იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მომლაპარაკებელი უკვე დანიშნა (ზურაბ აბაშიძის სახით), მოლაპარაკების პერსპექტივა მაინც მეტად ბუნდოვანია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთ სახელმწიფოს ვაღიარებთ, ხოლო რფ – სამად გვცნობს.
ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული „იუჟნაია ოსეტია“და, აქვე უნდა შევნიშნო, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ დამკვიდრებაში „რუსთავი 2-ის“ „ღვაწლი“ შეუფასებელია (ისევე, როგორც დამკვეთის, ანუ წინა ხელისუფლების). მას შემდეგ კი, რაც ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაში სიტყვა „ხინკალივით“ გაჯდა, პოლიტპროექტიც ამოქმედდა და „იუჟნაია ოსეტიას“ ადმინისტრაციაც შეიქმნა, რომელმაც ქურთაში დაიდო ბინა, ხოლო მის თავკაცად ედუარდ-ჯაყო კოკოევის ერთ დროს ლამის მარჯვენა ხელი დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა. ადმინისტრაციას ბიუჯეტიც გამოეყო, თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ცხინვალის რეგიონის გარეშე, დიმიტრი სანაკოევი კი ქურთაში რეზიდენციის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, სეპარატისტებს უკვე ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღდგენილი „იუჟნაია ოსეტია“ ერგოთ (დიდი და პატარა ლიახვის ხეობებითა და ახალგორით დამშვენებული).
მოკლედ, ასეა თუ ისე, როგორც აღმოჩნდა, დიმიტრი სანაკოევი მზადაა ახალ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ. ჩვენ არ ვიცით, რისთვის არის მზად თავად საქართველოს ხელისუფლება (თუმცა ისიცაა, რომ სანაკოევი ცუდად დავცადეთ), მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაკოევი ედუარდ-ჯაყო კოკოევთანაც თანამშრომლობდა, მიხეილ სააკაშვილთანაც და ახლა ბიძინა ივანიშვილთანაც მზადაა, იგივე გაიმეოროს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც იმ უნივერსალურ გასაღებთა რიცხვშია, ყველა როიალს რომ ერგებიან (ხოლო, თუ საქმეს დასჭირდა, ფანდურსაც)!