„რუსეთის იტერესების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უპირობო აღიარება სისულელე იყო. ისინი, როგორც ჩანს, ამას აცნობიერებენ. რადგან რუსეთისთვის პრორუსული საქართველო უფრო ხელსაყრელია, ვიდრე პრორუსული აფხაზეთი, იმიტომ რომ ეს საქართველო თავის თავში მოიცავს აფხაზეთსაც. რუსულმა კაპიტალმა შეიძლება, გააკონტროლოს აფხაზეთის შავი ზღვისპირა კურორტები. ამას გარდა, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შავი ზღვის პორტები. თუკი საქართველო რუსეთთან გააფორმებს ასეთ ხელშეკრულებას, რუსეთს ეს ძალიან მისცემს ხელს. მათ არ შეუძლიათ დღეს სოხუმის გამოყენება თავიანთი ფლოტის ბაზირებისთვის, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლას“, – ეს მოსაზრება ებრაელ პოლიტოლოგს, რაბინსა და კავკასიის საკითხების ექსპერტ აბრაამ შმულევიჩს ეკუთვნით.
უფრო მეტიც, მასვე ეკუთვნის მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაცია შექმნილი ჩიხიდან ერთ-ერთ გამოსავლად აფხაზეთის გაყოფას განიხილავდა, ბუნებრივია, საქართველოს და რფ-ს შორის და იმ ვერსიასაც ამუშავებს, რომ შესაძლოა, აფხაზეთის ერთ რომელიმე ნაგლეჯზე ოფშორული ზონა გაკეთდეს, რაც რუსული კაპიტალისთვის მისწრება იქნებოდა, რომელსაც დიდად არ აქვს გზა ხსნილი დასავლურ ფინანსურ სისტემაში.
აბრაამ შმულევიჩს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, რა შეცვალა საქართველოში ხელისუფლების ცვლამ რფ-ის გეგმებში მხოლოდაღიარებული ტერიტორიების მიმართ.
თქვენი აზრით, საქართველოში ხელისუფლების ცვლა ხელს შეუწყობს, თუ, პირიქით, შეუშლის იმ სცენარის განვითარებას, რაზეც თქვენ საუბრობდით? ვგულისხმობ, აფხაზეთის გაყოფის გეგმას.
– მე ვფიქრობ, რომ უფრო ხელს შეუშლის, რადგან სააკაშვილის პოლიტიკის მთავარი ხაზი იყო „ნატოში“ გაწევრიანება. ახალი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ იზიარებს ამ კურსს, მაგრამ მას წინა პლანზე სხვა პრიორიტეტები აქვს. „ნატოში“ გაწევრიანების პოლიტიკა ვერ განხორციელდებოდა, თუ არ დარეგულირდებოდა კონფლიქტი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“. რაც უნდა ილაპარაკოს „ნატომ“, თუკი ქვეყანაში არსებობს ეთნიკური ომის გაჩაღებისა და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხე, ის არ მიიღებს თავის რიგებში ასეთ ქვეყანას. ამიტომ რაღაც ეტაპზე სააკაშვილს შეეძლო, წასულიყო რაღაც შეთანხმებებზე ამ კონფლიქტის დარეგულირებისთვის „ნატოში“ გაწევრიანების ხათრით.
და, თქვენი აზრით, ამ შეთანხმების შედეგი რა იქნებოდა, აფხაზეთის ჩართვა საქართველოს შემადგენლობაში თუ?
– მე არაერთხელ დამიწერია, რომ კრემლი შეიძლებოდა, წასულიყო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ გაყოფაზე. ასეთი ვარიანტი განიხილებოდა მოსკოვში, იმიტომ რომ კრემლისთვისაც არ არის ხელსაყრელი შექმნილი სიტუაცია, რადგან აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება ჩავარდა. მე მახსოვს ჩემი საუბრები მოსკოვში 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ისინი მარწმუნებდნენ, რომ უახლოეს მომავალში ბევრი, 20-მდე სახელმწიფო აღიარებდა აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“. ეს არ მოხდა და ეს რუსეთის დიპლომატიის დიდი ჩავარდნაა. მეორე მხრივ, ქვეყანა ოკუპანტის სტატუსი არაფერს კარგს არ უქადის რუსეთს და ეს სტატუსი იწვევს გარკვეულ სანქციებს. მით უფრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაინტერესებულია, რაც შეიძლება, ცოტა არაღიარებული სახელმწიფო იყოს და, ამდენად, ისინიც დაინტერესებულნი არიან, რომ ეს კონფლიქტი დარეგულირდეს და აღარ იყოს ომის კერა. ასე რომ, ასეთი გაყოფა შედიოდა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის ინტერესებში და სააკაშვილს ეს შეიძლებოდა, მიეწოდებინა ქართველი ხალხისთვის, როგორც გამარჯვება, რომ აფხაზეთის რაღაც ნაწილი მაინც დაიბრუნა. სააკაშვილისთვის „ნატო“ მთავარი კოზირი იყო, ივანიშვილისთვის ის ერთ-ერთი კოზირია. სააკაშვილი მუდმივად ეუბნებოდა თავის ხალხს, რომ საცაა მიიღებდნენ „ნატოში“.
