თბილისის საკრებულო ცირკად გადაიქცა

თბილისის საკრებულო ცირკად გადაიქცა

ის, რაც ამჟამად ხდება ე.წ. თბილისის საკრებულოში, ნამდვილად მოსალოდნელი იყო და მასში გასაკვირი არაფერია. უცნაური ის იქნებოდა, განხეთქილებასა და ურთიერთთავპირისმტვრევას კიდევ რომ დაეგვიანა. ამ ტრაგიკომედიის მიზეზთა - მიზეზი (რომელიც უკვე გულისამრევ მარაზმში გადადის) 15 ნოემბრის არჩევნების შემდგომდროინდელ მოვლენებში უნდა ვეძიოთ, როდესაც ხელოვნურად შეთითხნილმა ე.წ. ოპოზიციურმა კოალიციამ, პოლიტიკის ელემენტარული კანონების დარღვევით არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას (ანუ იმ პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო) საშუალება არ მისცა საკვანძო პოსტები დაესაკუთრებინა.

პირიქით, ეს პოსტები თვითონ მოიგდო ხელში, დაისაკუთრა, რითაც განხეთქილება გარდაუვალი გახადა, ვინაიდან „ოპოზიციური კოალიცია“ სინამდვილეში არათუ მოკავშირე, არამედ კონკურენტი პარტიებისაგან შედგებოდა, რომლებიც ძალზე მტკივნეულად განიცდიან ერთმანეთის წარმატებას.

საკრებულოს თავმჯდომარის (შინაარსობრივად „სპიკერის“) არჩევისას შალვა ნათელაშვილმა საკუთარი პრიორიტეტი სოციალისტთა ლიდერ რჩეულიშვილს არ დაუთმო, რითაც იგი საშინლად გაანაწყენა. აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული. ეს არის ჭეშმარიტი, სიღრმისეული მიზეზი შემდგომი დაპირისპირების და ამჟამინდელი ორომტრიალისა, რამაც საბოლოოდ დამარხა ოპოზიციის ამბიცია და შანსი: თბილისის საკრებულო ძალიან დიდი ხნით დისკრედიტებულია და საეჭვოა, მან თავისი ავტორიტეტის აღდგენა უახლოესი წლების განმავლობაში შეძლოს – ამიერიდან იდეალურადაც რომ წარმართოს საქმიანობა.

მოქალაქეთა კავშირის, ლეიბორისტებისა და „ეროვნულ-დემოკრატების“ ალიანსი, რასაკვირველია, ისეთივე არამყარი იქნება, როგორც „ოპოზიციური კოალიცია“, მაგრამ მოგებული, ყველა შემთხვევაში, მმართველი პარტია დარჩება.

მთელი ეს დომხალი სწორედ მოქალაქეთა კავშირს აძლევს ხელს და სამომავლოდ (საარჩევნოდ) მის პოზიციებს აძლიერებს, ვინაიდან პოლიტიკური პარტიისთვის არაპროგნოზირებულობა ყველაზე საშიშია ისევე, როგორ არამდგრადობა, შინაგანი განხეთქილება, მონათესავე პარტიებთან შუღლი და ა.შ.

ლეიბორისტულ პარტიაში მომხდარი განხეთქილება, რა თქმა უნდა, ამ პარტიის წევრთა ელემენტარული პოლიტიკური უკულტურობის გამოვლინებაა, მაგრამ მთლიანობაში, ეს საშუალებას მისცემს ნათელაშვილს, „გაწმინდოს“ პარტია შიდა ოპოზიციისაგან და შემდგომ საარჩევნო სია მაინც ისეთი ხალხისაგან შეადგინოს, რომლებიც დეპუტატის მანდატის ხელში ჩაგდების შემდეგ (უკვე პარლამენტში) საკუთარ პარტიებსა და ფრაქციებს აღარ შექმნიან.

სხვა ოპოზიციური პარტიები კი ვერ ამჩნევენ, რომ თავისი ქმედებით, ნათელაშვილთან დაპირისპირებით, არათუ ასუსტებენ, არამედ აძლიერებენ მას.

მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის დაპირისპირებით მოიგო მხოლოდ მოქალაქეთა კავშირმა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია ლეიბორისტების მათთან კავშირი.

თუმცა, არც ეს ალიანსი იქნება მარადიული – საარჩევნოდ იგი უეჭველად დაიშლება. ამჟამად, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, ლეიბორისტები და მოქალაქეები თბილისის საკრებულოში შესაძლოა თანამშრომლობდნენ ტაქტიკური მიზნების განსახორციელებლად, მაგრამ „დიდი არჩევნების“ წინ ისინი ერთმანეთს უეჭველად შეეჯახებიან, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია იმდენად უჭკუოდ იქცევა, რომ ამ დაპირისპირების შედეგად პოლიტიკური არენიდან შეიძლება საერთოდ გაქრეს.

ამასთან, ობიექტურობა მოითხოვს ისიც ითქვას, რომ ოპოზიციის პრეტენზიები ნათელაშვილის მიმართ არც თუ საფუძვლიანია – ჯერ კიდევ 1997 წლის ზაფხულში, ლეიბორისტთა ლიდერმა კოლეგა ოპოზიციონერებს (რა თქმა უნდა, მემარცხენე ოპოზიცია გვყავს მხედველობაში) შესთავაზა გაეფორმებინათ ალიანსი დოკუმენტურად, ანუ ჩამოეყალიბებინათ კოალიცია, რომელიც პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც ერთობლივად იმოქმედებდა საერთო მტრის - მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ.

მაგრამ ამგვარი კოალიცია დოკუმენტურად ვერ გაფორმდა, ვინაიდან არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ მოინდომა „ყველა ხიდის დაწვა“ არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირთან (მმართველ პარტიასთან), არამედ სხვა ოპოზიციურ (ოღონდ მემარცხენე) პარტიებთან მისასვლელად.

სინამადვილეში მოქალაქეთა კავშირს ლეიბორისტებზე უფრო შეურიგებელი მოწინააღმდეგე არც ჰყოლია, მაგრამ როდესაც ნათელაშვილმა შეამჩნია, რომ სხვა ოპოზიციონერები ეშმაკობენ და მმართველ პარტიას დრო და დრო სხვადასხვა ფორმით, აშკარად თუ ფარულად „კუდს უქიცინებენ“, - „შეკვრა“ ასე არ უნდაო და თვითონ დაასწრო ყველას ტაქტიკური ალიანსი.

მთლიანობაში ყველა ოპოზიციური პარტია (უკლებლივ ყველა ერთად – ლეიბორისტებიანად) უბადრუკად გამოიყურება, რაკი ცდილობენ სხვას დაასწრონ ხელისუფლებასთან შეკვრა და ჩუმ-ჩუმად ძალაუფლების გაყოფის თაობაზე „მოქალაქეებთან“ სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.