"მაგარი გოიმი ვარ"

დიდი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, სატელეფონო ზარს უპასუხა. მძიმე ხმა ჰქონდა. დაბალი წნევა მაქვს, თავს ძლივს ვწევ მაღლაო. ყოველთვის სტუმარმასპინძლობით გამორჩეულმა უარი მითხრა, კიდევ ერთხელ ემასპინძლა. მაინც შევთანხმდით, მოგვიანებით გვესაუბრა.

პირველი ინტერვიუ გამახსენდა მასთან. დიდი სხვაობაა მაშინდელსა და დღევანდელ სოსო ჯაჭვლიანს შორის. სასაუბრო თემებიც განსხვავებული გვქონდა მაშინ, ინტერვიუს ანეკდოტით იწყებდა და ამთავრებდა...

ცოტნე დადიანი რომ იგრძნო, თვითონ უნდა იყო გმირი

ხშირად ვლაპარაკობთ ცოტნეს გმირობაზე, მაგრამ არაფერს ვამბობთ მონღოლზე, რომელმაც ცოტნეში გმირი დაინახა და დააფასა, ამიტომაც ის მონღოლი თვითონ იყო გმირი და პირველი ლომი.

იქ, ციხეში, შიმშილობის დროს, უკვე ცხადი და სიზმარი ერთმანეთში რომ მერეოდა, ბევრ რამეზე ვფიქრობდი და ცოტნე და ის მონღოლი მაშინ გამახსენდა. უცებ დავფიქრდი, როგორ მოიქცეოდნენ ჩვენი ხელისუფლების ჯალათები” მონღოლის ადგილზე - ცოცხლად შეწვავდნენ ცოტნეს.

ამ ჯალათებმა ლუკა კურტანიძე არ დაინდეს, ამათთვის ხომ არა აქვს მნიშვნელობა, რა გიკეთებია საქართველოსთვის...  ვუყურებდი ლუკას და ჩემ თვალწინ გაცოცხლდა ყველა მისი გამარჯვება საქართველოსთვის, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა ფეხზე უდგებოდა და თავს უხრიდა მას, ვისი გამარჯვების გამოც საქართველოს დროშა მაღლა იწეოდა, ვის გამოც საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ.

ამ კაცს საქართველოსთვის სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია. ექვსი შვილის მამაა და მათთვის საუკეთესო საქართველო უნდა. ეს არ აპატიეს. შვილებისთვის მამა კერპია და ასეთი მამა ხომ უფრო მეტია, ვიდრე კერპი. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა გადასატანია, ექვსი შვილის მამას შენ თვალწინ რომ ამცირებენ, სცემენ და შენ არაფერი შეგიძლია. იდგა ტანსაცმელშემოხეული და ბოღმა ახრჩობდა. მე ტირილი არ მჩვევია, მაგრამ იმ დღეს სიმწრის ცრემლი მომაწვა, ძალიან ძნელია, როცა სულში გირტყამენ. 

პოლიცია... ხალხი...

იცი, როგორი პოლიცია და სამართალდამცველები მინდა, რომ გვყავდეს? რომელიც მიშას და ვანოს კი არ იყვირებს, კანონს იყვირებს და მას დაიცავს. კანონის წინაშე თანასწორი უნდა ვიყოთ, მაგრამ კანონამდე ღირსებაში მოვიკოჭლებთ.

ციხიდან რომ გამოვედი, პატრიარქთან მივედი ოჯახთან ერთად. მისი დალოცვა ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის. პატიება ვთხოვე, რომ შიმშილობა არ შევწყვიტე, თხოვნა ვერ შევუსრულე. მაშინ უფრო დავიჩაგრებოდი სულიერად. პროტესტი როგორღაც ხომ უნდა გამომეხატა. ადამიანი ერთხელ იბადება და კვდება. ასეთ შეურაცხყოფას კი მიჯობს, მკვდარი ვიყო.

წეღან  მოვისმინე, ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვნის გაუპატიურება უცდიათ. მეგონა, მთელი ზუგდიდი იქ იქნებოდა, პოლიციის წინ, რას ჰქვია, კანონის დამცველმა ბავშვის გაუპატიურება სცადაო. არადა, ასეთი პოლიციელის შეურაცხყოფაზე შეიძლება კანონით უვადო პატიმრობა მოგისაჯონ. ხედავთ, სად არის პრობლემა?

ჩვენ დუმილით ვხვდებით იმ ამბავს, რომ შვილებს გვიუპატიურებენ. ამიტომაც პრობლემა ჩვენშია და სხვაში ნუ ვეძებთ ვაების მიზეზს.

