საქართველო სურსათის გაძვირების ერთ-ერთი ლიდერია

საქართველო სურსათის გაძვირების ერთ-ერთი ლიდერია

შარშანდელთან შედარებით, მსოფლიოში სურსათი 33%-ით არის გაძვირებული, საქართველოში კი ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე კიდევ უფრო მეტია. ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ყველაზე მეტად გაიზარდა შაქრის, ფქვილისა და მცენარეული ცხიმის ფასი, თუმცა ამ ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა ფასების ზრდის საერთო დონეს, ყველაზე მეტი, მხოლოდ 14-15%-ის ფარგლებში ასახავს?

საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა ყველაზე თვალსაჩინოდ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის მკვეთრი შემცირებიდან ჩანს. მაშინ, როცა შემოსავლები უკეთეს შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ხოლო უარეს შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდა, არსებობისთვის აუცილებელი საკვების შეძენა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ყოველი ჩვენგანის ჯიბეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველ მომხმარებელს, უცხოელი მომხმარებლისგან განსხვავებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკვებთან ერთად სხვა ხარჯებიც მკვეთრად გაეზარდა. მაგალითად, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, კომუნალური გადასახადები, განათლება. ოფიციალური სტატისტიკა რომ ხშირად არაზუსტად ასახავს რეალობას, არახალია, ამიტომ სურსათზე ფასების ზრდის თვალსაჩინო ნიმუშად თბილისის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის პირად არქივში აღნუსხული ფასები მოვიშველიეთ. ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები შარშანდელ ფასებს შევადარეთ და რიგ პროდუქტებზე 70-80%-იანი ზრდაც მივიღეთ(!). მომხმარებელი კი საკუთარი შემოსავლების ხარჯვითი ნაწილის გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ფასების საერთო დონე საქართველოში გასულ წელთან შედარებით, სულ მცირე, 50-60%-ით არის გაზრდილი, რაც მძიმე ტვირთად აწვება ისედაც ღარიბ მოსახლეობას.

ექსპერტებისა და სურსათის საცალო რეალიზატორების ინფორმაციით, ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, საქართველოში სურსათი სუბიექტური მიზეზებითაც ძვირდება და სწორედ ამიტომ გვაქვს ბაზარზე არარეალურად გაზრდილი ფასები. როგორც ერთ-ერთმა მეწარმემ მითხრა, შანსი ჰქონდა, ჰოლანდიიდან შაქარი შემოეტანა იმპორტით და ოპერაციის განხორციელებაც დაიწყო, მაგრამ "ზემოდან" მალევე მიიღო მკაცრი გაფრთხილება, რომ თუ იმპორტის ამ სექტორში შესვლას გადაწყვეტდა, "ჩაძირავდნენ". როგორც თავად ამბობს, ძირითადი სასურსათო პროდუქტების იმპორტი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელშია, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტები მათთვის კონკურენტების "გაფუჭების" ყველაზე იოლი საშუალებაა, სადაც ტვირთი შესაძლოა ნებისმიერი მიზეზით გაგიჩერონ და მძიმედ გაზარალონ, რაც ხშირად გაკოტრების ტოლფასია.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ავიღოთ ძირითადი სასურსათო კალათა (რომლის შემადგენლობაშიც შედის ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, შაქარი, პურპროდუქტები და სხვ.) და სასურსათო კალათის 2011 წლის ივლისის მაჩვენებელი 2010 წლის იმავე თვის მაჩვენებელს შევადაროთ. დავინახავთ, რომ მსოფლიოში სურსათზე ფასები დაახლოებით 33%-ით არის გაძვირებული. ბუნებრივია, პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში ძირითადად იმპორტით შემოდის (შაქარი, ხორბალი, მცენარეული ცხიმები), ფასების ზრდაც შესაფერისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზოგ პროდუქტზე იმაზე მეტად არის ფასი მომატებული, ვიდრე ეს მსოფლიო ბაზარზე მოხდა. ამის მიზეზი კი ბიზნესის ამ სფეროს იმპორტში არსებული მონოპოლიები გახლავთ. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ხორბლის, შაქრისა და საკვები ზეთის იმპორტი საქართველოში. ეს არის ბიზნესის არაკონკურენტული სექტორები, სადაც ფასების კარნახი შემომტანს ყოველთვის შეუძლია. ძირითადად, ერთ კომპანიას შემოაქვს ეს პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე და ფასსაც თავისი ინტერესების შესაბამისად აწესებს.

სხვათა შორის, მსოფლიო ბაზარზე ფასებმა პიკს წლევანდელ თებერვალში მიაღწია. შემდეგ ისინი

მცირედით შემცირდა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ფასები სტაბილურია და სექტემბრის ბოლომდე არც ერთ სასურსათო კატეგორიაზე ფასების მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არ არის. ოქტომბრის შემდეგ კი საერთაშორისო ანალიტიკოსები ფასების ზრდას კვლავ ვარაუდობენ. წლის ამ პერიოდში ყოველთვის იზრდება მოთხოვნა სურსათზე, ხოლო გაზრდილი მოთხოვნა ფასების შესაბამის ზრდას იწვევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვირი სურსათის ეპოქა საქართველოშიც და მსოფლიოშიც გაგრძელდება".

შოთა მურღულია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი: "ოფიციალურ სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ყველაზე მაღალი ზრდა სურსათსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე საქართველოში აღინიშნება. სხვა საკითხია, რამდენად ასახავს ეს მონაცემები რეალობას და საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასები საერთაშორისო ფასებს.

სურსათის ფასების ზრდას რამდენიმე გარემოება განაპირობებს. პირველ რიგში ეს სეზონური ფაქტორია. როცა სურსათის მარაგები მცირდება, ფასები იმატებს, მაგრამ მარაგების შევსებისთანავე, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ხდება ფასების კორექტირება კლების მიმართულებით. თუმცა საქართველოს ბაზარს ეს ტენდენცია არ ახასიათებს - ფასები ძველ ნიშნულებს თითქმის არასდროს უბრუნდება. გაძვირების მეორე ფაქტორი ის არის, რომ სურსათის დიდი ნაწილი საქართველოში იმპორტირებულია და შესაბამისად, როცა მსოფლიო ფასები იზრდება, ჩვენთან ე.წ. ინფლაციის იმპორტი ხდება.

უმთავრესი პრობლემა კი, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებობს, არასათანადო კონკურენციაა. ბაზარზე არ არის ბევრი იმპორტიორი. ამის ნათელი მაგალითია შაქრის ფასი საქართველოში.

ეს პროდუქტი სომხეთში საქართველოდან შედის და წარმოიდგინეთ, იქ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ფასები ხელოვნურადაც არის გაზრდილი, თანაც ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანი ფაქტობრივად ვერ ჩაანაცვლებს სხვა, უფრო იაფი ანალოგით.

ჩემთან საუბრისას უცხოელმა კოლეგებმა გაკვირვება ვერ დამალეს, როგორ შეიძლება განსაზღვრული კატეგორიის პროდუქტი საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე საერთაშორისო ფასებია. კონკურენციის მოქმედების და კონკურენტული ბაზრის ნათელი და კარგი მაგალითი გერმანიაა. სხვათა შორის,

ბევრი სასურსათო კატეგორია გერმანიაში ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, საშუალო-სტატისტიკური გერმანელის ცხოვრების დონე კი დაახლოებით 50-ჯერ აღემატება საშუალო-სტატისტიკური ქართველის ცხოვრების დონეს.

გერმანიაშიც უამრავი პროდუქტი იმპორტით შედის, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია სურსათის ფასებს მაღლა ავარდნის საშუალებას არ აძლევს".