აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. ხაზგასმულია, რომ საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანაბარი სამოქმედო ველი და კონკურენტული გარემო უნდა შეიქმნას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს, ახალი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია მოახდინოს და მეტად განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა. როგორ ესმით საქართველოში "დემოკრატიული კულტურა", ეს ამერიკის მოქალაქემ, "გლობალ თV"-ის წილის მფლობელმა ალექსანდრე რონჟესმა საკუთარ თავზე იწვნია. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და ადვოკატის გარეშე დაჰკითხეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ალბათ, "დემოკრატიული კულტურის" გამოვლინებაა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუგებარი (იურისტების თქმით) მიზეზით დაკისრებული 150-მილიონიანი ჯარიმა გაუნახევრეს, იქნებ "დემოკრატიული კულტურის" გამოვლენაა ისიც, რომ პოლიტოლოგის ბინაში მოსასმენ აპარატურას პოულობენ, სამართალდამცავები რომ პრეზიდენტის სახელს სკანდირებენ და ისე სჩადიან "გმირობებს". "დემოკრატიული კულტურაა", როცა ავტობუსებში რადიოებს ახშობენ. და კიდევ, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და ხელისუფლებისგან ხალხზე ზრუნვას ასახავს, ალბათ, ისიც, რომ ხანდაზმული ქალბატონი პენსიის რიგში კვდება.
გასულ კვირას "ქართული ოცნების" მარში თბილისისა და ქუთაისის მერე გურიაში გაგრძელდა. ოზურგეთში ჩასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა მოიარა სამეგრელო და ზემო აჭარა.
გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრეთ:
- პრეზიდენტი ობამა, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, მათი წინაპრები - ვაშინგტონი, ჯეფერსონი და ლინკოლნი დაიღალნენ ჩვენთვის ერთისა და იმავეს გამეორებით.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩავიხედოთ ჩვენს კონსტიტუციაში და ამოვიკითხავთ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია. ამის იქით დეტალები - საარჩევნო სიები, მედიაგარემო, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სადამსჯელო იარაღად და ა.შ. - უკვე ძალიან მარტივია. ისეთი რანგის სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატები (როგორებიც არიან ობამა, კლინტონი და ბასი) კი არა, დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი გეტყვით, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და არჩევნები არ უნდა გააყალბონ, ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ არ უნდა ართმევდნენ მოქალაქეობას, არ უნდა უყადაღებდნენ ბიზნესს და არ უნდა აკისრებდნენ უცნაურ ჯარიმებს. ეს ძალიან მარტივი საკითხია და ბევრი განხილვა არ სჭირდება. სააკაშვილის წინ დგას დილემა - ან იყენებს თავის ხელისუფლებას როგორც სადამსჯელო მექანიზმს და მისი მეშვეობით აპირებს საქართველოს დაპყრობას, ან აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობას, გახდეს თანამედროვე ევროპისა და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.
ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებიდან არ ჩანს, რა ცდუნების წინაშე დგას და რა არჩევანი გააკეთა?
- ასეთი ცდუნების წინაშე კაცობრიობა გაჩენის დღიდან დგას და ეს არის პოლიტიკური ლიდერის მდგომარეობა, რომელიც ვერ ეგუება რეალობას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს კაცობრიობისა და მეტიც, დემოკრატიის ისტორიაში. შეგვიძლია დავასახელოთ გენერალი კრომველი, რომელმაც თავისუფლების სახელით მოახდინა რევოლუცია დიდ ბრიტანეთში და შემდეგ თვითონ გახდა ამ თავისუფლებისა და ძალაუფლების მსხვერპლი. საფრანგეთის რევოლუციაც თავისუფლების მოსაპოვებლად მოხდა. რევოლუციის დროს ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა, - სიკვდილი თავისუფლების მტრებს, მაგრამ ამავე რევოლუციონერებმა გამოიგონეს გილიოტინა. ეს ყველაფერი გაიარა კაცობრიობამ და ამას ისტორიის ცოდნა არ სჭირდება, ეს ლიტერატურიდანაც იციან ადამიანებმა. ჯონ ბასმა თავის ამასწინანდელ განცხადებაში ოპოზიციაზე კი არა, ქართველ საზოგადოებაზე ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების გადასაწყვეტია ყველაფერი.
