გიორგი გაჩეჩილაძე – „საქართველოში კანონებს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები წერენ!“

გიორგი გაჩეჩილაძე – „საქართველოში კანონებს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები წერენ!“

ბატონო გიორგი, რას წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკი?

– ესაა უნიკალური ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო კონტროლქვეშაა. კოლხეთის ეროვნული პარკი შედის იმ ჭარბტენიან სავარგულთა სიაში, რომლებსაც გაეროს ეგიდით „რამსარის კონცენცია“ იცავს. ეს ეროვნული პარკი შეიქმნა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად 1996 წელს, ანუ იმ დროს, როცა საქართველოში არავის ეცალა ეროვნული პარკებისთვის.

რამ განაპირობა ასეთი მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან?

–„რამსარის კონვენციის“ მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს სამი ძირითადი პირობიდან ერთ-ერთს მაინც. კერძოდ, ეს ადგილი აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი წარმოშობის ეკოსისტემა და დამახასიათებელი იმ რეგიონისთვის. მეორე, უნდა მოიცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას და, მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – წარმოადგენდეს გადამფრენი ფრინველებისთვის მოსასვენებელ და გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის დაბლობი სამივე ამ პირობას აკმაყოფილებს და ამითაც უნიკალურია!

გაეროს ეს კონვენცია 160-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და ძალზე მკაცრია, რადგან დაკავშირებულია საერთაშორისო გლობალურ ეკოსისტემასთან. წარმოიდგინეთ მილიონობით ფრინველი, რომლებიც ჩრდილოეთიდან მოფრინავს, აქ ჩერდება. ნაწილი დასასვენებლად, შემდეგ რომ გეზი აფრიკისკენ აიღოს, ნაწილი კი ზამთარს აქ ატარებს. გაზაფხულის დაწყებისთანავე აფრიკაში გამოზამთრებულები ისევ კოლხეთის დაბლობის გავლით ჩრდილოეთში ბრუნდებიან. და ასეა დასაბამიდან! ამ პროცესში უხეშად ჩარევა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მეტიც, ითვლება დანაშაულად კაცობრიობის წინაშე! მაგრამ „ჩვენს“ თავხედ „ნაციონალებს“, ეტყობა, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრიც არ ანაღვლებთ! სააკაშვილის ამ ახირებას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო სკანდალი!

ყულევის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს „რამსარის კონვენციის“ სათაო ორგანიზაციასთან, თხოვნით, მუდარით, რომ იქნებ მშენებლობისთვის დაეთმოთ პატარა ტერიტორია, რომელიც ოდნავ ეხებოდა კოლხეთის ეროვნულ პარკს. ბოლოს და ბოლოს, კომპრომისი მოიძებნა, რადგან საქმე გეოპოლიტიკას ეხებოდა. დღეს კი მიშა ნახევარი საათით ადრე ბათუმიდან ანაკლიაში (სადაც ერთი სასტუმრო ააშენეს და ისიც უკვე მიწაში „იძირება“) რომ ჩაბრძანდეს, ამისათვის უნიკალური ბუნებრივი პარკის ნაწილი უნდა გაანადგურონ!

ბატონო გიორგი, საქართველოსთვის რა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს კოლხეთის ეროვნულ პარკში დაგეგმილი სამუშაოები?

– ამ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დანიშნულება აქვს! ჯერ ერთი, აქაა აკუმულირებული ძალიან დიდი რაოდენობის მტკნარი წყალი (უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე სუფთა მტკნარი წყლები არის ჭაობში). აქ მათი ბუნებრივი ფილტრაცია მიდის. გარდა ამისა, ჭაობებს დაცვითი ფუნქციაც აკისრია. ზღვასა და ჭაობს შორის (თუ ეს ზღვისპირას ხდება), არის დინამიკური წონასწორობა და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჭაობს შეეხებით და მის დაშრობას დაიწყებთ, ზღვა უმალ იწყებს აგრესიულ მოქმედებას – წინსვლას, იწყება ეროზიული პროცესები და ა.შ. მეორეც, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭაობიანი მონაკვეთები მდინარეთა შორისაა. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ, ასევე, წყალმარეგულირებლის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია!

