ტერაქტში ბრალდებული ვოვა არუთინიანის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

ტერაქტში ბრალდებული ვოვა არუთინიანის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

„ქალბატონო თეა, მე ხშირად ვუსმენ ლაპარაკს პატიმრების რესოციალიზაციაზე, მაგრამ დამიჯერეთ, არავითარი რესოციალიზაცია არ უშველის ადამიანს, რომელიც  ციხეში ათ ან მეტ წელს გაატარებს, რომელსაც ოჯახი დაენგრა, გამწარდა, დაითრგუნა,“ – მიმართავს, იუსტიციის მინისტრს უვადო პატიმარი ვოვა არუთინიანი. „საქმე ისაა, რომ ჩვენ, პატიმრები, ისევ ისე ვცხოვრობთ – ძველი პატიმრობის კანონით დადგენილი წესებით. არადა, მე ყოველდღე ველოდები, რომ რაიმე ცვლილებას შეიტანენ და ის გახდება უფრო ადამიანური“. ვოვა არუთინიანი, რომელსაც მხოლოდ დედა ჰყავს, ოჯახის წევრთან უფრო ხშირ კონტაქტს მოითხოვს. „საქართველო და მსოფლიოს“ ვოვა არუთინიანის დედა – ანჟელა არუთინიანი ესაუბრა.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თქვენი ვაჟისვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება და პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიეცემა, თუმცა აშკარად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, როგორც ფაქტის  ჩადენის, ასევე ძიების პროცესში, ამაზე რას გვეტყვით?

– ჩემი შვილი პოლიტპატიმარია და არა ტერორისტი, როგორც მას უწოდებენ.  შეიძლება ტერორისტი ტერაქტის გარეშე დაიჭირონ? იქ არანაირი ტერაქტი არ ყოფილა, უბრალოდ, ე.წ. ლიმონკა ეგდო, ისიც არ აფეთქებულა და ამიტომ დაარქვეს  ტერაქტი. რა, ვინმეს შეეშინდა, რამე ეტკინა ან რამე მოუვიდა? მაშ, მაინტერესებს, რომელ ტერაქტზეა საუბარი?! ის „ლიმონკა“ იქ ეგდო და ვოვა არაფერ შუაშია, უბრალოდ, პოლონელი ჟურნალისტი ვოვას უღებდა სურათს, შემდეგ კი ეს ფოტო ხელისუფლებას გადასცა, მაგრამ ისროლა თუ არა ვოვამ „ლიმონკა“, ეს არავის გადაუღია და ამის არც რაიმე მტკიცებულება არსებობს. რაც არ მომხდარა, რას გადაიღებდა?! იქ არუთინიანის მიერ „ლიმონკის“ სროლის ფაქტი არ არის დაფიქსირებული, მითუმეტეს, ათასი თვალი და ყური იყო, კოსმოსიდანაც კი აკვირდებოდნენ და არსად არაფერი დაფიქსირებულა, არ გამოეპარებოდათ. ხელყუმბარა ისეთი რამეა, ადვილად ვერც თავისუფლების მოედანზე მიიტან, ვერც შეუმჩნევლად გადააგდებ, ვიღაც მაინც დაინახავს, ატყდება პანიკა და გასაგები იქნება, რომ ტერაქტთან ან მის მცდელობასთან გვაქვს საქმე.

ბოლოსდაბოლოს, თუ ტერაქტის მოწყობა უნდოდა, ისეთ ხელყუმბარას წაიღებდა, რომლის გამართულობაშიც დარწმუნებული იქნებოდა...

– 2010 წლიდან დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ის „ლიმონკა“ სასწავლო დანიშნულების იყო და, რაც მთავარია, ის იყო სიძველისგან მწყობრიდან გამოსული. არადა, თავიდან, მერაბიშვილის დროს, ამბობდნენ, რომ ის იმ წუთას აფეთქდებოდა და, ვინც ეს „ლიმონკა“ გადააგდო, ლამის გმირად შერაცხეს. ხაზგასმით ვაცხადებ, ეს „ლიმონკა“ სასწავლო დანიშნულების იყო და ის არ აფეთქდებოდა. რაც შეხება პოლიციელის მკვლელობას, იმ პოლიციელმა დაკავების დროს ვოვას 4 ჭრილობა მიაყენა. ვოვამ არ იცოდა, ისინი დასაჭერად იყვნენ მისულები თუ მის მოსაკლავად. გარდა ამისა, როცა დამნაშავე არ ხარ და 4 ჭრილობას მოგაყენებენ, ბუნებრივია, გაიქცევი. ვოვა სისხლისგან იცლებოდა, საკაცეზე რომ დააწვინეს და მიჰყავდათ, მაშინ დაიჭრა ის პოლიციელი.

ახლა გეკითხებით: საკაცეზე დაწოლილი დაჭრილი კაცი როგორ ესროდა და მოკლავდა იმ პოლიციელს? მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის პოლიციელი მოკლული იყო ერთი ტყვიით, რომელიც ნასროლი იყო ზურგში. ის ვოვას მისდევდა და ვოვა ზურგში როგორ ესროდა? გამოდის, იმ შეხლა-შემოხლაში შემთხვევით ბრმა ტყვიამ, ისევ პოლიციელის მიერ ნასროლმა, იმსხვეპლა და ვოვას მიაწერეს. რაღაცის გამო ხომ უნდა დაეჭირათ, უვადო პატიმრობა ხომ უნდა მიეცათ. როგორც ვიცი, იციან კიდეც ვისმა ტყვიამაც მოკლა პოლიციელი, მაგრამ არ ამბობენ. ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა.

