ვართ თუ არა ფოთლებით შემოსილი საზოგადოება და სად არიან დაყარაულებული ნაგაზები?

ვართ თუ არა ფოთლებით შემოსილი საზოგადოება და სად არიან დაყარაულებული ნაგაზები?

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ბოლო კრიტიკულ კომენტარებს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთო-ს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლენის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
„ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ აქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების სააგენტო -Sida; არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი "ემპათია"; სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აწერენ ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას განცხადებით, ჩვენი რეპუტაციის გაუარესება დავიწყეთ მაშინ, როცა აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პარლამენტარმა არ იცის რა არის „იბიარდი“, ამ ყველაფერ კი ემატება მაღალი რანგის პოლიტიკოსების მუქარა ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ უცხოეთის ელჩებისა და პარტნიორის სახელმწიფოების წარმომადგენლების მიმართ.

„ვგულისხმობ წულუკიანის და მეჭიაურის განცხადებებს. როდესაც კერძო პირი აკეთებს მსგავს განცხადებას ეს მისი კონკრეტული გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ როდესაც ხელისუფლების მაღალი რანგის და საჯარი პირები აკეთებენ განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ თუკი ელჩებმა მართლაც განახორციელეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში არასწორი და გაუმართლებელი ჩარევა, ამ ხალხის გახმობა უნდა მოხდეს ქვეყნიდან. როდესაც ასეთი რადიკალური განცხადებები ხმოვანდება ამ ელჩების მიმართ და ოფიციალური ღონისძიებების განხორციელება არ ხდება, ამაზე უარესი არაფერი არ არის, ეს გვაკნინებს ჩვენ და ჩვენს საზოგაოდებას, იმიტომ რომ მათ ჩვენი სახელით არ აქვთ მანდატი მიცემული. თუ ასეთი მინისტრი და პარლამენტის წევრი გყავს, საზოგადოება, მინიმუმ ფოთლებით შემოსილი უნდა დარბოდეს და მშვილდისარი გვეჭიროს ხელში. ასეთები კი ჩვენ არ ვართ“, - აცხადებს მუხაშავრია For.ge-თან საუბარში.

ჩვენს შეკითხვაზე, ხომ არ ღიზიანდება მოქმედი ხელისუფლება იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყნების საელჩოები წინა ხელისუფლების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი დარღვევის დროს, არ იყვნენ ასეთი მკვეთრნი თავიანთ შეფასებებში, უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპს - ოქრო წესს მივადექით -მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, რომ აღარ ვთქვათ არაფერი დიპლომატიურ ეთიკასა და წესებზე.

„იმათ კარგად ექცეოდით, კარგად აფასებდით და ჩვენ ცუდად, ეს არ აუმჯობესებს და არ ცვლის შეურაცხმყოფელი გამონათქვმების შინაარსს და თუ ამ ფაქტებს მართლაც აქვს ადგილი, ხელისუფლება ხმამაღალი გამონათქვამებით კი არა, ოფიციალური საპროტესტო წერილით უნდა პასუხობდეს, რომ კონკრეტული ელჩი, რომელიც ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, გაწვეულ უნდა იქნეს ქვეყნიდან. ეს არის კორექტურული და მიღებული, ასე იქცევა თავმოყვარე სახელმწიფო, რომელსაც კვალიფიციური ხელმძღვანელობა ჰყავს.

ერთი უბედურებაა რომ მყავს ხელისუფლება, რომელიც სათანადო პასუხს ვერ სცემს ვერავის და მეორე უბედურებაა, რომ ეს ხელისუფლება მთელი მსოფლიო მასშტაბით მჭრის თავს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

არის თუ არა ხელისუფლების და კერძოდ, ყოფილი პრემიერის მხრიდან სამოქალაქო სექტორის საქმიანობის და როლის დაკნინების მცდელობა, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად, მილიარდერები და დემოკრატია ძნელად დასაკავშირებელი ცნებებია და თუ რაიმე გამონაკლისი არსებობს, ეს ბილ გეიტსია, რომელიც საკუთრი ინტელექტით გახდა მილიარდერი.

„ჩვენი მოქალაქე მილიარდერი, რომელიც თავს ასაღებს რიგით მოქალაქედ, რომელმაც სამოქალაქო სექტორში გადასვლა ამჯობინა ქვეყნის პრემიერ მინისტრის სავარძელს, დღეს ისეთივე გულწრფელია, როგორც ყოველთვის. ცნობილია მისი გაღიზიანება, ჯერ კიდევ მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თუნდაც ისეთის, როგორიც საია-ა და დღესაც, უკვე რიგითი მოქალაქის სტატუსით აგრძელებს თავის მცდელობას - რასაც ფიქრობს, იმას აცხადებს. ამით, ალბათ, ის ჯობია სხვა ქვეყნების მილიარდერებს, რადგან სხვა ქვყნებში ისინი მაამებლურად გამოდიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომელთაც შეუძლიათ რაიმე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ამით განერიდებიან სამოქალაქო სექტორის თავდასხმებს“,-აღნიშნავს ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ერთობლივ განცხადებას, რომლებიც, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას ადამიანების ღირებულებების დაკნინების მცდელობად აფასებენ ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე, „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი მოხარულია, რომ ამ ერთობლივ განცხადებას, არასამათავროების არა მხოლოდ სამეული აწერს ხელს, არამედ თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი რიცხვი კიდევ მეტი იქნება, ვინც წინააღმეგი არ იქნებოდა ხელი მოეწერა ამ განცხადებისთვის.

„საინტერესო გამოკითხვა შემოგვთავაზა ტელეკომპანია „მაესტრო“-ს ხელმღვანელობამ, ალბათ, დიდი პრემიის მოლოდინში, გაიგო რა ყველაზე „თავმდაბალი ჩვენი რიგითი მოქალაქის“ დამოკიდებულება „საზოგადოების დაბინძურების შესახებ“, ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მოქალაქეების მხოლოდ 4%-ია კმაყოფილი არასამთავრობოების მუშაობით, 96% კი უკმაყოფილო. საზოგადოების სიჯანსაღე კი სწორედ არასამთავრობო სექტორის აქტიურობით და მათი როლით ფასდება ქვეყანაში.

არცერთ მილიარდერს არ სურს, რომ სადმე შორიახლოს ეგულებოდეს დაყარაულებული ნაგაზი. სწორედ ეს არის მთავარი ფუნქცია ევროპული წარმოდგენისა არასამთავრობო სექტორი მიმართ და ევროპა არასამთავრობო სექტორის გარეშეც იგივეა, რაც ჩვენი რიგითი მოქალაქე - უხუცესი გახვრეტილი შაუარიანით ჯიბეში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.