დამატებითი ბატალიონი ავღანეთისთვის - ავსტრალიას გადავასწარით?!

დამატებითი ბატალიონი ავღანეთისთვის - ავსტრალიას გადავასწარით?!

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ISAF-ში დამატებით ბატალიონს გზავნის, რის შემდეგაც ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში 1700 კაცამდე გაიზრდება... უახლოეს პერიოდში საქართველოდან ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი გაძლიერებული ქვეითი ბატალიონი გაიგზავნება და ქართული სამხედრო კონტინგენტის საერთო რიცხოვნობა  ISAF-ის შემადგენლობაში 1685-ს მიაღწევს.

ეს ბევრია, თუ არა? დღეს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი - 1550 კაცი ავსტრალიას ჰყავს. როგორც ჩანს, რამდენიმე კვირაში 23-მლნ-იანი ავსტრალია პირველობას 4,5 მლნ-იან საქართველოს დაუთმობს, რაც შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და საზოგადოების ნაწილისთვის საამაყოდ იქცეს.

თუმცა, მეორე მხრივ, დღევანდელი 935-დან 1685-მდე, მომატებული ქართული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა სერიოზულად იმოქმედებს საბრძოლო დანაკარგის რიცხვის შესაძლო გაზრდაზე, მით უმეტეს, რომ დამატებითი ბატალიონიც პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილში - ჰილმენდის პროვინციაში იგზავნება.

საგულისხმოა სხვა გარემოებაც: უზარმაზარი ქვეყანა - ავსტრალია (მას მთელი კონტინენტი უკავია), რომელსაც 51,5-ათასკაციანი შეიარაღებული ძალები ჰყავს, ავღანეთში 1550 კაცს გზავნის, მისთვის პირველობის ჩამორთმევის მსურველი პატარა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მხოლოდ 37 ათასი კაცითაა განსაზღვრული. თუმცა ეს ციფრი მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად ქართული არმიის რიცხოვნობა, სავარაუდოდ, ნაკლებია.

ავსტრალიას შეუძლია ავღანეთში ჰყავდეს თავისი შეიარაღებული ძალების 3%-მდე, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მეზობელი რუსეთი არ არის. სამაგიეროდ, რუსეთისნაირი საშიში მეზობლის (რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული) პატრონი ქვეყნის ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს, 2 ათასი კმ-ის დაშორებით გაგზავნოს შეიარაღებული ძალების 4,6%. თუმცა, ეს - ქაღალდზე, რადგან რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს პროცენტი ბევრად მაღალია.

ქართული კონტინგენტის წელიწადში ორჯერ როტაციის პროცესისას ეს პროცენტი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ავღანეთში ნახევარწლიანი მივლინებიდან დაბრუნებულ ჩვენს სამხედროებს აუცილებლად სჭირდებათ რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესში (ორი-ოთხი კვირა) ბატალიონის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრადაა შემცირებული, რაც შეაფერხებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

ყოველივე ამით მხოლოდ ერთი რამის თქმა გვინდა: ჩვენი ქვეყნისათვის, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას მუდამ ახსენებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საშიშროებას (რაც სულაც არ არის გამორიცხული), ძალზე დიდი ფუფუნებაა, 2 ათასი კმ-ის დაშორებით შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილის გაგზავნა.

კრიტიკულ შემთხვევაში მათი დროული დაბრუნება და საქართველოს დაცვაში სრულფასოვანი მონაწილეობა შეიძლება ძალზე გაჭირდეს, რისი მწარე მაგალითიც გახლდათ 2008 წლის აგვისტოს ომი. იმ დროს ერაყში 2 ათასამდე ქართველი სამხედრო იმყოფებოდა.