როგორ მოარჯულა ჭირვეული ლოთი ხრუშჩოვი ვასილ მჟავანაძემ

როგორ მოარჯულა ჭირვეული ლოთი ხრუშჩოვი ვასილ მჟავანაძემ

ცნობილი მონადირე, ტარიელ კაპანაძე, 1954 წლიდან 1972 წლამდე ვასილ მჟავანაძის ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და დიდი ნადირობის ჟამს მაღალი რანგის  სტუმრების მასპინძელი გახლდათ. ის წლების განმავლობაში საქართველოს ულამაზეს ნაკრძალებს პატრონობდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ნინა მჟავანაძის წიგნიდან – „ასეთი იყო ჩემი საქართველო”, რომელიც, ვფიქრობ, ყველა თქვენგანის   ყურადღებას უმალ მიიპყრობს.    

ბატონო ტარიელ, როდის და სად გაიცანით ვასილ მჟავანაძე

– ვასილ მჟავანაძე გავიცანი 1954 წელს, როცა ყორუღის მეურნეობაში ტახზე სანადიროდ იყო ჩამოსული, ნადირობის შემდეგ „ცეკას“ წევრები სულხან-საბას სახელობის მონკავშირში ბილიარდს თამაშობდნენ. მჟავანაძემ შემნიშნა და თავისთან მიხმო. ამის შემდეგ დავახლოვდით. არაჩვეულებრივი კაცი იყო, მისი მსგავსი პიროვნება აღარ შემხვედრია. პირველ ნადირობას სხვები მოჰყვა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ნადირობის ორგანიზებას მე მანდობდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა საბჭოთა კავშირის პირველი პირებისთვის ნადირობის მოწყობა გევალება. ერთი თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა და... შეიძლება, ტრაგიკულად დამთავრდეს ყველაფერი.

საქართველოს მაშინდელი მთავრობიდან ვინ ნადირობდა ვასილ მჟავანაძესთან ერთად?

– გივი ჯავახიშვილი, ალექსი ინაური, დევი სტურუა, გიორგი გეგეშიძე, შოთა ჭანუყვაძე და, აუცილებლად – ირაკლი აბაშიძე. ყველა შესანიშნავი მონადირე იყო, გარდა ირაკლი აბაშიძისა. ის უფრო ბუნებით ტკბებოდა, ჭალის ტყის ცქერით ვერ ვძღებიო, – მეუბნებოდა.

ყველაზე მეტად რაზე უყვარდა ნადირობა მჟავანაძეს?

– ტახზე, ირემს არ ესროდა; ფრინველებიდან კი ხოხობზე. ის ხარბი მონადირე არასდროს ყოფილა, ზომა და წონა იცოდა, მაგრამ, ხელცარიელი დაბრუნებაც, სიმართლე გითხრათ, არ უყვარდა. თუმცა, „მარცხს“ ხუმრობით უმკლავდებოდა ხოლმე. მახსოვს, ნადირობის წინ დილით ხაში მივირთვით. პირველი სარეკი ცარიელი გამოდგა, მეორეც, მესამეც... მომიახლოვდა და მეუბნება: „დილით ხაში გემრიელი, სარეკელი ცარიელი, რას აკეთებს დირექტორი კაპანაძე ტარიელი?!“ იქვე მყოფმა ირაკლი აბაშიძემ აღტაცება ვერ დამალა: რა შესანიშნავად აწყობილი რითმაა, კარგი იქნება თუ გააგრძელებთო. „რატომაც არა, მაგრამ, გაგრძელებას მოფიქრება უნდა, ეს კი ექსპრომტად ვთქვი“, – ღიმილით უპასუხა მჟავანაძემ.

