რუსები ამტკიცებენ, რომ მამისონზე ისევ დადგნენ

რუსები ამტკიცებენ, რომ მამისონზე ისევ დადგნენ

მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გახნას რუსული მედია საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის რეჟიმის შეთანხმების კონტექსტში აშუქებს. ინტერნეტგამოცემა "კავკაზსკი უზელი" წერს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა "რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრის" მამისონის მიმართულება საკუთარი დაცვის ქვეშ მოაქციეს.

გამოცემა წერს, რომ "საზღვრის დაცვა" რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლის 30 აპრილს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. "რუსმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურზე საგუშაგოს გახსნამდე, 30 აპრილს ტერიტორია დაათვალიერეს და პოსტი 6 მაისს გახსნეს. პოსტზე სასაზღვრო სამმართველოს სპეცდანაყოფის ჯარისკაცები განთავსდნენ, რომლებსაც ყველა პირობა შეუქმნეს ფუნქციების შესასრულებლად." ("კავკაზსკი უზელ")

ამ ინფორმაციას ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

კობა ბოჭორიშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე: "ამ ტერიტორიაზე ამჟამად რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლის საფარი დევს და იქ რუსულ მხარეს არანაირი პოსტი არ გაუხსნია. დიდთოვლობის გამო ჩვენი მესაზღვრეები ამ კონკრეტულ წერტილამდე ვერ მიდიან, მაგრამ იქ ვითარებას ვაკვირდებით და შემიძლია, განვაცხადო, რომ მეტეოცენტრში ამჟამად არავინ არაა. როგორც კი თოვლი დადნება, მაშინვე ავალთ და ვითარებას ადგილზე გავაკონტროლებთ."

კითხვაზე, აკონტროლებს თუ არა ქართული მხარე მამისონის უღელტეხილს, ბოჭორიშვილმა ასე გვიპასუხა: "პრესსამსახურს დაურეკე, თათბირზე ვარ."

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი ბადრი ბიწაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს არა მარტო მამისონის უღელტეხილიდან, არამედ ყაზბეგის რაიონსა და თუშეთშიც.

ბადრი ბიწაძე: "მეტეოროლოგიურ სადგურში მამისონთან, რომელსაც ადრე ჩვენ ვაკონტროლებდით, დღეს რუსი და ოსი მესაზღვრეები დგანან. ჩვენი მესაზღვრეები იქ არ არიან. ტყიდან თუ აკონტროლებენ და რაღაცა სხვა საზღვარი გააკეთეს, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ, საგუშაგოებზე სადაც ჩვენი მესაზღვრეები ადრე იდგნენ, ახლა აღარ დგანან. საზღვარზე, სადაც იყო ჩვენი ორი საგუშაგო და ერთი საბაზისო სექტორი, ჩვენი მესაზღვრეები არ დგანან. იმ ტერიტორიას, იმ ორ საგუშაგოს და ერთ საბაზისო სექტორს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ჩვენი მესაზღვრეები სად არიან, არ ვიცი."

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციაში სიახლეს ვერ ხედავს. მისი თქმით, ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე რუსული და ცხინვალის დროშები ისედაც ფრიალებდა.

"შესაძლოა ზამთრის პერიოდში საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები მინიმალური რაოდენობით იმყოფებოდნენ. ახლა გაზაფხულის დადგომის გამო, მათი რაოდენობა გაიზარდა. რუსები წინ არ მიდიან იმ საგუშაგოდან, სადაც მეტეოსადგურია განლაგებული. დღეს ჩვენი სტაციონალური სასაზღვრო პუნქტი ნიკოლოზის ხიდს აქეთაა.

"მამისონის უფელტეხილზე მყოფ მეტეოსადგურის შენობაში შარშან გაზაფხულზე შევიდნენ რუსები, აღმართეს რუსული და სამხრეთოსური დროშები. ეტყობა ზამთარში იქ არავინ იყო. იმიტომ, რომ ზამთარში იქ ყოფნა ძალიან რთულია. ახლა გაზაფხულზე ისევ ამოვიდნენ."

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბარში ცალსახად აცხადებს, რომ 20 კილომეტრამდე სასაზღვრო ზოლის დაკარგვა რეალურად მოხდა, რისი აღიარებაც სააკაშვილის ხელისუფლებას არ სურს.

"ფაქტია, რომ ჩვენი მესაზღვრეები მდინარე ჭანჭახზე აფეთქებული ხიდის აქეთ, შოვში არიან გადმოსულები - ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ. ანუ ფაქტი ფაქტად რჩება, სახელმწიფო კი რას ადასტურებს და რას არა, ეს სრულიად სხვა საკითხია. ხელისუფლების სირაქლემისებური პოზიცია კი ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. მეტეოროლოგიური სადგურის თავზე ფრიალებს რუსული და ოსური დროშები. რატომ დათმო ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ტერიტორია, ამაზე პასუხი არა მაქვს."

ზაქარეიშვილი აქვე იხსენებს, 2010 წლის 18 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სასაზღვრო საკითხებში მთავარი კონსულტატის, ივერი მელაშვილის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ მამისონის უღელტეხილს ოსური და რუსული მხარე აკონტროლებენ.

"მისი სიტყვებია, რომ მამისონის უღელტეხილზე საგუშაგო რუსმა და ოსმა სამხედროებმა 2008 წლის აგვისტოში ომის დროს გაანადგურეს და შემდეგ თავად დაიკავეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ანუ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დგას რუსი და შესაბამისად დგას მამისონზეო. ეს არის მის სიტყვები. დღესაც იგივე მდგომარეობაა. მაგრამ, ხელისუფლება ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი წესრიგიშია.

"ხელისუფლებას არ უნდა გამოჩნდეს ისე, რომელიც ვერ იცავს თავის ტერიტორიებს. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ლაპარაკი შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სინამდვილეში თმობს თავის ტერიტორიებს. მაგრამ ამას არ ამბობს და ყველანაირად ცდილობს უარყოს ეს ფაქტი. იმიტომ, რომ ამის გადამოწმება ძალიან ძნელია, ისეთ ადგილას ხდება ყველაფერი, რომ საკმაოდ რთულია მიხვიდე მამისონზე და ადგილზე ნახო რა ვითარებაა."