ნარმანიამ მორიგი საკადრო კარუსელი დაატრიალა

ნარმანიამ მორიგი საკადრო კარუსელი დაატრიალა

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობა დატოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბიძინა გიორგობიანმა. თბილისის მერის განცხადებით, არეშიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, მის კერძო სექტორში გადასვლას უკავშირდება.

ბიძინა გიორგობიანი არ თვლის, რომ მისი საქმიანობით უკმაყოფილოა თბილისის მერი. ამბობს, რომ პირადი გეგმების განხორციელების მოტივით დატოვა თანამდებობა, რომელიც ძალიან ბევრ დროს საჭიროებს. ბიძინა გიორგობიანს არ დაუკონკრეტებია რას ეხება მისი გეგმები. „გადაწყვეტილება მივიღე ბევრი მიზეზის გამო. მაქვს ჩემი პირადი გეგმები, რომელსაც სჭირდება ძალიან ბევრი დრო და მინდა, რომ ჩემი სამომავლო გეგმები იყოს ჩემზე დამოკიდებული. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში თბილისის მერიაში ბევრი რამ გავაკეთეთ, ახლა მინდა, რომ იმ გეგმების განხორციელებას შევუდგე, რომელიც მე გამაჩნდა საქართველოში დაბრუნებისას და ამისთვის მჭირდება დრო“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

დღესვე, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები წარადგინა. ნარმანიას განცხადებით, გამოცხადებული იყო კონკურსი დედაქალაქის მერიის სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების შესარჩევად და კომისიამ დაასრულა მუშაობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კომისიამ შეარჩია დიმიტრი მოსულიშვილის კანდიდატურა, რომელიც პროფესიით არქიტექტორია.

„ძალიან წარმატებული და გამოცდილი ადამიანია, არქიტექტორთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. ის აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შემდგომ მდინარე ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების კონცეფციის მომზადებაში და ბევრ სხვა საკითხში. ბევრი კარგი და წარმატებული პროექტის ავტორია. სწორედ ის შეარჩია კომისიამ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, კომისიის მხრიდან ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის თანამდებობაზე შერჩეული იქნა კახაბერ გვანცელაძის, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძის კანდიდატურები. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, რომელიც თბილისის საკრებულოსთან შეთანხმებას საჭიროებს, ნარმანიას თქმით, აღნიშნული ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი და დედაქალაქის საკრებულოს წარუდგენენ კანდიდატებს.

გიორგი არეშიძის გადაწყვეტილებას მიესალმა ენერგეტიკის მინისტრი, რომლის განცხადებით ამ ცვლილების შესახებ მან მედიისგან შეიტყო.

„არ ვიცი. პირველად მესმის. დღეს დატოვა თანმდებობა?... სამსახურეობრივად, ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა წარმატებული იყო. პროექტები, რომლებიც მან განახორციელა ახალგაზრდებთან ერთად, მისასალმებელია, თუმცა რადგან მიზანმიმართულად იყო გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ის ძალიან ენერგიული ადამიანია და მიზნებს, რომლებიც ჰქონდა, აუცილებლად მიაღწევს“, - განაცხადა კახი კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მოულოდნელი არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის. საკრებულოს წევრი, სევდია უგრეხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის მერიაში საკადრო ცვლილება გაგრძელდება.

„ჩვენ ვითხოვდით თბილისის მთავრობის განთავისუფლებას, მაგრამ დავრწმუნდით, რომ ნარმანიას არ ჰყვას გუნდი, არ შეუძლია გუნდის შექმა და ვერც შექმნის. ნარმანია არც ნიშნავს და არც ანთავისუფლებს ადამაინებს, ამას აკეთებს სუს-ი და პირადად ბიძინა ივანიშვილი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ივანიშვილმა არქიტექტურის სამსახურის უფროსად დანიშნა მოსულიშვილი, რომელიც მისი პანორამის დამცველი უნდა იყოს.

საკადრო ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. გარდა ამისა ჯერ კიდევ ვაკანტურია ვაკის გამგებელის თანამდებობდა, ასევე ხელმძღავანელი არ ჰყავს ეკოპოლიტიკის სამსახურს, მათ შორის ზედამხედველობის სამსახურს. ამას დაემატა არაეშიძის და გიორგობიანის სამსახური. არ მაქვს იმედი, რომ ვინმე უკეთესი დაინიშნება“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ საკადრო ცვლილები ბუნებრივი მოვლენაა საჯარო სამსახურში. მისივე თქმით, როდესაც საჯარო სექტორში ხდება გაყინვა, სწორედ ეს არის პრობლემა, რაც მისი თქმით დამახასიათებელია ტოტალიტარული ქვეყნებისთვის.

„რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებას, საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა მქონდა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელთან. ზოგადად წლევანდელი წელი ამ მიმართულებით იყო უნიკალური. ამ პიროვნებამ უმაღლეს დონეზე გაართვა თავი გამოწვევებს. მე მიმაჩნია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ. ეს არის ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესი.

რაც შეეხება ნაციონალების განცხადებას, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ის მწარე რეალობა და მმართველობა, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ვფიქრობ, რომ მათ კომენეტარზე, კომენტარის გაკეთება აბსურდია, რადგან თვითონ მათი კომენტარია აბსურდული და საღ აზრს მოკლებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ტალიაშვილი.