ვინ შოულობს ფულს ინფლაციის დროს საქართველოში

ვინ შოულობს ფულს ინფლაციის დროს საქართველოში

ეკონომიკური კრიზისის და ქართული ინფლაციის ხვეულებში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გზა აებნა, კატასტროფულად გაზრდილი ფასები მხოლოდ სამომხმარებლო კალათებს არ დაეტყო, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც თავიანთი არცთუ სოლიდური დანაზოგების დაბანდებაზე ფიქრობენ. როგორც ეკონომიკის ექსპერტი ბატონი ნოდარ ხადური ამბობს, ასეთ კატაკლიზმებში ბიზნესგათვლები ყველაზე მეტად სარისკოა და დანაზოგით ფულის მოგების ყველაზე ოპტიმალური გზა ბანკთან მიდის.

ნოდარ ხადური: ისეთი ფინანსური კატაკლიზმებისა და ინფლაციების დროს, როგორიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეები უნდა დავყოთ კატეგორიებად მათი შემოსავლის წყაროების მიხედვით. ინფლაცია ყველაზე მეტად აზარალებს მცირეშემოსავლიან ადამიანებს – მათ, ვისაც აქვს ფიქსირებული შემოსავალი. ამ ადამიანებს ინფლაციის დროს არათუ დანაზოგის გაკეთების საშუალება არ აქვთ, პირიქით, ეს პერიოდი ამცირებს მათ დანაზოგებს და უწევთ მოხმარების შემცირება, ცდილობენ, ნაკლებად დახარჯონ თანხა ფუფუნების საგნებზე და გადაერთონ პირველადი მოხმარების საქონლის შეძენაზე. პროდუქციის ფასების მატება პირდაპირ ურტყამს მათ მსყიდველობით უნარს და, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ ამ კატეგორიის ადამიანები უფრო ნაკლებს მოიხმარენ ან გადადიან შედარებით დაბალხარისხიან პროდუქციაზე, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. რაც შეეხება მოსახლეობის მეორე კატეგორიას, მათ, შესაძლოა, ინფლაციით იხეირონ კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ფენას ეხება. თუ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას აღებული აქვს დავუშვათ, 10-პროცენტიანი სესხი და ინფლაციის დონე 10 პროცენტზე მეტია, რეალური საპროცენტო განაკვეთი ამ ადამიანებისთვის უარყოფითია. 1 000 ლარის მსყიდველობითი უნარი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დასაბრუნებელი 1 100 ლარის. ამ ტიპის ადამიანებს ინფლაცია ხელს უწყობთ, რომ უფრო ნაკლები თანხები დააბრუნონ სესხის სახით. საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ვერ შეძლო, მომსახურებოდა იმ კრედიტებს, რომელთა უმეტესობაც 2007 წელს გაიცა, მაშინ ძალიან აგრესიული და “საშიში” სასესხო პოლიტიკა იყო, მაღაზიაში შესული ადამიანი იქიდან ხშირად გაუმართლებელი სესხით გამოდიოდა, რადგან ბანკების წარმომადგენლები ფსიქოლოგიურად ამუშავებდნენ მათ. ბანკების ძალიან დიდმა ნაწილმა ვერ ამოიღო სამომხმარებლო სესხები, ასევე სერიოზული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, ვისაც ქონება გირაოთი ჰქონდათ ჩადებული.

ადამიანებს ინფლაციის პირობებში ბევრად ნაკლები თანხები რჩებათ, რომ გაისტუმრონ ვალდებულება ბანკების წინაშე. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალობაზე იქნება შესაძლებელი აღებული სესხების დაფარვა. ინფლაცია ხელს უწყობს შემოსავლების გადანაწილებას მოსახლეობის ერთი ფენიდან მეორე ფენაზე. ადამიანები, რომლებიც ინფლაციის დროს ყიდულობენ მხოლოდ სურსათს, რომელიც გაძვირდა, მთელი მათი შემოსავალი მიდის მხოლოდ სურსათზე, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ სურსათის გაყიდვით არიან დაკავებულნი, შედარებით უფრო მეტ შემოსავალს იღებენ, რომლითაც არასასურსათო საქონლის უფრო მეტი რაოდენობით შეძენა შეუძლიათ. 10-12-პროცენტიანი ინფლაციის პირობებში, საქართველოში სურსათი 25 პროცენტით გაძვირდა, მაგრამ, ზოგიერთი საქონელი, მაგალითად, ელეტროტექნიკა, პრაქტიკულად, არ გაძვირებულა. იმ ადამიანებს, ვინც სურსათის გაყიდვით მიიღო დიდი შემოსავლები, შეუძლიათ, შეიძინონ არასასურსათო პროდუქცია. დანაზოგის გაკეთება ინფლაციის დროსაც შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ.

რომელია ინფლაციის დროს დანაზოგების დაბანდების ყველაზე ეფექტური საშუალება?

