საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ალიაქოთია. გამართლდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი ჭანტურიას მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი დაკვეთის - 500 კაცით შეემცირებინა არხის თანამშრომელთა რაოდენობა - შესრულებაზე უარის თქმა იყო.
ცხადია, ჭანტურიას ეს თანამშრომელთა სიყვარულით არ გაუკეთებია. მას ფინანსთა სამინისტრო სოლიდური თანხის გაფლანგვას ედავება, ჟურნალისტებთან დაპირისპირება და ახალი სკანდალი კი მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ჭანტურიას საქმიანობის არაერთი, რბილად რომ ვთქვათ, კანონთან არც თუ შესაბამისი ქმედება იმ თანამშრომლებმაც იციან, ვის შემცირებასაც თავდაპირველად ჭანტურია აპირებდა. ხომ შეეძლო ამ ხალხს სხვა ტელეკომპანიის ეთერში დაჯდომა და ამ საქმეებზე ლაპარაკი? ისე, არც მთავარი პროკურორის ოფისია გადაკარგულში და ძნელად მისაგნები.
ალბათ, უკვე გასაგებია, რატომ ითამაშა გიორგი ჭანტურიამ კეთილი დირექტორის როლი და რატომ გადადგა პოსტიდან.
მისმა ტაქტიკამ გაამართლა - ტელევიზიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ჭანტურიას მისტირის. არადა, რა უბედურებაც ახლა არხზე ტრიალებს, ამაში სწორედ ჭანტურიაა მთავარი დამნაშავე.
დავალების შესრულება, თანამშრომელთა შემცირების პროცესი, გულმოდგინედ დაიწყო გიგა ბოკერიას ახალმა ფავორიტმა - გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ მიერ დაკომპლექტებულმა ბორდმა 25 დეკემბერს აირჩია არხის ახალ გენერალურ დირექტორად. ბარათაშვილმა ვერ გაბედა და ხუთასივე თანამშრომელი ერთი ხელის მოსმით ვერ დაითხოვა, შეეშინდა, მის მიერ დაწუნებულ ხალხს საპროტესტო აქციები არ მოეწყო. არადა, ტელევიზიის თანამშრომლები მართლა იმუქრებოდნენ - თუ ბარათაშვილმა მართლა 500 კაცი გაუშვა, იმ 500-ს არხზე დარჩენილები სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგებით, ტელევიზიის ბლოკირებას მოვაწყობთ, ახალ დირექტორს შიგნით არ შევუშვებთ და თან ყველა გადაცემას „ჩავაგდებთო“. გიორგი ბარათაშვილი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადეობრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ეგონათ. მან ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყო ხალხის გაშვება, თუმცა ეს გეგმა მხოლოდ მისი მოფიქრებული არ ყოფილა.
ტელევიზიიდან წამოსული თანამშრომლების ერთი ნაწილი „საქართველო და მსოფლიოს“ დაუკავშირდა და იქ არსებული კულუარული პროცესებისა და მოვლენების შესახებ ექსკლუზიურად გაუმხილა. მაგრამ ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან ერთი მიზეზით შეიკავა თავი: შემცირების პროცესი ახალი დაწყებულია და ვაითუ არხის ხელმძღვანელობამ ზოგიერთის ოჯახის წევრი და ნათესავი, მეგობარი, რომლებიც ჯერჯერობით მუშაობენ, უკან არ მოაყოლოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით კი, ტელევიზიაში ასეთი მდგომარეობაა: გიორგი ბარათაშვილი ცდილობს, დამოუკიდებელ ფიგურად და ნამდვილ დირექტორად მოაჩვენოს თანამშრომლებს თავი, მაგრამ არ გამოსდის: ყველამ იცის, რომ ყოფილი I არხის რეალური შეფი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძეა. თავის მხრივ, გახელაძე გიგა ბოკერიასა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერების „იგრუშკაა“. გახელაძე მათ დაკვეთებს ბარათაშვილის ხელით ასრულებს. გახელაძე-ბარათაშვილის ერთობლივი გეგმა ყოფილა ხალხის ეტაპობრივად გაშვებაა და ცხადია, მისი განხორციელება ბარათაშვილის არჩევისთანავე გადაწყდა. თანამშრომელთა უმრავლესობას იანვარში მხოლოდ 1-თვიანი კონტრაქტები გაუფორმეს, რათა გაყრილ თანამშრომლებთან სამართლებრივი პრობლემები არ შექმნოდათ. ამ ეტაპზე 80 კაცია გაშვებული: 40 წინა კვირაში გაუშვეს, 40 - ამ კვირაში. გახელაძე-ბარათაშვილის გეგმით, შემცირების პროცესი მარტის მიწურულს უნდა დასრულდეს. ჯერჯერობოთ შემცირება ჟურნალისტებს ნაკლებად ეხებათ, სულ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
მათი მასობრივი დათხოვნა ბოლოსკენაა დაგეგმილი. ამ დროისთვის უმთავრესად ტექნიკურ პერსონალს დაერივნენ, ძირითადად კი - ოპერატორებს, მემონტაჟეებს...
