როგორ ჩაშალა ნოე ჟორდანიამ იოსებ სტალინის გეგმა

როგორ ჩაშალა ნოე ჟორდანიამ იოსებ სტალინის გეგმა

საქართველოს გასაბჭოების დღე წარსულს ჩაჰბარდა და 25 თებერვალი ერთ-ერთ ავადსახსენებელ თარიღადაც იქცა საქართველოს ისტორიაში. აღარც საქართველოა საბჭოთა, თუმცა, წითელმა წარსულმა, ფაქტია, რომ ქვეყანას მძიმე დაღი დაასვა. ელოდა თუ არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება საბჭოთა რუსეთისგან აგრესიას, გაატარა თუ არა პრევენციული ღონისძიებები და, საერთოდაც, თუ იყო შესაძლებელი პრევენცია და შეცვლიდა თუ არა საქართველოს მომავალს, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობით იმდროინდელ ქართულ არმიას, მოსახლეობასთან ერთად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ ებრძოლა. 1921 წლის თებერვლის მძიმე თვეს ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად გავიხსენებთ.

იმჟამინდელ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში შესაძლებელი იყო, თავიდან აეცილებინა საქართველოს გასაბჭოების პერსპექტივა?

– საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვალ-მარტის ომს, რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ელოდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში ისეთი უნიჭო ადამიანები იყვნენ, ეს საფრთხე ვერ შეემჩნიათ. ჩვენდა სამწუხაროდ, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს საფრთხე მათ „არ შენიშნეს”, ან მიიჩნიეს, რომ ის რეალური არ იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის აპრილში დაიპყრო აზერბაიჯანი, ხოლო 1920 წლის ნოემბერში –  სომხეთი, რაღა მიხვედრა უნდოდა, რომ რუსეთი ომს დაუწყებდა საქართველოს?! მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს დასავლეთის დახმარების ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ.

იმის მიუხედავადაც, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობის გამო დასავლეთმა ყურიც არ შეიბერტყა?

–  1920 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში აღადგინა თავისი იურისდიქცია, ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში შესაჭრელად ემზადებოდა. ინგლისმა გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადება იმის თაობაზე, რომ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენს დაიცავდა, ესე იგი, არ დაუშვებდა საბჭოთა რუსეთის შეჭრას სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამ განცხადებისა, ინგლისს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. დიახ, დასავლეთმა არ დაიცვა აზერბაიჯანი და სომხეთი და საბჭოთა რუსეთს ორი სუვერენული ქვეყნის დაპყრობა შერჩა, ანუ, დასავლეთის დახმარების იმედიც ფუჭი გამოდგა. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის იმედად ყოფნა იმდროინდელ პოლიტიკოსებს დიდ შეცდომად უნდა ჩაეთვალოთ. დასავლეთის პასიურობა სამხრეთ კავკასიაში შემთხვევითი არ იყო. 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა ინგლის-რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკება, რომელიც დამთავრდა შეთანხმებით: ინგლისი რუსეთს უტოვებდა სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების უფლებას. ეს საიდუმლო დიპლომატია იყო და ამის არცოდნის გამო იმდროინდელ ქართველ პოლიტიკოსებს პასუხს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ, საქმე ხომ ლოგიკურად აქეთ მიდიოდა?!

