"სააკაშვილი უყაირათო დიასახლისივით ხარჯავდა ფულს"

გასულ კვირას ქართველ საზოგადოებას წარუდგინეს სამი კვლევა, სადაც პოლიტიკური ძალების რეიტინგები ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებოდა. რომელ კვლევას უნდა დავუჯეროთ და რატომ არის სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევები ასე განსხვავებული, ამის შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გვესაუბრა:

- NDI-ს კვლევის პოლიტიკურმა ნაწილმა, გრინბერგის კვლევამ და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევამ განსხვავებული შედეგები აჩვენა. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემო, რომელიმე, თუნდაც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩატარებული კვლევა ადეკვატური იყოს მოსახლეობის განწყობისა. გარემოა ისეთი, ხალხი ერიდება პოლიტიკურ შეფასებას. ეს კარგად გამოჩნდა NDI-ს კვლევებში, - სოციალურ თემატიკაზე გაცემულ პასუხებში უფრო გულწრფელი არიან გამოკითხულები, მაგრამ ამავე ორგანიზაციის პოლიტიკურ კვლევაAში ჩანდა, რომ ის პარტია, რომელმაც 8 წლის განმავლობაში გაატარა ხისტი ადმინისტრაციული რეფორმები, რომლის შედეგადაც მივიღეთ მოსახლეობის აბსოლუტურად დაუცველი ფენა, ამ კვლევებით ისევ პირველ ადგილზეა.

შეიძლება თქვათ, წინა კვლევასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა დაიწიაო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე ახლოს მყოფ მეტოქეს "ნაციონალური მოძრაობა" 100%-ით უსწრებს ("ნაციონალური მოძრაობა" - 36%, "ქართული ოცნება" - 18%). ამიტომაც მეჩვენება ეს პროცენტი არარეალურად. ეს ხომ ის ხელისუფლება არ არის, რომელიც 2 წლის წინ მოვიდა ქვეყნის სათავეში?

ამ ხელისუფლების პოლიტიკის მარცხს ადასტურებს სააკაშვილის ტაქტიკაც, რომელიც გაემიჯნა დამანგრეველ სოციალურ პოლიტიკას და საკუთარ ხელისუფლებას უწევს ოპონირებას. თითქოს სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინა, რომ გზები არ ვარგა, რომ სკოლები, რომლებიც აქამდე ვითომ ევროსტანდარტების დონეზე იყო, სინამდვილეში კანტორებს ჰგავს; თითქოს ახლა გაიგო, რომ მთავრობის წევრები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ელიტური აუზებით სარგებლობენ.

 ამ კვლევით მმართველი პარტია უალტერნატივოდ გამოჰყავთ, რითაც კვლევის დამკვეთი ეწინააღმდეგება იმას, რაც სოციალურ ნაწილში გამოაქვეყნა. იქ კი ნათქვამია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80% უკმაყოფილოა სოციალური პოლიტიკით. ასევე დიდია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პასუხს არ იძლევა, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არასოდეს მალავს თავის პოლიტიკურ განწყობას, რადგან იცის, ამის გამო კი არ დაზარალდება, არამედ შეიძლება წახალისდეს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ ამხელს თავის პოლიტიკურ სიმპათიას, ოპოზიციურად არის განწყობილი, თუმცა, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად "ქართული ოცნების" ამომრჩეველია. NDI-ს კვლევაში იყო ერთი უცნაურობა, - კითხვა, თუ ივანიშვილი მოგიწოდებთ ქუჩაში გასვლას, თუU გახვალთო? დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, მაგრამ ამ კვლევით ივანიშვილის მხარდამჭერი 18%-ია. თუ ივანიშვილის პარტიას 18% აქვს რეიტინგი, 27% ქუჩაში როგორ მიჰყვება?

ალბათ, ნახეთ, როგორ გადმოსძახეს თელავში სააკაშვილს, სტიქიაზე მეტად უკანონობა გვაწუხებსო. ეს იმ ქალბატონის გაბედულებაზე მეტყველებს, თუ საერთო ტენდენციაზე?!

 - ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს მისივე თანაგუნდელებმა ავნეს, როდესაც მხოლოდ მხარდამჭერებთან ახვედრებდნენ. მას გაუჩნდა განცდა, რომ ხალხი მიესალმება მის პოლიტიკას, მაგრამ მიშამ ნახა ამ კვლევებში, რომ ხალხი მისი მმართველობით უკმაყოფილოა. ამიტომაც ცდილობს, საკუთარი თავი და მერაბიშვილი გამიჯნოს მმართველი გუნდისაგან. სააკაშვილი მიხვდა, რომ თავისი ხელისუფლების ქებით ხალხის გულს ვეღარ მოიგებს და ამიტომაც იმათი ლანძღვაც დაიწყო, ვინც გვერდით ჰყავს. მან გააკრიტიკა ბენდუქიძე და ჩინოვნიკი, რომელიც 4 წელი შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო. ბოლო მთავრობის სხდომაზე თქვა, გობეჯიშვილისთანა ხალხი მხოლოდ თამადა უნდა იყოსო. ეს თქვა იმ პირზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიშას ხისტ პოლიტიკას ატარებდა და თითოეულ მეწარმეს ჯიბიდან ფულს აცლიდა. ეს მეტყველებს, რომ სააკაშვილი თავისი გუნდის წევრების ნაწილს დიდ პრობლემებს გაუჩენს. სააკაშვილი ხედავს, რომ უფრო მეტია ოპოზიციური ამომრჩეველი, ვიდრე "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, ამიტომაც ფოკუსირება მხოლოდ თავის ამომრჩეველზე რომ გააკეთოს, ეს არ კმარა და ცდილობს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე იმუშაოს.

