ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ბრიტანულ გამომცემლობა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლას ურჩევს. მისივე თქმით - "საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის კონკრეტული დაავადებაა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს." მისივე მტკიცებით, "გასულ წელს საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე იყო დასავლეთის ქვეყნების ანტირუსული შეთანხმების ნაწილი". კადიროვი ამასთანავე თვლის, რომ "რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რამდენადაც აუცილებელია თავდასხმაზე გადასვლა".
"საქართველო, სამხრეთ ოსეთი, უკრაიანა - ეს ყველაფერი გრძელდება და გაგრძელდება. ეს რუსეთის დაავადებაა. რატომ უნდა ვიტანჯოთ მუდმივად, თუ ამ პრობლემის ლიკვიდირება შეგვიძლია?! ჩვენ დიადი ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს: არმია, ტექნოლოგიები. ჩვენაუცილებლად უნდა გადავიდეთ შეტევაზე," -განაცხადა კადიროვმა.
ამ ინტერვიუს რუსეთშიც კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა და რუს პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კადიროვმა გადაამლაშა და ისეთ თემებს შეეხო, რომლებიც მის კომპეტენციაში არ შედის. სხვები ჩეჩნეთის პრეზიდენტის გამართლებას სხვადასხვაგვარად ცდილობენ. მაგალითად, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, რომ კადიროვის ნათქვამის შინაარსი არასწორად იქნა გაგებული, რაც იმის ბრალია, რომ იგი რუსულ ენას სრულყოფილად არ ფლობს.
აღსანიშნავია, რომ კადიროვის ეს ინტერვიუ მოსკოვის ახალი პროპაგანდისტული აქციის ნაწილად შეიძლება იქნეს განხილული. ორიოდე დღის წინ რუსეთში ღიად დაიწყეს საუბრები ჩრდილოეთ კავკასიაში მოსალოდნელ გართულებებზე და სევე ღიად დაიწყო ამ ჰიპოთეტურ გართულებებში საქართველოს წინასწარ დადანაშაულება. მაგალითად, "ფეესბეს" წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი წლის დღეებში დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოდან დივერსიული ჯგუფების შეგზავნაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედმა ორგანიზაცია "დარიალმა" ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა და საქართველო-რუსეთის საზღვრის ბლოკირებით დაიმუქრა.
ყოველივე ამას დაემატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება. კერძოდ, ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისათვის კავკასიის რეგიონში.
ყოველივე ამის ფონზე კადიროვის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთისთვის წარმოადგენს "დაავადებას" და რომ რუსეთი შეტევაზე უნდა გადავიდეს, განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე მიიჩნევს, რომ რამზან კადიროვის განცხადება "იმ სახელმწიფოს პოზიციაა, რომელსაც საბჭოთა კავშირის და რეგიონალური ბატონობის აღდგენის სურვილი და მოტივაცია აქვს". მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ იდეის პროპაგანდა უკვე დაუფარავად მიმდინარეობს, მათ შორის იმისიც, რომ მზად არიან უკანონო ქმედებების განსახორციელებლად. კალანდაძის შეფასებით, რუსეთი რეგიონში გაბატონებისთვის ყველა დაუშვებელ მეთოდს იყენებს.
"რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ და რეგიონში გაბატონებისთვის ყველა დაუშვებელ მეთოდს იყენებენ," - აღნიშნა კალანდაძემ.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა დავითაია კი ჩეჩნეთის პრეზიდენტს ურჩევს ჩეჩნეთის მოსახლეობას მიხედოს. მისივე თქმით, უმჯობესია კადიროვმა საქართველოზე ფიქრს თავი დაანებოს, რადგან რუსეთი თავად ჩეჩნების განადგურებას ცდილობს.
"ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. კადიროვს ვურჩევ მიხედოს ჩეჩენ ხალხს, რადგან ის რუსეთის იმპერიის გამო განადგურების პირას არის მისული და თავი დაანებოს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებაზე ფიქრსაც კი," - აღნიშნა პაატა დავითაიამ.