ევროპული დიპლომატიის მხრიდან ისეთი მინიშნებები კეთდებოდა, რითაც ქართველი პოლიტიკოსები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ევროპა ჩვენი დამცველი არ იქნებოდა. საერთაშორისო ურთიერთობაში არ არის მიღებული პირდაპირი განცხადებები –  არ დაგიცავ და საკუთარ თავს თვითონ მიხედეო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: 1917 წლის 8 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა ანტანტის დელეგაცია. დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ იყო და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ამიერკავკასიის კომისარიატი, მაგრამ დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელ კომიტეტთან, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ანტანტის დელეგაციაში დიპლომატების გარდა იმყოფებოდა  ინგლისელი გენერალი, სამხედრო ექსპერტი შორი. ქართველებმა კარგად ვერ გაიგეს მათი ჩამოსვლის მიზეზი. გაირკვა, რომ, რადგან რუსის ჯარი გადიოდა კავკასიიდან, ანტანტას ეშინოდა, გერმანიის მოკავშირე თურქეთს არ დაეკავებინა სამხრეთ კავკასია და იმის გასარკვევად იყვნენ ჩამოსული, რომ დაედგინათ: შეეძლოთ თუ არა ქართველებისა და სომხების ჯარს თურქეთისთვის წანააღმდეგობის გაწევა.

თბილისში ჩამოუსვლელად ვერ მიხვდნენ, რომ საქართველო და სომხეთი თურქეთს ვერ შეაჩერებდნენ?

–  ნოე რამიშვილი ძალიან გაცხარდა და ანტანტის დელეგაციას განუცხადა: ჩვენ ომში არ ვიღებთ მონაწილეობას, ნეიტრალიტეტს ვაცხადებთ, მაგრამ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ჯარით დაგვეხმარებითო? ჯარით დახმარებაზე ქართველებმა უარი მიიღეს. მაშინ ნოე რამიშვილმა მეორე კითხვა დასვა: იარაღით თუ დაგვეხმარებითო? ამაზეც უარი უთხრეს. ბოლოს, ქართველებმა  ფულით დახმარება ითხოვეს, რაზეც, ასევე, უარი მიიღეს. გაირკვა, რომ ანტანტას თურქეთის წინააღმდეგ მეომარი საქართველოსთვის მხოლოდ სამხედრო სპეციალისტებით დახმარება შეეძლო. გაცხარებულმა ნოე რამიშვილმა განაცხადა: სამხედრო სპეციალისტი იმდენი გვყავს, იქით მოგახმართო. მაშინ ქართველმა პოლიტიკოსებმა ანტანტის დელეგაციას პირდაპირ დაუსვეს კითხვა: რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ევროპისაგან? პასუხი ასეთი იყო: ევროპა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას ვერ ცნობს და ის რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებაო!

შემდეგი საგანგაშო სიგნალი გაისმა პარიზის კონფერენციაზე, რომელმაც 1919 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. საქართველოს დელეგაციას საიდუმლოდ განუცხადეს, სამწუხაროდ, გადაწყდა, რომ რუსეთი უნდა აღდგეს ძველ საზღვრებში და თქვენ ამ საზღვრებში მოიაზრებითო. შემდეგი საგანგაშო სიგნალი მოვიდა 1920 წლის იანვარში, როდესაც ანტანტის უმაღლესმა საბჭომ დე-ფაქტო ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს მაშინვე განუცხადეს: დე-იურე ცნობა ევროპისაგან არ იქნება, სანამ თქვენი ყოფილი მეტროპოლია –  საბჭოთა რუსეთი არ გცნობთო. მართლაც ასე მოხდა: რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთმა დე-ფაქტო და დე-იურე ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გვცნეს ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებმა. მანამდე დე-იურე არ გვცნო თვით ჩვენმა ერთგულმა და ძველმა მოკავშირემ –  გერმანიამ, რომლის დახმარებითაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. შემდეგი საგანგაშო სიგნალი 1920 წლის ზაფხულში გაისმა: ევროპაში მყოფ საქართველოს დელეგაციას უარი უთხრეს იარაღის შესყიდვაზე, რის გამოც, ფაქტობრივად, საქართველო, რუსეთთან ომის შემთხვევაში, სერიოზული რეზერვების გარეშე რჩებოდა. და, ბოლოს, 1920 წლის დეკემბერში, როდესაც ერთა ლიგაში საქართველოს მიღების საკითხი წყდებოდა, ინგლისმა და საფრანგეთმა მხარი არ დაგვიჭირეს, იმიტომ რომ, ერთა ლიგის წესდება ითვალისწინებდა ერთა ლიგის წევრი ყველა ქვეყნის დაცვას სამხედრო ძალით. ამ დროისათვის კი ინგლისს უკვე თანხმობა მიცემული ჰქონდა რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების შესახებ.