ვღიზიანდები ხოლმე, როდესაც სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე ისე ლაპარაკობენ, როგორც მანკიერებაზე. თბილისის მფარველი აბო არაბი იყო, რომელიც ყველაზე დიდ ქართველად მიმაჩნია. როდესაც ადამიანები ცუდ საქმეს აკეთებენ, მაშინვე მათი ფესვების ჩხრეკას ვიწყებთ, თითქოს ვცდილობთ, თავი გავიმართლოთ და ვთქვათ, ეს იმიტომ ჩაიდინა მავანმა, რომ ქართველი არ არისო.

არადა, ქართველი შეიძლება ასჯერ ნაძირალა იყოს იმაზე.

დაბადების დღე

5 ივნისს, შიმშილობის მეთერთმეტე დღეს, დაბადების დღე მქონდა. ჩემთან კამერაში იჯდა "სახალხო კრების" ერთ-ერთი კოორდინატორი სანდრო დონაძე. მან და ყველამ, ვისაც შეეძლო, ხმა მოეწვდინა, მომილოცა. ძალოვნები მთხოვდნენ, ოღონდ ჭამა დაიწყე და რესტორნიდან მოგიტანთ ყველაფერსო. გულწრფელად მთხოვეს, მაგრამ... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი  დაბადების დღე, რადგან თავს ამაღლებულად ვგრძნობდი. მაშინ ვთქვი და მას მერეც ვხუმრობ, ფაქტობრივად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ვიყავი. ფილმის გადაღებას ხომ ვაპირებ და იქ მივხვდი, საუკეთესო ეპიზოდები რა იქნება ჩემს ფილმში.

ერთმანეთი მოგვენატრება

ფილმს ერქმევა "მამაჩემის ცხოვრება". მამა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. სამხედრო კომისარი იყო, ღირსეული კაცი. მრავალი ჯილდო ჰქონდა. რუსი პოლკოვნიკი დახვრიტა, რადგან ქართველი მოუკლავს. ამის გამო საჯარიმო ბატალიონში გაუშვეს, სადაც გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო, მაგრამ ღვთის წყალობით გადარჩა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა,  არაფრის მეშინია, ყველაფერი ვნახე, სიკვდილს რამდენჯერმე თვალებში ჩავხედე. მხოლოდ ერთი რამ მადარდებს, როდესაც აღარ ვიქნები, ექვსივე შვილი საშინლად მომენატრებითო.

ფილმში მთავარი იქნება ფრაზა - "ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრება". მინდა ყველამ იფიქროს ამაზე. ხალხო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრება. სიზმარში ლევან აბაშიძე ვნახე, სისხლს წმენდდა იატაკის საწმენდი ჯოხით. რას აკეთებ, როგორ ხარ-მეთქი. როგორ უნდა ვიყო, არ გამოილიაო, სისხლზე მითხრა.

რა მინდა პოლიტიკაში?

ზოგიერთი ამბობს,  თავი გაანებოს პოლიტიკას, რა მაგისი საქმეაო? მე  პოლიტიკაში კი არა, სიმართლეში ვერევი. ხომ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება? პოლიტიკაში ნაძირლები ერევიან და მე მკარნახობენ, შენ აქ არ მოხვიდეო. არ შეიძლება საზოგადოების წევრი იყო და დაეთანხმო, რომ სწორი იყო რობაქიძის და ვაზაგაშვილის დახვრეტა, გირგვლიანის წამებით მოკვლა. თუ ასე არ ვიზამ, საზოგადოების დიდ ნაწილს ხომ გაუჩნდება აზრი, რომ ნაძირალა ვარ და აღარც ჩემი სპორტი ენდომებათ და არც ჩემი კინო. შვილები მყავს და არ მინდა მათ ის პრობლემები  დავუტოვო, რომელთა მიზეზი ჩვენშია.

უცხოეთში, მათ შორის - რუსეთშიც, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე ლაპარაკი ჩამოვარდნილა, ბევრჯერ მიჩხუბია, რომ არავის აქვს თუნდაც სააკაშვილის გალანძღვის უფლება, რადგან ეს ჩვენი შიდა საქმეა. ამას ეს ნაძირლები ვერ გაიგებენ. საქართველო ჩემი ოჯახია და ვიცი, სად როგორ დავიცვა მისი ღირსება. მე ისე ვამბობ სიმართლეს, როგორც  მესმის და მჯერა. მეკამათე, დამარწმუნე, რომ ვცდები, რატომ ღიზიანდები და მიპირისპირდები ძალით?

