ სხვადასხვა ჟანრია! თან, მიმაჩნია, რომ არავის არავინ შეუცვლია. ბერა უნიჭიერესი მომღერალია. მის ოჯახს ძალიან ახლოს ვიცნობ...
გასაგებია, რომ სხვადასხვა ჟანრია, მაგრამ მსოფლიო ესტრადას საინტერესო ექსპერიმენტები ახსოვს...
- ვინ ვისთან იმღერებს, ჩემი საქმე არ არის. ასეთ რაღაცებში არც ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. ალა პუგაჩოვას გარდა, ბევრი რუსი შემსრულებლის ჩამოსვლაა დაგეგმილი.
ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამბობენ, - ხელისუფლება შეიცვალა და უკვე რუსი მომღერლების ჩამოყვანა დაიწყესო...
- ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რადგან წინათ მთავრობა წყვეტდა, საქართველოში რომელი შემსრულებელი ჩამოსულიყო. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კულტურაში ასე არ ხდება. სახელმწიფო შოუბიზნესში არ უნდა ერეოდეს, ამ სფეროს არ უნდა აფინანსებდეს, წინა მთავრობის დროს კი უაზრო ღონისძიებების მოწყობაში მილიონები "იყრებოდა". შეიძლება, რომ ყველა ადამიანში, ვინც საქართველოში არ არის, სამშობლოს მოღალატე, მკვლელი და ჯაშუში ეძებონ?! სირცხვილია! 20 იანვარს მოსკოვში მივდივარ. რა, სამშობლოს მოღალატეებთან მივემგზავრები?! რაც შეეხება, ალა პუგაჩოვას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ეს ინფორმაცია არ დამიდასტურებია. შეიძლება, ალა პუგაჩოვა საქართველოში ერთ-ერთ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწროს. ჯერ ერთი, ეტყობა, ინტერნეტსაიტებზე "ნაციონალები" არიან "გარჭობილები" (გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი) და ილანძღებიან. მათ ისიც არ იციან, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი; მეორე: არ მინდა, რომ კულტურული ღონისძიებები პოლიტიკას უკავშირდებოდეს; მესამე: ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც არავის ეტყვის, - საქართველოში არ ჩამოხვიდე, არ იმღერო და იცეკვოო.
ძირითადად, საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" სახელს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს - ბატონ კახა კანდელაკს რუსული ესტრადა არ მოსწონს და მაგალითად, ალა პუგაჩოვას ჩამოყვანაში 10 000 დოლარის გადახდას საქართველოში ერიკა ბადუს ჩამოყვანა ურჩევნია. მისი კომპანიის მისია ხალხის გემოვნების ამაღლება გახლავთ.
- ბერას და ალა პუგაჩოვას დუეტი არ "წავა". მაგალითად, სნუპ დოგი თუ ჩამოვიყვანეთ, შეიძლება, ბერასთან მაგარი დუეტი გამოვიდეს. სხვათა შორის, ბერა ბათუმის ჯაზფესტივალზე ორჯერ გამოვიყვანეთ (2009-10 წლებში). პირველად ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ბენდთან ერთად, ფილ კოლინზის სიმღერა შეასრულა, რასაც დიდი გამოხმმაურება მოჰყვა, მეორედ კი როი ჰარგროვმა თავად დაუძახა და სცენაზე აიყვანა...
სოფო ნიჟარაძეს რაც შეეხება, თავის ჟანრში მაგაზე მაგარი მომღერალი საქათველოში ვინ გვყავს?! ხულიო იგლესიასმა ის თავად შეარჩია. ხულიოს ასეთ რამეს ვერ დაავალებ, რადგან იმდენი ფული აქვს, ნახევარ საქათველოს იყიდის, თუ მოინდომა. კრის დე ბურგს სოფოსთან დუეტი ჩვენ შევთავაზეთ. ბოჩელის კონცერტის ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. უბრალოდ, ვარსკვლავი ქვეყანაში ჩამოსვლაზე დავითანხმეთ - ჰონორარი არ აგვიღია. 9 წელიწადში, სახელმწიფო დაკვეთით მხოლოდ 6-7 ვარსკვლავი ჩამოვიყვანეთ. ეს ნორმალურია. განა საფრანგეთი და შვეიცარია იდიოტია, ასე რომ იქცევა?! კონცერტების მოწყობაში კოლოსალური თანხები არ დახარჯულა. 29 დეკემბერს ბათუმში სენიორ რობინზონივით ვიყავი: ქალაქში ისეთი ცოტა ხალხი იყო, რომ სასტუმროში ოფიციანტიც აღარ გვემსახურებოდა. როგორც კი მსოფლიო ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბათუმში 30 000 ტურისტი ჩამოვიდა. სახელმწიფომ 2-მილიონიანი მოგება ნახა.
შაკირას შესახებაც მოგახსენებთ: მის ჩამოსაყვანად სახელმწიფოს 1 თეთრი არ დაუხარჯავს. მართალია, ძვირადღირებული კონცერტი გახლდათ, მაგრამ ეს კერძო კომპანიის ხარჯით ჩატარდა, რომელიც საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოდიოდა და შაკირას კონცერტით რეკლამის გაკეთება სურდა..