რატომ არ შეუძლია საქართველოს აჭარის ავტონომიის დამოუკიდებლად გაუქმება

რატომ არ შეუძლია საქართველოს აჭარის ავტონომიის დამოუკიდებლად გაუქმება

მართალია, სამთავრობო დონეზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალციხეში რაბათის მეჩეთი აღდგება, ხოლო ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთი თავიდან აშენდება, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია, მათ შორის, მუსლიმანი ქართველებისაც, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ (ახალციხეში, მოგეხსენებათ, მუსლიმანი მოსახლეობა ფიზიკურად არ არსებობს).  მათი განმარტებით, მეჩეთის აშენება ადგილობრივი მრევლის გადასაწყვეტია და არა უცხო ქვეყნის მთავრობის.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ აჭარას ავტონომიური სტატუსი ყარსის ხელშეკრულებით მიენიჭა, ძირითადად, თურქეთისა და რუსეთის გარიგების შედეგად, თუმცა ამ ხელშეკრულებას ფორმალურად ხელს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების იმდროინდელი წარმომადგენლებიც აწერდნენ. თურქეთის მიერ აჭარისთვის ავტონომიის მინიჭების დაჟინებას საკმაოდ კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: არ სურდა გავლენა დაეკარგა თავის ყოფილ რეგიონზე და მასზე რელიგიური ნიშნით, თუმცა სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში, გავლენა შეენარჩუნებინა. მაგრამ ისე მოხდა, რომ აჭარის მკვიდრი ქართველები თავიანთ რწმენას უბრუნდებიან, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ოსმალეთის იმპერიის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მაგრამ, იმავდროულად,  როგორც სპეციალისტები  ამბობენ, თითქმის გამორიცხულია აჭარის ავტონომიის გაუქმებაც: რაკი ყარსის ხელშეკრულებას ხელს 5 სუბიექტი აწერს, სწორედ ამ ხუთივეს თანხმობა სჭირდება აჭარის ავტონომიის გაუქმებასაც. მით უფრო, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აღიარა ყარსის ხელშეკრულება და ისიც სათქმელია, რომ თურქეთს ჯერჯერობით ამ ხელშეკრულებით მინიჭებული პირობებით არ უსარგებლია.

რა კავშირი აქვს, ან აქვს თუ არა საერთოდ კავშირი, თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ რაბათის მეჩეთის აღდგენასა და ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას ყარსის ხელშეკრულების ამოქმედების დაწყებასთან? ამის გარკვევას აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.

– იმ კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიის შექმნა, თურქეთისთვის იყო კომპრომისი –  გადადებული პარტიის მსგავსი. ის იძულებული იყო, წასულიყო ამ კომპრომისზე: ოსმალეთში გაუქმდა მონარქია და მთელი ეს მოძრაობა დასრულდა ათა თურქით. რომლის ამოცანა მაშინ იყო, რომ თურქეთის ძირითადი ტერიტორია შეენარჩუნებინა, რაც მიემატებოდა მით უკეთესი და ჩვენთან მიმართებაში ეს იყო ახალციხისა და ბათუმის საკითხი. თვითონ ყარსი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დაუბრუნდა თურქეთს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ყარსი ქართული მიწა არასდროს ყოფილა, თუმცა თამარის დროს ჩვენს შემადგენლობაში იყო.

თუმცა ტაო ბიზანტიის იმპერატორმა აჩუქა დავით დიდ კუროპალატს?

– ჩვენ გვიკვირს, რატომ შემოვიდა ბასილი ბულგართმმუსვრელი საქართველოში, მაგრამ სინამდვილეში კუროპალატს ტაო გადასცეს მხოლოდ მის სიცოცხლეში.

და მან გადასცა ბაგრატ მესამეს, გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს. იმიტომაც დაეშურა გრიგოლ ხანძთელი იქ ქართული ტაძრების მშენებლობას.