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დათხოვნილები აცხადებენ, რომ არხიდან უმთავრესად იმ თანამშრომლებს უშვებენ, რომელთაც პატრონი არ ჰყავთ. პროფესიული ნიშნით თანამშრომლების დათხოვნა არ ხდება, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს. არხზე მუშაობენ ისეთი პროფესიონალები, რომელთაც ნებისმიერი სხვა ტელევიზია სიამოვნებით დაასაქმებს, ასეთ კადრებს კი უფრთხილდებიან. არხზე, ძირითადად, დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც ან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰყავთ მფარველები, ან თავად ტელევიზიის ბოსები პატრონობენ. მაგალითად, თავად გიორგი ბარათაშვილის მეუღლე, ანი ნადირაძე დილის გადაცემის „ჩვენი დილა“ ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანია და ის დარჩება არხზე. გადაცემა „შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი გენდირექტორის მოადგილის, გიორგი გაჩეჩილაძის მეუღლეა და მისი დარჩენაც გადაწყვეტილია.
ვინ გაუშვან და ვინ დატოვონ არხზე, ამას სულ ათიოდე ადამიანი წყვეტს, მათ შორის „ჩვენი დილას“ მთავარი პროდიუსერი გოგა ჩართოლანი. ჩართოლანი ხომ ხელშეუხებელია ტელევიზიაში, მაგრამ ასეთივე სტატუსით სარგებლობს მისი მამა - სოზარ ჩართოლანი. ბატონი სოზარი ერთობ პატივსაცემი პიროვნებაა და მისი დღე და მოსწრება ტელევიზიაში მუშაობს, მაგრამ ერთი საჩოთირო ამბავია: სოზარ ჩართოლანი 75 წელსაა მიტანებული, ის ოპერატორი გახლავთ და, როგორც არხის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, კამერის ტარებაც კი უჭირს, ამიტომ მხოლოდ სტუდიურ გადაღებებს ავალებენ და ტელევიზიიდან გარეთ არ უშვებენ. ამ დროს ჩართოლანმა მარტო „ჩვენი დილადან“ 5 ახალგაზრდა ოპერატორი დაითხოვა, რომლებიც დღეში ზოგჯერ 4-5 გადაღებაზე დადიოდნენ. ახალგაზრდა ოპერატორები გაუშვეს სხვა გადაცემებიდანაც. დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, ხოლო პენსიონერ სოზარ ჩართოლანს ლია მიქაძის, დავით ძიგუას, დავით სოკოლოვისა და ჯულიეტა ვაშაყმაძის სატელევიზიო დებიუტი არათუ ახსოვს, ჯერ კიდევ ტელეანძაზე განთავსებულ ტელეცენტრიდან პირველი სატელევიზიო რეპორტაჟების ოპერატორიც კი იყო.
