იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ახლა მოსამართლეობაზე ოცნებობს. რამდენად აუხდება ლევან მურუსიძეს ოცნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, როგორც იურისტები აცხადებენ, მას მორჩილებაში ჰყავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ძალაუფლებაც მის ხელშია და ადვილად შესაძლებელია, მურუსიძემ მოსამართლის მანტია მოირგოს. იურისტების განცხადებით, არ დაუშვებენ კუბლაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მარჯვენა ხელის, ლევან მურუსიძის ჩანაფიქრის განხორციელებას.
რატომ არის მიუღებელია ადვოკატთა კორპუსისთვის ლევან მურისიძე და რატომ არის მნიშვნელოვანი ნაციონალებისთვის მურუსიძის მოსამართლეობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ადვოკატს, ირმა ჭკადუას ესაუბრა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომლის ბიოგრაფია დატვირთულია პოლიტიკურად მიღებული განაჩენებით, აქვს კი უფლება ისაუბროს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე?
ირმა ჭკადუა: მართლაც, არაჯანსაღი სიტუაციაა იუსტიციის საბჭოში. ის ადამიანი მოგვევლინოს მოსამართლეების დამცველად, რომელიც მონაწილეობდა უმძიმეს საქმეებში, დღეს მოისხა მოსამართლის დამცველის მანტია და თითქოსდა მხოლოდ ერთი ადამიანია ლევან მურუსუძე, რომელიც ზრუნავს სასამართლო ხელისუფლებაზე.
თქვენ, როგორც ადვოკატს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მურუსიძის განცხადება, რომ ძველი საქმეები არ უნდა გადაიხედოს?
- ძველი საქმეები უნდა გადაიხედოს და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ბატონმა მურუსიძემ, ყველა შემთხვევაში გადაიხედება ძველი საქმეები. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია ის, რომ ლევან მურუსიძეს ამდენის ლაპარაკის უფლება აქვს. ყველა კარგად იცის, რომ ამ ქვეყანას გაცხადებულად ჰყავს 220 პოლიტპატიმარი, ამ დადგენილებას აუცილებლად უნდა მოყოლოდა შემდგომი გაგრძელება საკანონმდებლო დონეზე.
და რა კავშირშია 220 პოლიტპატიმართან მურუსიძე?
- იმ კავშირშია, რომ 220 უკანონო განაჩენი არსებობდა მაშინ, როდესაც ბატონი მურუსიძე გახლდათ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას არ სურს ძველი საქმეების გადახედვა, იმიტომ, რომ გამოაშკარავდება მათი დანაშაული. უკანონო განაჩენების გადახედვა ეს არის ხალხის დაკვეთა და არა ლევან მურუსიძის.
ადამიანები, რომლებიც უკანონო განაჩენით იმყოფებოდნენ ციხეში, ყველა შემთხვევაში მოხდება მათი საქმეების გადახედვა და აქედან გამომდინარე, მურუსიძის ეს ისტერიკა ძალიან ბუნებრივია. დაიწყო ისტერიკა მაშინ, როდესაც საფრთხე შეექმნათ იმ განაჩენებს, რომლის ავტორები არიან მურუსიძე და მისი თანამოაზრეები. ამის დასტურია იუსტიციის საბჭოს ბოლო სხდომა, სადაც სწორედ ის მოსამართლეები ცხარობდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იქცეოდნენ, როგორც ჯალათები.
დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ არის საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა ლევან მურუსიძეს დაქვემდებარებულ უწყებას ამ საკითხზე არ უმსჯელია. რატომ?
- ნადვილად გეთანხმებით და ყველამ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არც ერთი მოსამართლის მიმართ არ განხორციელებულა დისციპლინარული დევნის საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ მძევლად არიან გარკვეული ადამიანები იმ საბჭოში, რომლებიც დაკავებული უნდა იყვნენ დისციპლინარული წარმოებით. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ერთი ადგილი არის ვაკანტური, პრაქტიკულად იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების უუნარო ორგანოა.
არ ვიცი რა ფორმატი უნდა იქნეს გამოძებნილი იმისათვის, რომ ქმედითუნარიანი გახდეს თვითონ ეს კოლეგიური ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა აგებინოს იმ დამნაშავე მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში გამოჰქონდათ უკანონო განაჩენები. ათასობით საჩივარია შესული და არც ერთ საქმეზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. რეალურად არსებობს ორგანო, რომელსაც ეკისრება საკმაოდ დიდი ფუნქციები, მაგრამ ის ამას არ ასრულებს. რატომ არ ასრულებს, ეს უნდა ვკითხოთ ბატონ მურუსიძეს.
თქვენ ამბობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის გადაწყვეტილების უუნარო ორგანო, ეს არის მიზეზი, რატომაც არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას?
- იმიტომ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რომ ბატონი მურუსიძის მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული ეს ორგანო.
თქვენ ხედავათ ტენდენციას, რომ მოსამართლედ არ ინიშნება პიროვნება, თუკი მჭიდროდ არ არის დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და ვიცით, რომ ხმათა უმრავლესობით წყდება ამა თუ იმ მოსამართლის დანიშვნის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ჭკვიანი ახალგაზრდაა მზად იმისთვის, რომ მოისხას მოსამართლის მანტია და განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება. ეს ახალგაზრდები დაბლოკილი არიან იმიტომ, რომ თავის დროზე ესენი იყვნენ კონკრეტული მოსამართლეების თანაშემწეები, რომლებსაც არ დაემორჩლნენ და თავის პოზიციას რაც სასამართლოში ხდებოდა, ხმამაღლა ამბობდნენ. მაშინ იძულებული გახდნენ, რომ ხმაურის გარეშე დაეტოვებინათ სასამართლო, რადგან დაკავების წინაშე იდგნენ. ჩვენ თუ გადავხედავთ რაიონებს, ვნახვათ, რომ ყველა სასამართლოს თავმჯდომარე პირდაპირ დაკავშირებულია წინა ხელისუფლებასთან, ან ბატონი კუბლაშვილის ცოლის მეგობარია, ან კუბლაშვილის კლასელია, ან რომელიმე მოსამართლის ცოლის დაქალია და ა.შ. ბევრი მოსამართლე დაუმსახურებლად არის დანიშნული უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ.
ლევან მურუსიძე პირადად იყო არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლე და მისი გადაწყვეტილება არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის სტრაბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ძალიან მწვავე კრიტიკის საფუძველი. დღეს ლევან მურუსიძე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ყოფილ ხელისუფლებასთან, ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ნაციონალებისთვის მურუსიძის სააპელაციოში გამწესება?
- თუკი მოხდა და მურუსიძემ გადაინაცვლა სააპელაციო სასამართლოში, ეს იქნება სერიოზული პრობლემა და მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. იმიტომ, რომ არჩევნები საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში. როგორც ჩანს, მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გადაპორტირება პირდაპირ კავშირშია საპარლამენტო არჩევნებთან.