პროტესტი

პირადად არაფრით დავზარალებულვარ, არც შევარდნაძის დროს და არც ამ ხელისუფლებისგან. პირიქით, ჩემმა ერთ-ერთმა პროექტმა გრანტი რომ მოიგო, დავაბრუნე და ვუთხარი, თვითონ მოვიძიებ ფულს და საქმეს ისე გავაკეთებ-მეთქი. ხალხს კი ჰგონია, ფილმებს რომ ვიღებ, ამათი ფულით ვიღებ. პოლიტიკაში რაღას ერევა, ფილმებსაც ხომ იღებს, უმადური რატომ არისო?

მე ჩემი მარიფათით და მეგობრებით ვაკეთებ ყველაფერს. პირადად მე არავისზე ნაწყენი არა ვარ, მაგრამ არ მესმის იმ კაცისა, სანამ არ შეეხებიან, ხმას რომ არ იღებს... სტრასბურგში ვიჩივლებ. პირველ რიგში ეს ჩემთვის მჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ მართალი ვიყავი, მერე კიდევ იმ მესაჯდომეებისთვის მინდა, ჩემზე რომ ლაპარაკობენ, პოლიტიკაში ერევაო. მაგნაირებს უნდა ვაჩვენო, რომ უფლება მქონდა, იქ ვმდგარიყავი და მართალი ვარ.

ვიცოდი, რაც მოხდებოდა

იმ ღამეს აქციაზე რომ მივდიოდი, ერთმა მითხრა, ამაღამ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე რომ აქციაზე დადგნენ, მაინც დაგსჯიან, თანაც სპეციალურადო. ჰოდა, მეც სპეციალურად წავალ-მეთქი. არ მკითხოთ, ეს ვინ გითხრათო.

მოვაკვლევინო ის კაცი? გამაფრთხილა, მაგრამ მაინც წავედი. ქალები იდგნენ აქციაზე, ისინი უნდა დამეცვა. ჩემს სინდისთან მართალი ხომ უნდა ვყოფილიყავი?

ვიმეორებ, კარგად ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც ვიდექი.

ოთარა, შე კიკუ

ოთარ კობერიძემ - ჩამოახრჩვეთო. მე ჯანდაბას, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილზე რომ ამას იტყვი, კაცი ხარ? ასეთი ადამიანები, ალბათ,  ცნობილ 37 წელში დილით სპექტაკლს თამაშობდნენ, საღამოს კი მაუზერებით ადამიანებს ხვრეტდნენ. რა გაუკეთებია მაგას ნონაზე მეტი ამ ქვეყნისთვის? რობიკო სტურუაზე იძახის, არავინ არისო და ჩვენზე რომ იტყოდა, ეგ გასაგებია. სანაძლეოს დავდებ, რობიკო სტურუას არც ერთი სპექტაკლი არა აქვს ნანახი. ზუსტად ვიცი. 

რვა თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პატივს ვცემდი მაგას, მე და ზურა ცინცქილაძე ვეწვიეთ. განვიხილავდით, რაც ხდება ქვეყანაში. ზურამ ისე, სხვათა შორის გადაიღო ეს კადრები, იქ ამბობს, მთავრობას არ უნდა ვაწყენინოთო, რა მთავრობას, სამართლიანი ქვეყანა უნდა ავაშენოთ-მეთქი. შენ მე გამოსირებული ხომ არ გგონივარ, ახლა ასეა საჭირო და მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეო.

იქ გაიყო ჩვენი გზები. ვურჩევ, პოლემიკაში არ შემოვიდეს, თორემ ისეთ კითხვებს დავუსვამ, ხელებს დაიჭამს. არ ვიცი, რატომ იქცევა ასე, ასეთს რას იღებს ხელისუფლებისგან და თუ იღებს, მით უარესი, ე.ი. ვერცხლზე იყიდება ეგ კიკუ. სვანურად კიკუ უკანალს ნიშნავს.

ბოლოს რა?

აქამდე, ყოველ დილით რომ ვდგებოდი, ვხვდებოდი, რომ მაგარი გოიმი ვარ - ძალიან ბევრი მაქვს შესაცნობი და სასწავლი-მეთქი. ახლა კი, ციხეში ერთთვიანი შიმშილის შემდეგ, უფრო მეტად ვხვდები, რომ რაც მეტს შევიცნობ, მით უფრო არაფერი ვიცი. გულწრფელად გეუბნებით, მე არაფერი ვიცი, მაგარი გოიმი ვარ.