ძაღლის ბედი…

ძაღლის ბედი…

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით მთელი ყურადღება (თუ, რა თქმა უნდა, ყურადღებად შეიძლება, მივიჩნიოთ იმ ოდენობის დახმარება, რასაც სიღარიბის დამძლევ პროგრამაში მოხვედრილები იღებენ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზეა გადატანილი და ისიც კი ვერ დაგვიდგენია დაზუსტებით, რამდენ ადამიანს უჭირს საარსებო მინიმუმი ამ ჩვენს ქვეყანაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ცხოველების უფლებების დაცვისადმი დიდი მგრძნობელობით არ გამოვირჩევით.

თუმცა, მეორე მხრივ, მაგალითად, ცივილიზებულ სამყაროში (რომლის წევრობასაც მიველტვით) ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. თუმცა, რაღა აქტუალური, როდესაც ცხოველებს სპეცპოლიცია იცავს, რომელიც აკონტროლებს, ხომ არ არღვევენ ადამიანები ცხოველების უფლებებს. აქედან გამომდინარე, ასეც შეიძლება, ითქვას, ზოგი იღბლიანი, მაგალითად, აშშ-ის მოქალაქის ძაღლად იბადება.

სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ძაღლებზე. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის შუკა-გზები მაინცდამაინც არ უჩივის მაწანწალა ძაღლების ნაკლებობას. ამის მიზეზი მრავალია: ჯერ ერთი, ძაღლები (ჩვენგან განსხვავებით) სწრაფად მრავლდებიან და, რაც მთავარია, პატრონები არცთუ იშვიათად გამოუძახებენ ხოლმე თავიანთი სახლებიდან ოთხფეხა მეგობრებს.

მეორე მხრივ, მაწანწალა ძაღლების სიმრავლე მოქალაქეებსაც აწუხებთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ იკბინებიან (ძაღლები იკბინებიან). ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა თითქოს უფასოა, მაგრამ, ერთხელ დაკბენილიც დამერწმუნება, რომ არც ასე უღრუბლოა ძაღლის მიერ დაკბენილი საქართველოს მოქალაქის ბედი. ასეა თუ ისე, როგორც შევიტყვეთ, ჩვენს დედაქალაქში მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციისას მეტად ვანდალურ ხერხებს იყენებენ (ამის მიზეზი, ძირითადად, უფულობაა); მათ შორისაა მაწანწალა ძაღლების ცოცხლად დამარხვის პრაქტიკა და (სუსტი გულის პატრონებმა მომდევნო წინადადება გამოტოვეთ!) მათი ხერხემალში გადამსხვრევა.

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, როდემდე გაგრძელდება ძაღლებისადმი ასეთი ანტიჰუმანური დამოკიდებულება, თუმცა, ფაქტია, რომ გამონათქვამის – „ძაღლის ბედის“ – ადრესატად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ძაღლები უკვე აღარ იგულისხმებიან.