ნატოსავით ყოფილა, ოღონდ, ბუქარესტის სამიტზე ამჯერად უკვე საფრანგეთმა და გერმანიამ დაგვბლოკეს. მაშინ რას გვერჩოდნენ?

– რატომ დაუჭერდა ინგლისი ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას მხარს, როდესაც საბჭოთა რუსეთისთვის თანხმობა ჰქონდა მიცემული საქართველოს ოკუპაციაზე?! ესე იგი, ინგლისი თვითონ უნდა გადაჩეხილიყო ომში საბჭოთა რუსეთთან, რასაც ცხადია, არ გააკეთებდა. ინგლისს იმიტომ ვამბობ, რომ მაშინდელ ევროპულ პოლიტიკას ინგლისი განსაზღვრავდა, ინგლის-საფრანგეთი ერთად კი ყველაფერს წყვეტდა ევროპულ პოლიტიკაში. ვისი დაცვაც უნდოდათ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნების, ისინი კიდეც მიიღეს ერთა ლიგაში.

რა იდენტური სურათია.

– თითქმის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა უამრავი პრობლემის წინაშე დადგა. ევროპას სჭირდებოდა პური და სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების პროდუქტი, ასევე, სამხედრო მრეწველობის აღორძინებისთვის  ქვანახშირი, მარგანეცი, ნავთობი… ყოველივე ამის მიღება ევროპას მხოლოდ რუსეთისაგან შეეძლო. სწორედ ამიტომ, ლოიდ ჯორჯმა წამოაყენა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის აღდგენის წინადადება. ევროპამ უზარმაზარი ნედლეული წაიღო რუსეთიდან, რუსეთში კი უამრავი ვალუტა შევიდა. ასე რომ, ევროპას თავისი პრობლემები ჰქონდა და, რუსეთმა, როგორც კი დაინახა, რომ ევროპა მასთან თანამშრომლობაზე მიდიოდა, მაშინვე თავისი პირობები წაუყენა. ერთ-ერთი პირობა იყო სამხრეთ კავკასია. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ევროპა ასე ადვილად თმობს ღირებულებებს. ევროპას არ უნდოდა, უშუალო შეხება ჰქონოდა რუსეთთან, ამიტომ, შუაში უნდა შექმნილიყო ბუფერული ზონა.  ამ ბუფერულ ზონაში შევიდნენ: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სხვა ქვეყნები. სამხრეთ კავკასიაში ევროპას ბუფერული ზონა არ სჭირდებოდა, რადგან სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი ევროპას ვერ ემუქრებოდა.  აი, სწორედ ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეგვიწირა ჩვენ. ევროპამ სამ ნაწილად გაყოფილი პოლონეთი შეკრა ერთ სახელმწიფოდ და ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქცია. სამხრეთ კავკასიაში კი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმს არ ამზადებდა. აქედან ევროპას თურქეთი იცავდა და ამიტომ რუსეთი რეალურ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. სამწუხაროდ, მცირე ზომის ქვეყნები გავლენას ვერ ახდენენ დიდ პოლიტიკაზე. 

მაგრამ, მცირე ზომის ქვეყნების ხელმძღვანელებს ხომ შეუძლიათ, მინიმალური დანაკარგი მიაყენებინონ თავიანთი ქვეყნისთვის დიდ პოლიტიკას?