პოლიტექნოლოგი მალხაზ ჟვანია არ გამორიცხავს, რომ განცხადებების ეს ჯაჭვი რუსეთი მხრიდან მორიგი აგრესიის დაგეგმვას უკავშირდება. მისი აზრით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან შექმნილი საფრთხის შესახებ მხოლოდ ლავროვსა და "ფეესბეს" განცხადებებით რომ შემოფარგლულიყო, ეს რუსეთის მხრიდან მხოლოდ მორიგი მუქარა იქნებოდა რეალური საფრთხეების გერეშე. მაგრამ კადიროვის წინა პლანზე წარმოჩენა და მისი მხრიდან თავდასხმაზე საუბარი, უკვე სერიოზული ნიშანი უნდა იყო საქართველოსთვის.
"კადიროვს ჩრდილო კავკასიაში ამჟამად ისეთი სტატუსი აქვს, რომ ის შესაძლოა რეალურ მაპროვოცირებელ ძალად გამოიყენონ, პასუხიმგებლობა მას დააკისრონ და საერთოდ, წინა ხაზზე გაუშვან. შესაძლოა მათ ბევრი კურდღლის ერთად დაჭერა სურთ - საქართველოს და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ უჩვენონ ძალა, მეორეა ის, რომ რუსეთს კადიროვის მოთოკვის პრობლემა აქვს და წინა ხაზზე მისი რაიმეში, ასე ვთქვათ, "გასვრა" უფრო შესაძლებელია.
"საქმე ისაა, რომ დე იურე კადიროვს ფედერალურ დონეზე რაიმეს გაკეთების კი არა, თქმის უფლებაც კი არ აქვს და თუ რაიმე გააკეთებინეს, ამით შესაძლოა მას დააკისრონ პასუხისმგებლობა. მათ შესაძლოა უნდა საქართველოს კიდევ ერთხელ ჩასცხონ, არა ისე, როგორც გასული წლის აგვისტოში, მაგრამ რაღაც ფორმით მაინც და ეს შეიძლება კადიროვის მოსათოკადაც გამოიყენონ," - ამბობს ჟვანია.
მისივე თქმით, შესაძლოა კადიროვი პირდაპირ ჩაერთონ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ რაიმე ძალისმიერ აქციაში.
რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ იმისათვის, რომ მორიგ პროვოკაციაზე არ წამოეგოს? როგორც მალხაზ ჟვანია ამბობს, ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უნდა აკონტროლოს საზღვრები, გააძლიეროს მისი დაცვა. და კიდევ ერთი რამ, რაც საქართველოს, ჟვანიას თქმით, უკვე დიდი ხანია უნდა გაეკეთებინა - ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერად უნდა ემუშავა.
"ჩრდილოეთ კავკასია ახლა საქართველოსთვის უნდა საშიშროებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე დიდი ხანია ემუშავა ამ მიმართულებით, მოსახლეობაში საერთო ენის გამონახვაზე უნდა ჰქონოდა ორიენტირი. გნებავთ ეს ჩრდილოვანი, ფარული ან საერთოდ სახალხო დიპლომატია ყოფილიყო, მაგრამ უნდა ემუშავა. შესაძლოა ეს კონტრდაზვერვის საშუალებით მომხდარიყო, მაგრამ უნდა მომხდარიყო. თუმცა ახლაც არაა გვიან, ვინაიდან ადათის ფესვები ჩრდილოეთ კავკასიაში მაინც დარჩა. ვაჰაბიზმს ვერ მოერევიან, მაგრამ გააზავებენ მაინც," - ამბობს ჟვანია.
სავარაუდოდ, როდის შეიძლება განახორციელოს რუსეთმა მორიგი პროვოკაცია? როგორც მალხაზ ჟვანია ამბობს, ამისთვის უკვე წლის სეზონები უნდა გავითვალისწინოთ. მეორე მხრივ კი, გასათვალისწინებელი სოჭის ოლიმპიადა, რომელიც კარსაა მომდგარი. რუსეთში კი გარკვეული წრეებისთვის ოლიმპიადის ჩაშლა ხელსაყრელია - დიდი თანხები აქვთ მოპარული, ომი კი ყველა კვალს წაშლის.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი განცხადებათა ზემოხსენებული ჯაჭვიდან ერთს განსაკუთრებით გამოყოფს - ორგანიზაცია "დარიალის" განცხადებას. ეს ორგანიზაცია თრუსოს ხეობიდან და კობიდან ჩრდილო ოსეთში გადასულ ოსებს აერთიანებს.
"თითქოსდა ერთი შეხედვით უწყინარი არასამთავრობოა, მაგრამ სინამდვილეში ის აღიარებული ორგანიზაციაა, რომელსაც ჩრდილოეთ ოსეთში არსებული სერიოზული ძალები უჭერენ მხარს. მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტების თავმჯდომარეები და რაც მთავარია, დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი, რომლებიც "დარიალის" ყრილობას ესწრებოდნენ.