სარდაფში აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებზეც იყო საუბარი, მართლა ჰქონდა ვოვას სარდაფში ასეთი საცავი?

– არ ვიცი, ის ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო სარდაფში თუ არა. ჩვენი ბინის ჩხრეკის დროს ვიღაც ორი კაცი მოვიდა  ჩემთან (მე მაშინ ცოცხალ-მკვდარი ვიყავი) და სარდაფის გასაღები მომთხოვა, მივეცი და ეს გასაღები ათი დღის მერეღა დამიბრუნეს. ამ ათი დღის განმავლობაში იქ რას აკეთებდნენ, არ ვიცი. სპილო რომ შეეყვანათ, მაინც ვერ გავიგებდი. ფაქტია, მე და ობიექტური მოწმეები იქ არ ჩაგვიყვანეს და ჩხრეკას არ დაგვასწრეს.

თუ ტერაქტი არ ყოფილა და ის პოლიციელი ვოვას არ მოუკლავს, სამუდამო პატიმრობა რატომ მიუსაჯეს? 8 წელია, ციხეშია და რას ერჩიან?

– დეპარტამენტში დავწერე განცხადება, მაგრამ უარი მითხრეს, ყველა უვადო პატიმარი დახურულ ციხეში უნდა იჯდესო. მესმის, თუმცა დახურული ციხე სხვადასხვაა, სადაც არიან ყველა უვადოები (მე-8-ში), ისიც დახურულია და ვთხოვე იმ უვადოებთან მისი გადაყვანა, მაგრამ არ შეიძლებაო. და რატომ უნდა იჯდეს ვოვა ყოველთვის განცალკევებული იმ უვადოებისგან, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩეს ამ საქმის დეტალები და იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც ასეთი შეთითხნილი ბრალდებით უნდოდათ ვოვასთვის უვადო პატიმრობის მისჯა.

გამოდის, რომ არარსებული ტერაქტი, რომელიც ვითომ მიმართული იყო ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ, უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ, რომ ნაცებს ამერიკის ერთგულება ერთხელ კიდევ დაემტკიცებინათ?

– დიახ. და იმ ამერიკელებმა უნდა შეიგნონ, რომ არაფერი მომხდარა, არანაირი ტერაქტი არ ყოფილა. ვინ, ვინ და მათ მაინც იციან, ტერაქტი რას ნიშნავს. ხომ იყო აშშ-ში ტერაქტები, არა? და აქ ბუში უკვე თვითმფრინავში იყო, კარგა ხნის გასული თავისუფლების მოედნიდან, როცა ეს სასწავლო და ვადაგასული „ლიმონკა“ იპოვეს და ბუშს შეატყობინეს, თურმე ტერაქტი მოხდაო. მას არც არაფერი გაუგია, მშვენივრად მოილხინა, იცეკვა კიდეც და წავიდა ნორმალურად, სრულიად უვნებელი. ამ „ლიმონკაზე“ კიდევ ანეგდოტები დადის, ზოგი ამბობს დიღომში, სადღაც მიწისქვეშა გადასასვლელში ეგდო და როგორ აღმოჩნდა იქ, თავისუფლების მოედანზე, არ ვიცითო. მოკლედ, ყველაზე უარესი ხელყუმბარა მოძებნა ვიღაცამ, დარწმუნდა, რომ აფეთქების არავითარი საშიშროება არ იყო და ასე ჩადეს საქმეში. წარმოგიდგენიათ, ნამდვილი „ლიმონკა“ რა პანიკას გამოიწვევდა იმდენ ხალხში?

უბრალოდ, პიარისთვის ვიღაცას სჭირდებოდა, რომ ბუშის საქართველოში ვიზიტი რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ. ამიტომ მოიგონეს ვითომ ტერაქტი, ჯერ კარგა ხანს ილაპარაკეს, ვითომ ეძებდნენ, მერე დაკავებისას მოკლეს პოლიციელი, ამით დრამატიზმი შესძინეს ამ ე.წ. ტერაქტს და ბოლოს ისეთი „დამნაშავეც“ იპოვეს, რომელსაც არავინ დაიცავდა სერიოზული ფიგურებიდან. მოკლედ, იპოვეს უპატრონო და თავიანთი გამოგონილი დანაშაულიც იმას აჰკიდეს. ჩემს მეტი არავინ ჰყავს ვოვას, აბა, მე რა პატრონი ვარ. ან მეორე ვარიანტი – შეიძლება ამერიკელებთან „პადხალიმობის“ მიზნით გააკეთეს ეს და ამაში დიდი ფულიც აიღეს, – აი, ბუში, რომ არ მოკლეს, ჩვენ გვიმადლოდეთ, ჩვენ გადავარჩინეთო.

სანამ ამერიკა და ნატო გვინდა და პროამერიკული ხელისუფლება გვყავს, მანამდე მე არაფრის იმედი არ მაქვს. მაგრამ დედა ვარ და სანამ პირში სული მიდგას, ყველგან ვიტყვი სიმართლეს და ვიბრძოლებ სიმართლის გასარკვევად.  ვიბრძოლებ მანამ, სანამ თუნდაც ერთი კითხვაა პასუხგაუცემელი, დამიმტკიცონ, რომ ის მოშლილი „ლიმონკა“ ჩემი შვილის იყო, დიახ, დამიმტკიცონ და გავჩუმდები!  დაბოლოს, ძალიან მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს: ეს ერთი შვილი მყავს, მინდა მისი ხელით მეღირსოს მიწის დაყრა, იქნებ როგორმე სამართალი დაადგინოს.