ქართული ბადაგონი ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია

ქართული ბადაგონი ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დადასტურებას ქართველები მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგანაც ველოდებით. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ამ საქმეში ჩართულნი არიან საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, მათ შორის, „ნასას“ ლაბორატორია, პენსილვანიის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის დნმ-ის კვლევითი ცენტრი, მონპელიეს და მილანის უნივერსიტეტები.

პროექტი სამეცნიერო ხასიათისაა და მისი მიზანი ქართული ვაზის წარმოშობის დადგენა და იდენტიფიცირებაა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნასას“ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პირველი პარტიის შედეგებმა აჩვენა, რომ რამდენიმე ნიმუშიდან ერთში ე.წ. ღვინის მჟავის ნაშთია აღმოჩენილი. უკვე გაგზავნილია ნიმუშების მეორე პარტია, რომელზეც კვლევა დეკემბერში დასრულდება.

„ამერიკელ მკვლევარს, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, საანგარიშო წელი უმთავრდება, გარკვეული მასალა აქვს გაგზავნილი საანალიზოდ უცხოეთში და ამის შედეგებს ველოდებით. ის, რომ საქართველო მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ქვეყანაა, ქართული ღვინის ავტორიტეტსა და პოპულარიზაციას წაადგება. ეს კვლევითი პროცესია, დამატებით არგუმენტებს ვაგროვებთ ქართული ღვინის წარმომავლობის შესახებ, თორემ საქართველო აქამდეც იყო აღიარებული ღვინის სამშობლოდ. ჩვენ ვლაპარაკობთ შულავერის კულტურის არქეოლოგიურ მასალაზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე ათასწლეულს მიეკუთვნება“,-აცხადებს დავით მაღრაძე.

რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ მოქიშპეებს, ვინც მეღვინეობა-მევენახეობის წარმომავლობაში გვეცილება, დავით მაღრაძე განმარტავს, რომ მეღვინეობა და მევენახეობა ისეთი პრესტიჟული დარგებია და ისე ავტორიტეტულია მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს შორის, რომ მთელი ხმელთაშუა ზღვის სამყარო ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ღვინის აკვანი მათთან დაირწა. თუმცა ქართველებს ზურგს უმაგრებს საქართველოში აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალა, ასევე, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რაც იუნესკომ მსოფლიო მიღწევად აღიარა და, რაც საუკუნეების განმავლობაში დასტურდება.

„საბედნიეროდ, საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი არქეოლოგიური ძეგლია და არქეოლოგები ხუმრობენ კიდეც, საქართველოს არქეოლოგია მეღვინეობა-მევენახეობის არქეოლოგიააო. ასე რომ, შულავერის აღმოჩენის გარდა, იყო მტკვარ-არაქსის კულტურა (4-2 ათასი წლის წინ), თრიალეთის კულტურა, შემდეგ ანტიკური პერიოდი, რომელშიც ჩვენ მეღვინეობა-მევენახეობის დამადასტურებელი საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს. „ნასას“ ლაბორატორია ჩვენს მიერ გაგზავნილ ნებისმიერ მასალას შეამოწმებს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული ლაბორატორიული ანალიზია და ყველაფერს ვერ გავწვდებით. ამიტომ შევარჩიეთ ძველი ნიმუშები და დავუმატეთ ახალი ნიმუშიც“.

ის, რომ ქართული ბადაგონი ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია, ამის შესახებ წლების წინ ჩვენთან საუბრობდა აწ გარდაცვლილი მეცნიერი, გეოლოგი ზაურ ქოქრაშვილი და გურჯაანის სოფელ მელაანში უძველესი დროის წარმართული სამლოცველოს ტერიტორიაზე მიკვლეულ ბრინჯაოს სკულპტურის უნიკალურობას აღიარებდა.

ეს სკულპტურა გახლდათ მკლავგაშლილი, ამაყად მდგარი მამაკაცის გამოსახულება, სიმაღლით 18, 7 სმ, რომელსაც მხარიღლივ სატევარი ჰქონდა ჩამოკიდებული, მარჯვენა ხელში კი ღვინით სავსე ყანწი ეჭირა. ბრინჯაოს ფიგურა ძვ.წ-აღ-ის მე-11-9 საუკუნეებით თარიღდებოდა და მსგავსი ფიგურა კახეთში რამდენიმე იყო. როგორც ჩანს, ქართველებმა 31 საუკუნის წინ ჯერ გამოძერწეს მამაკაცის ეს ფიგურა, შემდეგ ბრინჯაოში ჩამოასხეს და იგი უთუოდ ვაზისა და ღვინის მფარველი ღვთაების ფიგურა გახლდათ.

ქრისტიანობამდელ უძველეს ქართულ ღვთაებას ბადაგონი ერქვა და ქართველთა წარმართული ღვთაებების შესახებ ექვთიმე მთაწმინდელი „მცირე სჯულის კანონში“ წერდა, რომ ეს ღვთაებები იყვნენ „არმაზი, გაცი, გაიმი, ბოჩი და ბადაგეონ, რომელი იგი ყურძენსა წნეხდეს“.

ზაურ ქოქრაშვილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ღვინის აკვნად აღიარებას შემდეგი ფაქტები ამყარებდა: ჩვენს ქვეყანაში ველური ვაზის მრავალრიცხოვანი ფოთლების ანაბეჭდები აღმოჩნდა აჭარა-თრიალეთის ქედის ტერიტორიაზე, გოდერძის წყებაში, რაც 15 მილიონი წლის წინანდელი იყო. ამ ტერიტორიაზე ვულკანური აქტივობის შემდეგ, ვულკანის მიერ ამონთხეული ფერფლის ქვეშ იმარხებოდა მცენარეული საფარი, მათ შორის, მრავლად იყო ვაზის ღეროებიც. შულავერის გათხრების დროს კი კულტურული ვაზის წიპწები გამოვლინდა, რადიოკარბონული მეთოდით, მათი ასაკი ძვ.წ. აღ-ის 7000-6000 წელია, რაც მსოფლიოში უძველესია.

მეცნიერის თქმით, მართალია, თურქეთში, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩნდა ყურძნის წიპწები, მაგრამ ქართული მასალა ასაკითა და სახეთა სრულყოფილებით ადასტურებდა, რომ ველური ვაზის კულტივაცია და ღვთაებრივი ღვინის დამზადება ძვ.წ.აღ-ის 7000 წლის წინ და უფრო ადრეც საქართველოში უკვე დასრულებული იყო. ამასვე ადასტურებდა ღვინის მკვლევარი ჰიუ ჯონსონიც, რომელმაც საქართველოს ღვინის აკვნის სახელი დაუმკვიდრა.