მაგრამ თქვენ, რაკი აკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ხედავთ, რომ „ნატო“ არც ჩქარობდა და არც ჩქარობს. ფიქრობთ, რომ განჭვრეტად მომავალში „ნატო“ აპირებს საქართველოს მიღებას?
– მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნატო“ ვერ მიიღებდა საქართველოს, არის ტერიტორიული პრობლემა და კონფლიქტი რუსეთთან.
არა მარტო. „ნატო“ არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ჩვენი ეკონომიკისა და დემოკრატიის პარამეტრები კი, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს მის სტანდარტებს. ერთადერთი, რითაც ვაკმაყოფილებდით და ვაკმაყოფილებთ „ნატოს“, ეს არის „აისაფის“ ოპერაციებში მონაწილეობა.
– თუ მიზეზებზე ვილაპარაკებთ, პირველი მაინც ტერიტორიებია და მეორე – რუსეთის პოზიცია, მაგრამ, დაინტერესებული რომ იყოს „ნატო“ საქართველოს მიღებაში, გააწევრიანებდა. თუ გავითვალისწინებთ ირანთან ომის საფრთხეს, თუ ირანთან ომი დადგება დღის წესრიგში, საქართველოს გაწევრიანება „ნატოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სტრატეგიულად და მაშინ „ნატო“ თვალს დახუჭავდა სხვა მიზეზებზე.
ახალ ხელისუფლებას რა შეუშლის ხელს, რომ გამარჯვებად გამოაცხადოს აფხაზეთის, თუნდაც, ნაწილის ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში?
– სააკაშვილისთვის მთავარი იარაღი იყო „ნატოში“ გაწევრიანება და ამის გამო შეიძლებოდა, წასულიყო გაყოფის გარიგებაზე, მაგრამ ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ „ნატო“ ერთ-ერთი მიმართულებაა და მისთვის სხვა მომენტებია მნიშვნელოვანი.
რომლები, თქვენი აზრით?
– ივანიშვილს რთული ვითარება აქვს, იმიტომ რომ მან უნდა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. პირველი იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და სოციალური ვალდებულებები.
აი, ამის თქმა მანდოდა, რუსეთთან მოგვარება მეორეხარისხოვანია, მთავარი სოციალური დაპირებებია.
– ეკონომიკური ვითარება საქართველოში ისეთივე რთულია, როგორიც იყო და იმ დაპირებების შესრულება ადვილი არ იქნება და, თუ ამ პირობებში, ივანიშვილი წავა რაღაც გარიგებაზე აფხაზეთთან მიმართებაში, ოპოზიციია ამას გაბერავს. სააკაშვილს არ ჰყავდა ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს ივანიშვილს. რაც უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, მისი ამომრჩევლების ნაწილი მაინც უკმაყოფილო იქნება. ეს ბუნებრივია და ამის ფონზე ის არ წავა გარიგების რისკზე, იმიტომ რომ ოპოზიცია გამოიყენებს ამას მის წინააღმდეგ. ამდენად, ამ მომენტში ალბათობა იმისა, რომ რაღაც გარიგება შედგება აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ მიმართებაში, ნაკლებ სავარაუდოა.
და მხოლოდ იმიტომ რომ, თუ სააკაშვილის დროს გაყოფას დასთანხმდებოდა ქართველი საზოგადოება, ივანიშვილის დროს მთლიანი აფხაზეთის დაბრუნება მოუნდება?
– თუ ეს ახლა გაკეთდება, ოპოზიცია ამას ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარ ბრალდებად გადააქცევს და საზოგადოებრივ აზრს ჩამოაყალიბებს ამის საწინააღმდეგოდ.