 ივანიშვილი დათანხმდა ჯარიმის ეტაპობრივ გადახდას, თუკი ეს ფული სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება. ამაზე ხელისუფლებამ თქვა, ივანიშვილი ხალხის უბედურებით მანიპულირებსო.

 - გამოდის, პრეზიდენტს ფული აქვს თვითმფრინავის შესაძენად და მომღერლების ჩამოსაყვანად, მაგრამ თანხა არ აღმოაჩნდა, სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს რომ დახმარებოდა. სახელმწიფო ოჯახივითაა. როცა ოჯახში შემოსავალია, იქ დანაზოგიც უნდა იყოს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ბიუჯეტი შემოსავლიანია, მაგრამ გამოდის, უყაირათო დიასახლისივით ხარჯავდა ფულს.

 ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მაჟორიტარები. მათზე რას იტყვით?

 - ვერ შევაფასებ ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებას, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, მაჟორიტარებად დასახელებულიყვნენ იმ რაიონის მკვიდრნი, სადაც ეს ადამიანები აპირებენ კენჭისყრას.

უნდა ველოდოთ, რომ კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს ხელისუფლება დაუპირისპირებს ბიზნესმენებს, იმავე ოლქის მკვიდრებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ამ ოლქთან ურთიერთობა და ფინანსურადაც ეხმარებოდნენ როგორც რაიონს, ისე ხალხს. ჩემი აზრით, ხელისუფლება ასევე გამოიყენებს დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატებსაც, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმების მოზიდვისა და შესაბამისად, გახლეჩის მიზნით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატებს წარადგენენ ის პარტიებიც, რომლებიც არ არიან კოალიციაში, ბუნებრივია, ისინიც ორიენტირებული იქნებიან ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე. საბოლოოდ ამ ანალიზით და იმის დამატებით, რომ ხელისუფლება, ალბათ, ოლქების მიხედვით შეცვლის ჯარების დისლოკაციის ადგილს და ამავე ოლქებში შეიქმნება დახურული უბნები, კოალიციის მიერ წარდგენილ გამოუცდელ და ოლქის მოსახლეობისთვის არცთუ კარგად ცნობილი მაჟორიტარი კანდიდატების სოლიდურ ნაწილს გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება; ხოლო საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, სადაც 73 დეპუტატი არის მაჟორიტარი, ხოლო 77 პროპორციული წესით არჩეული, რთულია და ფაქტობრივად შეუძლებელი 35-40 დეპუტატზე მეტის გაყვანა.

ამ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ ორ ვარიანტზე: ივანიშვილმა დიდი აქცენტი არ გააკეთა მაჟორიტარებზე ან შესაძლოა ზოგიერთმა თანაგუნდელმა ივანიშვილს მოლოდინი გაუცრუა, მაგრამ მათი კოალიციიდან გარიდება არ მოინდომა, რომ არ შექმნილიყო აზრი, კოალიცია დაიშალაო. ამიტომაც გაუშვა ისინი მაჟორიტარებად. თუ მოიგებენ, მოიგებენ, თუ არა და, ივანიშვილთან პრეტენზია ვეღარ ექნებათ. ვისი ნახვაც მას ძალიან უნდა პარლამენტში და თავის საიმედო დასაყრდენად მიაჩნია, სავარაუდოდ, ვერ გაიმეტა მაჟორიტარული სიისათვის. ვფიქრობ, ისინი პირველ ოცდაათეულში ეყოლება საპარლამენტო სიაში. ეს 30 კაცი იქნება ბიძინა ივანიშვილის საყრდენი. ამ სიაში იქნებიან პირები, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე და ენდობა. დღეს ივანიშვილის გუნდიდან წამოსვლა ყველას გაუჭირდება, რადგან ხალხის თვალში ერთობის დამშლელებად გამოჩნდებიან, გამყიდველის იარლიყი მიეწებებათ, რითაც საკუთარ რეიტინგს დაასამარებენ. კოალიციის სუბიექტები არ არიან იმ დონეზე, რომ პირობები წაუყენონ ივანიშვილს, კოალიციიდან გასვლა უფრო რთულია დღეს, ვიდრე შესვლა იყო.

არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა გადახედოს თავის დაპირებას პარლამენტში 2/3-ით მოსვლაზე. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს. არადა, როდესაც ეს თვეების წინ განვაცხადე, ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გავხდი. ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამიტომაც ილაპარაკა ივანიშვილმAა ხელისუფლების ეტაპობრივ ცვლაზე. მან აჩვეEნა, რომ კარგი ორგანიზატორია. პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხის ორგანიზებულად გამოყვანისა და დაშლის უნარი აქვს, ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან, თუU დასჭირდა, ივანიშვილი შეძლებს ხალხის თბილისში მობილიზებასაც და მისი განწყობის აბუჩად აგდება ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ ხელისუფლება არჩევნების მერე წავა დათმობაზე, შეიქმნება კოალიციური მთავრობა და სააკაშვილის ხელისუფლება ეტაპობრივად შეიცვლება.