– ეს უკვე ის შეცდომებია, რომლებიც იმდროინდელი ხელისუფლების კისერზეა და კონკრეტულად ეს ეხება ომს. თუ მიგაჩნია, რომ განწირული ხარ, ომს ნუ იწყებ; ხოლო, თუ იწყებ, ომისთვის უნდა იყო მზად. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება წავიდა ომზე და ომისთვის მზად არ იყო, თუმცა, ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც მცირე ზომის ქვეყნის თავგანწირულ  ბრძოლას შეუცვლია მსოფლიო პოლიტიკა. მე არ შემიძლია, იმის თქმა, საქართველოს რომ თავგანწირვით ებრძოლა, ევროპა თავს გამოიდებდა ჩვენს დასაცავად, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თუ ომს იწყებ, მზად უნდა იყო და ტყუილად არ უნდა ჩახოცო ამდენი ხალხი.  რუსეთი უზარმაზარ კამპანიას აწარმოებდა ჩვენ წინააღმდეგ –  მთელ ევროპას უმტკიცებდა, მე ვცანი საქართველო და ახლა ის ამ ხელშეკრულებებს არღვევსო, საქართველოში კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მაშინ თბილისში არანაირი სააგენტო არ ფუნქციონირებდა და ევროპა მოსკოვიდან იღებდა ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ლამის ყოლდღიურად აწვდიდა ცნობებს საქართველოს წინააღმდეგ და მთელი ევროპა მოწამლეს დეზინფორმაციით.

საქართველოს წარმომადგენლობები არ ჰყავდა?

– როგორც ჩანს, საქართველოს წარმომადგენლობებს ევროპაში ეძინათ. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს რუსეთი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ქართველები შეიჭრნენ სომხეთში და ჟლეტდნენ სომხებს. ეს ევროპამ დაიჯერა, არადა, რუსები უკვე კოჯორთან და ტაბახმელასთან იყვნენ. მართალია, ლოიდ ჯორჯმა და სხვებმა იცოდნენ, რაც ხდებოდა რეალურად, მაგრამ, რუსეთმა სათავისოდ დაამუშავა ევროპის საზოგადოებრივი აზრი. ეს ჩვენი იმდროინდელი მთავრობის შეცდომა იყო. თითქოს ეშმაკის წრე შეიკრა: საქართველოს მთავრობა ევროპისგან დახმარებას ელის და ამ დროს ევროპას ეუბნება, ჩვენ რუსეთთან კარგად ვართ, ხელშეკრულება დავდეთო.

ჩვენს არმიას რამის შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდა?

– არმია რომ ძლიერი არ იყო, ამაში მთავრობას ვერ დავადანაშაულებთ, რადგან, სამ წელიწადში არმია ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეიქმნება. მაგრამ, საკითხი დგას შემდეგნაირად: რაც განხორციელდა, იყო თუ არა სწორად განხორციელებული. შეიმჩნეოდა სრული გულგრილობა: რუსეთი მომდგარი იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან და სერიოზულად არც კი დამუშავებულა სამხრეთის საზღვრების დაცვის გეგმა. საერთოდ, როდესაც თავდაცვის გეგმა დგება, უნდა ამოიცნო მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევის მიმართულება. ვერ ამოიცნეს და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რა ჯარიც გვყავს, მთელ საზღვარზე განვალაგოთო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ჯარი გაიჭიმა დიდ მანძილზე, მეთერთმეტე არმიამ დაარტყა ერთ ადგილზე, თავდაცვა გაარღვია და დაანარჩენი სამხედრო ნაწილებიც ალყაში აღმოჩნდნენ. არ არსებობდა თავდაცვის კონცეფცია. სამხედროები ერთმანეთს აბრალებდნენ მარცხს, მაგრამ, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ დაუშვა შეცდომა. რაც მთავარია, შეცდომა დაუშვა მთავრობამ, რადგან თბილისში არ იგრძნობოდა, რომ 100 კილომეტრის იქით დიდი საფრთხე იყო მომდგარი და ის ხვალ-ზეგ ომად გადაიქცეოდა. შეცვლიდა თუ არა რამეს, ჩვენი ჯარი რომ კარგად ყოფილიყო ორგანიზებული? ამის თქმა რთულია, მაგრამ ერთ მაგალითს გავიხსენებ: პირველი მსოფლიო ომის გერმანიამ შეიმუშავა საფრანგეთის აღების ბრწყინვალე სტრატეგიული გეგმა, რითაც ინგლისი პარალიზებული რჩებოდა და გერმანიას ხელ-ფეხი ეხსნებოდა, თუმცა, გერმანელებმა დაუშვეს ერთი შეცდომა: არად ჩააგდეს ბელგიის არმია. ბერლინიდან ისე ჩანდა, რომ ბელგიაში გაისეირნებდნენ და საფრანგეთში შევიდოდნენ, მაგრამ, ორი კვირის განმავლობაში ბელგიის არმიამ კისერი მოსტეხა გერმანიის არმიას და ამით ბელგიელებმა იხსნეს საფრანგეთი და ინგლისი, რამაც გავლენა მოახდინა 1914 წლის მთელ სამხედრო კამპანიაზე. აი, რა შედეგი გამოიღო პატარა ბელგიის არმიის გმირულმა ბრძოლამ.

