ჩვენ ვიცოდით, რაც ხდებოდა, ანტისანიტარიაში იყო მოთავსებული ის ბარაკი, სადაც გაკვეთა ხდებოდა. პათანატომმა უნდა გააკეთოს. აკეთებდა ერთ-ერთი პატიმარი. პატიმრის მიერ იყო გვამის გაკვეთა გაკეთებული, - აღნიშნა გადაცემა „იმედის კვირაში“ ორგანიზაცია „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ დამფუძნებელმა დავით მირცხულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ციხეში მომხდარ ფაქტებზე საუბრისას.
„საშინელება ხდებოდა უკვე მიცვალებულებზე, ისეთი დასახიჩრებული გადიოდა გვამები. რაღაც მუყაოს და ქაღალდის ნაგავი მოდიოდა და იქ აგროვებდნენ, რომ როგორც თვითონ ამბობდნენ, გაკვეთის შემდეგ ამ ქაღალდის და მუყაოს მასალას და კიდევ ათასგვარ მასალას ათავსებდნენ გვამში“, - აღნიშნა დავით მირცხულავამ.
დავით მირცხულავამ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტიც.
„ორი ღამე გავათენეთ მორგთან მე, სულხანმა და კიდევ რამდენიმე პატიმარმა, რომ არ გაეკვეთათ და ოჯახს მისვლოდა გვამი დასახიჩრების გარეშე, რასაც აკეთებდნენ. გასახსენებლადაც უმძიმესია. ყოველ დღიურად ასეთი ფაქტები ხდებოდა“, - იხსენებს მირცხულავა.
დავით მირცხულავა ამბობს, რომ მთელი მექანიზმი იყო აწყობილი, რომ იქ ადამიანები მოესპოთ.
„მადლობა ღმერთს, რომ ვერ მოახერხეს. განცდები, ტირილი და უბედურება. კაცის ტირილი როგორი მოსასმენია და მითუმეტეს დაბეჩავებული. ასე ცემაში კლავდნენ ადამიანებს. რაში სჭირდებოდათ ადამიანის გაკვეთა იმ ადამიანის მიერ, ვისაც არაფერი კავშირი მედიცინასთან არ ჰქონდა. რა იყოს ეს, ამოუცნობია. იმ ავადმყოფი ადამიანის გვამი, ან ორგანო რაში სჭირდებოდათ“, - დასძინა დავით მირცხულავამ.