საზოგადოებრივ მაუწყებელში 260 „მკვდარი სული“ ყოფილა გაფორმებული. მათი უმრავლესობა ქართული შოუბიზნესის ე. წ. ცნობადი სახეა. ცხადია, იმ ადამიანების „ხელფასი“, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ერთგული მხარდამჭერები არიან და მას დითირამბებსაც უმღერიან, ყოველთვიურად სოლიდურ გასამრჯელოს სწორედ „დედა პარტიის“ ერთგულებისთვის იღებენ - 2000-დან 3000 ლარამდე და უფრო მეტსაც. ეს ადამიანები, წლებია, ტელევიზიაში თვალით არავის უნახავს - ხელფასი ბანკში ერიცხებათ. არხის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ 3000-3000 ლარი აქვთ ხელფასი მსახიობებს: გოგოლა კალანდაძესა და მალხაზ ქვრივიშვილს, თუმცა, უკვე წლებია, მათთვის თვალიც არ მოუკრავთ. მგონი, არც ამ არხის მაყურებელს გაუჭირდება იმის გახსენება, რომ არც გოგოლა კალანდაძე და არც მალხაზ ქვრივიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ პროექტში არ მონაწილეობენ. ასევე სახელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე - გიორგი გამსახურდია. ის არხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ყოფილა გაფორმებული და მასაც სოლიდური ანაზღაურება ჰქონია, თუმცა ეს, როგორც იტყვიან, ჟურნალია...
არხიდან გამოყრილი ადამიანები აცხადებენ, რომ ამ 260 „მკვდარ სულში“ არიან როგორც „ნაციონალთა“ „ფეისები“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წონიანი ლიდერების ნათესავ-მეგობრები, თავად არხის ხელმძღვანელების ოჯახის წევრები, ნათესავები და... ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა „მეგობარი ქალბატონები“.
აი, მათ შემცირებას კი არავინ აპირებს. ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დაახლოებით 50 სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს მოდელია გაფორმებული ტელევიზიაში და მათ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, „მეგობრობის“ საფასურს წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან უხდიან.
„მოდელი მეგობრების“ გარდა, 2500-ლარიან სახელფასო შტატშია ერთ-ერთი სტრიპტიზბარის მოცეკვავეც, რომელიც, ცხადია, ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის „გულის ბროშკაა“.
იმ 50-მდე მოდელში, რომლებიც დღემდე ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებიდან იღებდნენ დიდჩინოსნებთან „მეგობრობის“ საფასურს, 3 არის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფავორიტი. მართალია, ჩვენს მექალთანე პრეზიდენტს მათთან ურთიერთობა აღარ აქვს, მაგრამ მიშა ფავორიტყოფილთ მაინც უხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი რა მიდის?!
ზემოხსენებული ბაკქანალიის ფონზე, არხის ხელმძღვანელები, შტატების შემცირების გარდა, სხვა მეთოდებითაც ცდილობენ ტელევიზიის ბიუჯეტის დაზოგვას. კერძოდ, ვინც დარჩება, მათ ხელფასები 20%-ით შეუმცირდებათ, ოღონდ ეს ტელევიზიის ადმინისტრაციასა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არ შეეხება.
მთელი ეს აურზაური საზოგადოებრივ მაუწყებელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ფინანსთა სამინისტროს სარევიზიო ჯგუფი შევიდა ტელევიზიის შესამოწმებლად და, უკვე არსებული საბიუჯეტო დავალიანების გარდა, სხვა გაუსტუმრებელი სახელმწიფო ვალებიც აღმოაჩინა. ამ დროისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 23 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფო დავალიანება. მართალია, ეს თანხა წლების მანძილზე გროვდებოდა, მაგრამ მისი დიდი წილი, 16 მილიონ ლარზე მეტი, ტელევიზიას ლევან ყუბანეიშვილისა და გიორგი ჭანტურიას მმართველობის პერიოდში დაუგროვდა.