ცნობილია, რაც არ იწვის, არ ანათებს, თავგანწირვას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

– ჩვენ ისტორიულად არასდროს გვქონია ჭარბი ძალები, მაშინ, ყველა ბრძოლა უნდა წაგვეგო: დიდგორიც, ბასიანიც, შამქორიც. ერეკლემ ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლა ძალზე მცირე ძალებით მოიგო. ასე რომ, ბრძოლა შეიძლებოდა, მაგრამ, იმ დროს განწყობა არ იყო საბრძოლო. დოკუმენტებს რომ ეცნობი, ხედავ, რომ ყველა გასაქცევად ემზადებოდა. სამამულო ომის ხასიათი ვერ მიიღო ამ ბრძოლამ. იმდროინდელმა მთავრობამ სამი წლის განმავლობაში ისეთი საშინაო პოლიტიკა ვერ შეიმუშავა, რომ მოსახლეობას თავი გამოედო მისი დაცვისთვის. იგივე აგრარული რეფორმა არ იყო იმის საფუძველი, რომ ქართველ ფერმერს თოფი აეღო ხელში. მოგეხსენებათ, ამერიკის სამოქალაქო ომი ფერმერებმა მოიგეს, სიკვდილი ერჩივნათ დამარცხებას. მოკლედ რომ ვთქვა, აი, ასეთი საერთო-სახალხო ომი ვერ დაიწყო საქართველოში, თუმცა, არმია ძალიან გმირულად იბრძოდა.

მართლა გმირულად?

– გმირულად, იმიტომ რომ, ისინი იყვნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, პირველ მსოფლიო  ომგამოვლილი ოფიცრები, ხალხი, რომელსაც სიკვდილის შიში არ ჰქონდა, განსაკუთრებით, გიორგი მაზნიაშვილი, გენერალი კვინიტაძე, ილია ოდიშელიძე და უმცროსი ოფიცრობა. თუმცა, ჯარი თავისი თვისებრივი შემადგენლობით არ იყო ამ ოფიცრობის შესაბამისი და ამიტომ ეს ოფიცრობა ვერ ასრულებდა იმ როლს, რომელიც უნდა შეესრულებინა, რადგან, რიგითები არ იყვნენ პროფესიონალები. მამია ორახელაშვილს უწერია, კოჯორთან და ტაბახმელასთან ისეთი დღე გვაყარეს, ცხენოსანთა კორპუსი რომ ჰყოლოდათ, ბაქომდე უნდა გვერბინაო. მეორე მხრივ, რუსების არმია მაწანწალების ბრბო იყო, უბრალოდ, ბევრნი იყვნენ. ჩვენი მხრიდან გმირობაც იყო და პროფესიული უპირატესობაც. რუსის ჯარს ხომ ოფიცრები არ ჰყავდა?! მაგალითად, ჩვენ ჯავშანმატარებელი გვყავდა, ისეთ ადგილას შეიყვანეს, რომ რუსები ვერ ხედავდნენ. ჯავშანმატარებელმა ცეცხლი გახსნა და 800 რუსი მოსპეს რამდენიმე საათში, ეს იყო პროფესიონალიზმისა და გმირობის გამოვლინება! გმირობის მაგალითები იყო, მაგრამ, ვიმეორებ, ეს იყო არაორგანიზებული და თანაც, უნდა იცოდეთ, არაორგანიზებულობა იყო მთავრობის ბრალი. შეიძლებოდა რამდენიმე ბრძოლის მოგება, მეთერთმეტე არმიიის დამარცხება და უკუქცევა, თბილისის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაცვა, მაგრამ, თუ ევროპა არ დაგვეხმარებოდა, საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