– საქართველოში ინფლაცია 2007 წელსაც ძალიან მაღალი იყო. ამ დროს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თავის შემოსავლებს დებდა უძრავ ქონებაში, რომელიც არა მხოლოდ გაყიდვის, გაქირავების საშუალებაც არის, მაგრამ შემდეგ, 2008 წლის ბოლოს, უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა და, იმ ადამიანებმა, ვისაც უძრავ ქონებაში ჰქონდათ ჩადებული დანაზოგები, სერიოზული ზარალი განიცადეს. დღეს მშენებლობების უმეტესობა გაჩერებულია, რადგან ეს მშენებლობები სწორედ იმ პერიოდში დაიწყო. თანხის დაბანდების საშუალება არის ოქრო და ძვირფასი თვლებიც, რომლებიც, არის საინვესტიციო საშუალებაც, და საიუველირო დანიშნულებაც აქვს. ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, მაგრამ საქართველოში, ალბათ, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ ოქროს ზოდები შეიძინოს და ამ ფორმით შეინახოს თავისი შემოსავალი. მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი ზემოთ იწევს. პრაქტიკულად, ოქრო ყველაზე სტაბილური საქონელია, რომლის ფასიც იშვიათად იკლებს, თუმცა, არც ესაა დაცვის ასპროცენტიანი გარანტია, რადგან, შესაძლოა, ოქროზე ფასი შემცირდეს, თუკი, პირობითად, ოქროს მოპოვება გაიზრდება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ ადამიანებს აქვთ იმის საშუალება, რომ შეიძინონ ოქროს ზოდები და შეინახონ ისინი, ეს ფულის შენახვის კარგი გზაა, თუმცა, ოქრო შემოსავალს ვერ მოგცემთ – მასაში არ გაიზრდება. დღეისათვის შემოსავლების დაბანდების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, მაინც თანხების კონვერტირებაა, ოღონდ, კარგი იქნება, თუ ისინი დივერსიფიცირებული იქნება სხვადასხვა ვალუტაში: რაღაც ნაწილი უნდა დაზოგონ ევროში, უფრო მეტი კი – დოლარში, რადგან ყველა საქმიანი გარიგება საქართველოში მაინც ამ ვალუტით ხდება. კარგ ბანკში შენახული ვალუტა გარკვეული სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს, თუ საპროცენტო განაკვეთი დაბალია, ინფლაცია კი მაღალი, მაშინ, გამოდის, რომ ჩვენ ბანკს რეალურად ფულს ვჩუქნით, თუმცა, პირველი კლასისა და მაღალი დონის საბანკო დაწესებულებაში შენახული თანხა უფრო მეტად დაცულია და ასეთი ბანკების გაკოტრების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

დღეს ინვესტიციის რაიმე ბიზნესში ჩადება თუ შეიძლება მომგებიანი იყოს?

– ინფლაცია ბიზნესის წამოწყებისთვის ყველაზე სარისკო პერიოდია. როცა ბუნდოვანია ის მომავალი, რომელიც წინ გველის, არაა სტაბილური ეკონომიკა, რომელიც დაბალი ფასებითა და დაბალი უმუშევრობით განისაზღვრება, რაიმე ახალი საქმის წამოწყება ძალიან დიდ რისკებს უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან ინფლაციის დონე ახლა ყველაზე მაღალია: 2005 წელს ინფლაცია იყო 6,2 პროცენტი, 2006 წელს – 8,8 პროცენტი, 2007 წელს –11 პროცენტი, 2008 წელს – 5,5 პროცენტი, 2009 წელს 3 პროცენტი, შარშან კი 11,2 პროცენტი. ამავდროულად, საქართველოში უმუშევრობის დონე 17 პროცენტს შეადგენს. ასეთ პირობებში ბიზნესის სწორად დაგეგმვა და რაღაც გათვლები ძალიან არარეალურია. იმის მიუხედავად, რომ ასეთ გაძვირებულ ფასებში წარმოებას უფრო მეტად უნდა აწყობდეს მუშაობა, ისინი ცდილობენ, ისეთ ქვეყნებში დააბანდონ თანხები, სადაც ეკონომიკა სტაბილურია და ფასები ასე მნიშვნელოვნად არ იზრდება.

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთან ახლა ფულის ჩადება შეიძლება სოფლის მეურნეობაში – ამ სფეროში დაბანდებული თანხები მომავალში სერიოზული მოგების მომტანი შეიძლება გახდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა ორიენტირებული – სასურსათო პროდუქტის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან შემოდის – ადგილობრივ პროდუქციას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უპირატესობა, თუ ამ სფეროში დიდი ინვესტიცია განხორციელდება, სურსათის რეალიზაციის პრობლემა კი საქართველოში არ არსებობს, ფასების ზრდის მიუხედავადაც კი. რისკები, რა თქმა უნდა, ამ ბიზნესშიც მაღალია: ჯერ ერთი, არ არსებობს სადაზღვევო მომსახურება – სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია ამინდზე, ბანკებიც სწორედ ამიტომ არიდებენ თავს ამ სფეროში სესხების გაცემას, რადგან ეს სფერო არალიკვიდურია. ბანკი დიდი სიამოვნებით ჩაიდებს გირაოში ბინას ვაკეში და არა მიწის ნაკვეთს, რომელიც, შეიძლება, თბილისთან ახლოსაც კი იყოს, რადგან მიწა მისთვის ნაკლებად საინტერესოა.

გაზაფხულზე რა პერსპექტივა გველის, ფასები კიდევ გაიზრდება?

– მომავალ მოსავლამდე ფასები, ალბათ, გააგრძელებს ზრდას. ივლისის-აგვისტოს შემდეგ, შესაძლოა, გაიაფდეს ხორბალი, რაც არის სასურსათო პროდუქტის ფასების ერთგვარი ლოკომოტივი, ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც დაბალი შემოსავლებია, სამომხმარებლო კალათაში სურსათს ხომ ყველაზე დიდი წილი უკავია. დიდი შემოსავლის დროს სურსათზე გაწეული ხარჯი არ ჩანს, მოსახლეობის დიდ ნაწილზე კი ეს მკვეთრად აისახება. გაზაფხულზე ინფლაციის დონე, ალბათ, ისევ 10 პროცენტი იქნება, მაგრამ შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით ფასები აუცილებლად გაიზრდება.