გაუჭირდება, იმიტომ რომ ყოფილ ხელისუფლებას თავის მმართველობით ანგარიშზე აქვს ომი.
– ბუნებრივია, რომ აფხაზები უფრო ახლოს არიან ქართველებთან, ვიდრე რუსებთან, ეს მონათესავე ხალხია, მაგრამ მაინც სხვადასხვა და ამ ხალხების ისტორია ითვლის არაერთ ასწლეულს. იყო პერიოდები, როდესაც ეს ხალხები ერთ სახელმწიფოში ჰარმონიულად თანაარსებობდნენ და იყო პერიოდები, როდესაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს მოხდა რუსეთის იმპერიაში, რომელიც იყენებდა პრინციპს: „გათიშე და იბატონე“. ამ ხალხებს შორის გაჩნდა დაპირისპირება და ეს დაგვირგვინდა 1992-1993 წლების ომით. თუ ეს ორი ხალხი ვერ გაიგებს, რომ მათ ერთად უნდა იცხოვრონ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, ეს კონფლიქტი გაგრძელდება და ვერ მიაღწევენ შეთანხმებას. როგორც ვხვდები, საქართველოში არის განწყობა, რომ, როგორც კი აფხაზები დასუსტდებიან, ქართველები მაშინვე რევანშს აიღებენ.
სააკაშვილის დროსაც და ახლაც, ოფიციალურად ასეთი მიდგომაა: ჩვენ იმდენად კარგი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ აფხაზებს თვითონ მოუნდეთ ჩვენთან. არ მგონია, ქართველი საზოგადოება რევანშზე ფიქრობდეს.
– მე ასეთი შთაბეჭდილება არ მრჩება. გასაგებია, რომ ახლა სამხედრო რევანშის საშუალება არ არის, მაგრამ დასუსტების შემთხვევაში, მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, საომარი ვარიანტი ისევ დადგება დღის წესრიგში.
მე გავიმეორებ, რომ არ გეთანხმებით.
– ომის შემდეგ აფხაზებმა მოახერხეს ის, რომ ქართველების გამოდევნით გახდნენ ნაციონალური უმრავლესობა და ისე მართავენ აფხაზეთს, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად: ეს არის მონოეთნიკური სახელმწიფო და, მათი კონსტიტუციით, მხოლოდ აფხაზი შეიძლება, იყოს პრეზიდენტი. ანუ შეცვალეს ის დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც რუსეთის იმპერიამ შექმნა: გაასახლა რა აფხაზები და იმ თავისუფალ მიწებზე ჩაასახლა ქართველები.
რეპლიკას ჩაგირთავთ: ეს ცოტა სხვაგვარად იყო, მაგრამ, რადგან რესპონდენტი თქვენ ხართ, გისმენთ.
– აფხაზებს არ უნდათ უმრავლესობის სტატუსის დაკარგვა. საქართველო კი მათ სთავაზობს, დაუბრუნდნენ იმ სტატუსს, რომელიც ჰქონდათ ომამდე. ლაპარაკია ავტონომიაზე საქართველოს დაქვემდებარებაში. ამდენად, აფხაზებს ეშინიათ, რომ რაღაც პერიოდში ისევ ჩავლენ იქ ქართველები და აფხაზები ისევ უმცირესობა იქნება და დაკარგავენ იმ სტატუსს, რაც იარაღით ხელში მოიპოვეს. არადა, ასეთი ალბათობა არსებობს. მეორე საკითხია, თუ როგორ შეძლებენ აფხაზები შეინარჩუნონ თავიანთი უმრავლესობა და დღევანდელი სტატუსი რუსეთის შემადგენლობაში.
მე მგონია, რომ ამის შანსი საქართველოს შემადგენლობაში უფრო აქვთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ამის თქმა მინდოდა: აფხაზები ახლა ორ ცეცხლშუა არიან. საქართველოს წარმომადგენლები ლაპარაკობენ აფხაზებისთვის იმ სტატუსის დაბრუნებაზე, რაც მათ ომამდე ჰქონდათ, რაც აფხაზებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ არსებობს დევნილების პრობლემა, მაგრამ აფხაზები ფიქრობენ, რომ დევნილების დაბრუნება მათ იმას დააკარგვინებს, რაც იარაღით მოიპოვეს.
მაგრამ დევნილების დაბრუნების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციას, თუ, რა თქმა უნდა, სურთ ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია.
– ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მათთვის დევნილების დაბრუნება ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დასასრულს. ამას გარდა, ის ურთიერთწყენები, რომლებიც დაგროვდა ამდენი წლის განმავლობაში, არსად გამქრალა. მე არ მსმენია არც ერთი ქართველი ექსპერტისგან თუ პოლიტოლოგისგან მსჯელობა იმაზე, თუ რატომ დაკარგა საქართველომ ტერიტორიები.
მე მსმენია.
– ძირითადად, ადანაშაულებენ „კაგებეს“, გარე ძალებს, მაგრამ ვერანაირი გარე ძალა ვერაფერს დაგაკლებს, თუ არ არის საამისო საფუძველი. ამ ორ ხალხს შორის რეალურად არსებობს კონფლიქტი. ამ კონფლიქტის მიზეზები დაითესა მეფის რუსეთის დროს და ის უნდა გადაწყდეს. თუ არ გადაწყდება ეს კონფლიქტი, ქართველები და აფხაზები კიდევ ას წელს იომებენ ერთმანეთთან.
არ გეჩვენებათ, რომ წინააღმდეგობრივია თქვენი მოსაზრებები? თუ აფხაზებს რევანშის ეშინიათ, აფხაზეთის გაყოფის შემთხვევაში საქართველოს მხარეს რომ მოხვდებიან, იმ აფხაზებს არ შეეშინდებათ რევანშის?
– აფხაზებს არავინ არაფერს ჰკითხავდა. კრემლი დათრგუნავდა აფხაზებს და ამით დამთავრდებოდა.
ვიცი, რომ, თქვენი აზრით, ივინიშვილი პრორუსი პოლიტიკოსია. მაშინ ახლა რა შეუშლის კრემლს ხელს, დათრგუნოს აფხაზები და, თუ სააკაშვილს ნახევარს აძლევდა, ივანიშვილს მთლიანად მისცეს?!
– რატომ მისცემს ახლა აფხაზეთს?! მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი პრორუსია, უბრალოდ მას აქვს რაღაც ვალდებულებები კრემლის მიმართ, იმიტომაც მისცეს, ალბათ, თავისი კაპიტალის გამოტანის უფლება. თუმცა ის არ არის მოსკოვის მარიონეტი. ვალდებულებები ჰქონდათ შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. ასე რომ, ვნახავთ, როგორი იქნება ივანიშვილის ევოლუცია. ის არ არის კრემლის მარიონეტი, ამიტომ მას არ მისცემს კრემლი აფხაზეთს.
უცნაური არ არის? სააკაშვილს, რომელიც მკვეთრად პრონატოური იყო, ნახევარს მისცემდაო, ივინიშვილს კი, რომელიც მკვეთრად პრონატოური არ არის, საერთოდ არაფერს დაუთმობსო.
– არ დაუთმობს, რადგან ივანიშვილი არ არის კრემლის ცალსახა მარიონეტი. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მოსკოვში დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ დევნილები აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაშიო“.
საიდან აბრუნებენ: მათ, ვინც რუსეთში ცხოვრობს თუ ვინც დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს?
– ეს მკაფიოდ არ არის ნათქვამი, უბრალოდ დევნილების დაბრუნებაზე ლაპარაკობენ. აფხაზებს კი სწორედ ამის ეშინიათ ყველაზე მეტად. ეს არ არის შემთხვევითი, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო დაეთანხმება კრემლის ყველა მოთხოვნას: ევრაზიის კავშირში შესვლას, დსთ-ში დაბრუნებას და შეიძლება, რუსული ბაზების განთავსებას. ანუ სრულ ჩართვას რუსეთის ორბიტაზე. ამ შემთხვევაში საქართველო მიიღებს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ მთლიანად. ანუ არის ორი ოფცია: პირველი, აფხაზეთის გაყოფა და, მეორე, რუსეთი მთლიანად აბრუნებს ამ ტერიტორიებს, თუ საქართველო დასთანხმდება, მთლიანად შევიდეს რუსულ ორბიტაზე.
ეს კოშმარულ სიზმარში თუ მოხდება!
– ამიტომ მეც არ მგონია ამის ალბათობა დიდი. მე ვამბობ, რომ ივანიშვილს აქვს ვალდებულებები რუსეთის წინაშე, მაგრამ ის არ არის რუსეთის აგენტი და ის ილავირებს მოსკოვსა და ამერიკას შორის.