ვასილ მჟავანაძეზე ამბობდნენ, ქართული ცუდად იცოდაო

– იმასაც ამბობდნენ ზოგიერთები, პატრიოტი არ იყოო, არადა, სამშობლო და ქართველი ხალხი უზომოდ უყვარდა. ერთხელ, 1967 წლის სეზონზე, გარდაბანში ჩამოვიდა. ოთახში ვისხედით  და ნადირობის გეგმას ვაწყობდით. ტელეფონმა დარეკა, მჟავანაძე ვიღაცას ესაუბრა, სახე მოეღუშა და დევი სტურუას მიმართა: „დევი, სოხუმში მოგიწევს წასვლა! ბიჭვინთაში სუსლოვი და პონომარიოვი ჩამოდიან, ხვალ აფხაზებს უნდა შეხვდნენ... რაღაც სისულელეები რომ არ ილაპარაკონ, ერთი ნაბიჯით არ მოსცილდე მათ“. მუდამ ყურადღებით იყო, რაიმე რომ არ გამოჰპარვოდა და, საერთოდ, ქართველები ახლა აკმოლინსკში, კუსტანაიში და ცელინოგრადში რომ არ ვართ გადასახლებული, ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა.

ამბობენ, ნიკიტას ნადირობა უყვარდა და საქართველოშიც უნადირიაო. როგორ მოხდა, რომ ნადირობის მოყვარულმა კაცმა ასე გაიმეტა ის ადამიანები, რომელთა გვერდითაც ნადირობდა?

– მას ქართველებისადმი ბოღმა და შური ახრჩობდა. ვერ იტანდა ქართველებს და, რომ დალევდა, იმუქრებოდა – გაგაციმბირებთო. მჟავანაძე რომ არა, ვინ იცის, ყირიმელი თათრებივით გვეხეტიალა წერილებითა და განცხადებებით ხელში მაღალჩინოსნების კაბინეტების კარდაკარ – სამშობლოში დაგვაბრუნეთო! საქართველოში სანადიროდ ჩამოსვლა კი უყვარდა, მაგრამ, ქართველები ვერ შეიყვარა.

როდის ჩამოვიდა საქართველოში?

– 1959 წლის თებერვალში. მისი ვიზიტი არავის გახარებია. როგორი  საქმეა – 1956 წელს ახალგაზრდები დაგვიხოცეს და ამ დანაშაულის ჩამდენი და ინიციატორი სანადიროდ ჩამოდის!.. ყველაზე აუტანელი კი ის არის, რომ, უნდა უცინო, პატივი სცე. იმ ტრაგედიის ჭრილობას ჯერ კიდევ არ შეშრობოდა სისხლი და, გვეშინოდა, ვინმე „კამიკაძეს“ ნიკიტასთვის არ ესროლა... ნადირობის ორგანიზაცია მთლიანად მე დამავალეს. უშიშროების კომიტეტში ამ ნადირობაში მონაწილეთა სია მივიტანე. ხრუშჩოვის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე სანადირო მეურნეობის ტერიტორიას სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილმა ალყა შემოარტყა. გარდაბნის ტყე „კაგებეშნიკებით“ გაივსო. ბოლოს ტყეში ტყვიაგაუმტარი „3öñ“ შემოვიდა. ნიკიტა „ცეკას“ პრეზიდიუმის წევრებთან ერთად გადმოვიდა, პირადი ექიმი და მზარეულიც ახლდა. იმ ნადირობის დროს ხრუშჩოვმა გარეულ ღორს ესროლა და დაჭრა. მისი ლეში სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ. მახსოვს, ნადირობის შემდეგ სტუმრები უკვე კარავში ქეიფობდნენ, რომ, ერთმა ჩვენიანმა ულამაზესი ირემი მოკლა და ხრუშჩოვს მიართვა – ქართველებში „პადხალიმებს” რა დალევს! სხვათა შორის, ამის გამო შავი დღე აყარა ხრუშჩოვმა: „ზაჩემ ტაკუიუ კრასოტუ პოგუბილ? ბეგალ ბი სებე ვ ლესუ!” ამ სიტყვების შემდეგ გულის სიღრმეში მის მიმართ სიმპათიის ნაპერწკალი გამიკრთა.

იმ ფაქტის შესახებ მიამბეთ, რომელიც ჯერ არავისთვის გითქვამთ.

