ქართული ნარკოტიკული ეთნოსუიციდი

ქართული ნარკოტიკული ეთნოსუიციდი

ჯერ კიდევ 70-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ალაპარაკდნენ ნარკომანიისა და ნარკოტიკების შესახებ, რაც იმ  დროისთვის ნამდვილი „საკავშირო მასშტაბის სენსაცია იყო“. საბჭოთა ახალგაზრდობა ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაავადებული იმავე მანიით, რითაც „კაპიტალისტურ ჯუნგლებში“ წამლავდა მომავალ თაობას ბურჟუაზია.

არადა, სინამდვილეში საქართველო თავისი მაშტაბის ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში. განსაკუთრებით იჭი დაალპო და გადააგვარა ამ ბინძურმა ვნებამ, რამდენი სრულიად უმანკო ადამიანი გაუბედურდა, რამდენი „გაიპარა“, რამდენი მოიწამლა უხარისხო „ანჰიდრიდის“ წყალობით, რამდენს ციროზში გადაეზარდა ღვიძლის დაავადება და ასე შემდეგ.

იყვნენ არა სოციალური ნაძირალები, არამედ, ეგრეთ წოდებული, „ოჯახისშვილებიც“ - თუმცა, ბევრი მათგანის მშობელმა დღემდე არ იცის, რომ მისი შვილი „პლანს ეწეოდა“, წამალს იკეთებდა და სარდაფებში „ანჰიდრიდს“ ხარშავდა.

იყვნენ „მოყვარულები“, რომლებიც დღეს პოლიტიკაშიც კი გვხვდებიან და იყვნენ ნამდვილი ნარკომანები - ისინი წამალს იკეთებდნენ არა „სამარიაჟოდ“, არამედ „ლომკის“ მოსახსნელად - „იჯდნენ“ თვეობით და „არყით ვეღარ გამოდიოდნენ.

არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ იმ დროს (20-25 წლის წინათ) სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი „კალიკებს ყლაპავდა“, ან „კოკნარს ჭამდა“ და ისე შედიოდა ლექციებზე, სადაც თვალებს ნაბავდა, ან ცუდად ხდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ერთი პერიოდი ხმებიც კი გავრცელდა, ნარკომანების ამოსაწყვეტად ხელისუფლებამ მოწამლული ანჰიდრიდი შემოაგზავნაო (იგულიხსმებოდა „ბარიგებში შემოგზავნა“), თუმცა, ამას მაშინაც ვერავინ გაბედავდა.

სინამდვილეში, საეჭვოა მას შემდეგ ბევრად გაუმჯობესებულიყო ვითარება. უფრო პირიქით - თუ 70-80-იანი წლების დასაწყისში „ჰეროინი“ დიდი იშვიათობა იყო (ისევე, როგორც ლსდ-ს) და მას, ვისაც ჰეროინი ჰქონდა „გაჩხერილი“, ისე უყურებდნენ, როგორც კოსმოსში ნამყოფს.

დღეს ეს არავის უკვირს. პოლიციის (მაშინდელი მილიციის) ზოგიერთი თანამშრომელი ისევ „შეკრულია“ და თვითონაც „სარგებლობს“ - წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია უბანში „წამლის ბარიგა“ იყოს და პოლიციამ არ იცოდეს.

რაც შეეხება ნარკოტიკების შემოსვლის წყაროებს, აქ სიახლე მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს მთიან რეგიონებში (განსაკუთრებით, კოდორის ხეობაში) განუზომლად გაფართოვდა „კანაპლიისა“ და „მაკის“ პლანტაციები და თუ უწინ საქართველო „იმპორტიორი“ მიანც იყო, დღეს „ექსპორტზეც“ გადის ეს საქონელი - სავალუტო მაინც არ შეგვაქებს, თუმცა, მილიონობით დოლარი კი შემოდის.

ალბათ, საქართველოში ყოველწლიურად, ნარკოტიკების გავრცელების სხვა გზებია პანკისის ხეობა, ცხინვალის რეგიონი და (ისევ)! ქვემო ქართლი ბორჩალო-მარნეულის გზის მონაკვეთი ცენტრალური აზიიდან - ევროპამდე, უპირველეს ყოვლისა სწორედ ნარკოდილერებმა აითვისეს და საერთოდ, საქართველო ძალიან „სუსტი რგოლია“ საიმისოდ, რათა წინ აღუდგეს ნარკოტიკების უზარმაზარ მდინარეს აზიის „ოქროს ნახევარმთვარიდან“ (ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მდებარე კოლოსალური ქარხნებიდან) ევროპისა და ამერიკისაკენ.

ეს მდინარე თუ მართლა დაიძრა - წაგლეკავს: მასთან მეტ-ნაკლებად ეფექტიან ბრძოლას ორი მილიარდი დოლარი მაინც დასჭირდება (ვგულისხმობ სპეცაპარატურას, კადრების მომზადებას), ანუ საქართველოს ბიუჯეტზე 4-ჯერ მეტი. მოსალოდნელია აგრეთვე, რომ სავიზო რეჟიმის გამო, მოსკოვიდან გამოყრილი ქართველი „შავები“ ამ მდინარეში დაიწყებენ თევზის ჭერას, ანუ კიდევ ერთი კატეგორიის „შავი ფული“ გაჩნდება საქართველოში, რომლის „გარეცხვის“ შემდეგ იგი პოლიტიკაშიც უეჭველად დაბანდდება.

ცხინვალიდან შემოსული ნარკოტიკებიც „პოლიტიკური აქციაა“, რითაც ახალშობილი „ოსური რესპუბლიკა - ალანია“, მისი ორივე ნაწილით, ბიუჯეტსაც ავსებს და საქართველოშიც დივერსიას აწარმოებს.

თანაც, ძალიან ძნელი სათქმელია, ამ საქმეს საერთოდ რა ეშველება, ვინაიდან ნარკოტიკის მომხმარებლის დასჯა გამოსავალი არ არის. რაც შეეხება გამყიდველ შემომზიდავს, მათ მალაიზიაში პანტაპუნტით ხვრეტენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.

ერთადერთი პერსპექტიული გამოსავალია თვით ახალგაზრდობის შეგნება.

ჰოლანდიაში ნარკომანია ლეგალიზებულია, ამსტერდამის ცენტრში წააწყდებით მინდორზე წამოკოტრიალებულ ნარკომანებს, თუმცა, იქაურ ახალგაზრდობაში ნარკომანიის გავრცელების დონე არც ისე მაღალია.

რაც მთავარია, არც ერთ ნორმალურ ახალგაზრდას აზრად არ მოუვა, ნარკომანობა პრესტიჟულად მიიჩნიოს. პირიქით, იქ ეს სრული და უიმედო საზოგადოებრივი ნაძირლობაა.