"რატომ ვანადგურებთ ყველაფერს"

იმდენს გავიძახით, ქართველებს ღვთისმშობელმა თავისი წილი ედემი გვაჩუქაო, რომ საჩუქარსაც მოვლა რომ უნდა, დაგვავიწყდა. პირიქით, რაც შეგვიძლია, ვანადგურებთ. ღმერთმა ნუ ქნას, სანამ ყოველივეს გავაცნობიერებთ, დაგვიანდეს, თუ ტყეში ფრინველი აღარ დარჩა და მდინარეში თევზი, საჩუქარი თვალსა და ხელშუა გაგვიხრიოკდება. 

ამას წინათ, გურულმა სტუმარმა მიამბო: ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე გავიარე და იმდენი ნაძირალა ვნახე ხელში ელექტროსადენით, თვალთ დამიბნელდაო. ის კი აღშფოთებული იყო, მაგრამ  მე არ გამკვირვებია, - ჩვენში, სამწუხაროდ, ასეთი ამბები ადრეც ხდებოდა და ახლა რა  გამოგვასწორებდა. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ თუკი შევძლებთ და ყველა ამ მიზეზზე მაღლა პირადულს კი არა, საქვეყნო საქმეს დავაყენებთ, ჩვენს ქვეყანას  მაშინ ეშველება. მით უფრო, რომ ჩვენს ცნობიერებას ქვეყნის პატრონობის ნიჭი შემონახული აქვს, - ჩვენ ხომ არც ერთ იმ ხალხზე ნაკლებად არ გვიზრუნია სამშობლოსთვის, ვინც ახლა თავის ქვეყანას ასე ვთქვათ, ზედ დაჰკანკალებს... უნგრეთი მინდა გავიხსენო, - იქ ყოფნისას ჩემმა მასპინძლებმა ბალტიის ზღვაზე წამიყვანეს. სადაც ოჯახის უმცროსი წევრის ანკესს იმხელა კობრი წამოეგო, რომ ბიჭი სიხარულისგან აყვირდა. ჩემდა გასაკვირად, ჩემი მასპინძელი დიდად არ აღფრთოვანებულა შვილის მონაგარით, ჯიბიდან ამოიღო სანტიმეტრი, თევზი გაზომა და ზღვაში მოისროლა. ყმაწვილი მეთევზე მორჩილად შეხვდა ამ ამბავს. გაკვირვებულმა ვიკითხე, - ეს რა გააკეთეთ-მეთქი. კანონი ასეთია. ამ სანაპიროზე მხოლოდ 30-სანტიმეტრიანი კობრი უნდა დაიჭირო, ეს კი 28 სანტიმეტრი იყოო, - მიპასუხეს მშვიდად. არადა, მთელ იმ არემარეზე ეკომცველი წამლად არ ჭაჭანებდა!

საქართველოში არასოდეს ყოფილა მსგავსი კანონმდებლობა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ საქმეს ტრადიცია, ანუ დაუწერელი კანონი აწესრიგებდა, - თურმე მდინარეებისპირა სოფლებში გლეხკაცებს  სათევზაოდ პატარა ბიჭები დაჰყავდათ, რათა ბადეს ამოყოლილი ლიფსიტები ამოერჩიათ და წყალში გადაეყარათ. სწორედ ასეთმა ტრადიციებმა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა.

მტერს არაერთხელ ავუოხრებივართ, მაგრამ კაცი შიმშილით არ კვდებოდა,

რადგან წყლები თევზით იყო სავსე, ტყეები კი ნადირ-ფრინველით. თუმცაღა ახლა როცა მრავალი გარემოების გამო, კაცი მიწა-წყალს კი არა, საკუთარ თავსაც აღარ ინდობს, ეგებ ჩვენც შემოგვეღო ისეთი კანონები, სადაც თევზის დაჭერა სწორედ სანტიმეტრების მიხედვით იქნებოდა განსაზღვრული, ხოლო ცხოველისა - არა იმით, ვინ რამდენ ჯარიმას გადაიხდის (როგორც ახლა მკვიდრდება), არამედ გაცილებით  მკაცრი სასჯელით, თორემ ვინ იცის, ვის რა წამოუვლის და ვის რამდენი ფული ექნება და ამის მიხედვით მთელი საქართველოს ფლორასა და ფაუნას შეიწირავს.