თუ საზოგადოება აპირებს, თავი ჩაქინდროს და თავში ჩაარტყმევინოს ხელისუფლებას, ის ტირანის ღირსია და სააკაშვილისგან ტირანს შექმნის, მაგრამ თუ იტყვის, არ ვართ მონები და არჩევანის თავისუფლება გვაქვსო, სიტუაცია შეიცვლება.
აქ საქმე მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება, ეს ეხება საზოგადოებას და სააკაშვილის მხარდამჭერებსაც. მათ უნდა უთხრან თავიანთ ლიდერს, - მოგვწონხარ, გვინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მაგრამ მოგვეცი არჩევანის გაკეთების საშუალებაო. არსებული ვითარება ბევრად შეურაცხმყოფელი სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის უნდა იყოს, რადგანაც სააკაშვილი არ ენდობა იმ ხალხს, ვისი პოლიტიკური რჩეულიც თვითონ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ, სააკაშვილი მოგვწონს თუ ივანიშვილი, ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ გინდა იყო შენ, - თანამედროვე, დემოკრატიული, თავისუფალი ადამიანი თუ შუასაუკუნეობრივი, ნახევრად ფეოდალური სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. არ ვლაპარაკობ პოლიტიკურ პრეფერენციებზე, ვგულისხმობ მსოფლმხედველობრივ და მოქალაქეობრივ პრეფერენციებს, ანუ იმას, ვინ გინდა იყო. მე, რომელიც სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი, ამის გამო დისონანსი არ უნდა მქონდეს სააკაშვილის მომხრეებთან. განსახილველი არც უნდა იყოს საკითხი, რომ გვქონდეს უფლება, რომელ არხსაც გვინდა, იმას ვუყუროთ და არჩევანიც ისეთი გავაკეთოთ, როგორიც გვინდა. ამ თემებზე დიდი ხნის წინ იკამათა კაცობრიობამ. არ შეიძლება ეს თემები 21-ე საუკუნეში ხელახლა აღმოვაჩინოთ და მასზე ხელახლა ვიკამათოთ.
"გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილის დაკითხვამ, ზოგის აზრით, აჩვენა, რომ ხელისუფლებას შეუძლია წავიდეს ნებისმიერ სარისკო ქმედებაზე, ოღონდ მიზანს მიაღწიოს.
- ყოველივე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ეს არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი საძაგლობა. ამ ხელისუფლების საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა კი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
სააკაშვილი დიდი ხანია მოსწყდა ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებას და რაც უფრო იკეტება თავის ნაჭუჭში თავისივე დაცვით, აპოლოგეტებით, ტაშის დამკვრელებით, ტელევიზიებით, მით უფრო არაადეკვატური ხდება. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვისაც, სააკაშვილისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. კარგი იქნებოდა, სააკაშვილი უფრო გახსნილი ყოფილიყო გარე ინფორმაციისთვის და რეალურად შეეფასებინა ვითარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება მისი იზოლაცია. ამაში გარემოცვა კი არა, თვითონაა დამნაშავე, - სადაც ტაშს არ უკრავენ, იქ მისვლა არ სურს. ამიტომაც სულ უფრო გაიზარდა ის ადგილები, სადაც მას ტაშს არ უკრავენ და სამყაროც მის ირგვლივ შევიწროვდა. ძალიან საშიშია, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანი იზოლაციაში ხვდება. ალექსანდრე რონჟესის დაპატიმრებაც ამ კონტექსტშია განსახილველი. ისეთ ძალადობას სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, შენს მოქალაქეებთან გაგსვლია, მძიმე შედეგი ახლო მომავალში მოჰყვება.
როდესაც საზოგადოებას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეზღუდება, როდესაც ვიღაცას არ უნდა, ადამიანები ტრანსპორტში რადიოს უსმენდნენ ან გარკვეულ სატელევიზიო არხებს უყურებდნენ, ეს რისი სიმპტომია. რაზე მეტყველებს ინფორმაციისადმი შიში?
