აფხაზები არაფერს სწავლობენ და არაფერს ივიწყებენ

აფხაზები არაფერს სწავლობენ და არაფერს ივიწყებენ

ბოლო ხანებში რუსული მასმედია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს „თვითგამოცხადებული“ რეგიონების დამოკიდებულებას „ახალი თბილისისადმი“. თავისთავად, ასეთი დამოკიდებულება ერთობ ნიშანდობლივია, ვინაიდან მოსკოვის უმთავრეს ბერკეტად საქართველოზე ზემოქმედებისათვის კვლავინდებურად სეპარატისტული ელიტების დაინტერესება რჩება.

სხვათა შორის, აფხაზურ ელიტას ასეთი როლი სულაც არ ეპიტნავება, ვინაიდან იგი გულისხმობს შესაძლო კომპრომისს რუსეთსა და საქართველოს შორის - აფხაზეთის სეპარატისტული ინტერესების ხარჯზე. სწორედ ამიტომ, რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა წინააღმდეგი იყო მოსკოვში გამგზავრებისა - „ოთხთა შეხვედრაში“ მონაწილეობის მისაღებად. შეგახსენებთ, რომ მაშინ მოსკოვში შეიკრიბნენ „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ედუარდ კოკოითი, აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე და რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი ლოშჩინინი, რომელიც ჟურნალისტებს, შეხვედრის შემდეგ, თვალდაუხამხამებლად უმტკიცებდა, „რა მოლაპარაკება, რის მოლაპარაკება, სასტუმროში მხოლოდ ვივახშმეთო“.

შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო აფხაზურ მხარესაც, მაგრამ სოხუმში აშკარად ფეხს ითრევდნენ - მათ არ სურდათ, აფხაზეთი მოაზრებულიყო იმავე სივრცეში, რომელშიც საქართველო და მის შემადგენლობაში შემავალი აჭარა, აგრეთვე „სამხრეთ ოსეთი“, რომელსაც სეპარატისტული თვალსაზრისით, ბევრად სუსტი პოზიციები აქვს (რაკი კონფლიქტის რეგიონში ეთნოწმენდის განხორციელება ვერ შეძლო), ვიდრე აფხაზეთს;

თავდაპირველად, ხაჯიმბა მოსკოვში წასვლაზე უარს აცხადებდა იმ დემაგოგიური მოტივით, რომ „პრეზიდენტები მონაწილეობდნენ“, მაგრამ მოსკოვის უპრეცედენტო ზეგავლენის შედეგად (ფსოუს საზღვრის დაკეტვითაც კი დაემუქრნენ), ბოლოს მაინც იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, თუმცა, ოთხმხრივ შეხვედრაში მაინც არ მიუღია ოფიციალური მონაწილეობა.

ეს, როგორც ჩანს, აფხაზ სეპარატისტთა ტაქტიკაა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, რასაც მათმა ერთ-ერთმა იდეოლოგმა, სოხუმელმა სომეხმა და მძვინვარე ქართველოფობმა, ლავრენტი ამშენციმ „თბილისისგან მდუმარედ ცივი დისტანცირება“ უწოდა..

ბოლომდე ამ პოზიციის დაცვა სოხუმს გაუჭირდება - ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ არც რუსეთი და არც დასავლეთი არ არიან დაინტერესებულნი მოლაპარაკებათა შეწყვეტით. სწორედ ამიტომ, აფხაზური მხარე საკმაოდ ნერვიულობს (მიხეილ სააკაშვილს არცთუ იოლ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს) და წინასწარ აყენებს რამდენიმე რთულად შესასრულებელ პირობას.

ეს პირობები უკვე გამოაქვეყნა როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა პრესამ და ისინი უეჭველად მეტყველებენ, რომ აფხაზური მხარის პოზიციაში არაფერი შეცვლილა. იმავდროულად, სოხუმი, ფაქტობრივად, ქართულ მხარეს პრობლემისადმი დამოკიდებულების სრულ შეცვლასა და ერთმნიშვნელოვანი პოზიციის დაკავებას სთავაზობს, რაკი შესანიშნავად ესმის, რომ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს ახალ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით შეუქმნის პრობლემებს და ოპოზიციას გაუძლიერებს.

ეს პირობებია: პარტიზანული მოძრაობის ღია დაგმობა, მისი მხარდამჭერის შეწყვეტა და პარტიზანთა საყოველთაოდ ცნობილი მეთაურების დაპატიმრება (აქ აფხაზები ერთგვარ „კომპრომისულობას“ ამჟღავნებენ და გვთავაზობენ თავად გავასამართლოთ პარტიზანთა ლიდერები, ანუ მათ „ექსტრადირებას“, ჯერ-ჯერობით, არ მოითხოვენ), აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გაუქმება (ეს სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს, ვინაიდან ის ძალებიც კი, ლტოლვილთა შორის, ვინც თამაზ ნადარეიშვილის გადადგომას მოითხოვს, კატეგორიულად შეეწინააღმდეგება თვით ლეგიტიმური სტრუქტურების გაუქმებას) და აფხაზეთისათვის ყოველგვარი სანქციების და შეზღუდვების მოხსნა.

ყველაზე ძნელად განსახორციელებელი სწორედ ეს მოთხოვნაა. ეს უკანასკნელი მოთხოვნა სრული აბსურდია და შექმნილი მდგომარეობა, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.

სოხუმში შესანიშნავად უწყიან, რომ ახალ ხელისუფლებას ამ პირობების შესრულება ძალიან გაუჭირდება და ამიტომ ცდილობენ, „ახალ თბილისთან“ დიალოგის დაწყებამდე მოლაპარაკება იმთავითვე მოაქციონ ჩიხში.