კერძოდ?

– ისინი იკავებენ ძალიან დიდი რაოდენობით წყალს, რის გამოც მდინარეების ადიდებას კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება!

მაშინ, გამაგებინეთ, რა აზრი აქვს ამ ადგილას ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუ ყველაფერს წყალი წალეკავს?! რასთან გვაქვს საქმეუმეცრებასთან, გნებავთ, უტვინობასთან თუ შეგნებულ მავნებლობასთან?

– ეს შეგნებული მავნებლობა რომაა, ამაში ჩვენ, დიდი ხანია, დარწმუნებულები ვართ. მაგრამ, შეგნებული მავნებლობა და საქართველოს ეკოციდის მცდელობა „ნაციონალებმა“ გააფორმეს ოფიციალური კანონით. ის მარტო კოლხეთის ეროვნულ პარკს არ ეხება. სააკაშვილმა ჯერ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება სცადა. მართალია, ჩვენ „ავყვირდით“ და იურიდიულად ამის ნება არ მივეცით, მაგრამ რეალურად მან მოახერხა ამ სამინისტროსთვის ყველა ფუნქციის ჩამორთმევა და სხვებზე გადანაწილება. თუმცა მინისტრი ხაჩიძე ამით ძალზე კმაყოფილი დარჩა!

რატომ?!

– იმიტომ რომ, მედოლეა! გაუნათლებელი, უცოდინარი კაცია! ხაჩიძე რომ მინისტრად დანიშნეს, თავის პირველ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ასეთი რამ თქვა: „ძალიან გთხოვთ, ტერმინოლოგიით ნუ ილაპარაკებთ, რადგან ტერმინების გაგებაში არ ვარ! გარემოს დაცვის ტერმინებს ვერ ვგებულობო“!.. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ გაიგოთ იმ თანამდებობის პირთა ფსიქოლოგია, რომლებიც საქართველოში დარგებს უდგანან სათავეში!

სამინისტროს ნგრევას, ხაჩიძის ოცნების აღსრულებას, მოჰყვა ისეთი გიჟური ამბავი, როცა გარემოს დაცვის კანონში განახორციელეს ცვლილებები და დაუშვეს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა! ეს იგივეა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტს რომ დაავალო კანონების წერა! ამ სიგიჟეს, წელს ახალი დაემატა და მრავალტანჯული გარემოს დაცვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონებში შეიტანეს ცვლილებები, რითაც გააუქმეს ყველა მუხლი, რომელიც ადამიანებს სჯიდა გარემოს განადგურების გამო.

ეს როგორ გავიგოთ?!

– საქართველოში იურიდიულ პირს შეუძლია ცეცხლი წაუკიდოს ტყეს და არ დაისაჯოს! ან წყალში შხამი ჩაყაროს, მაინც არ დაისჯება!.. ან, დავუშვათ, თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს, გეძლევათ უფლება, აიღოთ ნაჯახი, ხერხი, წახვიდეთ ნაკრძალში და უიშვიათესი ჯიშის ხეები მოჭრათ, რამდენიც გსურთ! ან კიდევ, თუ თოფი გაქვთ ან კარაბინი, მოკლათ წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები, რამდენსაც მოისურვებთ, რადგან კანონი თქვენ გიცავთ!!! თქვენ გეცინებათ, მაგრამ რამდენიმეჯერ გადავურჩით ეკოლოგიურ კატასტროფას! მაგალითად, ორი წლის წინ ბათუმში მყოფმა სააკაშვილმა უსაყვედურა ვარშალომიძეს: „რატომ არ ჩამოდიან ტურისტებიო“. ვარშალომიძემ უპასუხა: „წვიმებია და იმიტომო“. სააკაშვილი დაინტერესდა, თუ რატომაა ბათუმში ხანგრძლივი წვიმები და ვარშალომიძემ აუხსნა: „აჭარის ქედი ღრუბლებს არ უშვებსო“. „მერე რას ელოდებიო? – გაუკვირდა სააკაშვილს, – აიღე და მოჭერი ეს აჭარის ქედიო“!..