– 1964 წლის გაზაფხულია. ერთ დღეს, როგორც ყოველთვის, გარდაბანში ვარ, ნაკრძალში. საღამო ხანს სახლში შევედი (ნაკრძალში პატარა სახლი იდგა). ოთახში ორი ტელეფონი მქონდა – სამთავრობო და „ვეჩე”. ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დარეკავდი, მას სანადიროდ ჩამოსულები იყენებდნენ. პირადად მე არასდროს მისარგებლია. ვასილ პავლოვიჩი მირეკავდა, თუ დავჭირდებოდი, ტყეში სირენა მქონდა. „ვეჩე” თუ დარეკავდა კისრისტეხით გავრბოდი. როდესაც მჟავანაძე ჩამოსვლას დააპირებდა, ყოველთვის რეკავდა, მაგრამ, იმ საღამოს ტელეფონის ზარი არ ყოფილა. მჟავანაძე  მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, მძღოლი – ანდრო დახვდა. არც სახლში წავიდა, არც „ცეკაში“, პირდაპირ გარდაბნისკენ გამოეშურნენ. საკმაოდ შებნელებულზე ჩამოვიდნენ. გავოცდი. ეტყობოდა, ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. მეუბნება: „ტარიელ, მოდი, ვივახშმოთ.” არაფერი ისეთი არ მქონდა და შევწუხდი – ლობიო მაქვს, მჭადი გაცივდა, ახალს გამოვაცხობ-მეთქი. „არა, არ გინდა, გააფიცხე, უბრალოდ ვივახშმოთ”. დავტრიალდი. პატარა ტაბლაზე ლობიო, გაფიცხებული მჭადი, ყველი და ცოტა მწვანილი დავდე. ვივახშმეთ. მერე ბევრი ვიარეთ მწუხრის ტყეში. ჩემი თანამშრომელი ილიკო გვახლდა, უბრალო გლეხი, დიდი განათლება იმას არ ჰქონდა, მაგრამ, რაც უნდა ეკეთებინა, შესანიშნავად იცოდა. ვასილ პავლოვიჩს ძალიან უყვარდა. დავდივართ ტყეში, მჟავანაძე რაღაცას აყოლებს, უსმენს, თავადაც საუბრობს ტყეზე, ცხოველებზე... თავისი ბავშვობა გაიხსენა, დედულეთი, სოფელი, ობლობა, მერე ხონის ტყავის ქარხანაში გატარებული სიყმაწვილის მძიმე წლები... ძალიან ნაღვლიანი იყო. ვატყობდი, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ, არ ვიცოდი რა.

ეს რომ შეატყვეთ, არაფერი გიკითხავთ?

– არა, მაგას როგორ გავბედავდი. მე ჩემი ადგილი და რანგი ვიცოდი. ჩვენი საუბარი მხოლოდ ტყეს, თევზაობას, ნადირობას ეხებოდა. გვიან დავბრუნდით სახლში, ვასილ პავლოვიჩმა მითხრა, დარეკე, ხვალ დილით ჩამოვიდნენო.

ვის დაურეკეთ?

– გივი ჯავახიშვილს და ალექსი ინაურს. მათ იცოდნენ, რომ მჟავანაძე აქ იყო, მაგრამ, მოსკოვში რა საქმე ჰქონდა, არ იცოდნენ. ძალიან გვიანობამდე ვისაუბრეთ, არ ეძინებოდა. მერე თავის ოთახში წავიდა მოსასვენებლად. მთელი ღამე არ მეძინა. მართალია, თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც მას უძინია. მეორე დილით, 10 საათზე, ინაური და ჯავახიშვილი ჩამოვიდნენ. მე საუზმეს ვამზადებდი – ჩაი, ყველი, კარაქი. კარი არ მიმიხურავს და მათი საუბარი მესმოდა. მჟავანაძე ამბობს: „ხრუშჩოვმა მითხრა, ყველაფერი გამზადებულია – კუსტანაი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი და ქართველები იქ უნდა გაგასახლოთო”... ეს რომ გავიგონე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ვუსმენ, ვერც კარს ვხურავ და ვერც  საუზმის გასაშლელად შევდივარ. „მერე იერიშზე გადმოვიდა, – განაგრძო მჟავანაძემ, – მე ვუთხარი: ახლავე რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება. მომეცი ექვსი თვის ვადა, ხალხს შევამზადებ-მეთქი. ექვსი თვე გეყოფაო? – მკითხა ხრუშჩოვმა. სავსებით-მეთქი  და, აი, ჩამოვედი თქვენთან. ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. ახლა გაოცება არაფერს უშველის. მარჯვედ უნდა ვიყოთ, პანიკა საჭირო არ არის. ამ ინფორმაციამ ხალხში არ უნდა გაჟონოს”.