– დავით კუროპალატის გარდაცვალების შემდეგ ძალით თუ დაიკავებდი ამ ტერიტორიას, თორემ სინამდვილეში სამართლებრივად ბიზანტიას ეკუთვნოდა. უბრალოდ მაშინ ბიზანტიის იმპერატორს არ ეცალა, მაგრამ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ თავისი კანონიერი უფლებების აღდგენა მოითხოვა. ბუნებრივია, გიორგი პირველს ეს არ ესიამოვნა, მაგრამ ჩვენ ბრძოლა წავაგეთ. სხვათა შორის, ბაღვაშებს ბევრს ლანძღავენ, მაგრამ რატი ბაღვაში სწორედ იმ ბრძოლაში დაიღუპა და, როგორც სომეხი და ქართველი მემატიანეები აღნიშნავენ, ის რომ გადარჩენილიყო, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა. ერთი სიტყვით, ჩვენებმა წააგეს და ეს მიწები დაუბრუნდა ბიზანტიას. რაც შეეხება ბათუმს: თურქეთი ვეღარ ინარჩუნებდა ამ ტერიტორიას და იქაურმა ქართველობამ მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარებმა, იცით, რომ გემებიდან ჩამოვიდნენ მაზნიაშვილის მეთაურობით, თურქეთის ჯარს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს...

როდესაც ზავი დაიდო რუსეთსა და თურქეთს შორის, იმ დღეს სადამდეც მივიდა ჩვენი ჯარი, იქ გადის დღეს საზღვარი თურქეთსა და საქართველოს შორის.

– დიახ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველმა ბოლშევიკებმაც სერგო ქავთარაძის მეთაურობით გამოიჩინეს გამჭრიახობაც, ქართული პატრიოტიზმიც და აი, ამ სამი ადამიანის, მემედ აბაშიძის, გიორგი მაზნიაშვილისა და სერგო ქავთარაძის, მცდელობით, ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეობის გამო, აი, ეს გარიგება შედგა. მაგრამ თურქეთი ყოველთვის გამოირჩეოდა დიპლომატიური მანევრებით. მათ თქვეს, კი ბატონო, აჭარა რჩება თქვენთან, მაგრამ ავტონომია იქნება ისლამის, ანუ რელიგიურ საფუძველზეო და ამის გარანტორებად დადგა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყანა. თუმცა რეალურად დღეს მხოლოდ თურქეთია ამ ავტონომიის გაუქმების წინააღმდეგი და თურქებმა ეს გადადებული პარტია აამოქმედეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ოღონდ ძალიან კორექტულად. ვითარება კონტროლდებოდა აბაშიძის დროს. ის არ ყოფილა რელიგიური ფანატიკოსი, თუმცა მონათლულია და მე ვფიქრობ, კარგია, რომ არ ჰქონდა დაპირისპირება რელიგიური ნიშნით. ის ცდილობდა ბალანსის დაცვას. თუმცა მის დროსაც შენდებოდა ჯამეები და შენდებოდა ეკლესიებიც.  შემდეგ ჩვენი პატრიარქის დიდი დამსახურებით დაჩქარებული წესით დაუბრუნდა ჩვენი იქაური მოსახლეობა თავის რწმენას.

თუმცა არსებობს შემდეგი მონაცემები: დღეს აჭარაში არის 150-მდე მეჩეთი, 200-მდე მედრესე და 45 მართლმადიდებლური ტაძარი.

– და ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ უნდა აშენდეს აზიზიეს სახელობის მეჩეთი. აქ არის ერთი უხერხულობა: ეს ხდება მეორე სახელმწიფოს ჩარევით. არადა საქართველოში ძველ ფეოდალურ დროსაც იყო მეჩეთები და ეს, მართლაც, მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანულ ქვეყანას ახასიათებს ფეოდალურ ხანაში და ამას ჰქონდა პრაქტიკული გამართლებაც. ჩვენს მეფეებს ესმოდათ, რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო. დავითს ესმოდა და, ეტყობა, დემეტრეც მამის დარიგებით დადიოდა მეჩეთში, რომ ქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იყო მუსლიმანი და როგორ უნდა გეცხოვრა იმ ქალაქში უსაფრთხოდ  თუ მტრული გარემოცვა გეყოლებოდა?! მუსლიმანური მოსახლეობა რომ პრობლემა იყო, ეს გამოჩნდა კიდეც ჯალალედინის დროს: თბილისელმა მუსლიმანებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი თბილისის აღებაში, თორემ მანამდე ჩვენები იგერიებდნენ. მეორე მხრივ, აქედან გამომდინარე, ისიც სათქმელია, რამდენად მადლიერი რჩებიან ხოლმე ასეთი მოპყრობის შედეგად.

ჩვენი ისტორიის მონაკვეთები ადასტურებს, რომ უმადურია ხოლმე ეს საქმე.