- ასეთი შიში საერთაშორისო კონტექსტის არცოდნაზე მეტყველებს. არ უნდა იცოდე, რომელ საუკუნეში ცხოვრობ, რომ რადიოსა და ტელევიზიას გაუწიო კონტროლი. ეს არის მცდელობა, შენი ქვეყანა სხვა ისტორიულ კონტექსტში გადაიტანო.
სამეგრელოსა და აჭარაში ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ხელისუფლების მხარდამჭერებმა მოსახლეობასთან მშვიდი გასაუბრების საშუალება არ მისცეს. რამდენადაც ვიცი, სამეგრელოში ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეც კი შეიქმნა.
- ეს ხალხი ჩარჩენილია იმ რეალობაში, რომელშიც სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელები (რომლებიც წესრიგს უნდა იცავდნენ) "მიშა! მიშას!" იძახდნენ. ეს პირველად მოხდა პოლიციის შენობასთან მიტინგის დროს - პოლიციელს დააძახებინეს - მიშა! სწორედ მაშინ დამთავრდა ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეფცია - სახეზე ნიღაბაფარებული პოლიციელი პრეზიდენტის სახელს რომ ყვირის, მთავრდება სახელმწიფო და იწყება კლანი. ასეთ ვითარებას სახელმწიფოსთან შეხება არ აქვს. ეს არის დაბრუნება ეპოქაში, როცა ადამიანები პირისპირ იდგნენ და ბელადის სახელს იძახდნენ. ამ ადამიანებთან ურთიერთობისკენ გადადგმული ნაბიჯები ივანიშვილის უპირატესობას აჩვენებს. გვახსოვს, როგორ სპეკულირებდნენ - ივანიშვილი არაკომუნიკაბელურია, არ იცის ურთიერთობა, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილიო. მითი, რაზეც დამყარებული იყო ხელისუფლების პროპაგანდა, დაინგრა, რადგან ივანიშვილი ძალდაუტანებლად ურთიერთობს ადამიანებთან, გაცილებით იოლად აგვარებს კონფლიქტებს, ვიდრე მისი ოპონენტი სააკაშვილი. ივანიშვილი არ არის იზოლირებული, ვიღაცის ბაროკამერაში გაზრდილი ადამიანი. მან საჩხერიდან დაიწყო, მერე თბილისში მუშაობდა მუშად. ყველა რგოლი რეალურად გაიარა და არაფრით ჰგავს სააკაშვილს, რომელიც ხან ტრაქტორს მოახტება, ხან ფორმულა 1-ს, რეალურად კი არც ერთის მომხმარებელი არ არის. როგორ შეიძლება ივანიშვილს უჭირდეს საუბარი ადამიანებთან, როცა სწორედ კომუნიკაბელურობით მიაღწია წარმატებას. მითი, რომ ივანიშვილი ადამიანებთან ვერ ურთიერთობს, დამთავრდა და ივანიშვილმა კიდევ ერთი პლუსი ჩაიწერა.
გასულ კვირას გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სერიოზული პოლიტიკური სკანდალის საფუძველი გახდებოდა.
- ეს არ არის ახალი ამბავი. ისედაც ყველას აქვს განცდა, რომ გვისმენენ. თბილისში რამდენიმე ადამიანი სალაპარაკოდ რომ დაჯდება, მაშინვე იწყება ტელეფონის დაშლა. მერაბიშვილს უნდა მივაწოდო იდეა, გამოუშვას მობილური ტელეფონი ხარისხის ნიშნით - "არ ისმინება". ასეთი ტელეფონი ძალიან კარგად გაიყიდება საქართველოში. განცდა, რომ გვისმენენ, ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ფორმა გახდა. ეს ერთი მხრივ სავალალოა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენს პოლიტიკურ უნარსა და ცოდნას ხვეწს - ამ პირობებშიც კი შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები.
სამწუხაროდ, მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების ფასად დაჯდა ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია. როდესაც ხელოვნებათმცოდნეები მსჯელობდნენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ხელისუფლებისგან ბაგრატის ტაძარზე იერიშის მიტანის მიზეზი, ითქვა, - ეტყობა, სააკაშვილს უნდა ამ ტაძარს ბაგრატის ტაძარი კი არა, მიშას ტაძარი ერქვასო.