თურმე, როდესაც მჟავანაძე ხრუშჩოვთან იყო, აფხაზეთის დელეგეცია ჩასულა. პავლოვიჩმა იცოდა, რომ, აფხაზები მოსკოვში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ, რა საკითხზე – არ იცოდა. მჟავანაძეც მის კაბინეტში იყო, როცა ხრუშჩოვს დაურეკეს და უთხრეს – აფხაზეთის დელეგაციას შემოსვლა უნდაო. მჟავანაძეს უთქვამს: წავალ, უხერხულია, რომანოვთან შევალო. არაო, – არ გაუშვია ნიკიტას. შემოვიდნენ აფხაზები და ნიკიტა მიეგება – ვიცი, რატომაც ჩამოხვედითო. აფხაზებს გაუხარდათ. „ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, – იგივე გაიმეორა ნიკიტამ, რაც მჟავანაძეს უთხრა, – წადით შუა აზიაში, ყაზახეთში, ცელინოგრადში. აფხაზები ისეთი ხალხი ხართ, იქაც მოიყვანთ ციტრუსს, – დაუცინია ნიკიტას – იცხოვრეთ ისე, როგორც ავტონომიას შეეფერება, არაფერი შეიცვლება”... თურმე აფხაზები კარისკენ უხმოდ, უკან-უკან წავიდნენ. ეს ყველაფერი იმ დილით მოვისმინე. ხრუშჩოვი სიმთვრალეში მუდამ ქართველების გასახლებით იმუქრებოდა, მაშინაც მთვრალი იყო, ალბათ. ვასილ პავლოვიჩი სულ ამ ჭირვეული ლოთის მორჯულებაში იყო.

როდესაც ამის შესახებ უამბო, ინაურმა და ჯავახიშვილმა რა უთხრეს?

– არაფერი, რა პასუხი უნდა გაეცათ? ამ საუბრის შემდეგ მალე წავიდნენ. დავრჩი მარტო, დარდით გულგასიებული. დღეში სამი კოლოფი სიგარეტი არ მყოფნიდა, ღამეები არ მეძინა, ვერც  ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი, არც არავინ რეკავდა. ასეთ საშინელ განცდებში ველოდებოდი იმ ექვსი თვის გასვლას. ოქტომბერი დადგა. ისევ ტყეში ვარ და სირენის ხმა მესმის – ესე იგი „ვეჩე” რეკავს, თურმე, ნიკიტა ხრუშჩოვი გადაუყენებიათ. ვერ  აგიწერთ, ეს რა სიხარული იყო. მაშინ მივხვდი, რატომ უთხრა მჟავანაძემ, ექვსი თვე მაცალეო – ამ ექვს თვეში ბოლო მოუღო. გული ამოვარდნაზე მქონდა. იმწამსვე გავვარდი გარდაბნის რაიკომის პირველ მდივანთან. არასდროს გაუფრთხილებლად არ შევსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო, მაგრამ, ახლა პირდაპირ შევიჭერი მის კაბინეტში და ყველაფერი ვუთხარი. მანამდე ამის შესახებ არავინ იცოდა. აი, მაშინ კი აღვნიშნეთ, მაგრამ, რა აღვნიშნეთ... მერე, მოგვიანებით, მოსკოვიდან ფოტოსურათი ჩამომიტანეს – ხრუშჩოვი ტიროდა. ისევ ქართველებმა მოუგრიხეს კისერი. გავიდა დრო. ერთხელაც, გავბედე და ინაურს ვკითხე: მართლა გაგვასახლებდა ხრუშჩოვი? როგორ გაბედავდა-მეთქი? გაეცინა და მითხრა: აბა, რა გგონია, მზითევსაც გაგვატანდნენო. ხრუშჩოვის მოშორებაში ინაურმაც უდიდესი როლი ითამაშა და ეს ყველაფერი იმ ექვს თვეში მოხდა, მჟავანაძემ მოსამზადებლად რომ ითხოვა ხრუშჩოვისგან.