– ამას თითქოს არ უკავშირდება, მაგრამ მართლაც უკავშირდება: ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით აქვეყნებდნენ საქართველოს გამყიდველების ჩამონათვალს: ორჯონიკიძე, ორახელაშვილი, სხვები და მათ შორის კამო ტერ-პეტროსიანი. ამაში გასაკვირი არაფერია, კამო გორელი კაცი იყო, შესანიშნავად ლაპარაკობდა ქართულად და, ალბათ, მენტალიტეტიც ნაწილობრივ ქართული ექნებოდა, მაგრამ არ ყოფილა ქართველი ერის გამყიდველი. ჩვენ ჩვენებს მივხედოთ: ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, კამო არ გახდებოდა გამყიდველი და ის არ წარმოადგენდა ისეთ ფიგურას, რომ მის გამო ვინმე შემოსულიყო საქართველოში. ასე რომ, ნურც იმედი გვექნება და ნურც გავამწვავებთ ამ საკითხს. ახლა კი ძალიან უცნაური ვაჭრობაა: მე აღვადგენ თქვენს ოთხ ძველ ისტორიულ ტაძარს და ავაშენებ ახალს ბათუმში. ეს რელიგიის სფეროა და, ბუნებრივია, პროტესტს ბადებს ქართველ საზოგადოებაში. ბოლოს და ბოლოს, დამრთე ნება და მე თვითონ აღვადგენ ამ ჩემს ძველ ოთხ ტაძარს?! თურქეთის ტურისტულ მარშრუტებში შედის ჩვენი ტაძრები, როგორც ტურისტებისთვის საინტერესო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილები. იმ დონემდეც კი, რომ გიდები აღნიშნავენ, აქ სწავლობდა დიდი პოეტი შოთა რუსთაველი; რომ ოშკი ააშენა დიდმა დავით კუროპალატმა; რომ აქ არის გიორგი პირველის წარწერა და ასე შემდეგ. ხომ შეიძლებოდა, ასე დამდგარიყო საკითხი და, თუ საჭირო იქნებოდა, მეჩეთს ავაშენებდით ქართველი მუსლიმანების თხოვნით მაგრამ, როდესაც ამან მიიღო სახელმწიფოთა შორის შეთანხმების სახე, ბუნებრივია, პროტესტი იბადება და ეჭვი ჩნდება, ხომ არ იწყება ყარსის ხელშეკრულების გათამაშება იმ სქემით, რა სქემითაც ის თავის დროზე დაიდო?! ბოლოს და ბოლოს, თუ ოცდამეერთე საუკუნეა, რელიგიური ნიშნით ავტონომია გაუგებარია.

ახალციხის მეჩეთში ვინ უნდა იაროს?

– მანდ ცოტა სხვა ვითარებაა. ის არის ძალიან საინტერესო ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი. ძალიან ლამაზი. იქ არის ფაშების სასახლე, ციხე-კოშკი და მეჩეთი. საერთოდაც, ჯაყელები ერთადერთი ფაშები იყვნენ თურქეთის იმპერიაში, რომლებიც მემკვიდრეობით გადასცემდნენ ფაშობას. ისინი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული მეცხრამეტემდე იყვნენ და ქართულად ლაპარაკობდნენ.  

ანუ ის მეჩეთი ჩვენი მეჩეთია?

– დიახ, ეს არის ქართველი მუსლიმანების ძეგლი. მაგალითად, ესპანელი ისტორიკოსები აღიარებენ თავიანთ ისტორიაში არაბობას. მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ ჩვენ: ახალციხის რაბათი არის ქართული კულტურის ძეგლი და მას აქვს ისტორიული და მხატვრული ღირებულება. თან იქ ლაპარაკია რესტავრაციაზე. ამაზე თვალს ვერ დახუჭავ და ამის წაშლა ისეთივე ბარბაროსობა იქნებოდა, როგორიც იყო თავის დროზე იქაური მოსახლეობის ძალით გამუსლიმანება. სხვათა შორის, ახალციხეში გამუსლიმანდა გლეხობა და ფაშები, თავადაზნაურობა, შუა ფენა, რომელზეც იდგა ფეოდალიზმი, ახალციხიდან დანარჩენ საქართველოში გავიდა. ასე რომ, რაბათი სხვა არის, მაგრამ ამ ახალი მეჩეთის აშენება იმ მოტივით, რომ ის იდგა ბათუმში და რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა, არ მგონია გამართლებულად. ის მეჩეთი აბდულ აზიზმა გარნიზონისთვის ააგო, ომის მოლოდინში და რუსეთის იმპერიამ დაანგრია. სხვათა შორის, იმ მოტივითაც, რომ ხელს უწყობდნენ ქართველი მუსლიმანების გასვლას აჭარიდან. აზიზიეს სახელობის მეჩეთის სურათები რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რომ დიდი თვალშისაცემი არაფერია. ასე რომ, ამან უკვე პოლიტიკური ხასიათი მიიღო. რა თქმა უნდა, თურქეთი საერო სახელმწიფოა…

მხოლოდ ჯერჯერობით.