- ხელისუფლებამ დაკარგა იდეოლოგიური ვექტორი. ერთ დროს გვეგონა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხალხის რჩეული ხელისუფლება. ეს იყო ხელისუფლების იდეოლოგიური ფუნდამენტი, მერე ეს ფუნდამენტი მოირყა და იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ გვყავს პროგრესული ხელისუფლება, რომელიც პროდასავლურია, მაგრამ თავისი ბოლო ვიზიტისას ჰილარი კლინტონმა მკაფიოდ განაცხადა, - თქვენი პროდასავლურობა იმაში გამოიხატება, თუ საქართველოში თანამედროვე დემოკრატიას ააშენებთო. ასე რომ, დღის წესრიგიდან მოიხსნა მსჯელობა, რომ ეს ხელისუფლება არის რაღაც დიდი პროდასავლური კონსპირაციული გაერთიანების წევრი. ნათლად გამოჩნდა, რომ არავინაც არ არიან, რომ საქართველოს არავინ სთხოვს რუსეთის პრობლემის გადაწყვეტას. მას მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ იყოს ცივილიზებული. ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას დარჩა იდეოლოგიის თვალსაზრისით, არის სააკაშვილის ახირებები, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.
ჩვენ ვხედავთ, რა უნდა მიშას და მისი სურვილები არ უკავშირდება არც ქართველ ხალხს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. ასე გაჩნდა ცალკე ღირებულება - სააკაშვილის სურვილი. ეს, ბუნებრივია, არ ჯდება არც ერთ სისტემაში, გარდა იმისა, რომ არის ტოტალიტარული დიქტატურა. შესაძლოა ამ ეტაპზე არც არის დიქტატურა, რადგან არ გააჩნია ასეთ რეჟიმში ასრულების მექანიზმი, მაგრამ ემოციურად, შინაგანად, იდეოლოგიურად უკვე დიქტატურაა.
არ შეიძლება იმ ადამიანის სურვილები ლოგიკურად მიიჩნიო, რომელსაც შინაგანი ვალდებულებები არავისთან აქვს,
არ შეიძლება ამ ადამიანის სურვილების განსჯა ან კრიტიკა, რადგან არ შეიძლება გააკრიტიკო ადამიანი, რომელიც ამბობს, - ტორტი მინდაო.
საქართველოს ხელისუფლების სათავეში დღეს ვალდებულებების გარეშე დარჩენილი ადამიანია, მასზე მიბმულ ჯგუფთან ერთად.
რატომ წაეპოტინა სააკაშვილი ბაგრატის ტაძარს, ამის ახსნას ფსიქოანალიზი სჭირდება, ეს არც თვითონ იცის. შეიძლება გააანალიზო სახელმწიფო პოლიტიკა გადასახადებთან დაკავშირებით, განათლების სისტემა, მაგრამ ადამიანის სურვილს ვერ ახსნი, თუ არ ხარ მისი გულის მესაიდუმლე ან ფსიქოთერაპევტი. მე კი ჩამოთვ[ლილთაგან არც ერთი არ ვარ.
თბილისისა და ქუთაისის შემდეგ "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვანი აქცია ოზურგეთში გაიმართა. ეს ვითარება გაძლევთ საშემოდგომო პროგნოზის გაკეთების საშუალებას?
- გურია პოლიტიკურად ყოველთვის ზეაქტიური რეგიონი იყო და თავისუფლების სულისკვეთება, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც გაგრძელდა. გურულებმაც დასვეს ნიშანი, რომ გურია თავისუფალია და იქ თავისუფალი აზრი ზეიმობს. ქართველი ხალხი შაჰ-აბასმა და ჯალალედინმა ვერ გატეხეს და ამათ როგორ უნდა გატეხონ. ამ ქვეყანას სააკაშვილზე ბევრად დიდი მჩაგვრელები მოუნელებია. ვხედავ ტენდენციას, რომ ქართველი ხალხი უშიშრად, ღიად გამოხატავს თავის აზრს, მაგრამ შემოდგომამდე დიდი და დრამატული გზაა გასავლელი.