გრიფი – „საიდუმლო“

გრიფი – „საიდუმლო“

რაბათის ციხე არა მხოლოდ რეაბილიტირდა, არამედ, კიდეც გაიხსნა, მნახველებიც მიიღო და თვით ქალბატონი ნიჟარაძის კლიპის გადასაღებ მოედნადაც იქცა. უფრო მეტიც, გვამცნეს, რომ ჩვენს სანახებთან აგრერიგად დამეგობრებულ „ბოლივუდელებსაც“ მოსვლიათ თვალში და თავიანთი მომავალი ფილმისთვის, სავარაუდოდ, სწორედ რაბათის ციხის მიდამოებს გამოიყენებენ.

ცნობილია, რომ რაბათისა და ბათუმში „აზიზესად“ წოდებული მეჩეთები თურქეთ-საქართველოს იმ მოლაპარკების საფუძველზე უნდა აღდგენილიყო, რის მიხედვითაც, თურქეთი აიღებს ვალდებულებას, სანაცვლოდ თავის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები აღადგინოს. თუმცა, ეს ყოველივე ზეპირსიტყვიერების დონეზეა ცნობილი, ვინაიდან, ხსენებული ხელშეკრულება თვალად არავის უნახავს (საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ დოკუმენტი საიდუმლოა). არათუ არ უნახავს, ვერც ნახავს, რადგან, გასულ კვირას გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გზას თბილისის სააპელაციო სასამართლოც შესდგომია. კერძოდ, მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ ფორ.გე-ს სააპელაციო საჩივარი (გამოცემა ითხოვს, რომ დოკუმენტი განსაჯაროვდეს) არ დააკმაყოფილა, ანუ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბატონ დარასელიას გადაწყვეტილება.

კერძოდ, მოსამართლე დუგლაძეს უბრძანებია, რომ „ხელშეკრულების პირობების განსაჯაროება მის ოფიციალურ გაფორმებამდე, ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ზიანს მიაყენებს და, ამიტომ, მის ოფიციალურ გაფორმებამდე ის საიდუმლოდ უნდა დარჩეს“.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რაბათის მეჩეთი უკვე აღდგა (არადა, თითქოს, დოკუმენტის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო მისი აღდგენა), ზემონახსენები ხელშეკრულებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა, ქართული სასამართლოს მიერ აღსრულებული სამართლით, ინტერესის რამე სხვით დაკმაყოფილება მოგვიწევს.

რაც შეეხება მოსამართლე დუგლაძის განმარტებას (ზიანის თავიდან ასაცილებლად დოკუმენტი საიდუმლოდ უნდა დარჩესო): თუკი გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, პასუხს ვინ აგებს?!