აღვადგინოთ 1921 წლის თებერვლის საბრძოლო მოქმედებების სურათი.

–  სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსებმა ეს ომი კარგად მოამზადეს, თითქოს საშუალო სიძლიერის დიდ არმიას ებრძოდნენ. მეთერთმეტე არმიის ნაწილი იდგა სომხეთში, დაახლოებით, ლორეს ნეიტრალური ზონის სამხრეთით. სწორედ მას უნდა განეხორციელებინა ძირითადი დარტყმა თბილისისკენ ტაბახმელისა და კოჯრის გავლით. ჩანაფიქრი ასეთი იყო: თუ თბილისში ვერ შემოვიდოდნენ, მთაწმინდის პლატო უნდა დაეკავებინათ და იქიდან არტილერიის გამოყენებით გადაეწვათ ქალაქი. მეთერთმეტე არმიის ერთი ცხენოსანი პოლკი უტევდა საინგილოდან. გამოიარეს სოფელი კაბალი, მოვიდნენ საგარეჯომდე და დაიძრნენ თბილისისკენ. მეათე არმიის ძირითადი ნაწილი ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდა დარიალის ხეობაში. საშინელი თოვლი იყო და მოხევეებმა  შეძლეს რუსების შეჩერება. რამდენიმე დღეში უამრავი რუსი  ჩახოცა სულ რამდენიმე მოხევემ. შემდეგ რუსებმა მზვერავები გაგზავნეს შემოვლითი გზების საძიებლად, მაგრამ, ისინიც ჩახოცეს მოხევეებმა. ამასობაში კი ომიც დამთავრდა. მეათე არმიამ ვერ შეძლო ომში მონაწილეობის მიღება მოხევეების გმირობის გამო –  გვიან შემოვიდნენ, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. მაგრამ, მეათე არმიას გამოეყო ორი ბრიგადა და მამისონის უღელტეხილით რაჭაში გადმოვიდნენ, რიონის ხეობით მოდიოდნენ ქუთაისისკენ. რუსებმა კარგად იცოდნენ, თუ მთავრობა თბილისს დატოვებდა, ან ფოთისკენ წავიდოდა, ან –  ბათუმისკენ, რომ ევროპაში გადასულიყო. ამიტომ, მერვე არმია დაძრეს სოჭის პლაცდარმიდან, სოხუმისა და ფოთის დაკავების მიზნით. სხვა არმიებიც მზად იყო. ფაქტობრივად, სამი არმია შემოვიდა საქართველოში და სამივემ სტრატეგიული მიმართულება დაიკავა. მეათე და მეთერთმეტე არმიების მიზანი იყო, რომ თბილისში ჩაეკეტათ მთავრობა, მერვე არმიისა და მეათე არმიის ორი ბრიგადის მიზანი კი ნავსადგურების ბლოკირება იყო.

წასულიყო ჩვენი მთავრობა, რატომ ნადირობდნენ მათზე?

