რაკი კახეთი სტიქიამ დააზარალა, ბუნებრივია, რომ მთავრობის წევრები რეგიონს ხშირ-ხშირადაც ესტუმრებიან ხოლმე (თუმცა, პირადად ჩემთვის უცნობი დარჩა, რა მისიით იმყოფებოდა სტიქიის ეპიცენტრში ქ-ნი კალმახელიძე, ვითომ, სეტყვის დაკავების მიზნით?!). მათ შორის, ყველაზე აქტიური, ცხადია, პრემიერ-მინისტრია. შესაბამისად, მისგან ვიგებთ როგორც ახალ-ახალი სამთავრობო ინიციატივების, ისე სამოქმედო გეგმების შესახებაც. ჰოდა, რაკი ვიგებთ, ისიც შევიტყვეთ, რომ ყველა ძროხა უნდა აღირიცხოს და, ზედაც, დაავადებების წინააღმდეგ აიცრას.
სავსებით ნათელია, რომ (აღრიცხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ) ყველა ძროხა უნდა აიცრას, თუმცა, ამ ინიციატივის მართებულობის განსამტკიცებლად პრემიერ-მინისტრმა მეცნიერთა ნააზრევი მაინც მოიხმო: „გადავწყვიტეთ, რომ პრევენციის მიზნით დავიწყოთ მასობრივი აცრები. ყველა ძროხა უნდა იყოს აღრიცხული და აცრილი. ჩვენ თუ სამი წლის განმავლობაში უწყვეტად ავცერით პირუტყვი, შანსი, რომ დაავადდეს საქონელი, იქნება ნული.“
რაც მთავარია, აცრები უფასოა, ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ზოგადად, აღრიცხვა ჩვენი ნორჩი სახელმწიფოს აქილევსის ქუსლია (მკვდარი ამომრჩეველი ცოცხლისგან ჯერაც ვერ გამოგვირჩევია), ძროხებზე, შესაძლოა, ერთგვარი მოთელვაც გამოგვივიდეს და, თუ ისინი დავითვალეთ, ადრე თუ გვიან, ორფეხებსაც მოგვევლება.