შტატების შემცირებაც და სხვა კუთხით თანხების დაზოგვაც სწორედ ამ დავალიანების ნაწილის გადახდას ემსახურება - 2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი სოლიდურ თანხას დაზოგავს და ბიუჯეტს რამდენიმე მილიონს გადაუხდის. არხის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გიორგი ჭანტურიასა და ლევან ყუბანეიშვილის გადასარჩენად კეთდება, რომელთაც უყაირათოდ და ფრიად საეჭვოდ სოლიდური თანხები აქვთ გახარჯული ტელევიზიის ბიუჯეტიდან და, თუ დროულად არ დააბრუნეს ეს თანხები ბიუჯეტში, შესაძლოა, მათი გადასახდელი გახდეს. მეტიც, შესაძლოა, მათ პროკურატურიდანაც მიაკითხონ. მათივე თქმით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ლევან გახელაძეცაა გარეული და ის ყოფილი დირექტორების გადასარჩენადაც ირჯება და, უპირველესად, საკუთარი ტყავისა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ფორმატს და შინაარსს იცვლის და შემოდგომაზე ახალი სატელევიზიო სეზონიდან მაყურებელი რეფორმირებულ არხს იხილავს. რა გამოვა ამ რეფორმიდან, ამას ახლო მომავალში ვნახავთ, მაგრამ სადღეისოდ იმის თქმა უკვე შეიძლება, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფრო შემეცნებით გადაცემებზე გააკეთებს აქცენტს მცირე დოზით, მაგრამ არხზე დარჩება პოლიტიკური და მუსიკალურ-გასართობი თოქშოუები. სავარაუდოდ, ტელევიზიის ბიუჯეტი პირდაპირი წესით მხოლოდ საინფორმაციო გადაცემას დააფინანსებს, ყველა დანარჩენ გადაცემას კი მზა პროდუქციის სახით კერძო სტუდიებისგან შეიძენს ტენდერების საფუძველზე. არხის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ამითაც ფულს დაზოგავენ და „შინ“ დამზადებულზე უფრო იაფი დაუჯდებათ ნაყიდი გადაცემები.
იმის გამო, რომ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი კერძო სტუდიები, რომლებიც ღირებულ პროდუქციას შესთავაზებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, უკვე სახელდება 2 კომპანია, რომლებიც პირველ ეტაპზე თავიანთი მიმართულებით არხზე სრულ მონოპოლიას მოიპოვებენ. ორივე კომპანიის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ამ ტელევიზიის ყოფილი გენერალური დირექტორია. სავარაუდოდ, ზაზა შენგელიას სტუდია არხს მუსიკალურ თოქშოუებს მოუმზადებს, ხოლო ლევან ყუბანეიშვილის სტუდია, - პოლიტიკურ თოქ-შოუებს. არხზე გაჩნდება ჟურნალისტური გამოძიებაც, თუმცა ჯერ გაურკვეველია, ამ ტიპის გადაცემა ტელევიზიაში მომზადდება თუ მასაც ბაზარზე შეიძენენ. ერთი რამ ნათელია: ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ იყო, რადგან თავის მეპატრონეებს კრიტიკას ვერ უბედავდნენ, ახლა კი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დაკვეთას შეასრულებენ და ახალ ხელისუფლებას ამ გადაცემით კრიჭაში ჩაუდგებიან.
კადრების შემცირებამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში 1300 კაცი მუშაობდა. 500 კაცით შემცირების შემდეგ კი 800 ადამიანი დარჩება. ამ 800-ს უნდა გამოვაკლოთ დაახლოებით 300 კაცი (260 „მკვდარი სული“, რომელთა შემცირებასაც გასაგები მიზეზების გამო ვერ ბედავს გიორგი ბარათაშვილი და ადმინისტრაციის 30-40 თანამშრომელი). გამოდის, რომ არხზე საქმის მკეთებელი 500 თანამშრომელი რჩება, რომელთა შრომის ხარჯზე, ვიღაც-ვიღაცების ყოფილმა და ამჟამინდელმა „მეგობრებმა“ ყოველთვიურად სოლიდური „ხელფასები“ უნდა ჩაიჯიბონ.