–  რუსეთი უკვე ცდილობდა, ევროპასთან დაელაგებინა ურთიერთობა. ძველი სესხების გადავადებაც უნდოდა და ახლის აღებაც. ევროპას ფული რომ არ მიეცა, რუსეთი გაკოტრდებოდა და, საბოლოოდ, ევროპამ და რუსეთმა მიაღწიეს ასეთ შეთანხმებას: თუ  ახალ სესხებს მოგვცემთ, მაშინ გადავიხდით ძველსო. ეს ევროპისთვის მომგებიანი იყო. ამიტომ არ უნდოდა, საქართველოშიც ისე შემოსულიყო, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში შევიდა. ამისთვის მოამზადა ვერაგული გეგმა: შექმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, თუმცა, კარგად არ გამოუვიდათ, რადგან რევკომი 1921 წლის 16 თებერვალს შეიქმნა, რუსეთის არმია კი 11-12-თებერვლის ღამეს უკვე შემოსული იყო. მაგრამ ამას მაშინ არავინ აქცევდა ყურადღებას, მსოფლიოში დიდი ფიარკამპანია იყო გაჩაღებული, რომ შეიქმნა რევკომი და რუსეთი მხარს უჭერდა მშრომელებს.

იგივე სცენარი, რაც დღეს არის: რუსეთი მხარს უჭერს ოსი და აფხაზი ერების თვითგამორკვევას.

– მაგრამ, ჩანაფიქრი კიდევ უფრო უარესი იყო: გინდა რევკომი დაარქვი და გინდა სხვა რამ, მაინც  საჭიროა, ძველი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე გახდე, ამიტომაც უნდოდათ მთავრობის დაპატიმრება თბილისში. ნოე ჟორდანიას კაცი მიუგზავნეს და უთხრეს, მოაწერე ხელი მთავრობის გადადგომის აქტს, დაითხოვე პარლამენტიო. როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება არ არის, მაშინ საგანგებო ორგანო –  რევკომი აიღებდა ხელისუფლებას. რადგან ჟორდანია ამაზე არ წავიდა, რუსებმა გადაწყვიტეს მთავრობის დაპატიმრება, რის შემდეგაც ჟორდანიას აიძულებდნენ გადადგომაზე ხელის მოწერას. ჟორდანიას დიდი დამსახურებაა თაობების წინაშე, რომ მან ამაზე უარი თქვა და რუსებს ასეთი პასუხი შეუთვალა: მთავრობა რომ გადადგეს, თქვენი ხელისუფლება ხომ კანონიერი იქნებაო.

ჟორდანიამ არათუ ხელი არ მოაწერა გადადგომას, არამედ, მოსალაპარაკებლად დატოვებული გრიგოლ ლორთქიფანიძე –  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, პარმენ ჭიჭინაძე –  სამხედრო მინისტრი და შალვა მაღლაკელიძე –  ცნობილი გენერალი, რომელიც შემდეგ გერმანელების სამხედრო სამსახურში ჩადგა, გააფრთხილა, კაპიტულაციის აქტზე ხელი არ მოაწეროთ, მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შეჩერებაზეო. ამდენად, სტალინის გეგმა ჩაიშალა. მას უნდოდა კლასიკური სცენარი: მთავრობა გადადგებოდა და დამფუძნებელი კრებაც მოიხსნიდა უფლებამოსილებას. არათუ გადადგა, არამედ, ბათუმში გამართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც მთავრობას დაავალა უცხეთში წასვლა და ბრძოლის გაგრძელება. დამფუძნებელი კრების უფლებამოსილებას კი საბჭოთა რუსეთი დეკრეტით ვერ გააუქმებდა. მას შეეძლო, დეკრეტით გაეუქმებინა ქართული ჯარი, ქართული პოლიცია, მაგრამ, დამფუძნებელი კრებისთვის უფლებამოსილების მოხსნას თავისი წესები ჰქონდა. ასე რომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება და მთავრობა, ქვეყნის ოკუპაციის მიუხედავად, ბოლომდე დარჩა ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს იყო მოსკოვის მარცხი.