იცით, რას წარმოადგენს აჭარი ქედი? ესაა რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძისა და რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგანის წარმონაქმნი. ვინ მოჭრის მას?! მაგრამ ინფორმაცია ხომ გავრცელდა, რამაც ბათუმელები შოკში ჩააგდო! „მწვანეების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგვირეკა, ეს რა გავიგეთო! მართლა, რამე სისულელე არ ჩაიდინონო და მთების აფეთქება არ დაიწყონო!..

გარემოს დაცვის კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ დანაშაულებრივ ცვლილებებზე შევატყობინეთ ევროპის „მწვანეთა“ საბჭოს, რომელსაც ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში ჰყავს თავისი წარმომადგენლები და თავადაცაა ევროკავშირში უძლიერესი ორგანიზაცია. თუმცა ასეთი კურიოზიც მოხდა – როცა ჩვენი მეგობრები გაეცნენ ჩვენ რეზოლუციას, არ დაგვიჯერეს და გვთხოვეს, „შეტანილი ცვლილებები“ ინგლისურად გვეთარგმნა და ნოტარიულად დაგვემოწმებია!..

თქვენი აზრით, რატომ აქვს სააკაშვილს ასეთი გრანდიოზული გეგმები? ნუთუ, მეგალომანია სჭირს?

– მის „გრანდიოზულ პროექტებს“ ორი მიზანი აქვს. პირველია, მიამიტ ადამიანებზე გათვლილი პიარი. აბა, – ფიქრობენ ისინი, – თუ ასეთ საქმეს ეჭიდება ჩვენი მიშა, გამოდის, რომ ქვეყანაში რაღაც კეთდება, მაშასადამე, წინსვლააო!.. მეორეა – კორუფციული გარიგება. ყოველ დიდ მშენებლობას, მინიმუმ, 10% „ატკატი“ თან ახლავს. თუ გახსოვთ, 2007 წელს მიშამ პარიზში ამოყო თავი, უფრო ზუსტად, ერთი ფრანგული კომპანიის ოფისში, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებს აშენებს. კომპანია ცუდ დღეში იყო, რადგან ჩერნობილის შემდეგ, ამგვარ ობიექტებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. და აი, ჩამოდის ვიღაც არანორმალური და რეგიონული მასშტაბის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას უკვეთავს. იცით, ეს რა ჯდება? 4-5 მილიარდი ევრო! ახლა, გამოითვალეთ ამ თანხის 10 პროცენტი, რომელიც სააკაშვილის და მის თანამოაზრეთა ჯიბეებში აღმოჩნდებოდა! ფრანგმა მეგობრებმა შეგვატყობინეს ამ მოლაპარაკებებზე და ავტეხეთ ერთი ამბავი (ჯერ კიდევ პატარკაციშვილის „იმედში“ და „კავკასიაზე“)!

ან კიდევ ერთი გრანდიოზული, „საუკუნის“ მშენებლობა – „ზეციური“ ქალაქი ლაზიკა. მისი ასაშენებელი ფული ამ ხელისუფლებას არ აქვს. ჩემი აზრით, აქაც აფერაა! უნდათ, ვიღაცას ფული გამოსტყუონ, მაგალითად, ჩინეთს. ადგილი ხომ გეოსტრატეგიულია. რატომ არ უნდა დაინტერესდეს ჩინეთი? ფულიც აქვს და ჭარბი მოსახლეობაც ჰყავს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა.