სულხან მოლაშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუდია „რაკურსის“ მიერ ჩაწერილ უკანასკნელ ინტერვიუში იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეში პატიმრების ცხედრების დასახიჩრების ფაქტებს. აღნიშნული ინტერვიუ მაყურებელმა „იმედის კვირის“ ეთერში პირველად მოისმინა.
„ციხეში გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილების თავის ტვინის, გულის, სხვა ორგანოების ნაცვლად, პატიმარი ზედმეტ სახელად „სომეხა“ ალაგებდა ხის ყუთის ნაჭრებს ჯოხებს, აგურებს, იატაკის ჭუჭყიან ჩვრებს, სხვადასხვა სისხლიან ნაჭრებს, ზოგჯერ ნაგავს, ზოგჯერ სილას. ისე გაკერავდა გვამს და ისე გაჰქონდათ ხოლმე“,- განაცხადა მოლაშვილმა.
მოლაშვილი იხსენებს, როგორ დარაჯობდა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის ცხედარს, რომ ის არ დაეზიანებინათ.
„ჩემს მეგობარ მირცხულავასთან ერთად, ვყარაულობდი მორგთან იმისთვის, რომ გვამისთვის არაფერი ევნოთ და ნორმალურად გაპატიოსნებული წესით გასულიყო იქიდან“, - იხსენებს სულხან მოლაშვილი.
სულხან მოლაშვილმა ინტერვიუში ასევე გაიხსენა, რომ პატიმარ „სომეხას“ შეხვდა ერთ-ერთ ოპოზიციურ აქციაზე, სადაც ის ოპერატიული დავალებით იყო მისული.
„ერთ-ერთ ოპოზიციონერ მომიტინგეთა შორის ზუსტად ეს კაცი, ზედმეტ სახელად „სომეხა“ გახლდათ მიტინგის აქტიური მონაწილე და ჩვენს წინ დროშით ხელში მიუძღვებოდა კოლონას, ის იყო ოპერატიულ დავალებაზე გასული და ჩვენი ხანმოკლე საუბრის შემდეგ მან დატოვა იქაურობა. მე გავშიფრე და ამიტომ ის იძულებული იყო, მიტინგის დასაწყისშივე წასულიყო. ამის საპასუხოდ იმ ღამეს ჩემი 14 წლის შვილი სასტიკად სცემეს. იარაღის კონდახით გადაუმტვრიეს ლავიწის ძვლები“,- აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა სულხან მოლაშვილმა.