– უკვე ცხადია, რომ ევროკავშირში მისი მიღება ძალიან შორეული პერსპექტივაა და არის ეჭვები, რომ ისლამი წინა პლანზე გადმოდის. მეორე მხრივ, თურქეთის ხელისუფლება ძალიან გონიერია, მაგრამ, როდესაც რეგიონის ლიდერობას ცდილობ, ასეთი ნაბიჯები მოსალოდნელია, ამდენად, მეტი წინდახედულობა ჩვენს ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა.

ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს მესხეთელი თურქების დაბრუნების ვალდებულება და ისინი ითხოვენ ჩასახლებას სამცხე-ჯავახეთში. ამისთვისაც ხომ არ ამზადებს თურქეთი იქ მეჩეთის აღდგენას? იქ მრევლის გაჩენას ელოდება?

– ეს პრობლემა დგას და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამაზე უნდა ველაპარაკოთ საერთაშორისო საზოგადოებას. მართალია, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მათ დაბრუნებას, მაგრამ, უკაცრავად უხეში გამოთქმისთვის, „შევიტენეთ“ ეს პრობლემა. ისინი გაასახლა საბჭოთა კავშირმა, მისი სამართალმემკვიდრე კი რუსეთია. ამიტომაც ამ დანაშაულებრივი ქმედების აღიარებაზე უნდა ილაპარაკოს რუსეთმა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს რომ მოენდომებინა კიდეც, სად გაასახლებდა 240 000-მდე ადამიანს?! ანუ ამ ვალდებულების აღებით იმთავითვე შეცდომა იყო დაშვებული. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მთელი მოკავშირე რესპუბლიკები შევთანხმდით, რომ რუსეთისთვის მიგვეცა სამართალმემკვიდრეობა, რასაც ასე ითხოვდა და მათ შორის ესეც უნდა ყოფილიყო. თუ უარი ვთქვით შეიარაღებაზე, ამაზე რატომ არ ვთქვით უარი?!  ჩვენი მხრიდან მხოლოდ კეთილი ნება იქნება ამ პროცესის დაძვრა და, ამდენად, ჩვენ გვაქვს უფლება, ისინი შერჩევით დავაბრუნოთ. ჩვენ ვერ ვიტყვით კატეგორიულ უარს მათ ჩამოსახლებაზე, იმიტომ რომ მათი დიდი ნაწილი ნამდვილად ეთნიკური ქართველია. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ არგუმენტები: ერთი, რომ ეს რუსებმა ჩაიდინეს; მეორე, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა და, მესამე, მათი ჩასახლება თვითონ იმ რეგიონში გამოიწვევს პრობლემას, ამიტომ თანდათანობით და შერჩევით უნდა ჩამოვასახლოთ ისინი, ვინც თანახმაა, რომ ისწავლოს ქართულად, რომ მისმა შვილმა იაროს ქართულ სკოლაში და შემდეგ ვნახოთ. ეს ვერ იქნება ერთჯერადი აქტი, მაგრამ ვერც ის დამოკიდებულება გვექნება, რომ ვერ მივიღებთ და მიჩუმათებას ჯობია, ამაზე ვიმსჯელოთ და ველაპარაკოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ პუნქტებით, რაც ჩამოვთვალეთ.

აზიზიეს სახელობის მეჩეთის აღდგენა მოახდენს რელიგიურ გავლენას რეგიონზე?

– მე რაც ვიცი, ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძირები და ფესვები გადასძალავს. მე აქ საფრთხეზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ იმაზე, რომ ჩრდილი არ მიადგეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობას და ამან შიგნით არ გამოიწვიოს დაძაბულობა, ამიტომ ვერ ვხედავ ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას. დღეს სავსებით ჰყოფნის მუსლიმანურ მრევლს ჩვენთან არსებული მეჩეთები.