"ყრილობამ რუსეთის ხელისუფლებასთან იშუამდგომლა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებასთან აწარმოოს მოლაპარაკება ჩრდილოეთ ოსეთისთვის ყაზბეგის რაიონის დაბრუნების თაობაზე. ეს ყველაფერი,თ რასაკვირველია, ერთი გეგმის ნაწილია.
"ჩვენმა დეპუტატებმა მედიის საშუალებით გამოთქვეს აზრი, რომ კადიროვის გამოსვლა არასერიოზულია. მე კი არ ვთვლი, რომ ეს გამოსვლა არასერიოზულია - ჯერ ერთი, რომ მან ამ ტიპის განცხადება მეორედ გააკეთა, თან კადიროვი არაა ჩვეულებრივი რეგიონალური ლიდერი, ის სახელმწიფო საბჭოს - "გოსსავეტის" წევრია, და მეორე, ახლა მედვედევის ბრძანებით იქმნება ახალი სტრუქტურა, რომელსაც ჰქვია "კავკასიის მიმართულების კოორდინატორი". ამ კოორდინატორის პოსტზე კი განიხილება ორი კანდიდატურა - სერგეი ივანოვი და რამზან კადიროვი. კადიროვი ახლა დიდ პოლიტიკაში შეიძლება მოხვდეს და ასეთი განცხადებებით მას თავისი თავი სახელმწიფოებრივ დონეზე აჰყავს," - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, კადიროვი თავის განცხადებებში კრემლის კორიდორების განწყობებს ახმოვანებს. მართალია, დუმის დეპუტატებისა და ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსების მხრიდან შეფასება იყო იმგვარი, რომ კადიროვმა ცოტა გადააჭარბა, თუმცა არეშიძე მიიჩნევს, რომ გახმოვანებული იდეა კვლავ იდეად რჩება.
"ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დაღესტანისთვის სპეცჯგუფებს ამზადებს ტერაქტების მოსაწყობად, შესაძლოა ვინმემ დაიჯეროს, რომ არა ერთი ფაქტი - საახალწლოდ ამ კლიმატურ პირობებში უღელტეხილის გადალახვა სრულიად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ამდაგვარის გაკეთება უნდოდეს, მაგრამ ეს იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ მაშინვე ღიმილს იწვევს. მაგრამ, ვიმეორებ, ეს ყველაფერი ექსტრემალურ სიტუაციაში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად კეთდება.
"რუსეთში კარგად იციან, რომ ლარსის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ყაზბეგის რაიონის მოსახლეობაში ერთსულოვნება არაა. ხიფათს იქაც გრძნობენ. ამიტომ განცხადებაში, რომელიც "დარიალმა" შეიმუშავა და ეს მაგათი შემუშავებული არ უნდა იყოს, წერია, რომ თუ საქართველო არ მისცემს ოსებს იქ დაბრუნების საშუალებას და მათ სახლებს არ აღადგენენ, ჩვენ გზას გადავკეტავთ და ლარსის საგუშაგოს ამუშავების საშუალებას არ მივცემთო. საქმე ისაა, რომ მათ წინასწარ პრევენცია სცადეს.
"მივიჩნევ, რომ ლარსის საზღვარის გახსნასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. რუსეთის მედიაში ჩემი განცხადებაა გავრცელებული, რომ წინააღმდეგი ვარ საგუშაგოს გახსნისა. თქვენი გაზეთის საშუალებით შემიძლია ავხსნა - არ ვარ წინააღმდეგი ამ საზღვრის გახსნისა, უბრალოდ, ის საფრთხეები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ელის იქიდან, ჩავატაროთ პრევენცია და შემდეგ გავხსნათ. ეს გზა საქართველოს მოგებისთვის უნდა გაიხსნას.
"რაც შეეხება ყაზბეგის რაიონს, ის საშინელ მდგომარეობაშია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ რაიონის მოსახლეობა ფეხზე დადგეს. მათი მთავარი ფუნქცია მესაზღვრეობა იყო, ჩვენ კი მთას ხელოვნურად ვცლით. თუ ყაზბეგის რაიონი ქართველი მოსახლეობისგან დაიცლება, ჩვენ მას ნამდვილად დავკარგავთ", - ამბობს არეშიძე.