„ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე“ - ეს ის ნორმებია, რომლებზეც დაყრდნობით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს წილების დაბრუნებას ითხოვს.
ხალვაშის სარჩელის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გარიგება გაფორმებულია ამორალურად. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს მომზადებული აქვთ კიდევ ერთი სარჩელი, რომლითაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვენ არაკონსტიტუციურად სცნოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი - მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი.
იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული სარჩელი და ამ ნორმების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება წარმოებაში მიიღო, მაშინ სასამართლო დავა აზრს კარგავს, რადგან ის მუხლები რომლებზეც დაყრდნობით მომზადდა ხალვაშის სარჩელი, დროებით შეჩერდება.
ბიზნესმენის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ამ სარჩელით „რუსთავი 2“-ის დაცვის მხარე ისეთი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რაზეც დგას მთელი სამოქალაქო ბრუნვა, რისი ამოსავალი წერტილია საჯარო წესრიგი, კანონის და ზნეობის დაცვა.
სალიას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, „რუსთავი 2“ ცდილობს დადგეს კანონზე მაღლა, რომ საერთოდ თავიდან აიცილოს სამართლო წარმოება. სალია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.
„ვერ მიიღებს იმ მარტივი გადაწყვეტილების გამო, რომ აქ ჩაქსოვილია მთელი ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება და სამოქალაქო ბრუნვა. შესაბამისად, ვერც ერთი საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იტყვის, რომ ეს ნორმა არის კონსტიტუციის წინააღმდეგი. „რუსთავი 2“ საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლის დეკლარირებას თითქოს, ახდენს „რუსთავი 2“. რეალურად კი, ეს არის ძალადობა კანონმდებლობაზე, ძალადობა დემოკრატიულ პრინციპებზე და სამოქალაქო ბრუნვაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დაუშვებელი. თუმცა ისინი ითხოვენ ამ ნორმის მოქმედების შეჩერებას იმისთვის, რომ მოითხოვონ ამ სასამართლო დავის შეჩერება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დასჭირდება ამას 9 თვე თუ 2 წელი, ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ“, - აცხადებს პაატა სალია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, რადგან ბიზნესმენი სხვა სამართლებრივი საფუძვლებითაც ითხოვს ამ ქონების უკან დაბრუნებას. სალიას განცხადებით, ეს ვერ შეაჩერებს მათ ბრძოლას და დარწმუნებულია, რომ ხალვაში დაიბრუნებს იმ ქონებას, რაც უკანონოდ წაართვეს და ვერანაირი საკონსტიტუციო სასამართლო ამ ძალადობას ვერ დააკანონებს.
„არ ვფირობ, რომ შეჩერების საფუძველი არსებობდეს, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამართლებრივი საფუძვლებითაც ვითხოვთ ამ ქონების უკან დაბრუნებას. ამდენად „რუსთავი 2“-ს ალბათ, მოუწევს მთლიანად სამოქალაქო კოდექსის შეჩერება იმისათვის, რომ თავის საწადელს მიაღწიოს. სამწუხარო იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ეს სამწუხარო იქნება არა ჩვენთვის და ჩვენი პოზიციისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.
საკონსტიტუციო სასამართლო ასეთი განჩინებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში შეჩერდეს იმ პრინციპების მოქმედება, რაც გულისხმობს საჯარო წესრიგს, კანონის უზენაესობას და კეთილისინდისიერების პრინციპს. ამ მუხლის შეჩერება ნიშნავს, რომ შეჩერებულია ამ პრინციპების მოქმედება, რაც ხელს შეუშლის ასობით ათასი ადამიანის ბრძოლას წლების განმავლობაში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.
იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად სცნობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს, ადვოკატ დიმა გაბუნიას განცხადებით, ეს იქნება პირდაპირი დახმარება მეორე მხარის მიმართ, რის საფუძველზე უნდა შეჩერდეს სამოქალაქო სასამართლო წარმოება, რაც გამოიწვევს ქიბარ ხალვაშის უფლებების უხეშ შელახვას. გაბუნიას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი არის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომ გარიგება გაფორმებულია ამორალურად. როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას და ამას რომ თავი დავანებოთ, თუ ორ პირს შორის სამართლებრივ ურთიერთობებში დაიდო ამორალური გარიგება, რატომ არის ეს არაკონსტიტუციური?
თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს სარჩელი და შეაჩერა მსგავსი მუხლი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და არა სამართლებრივზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა მეორე მხარის მიმართ, არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, ასევე - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, რაც გამოიწვევს ქიბარ ხალვაშის უფლებების უხეშ შელახვას. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმა გაბუნიამ.
როგორც ჩანს, ქართულ სასამართლოში ქიბარ ხალვაშს გაუჭირდება სამართლის ძიება, ვინაიდან მოსამართლეთა ნაწილი, მითუმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი თავმჯდომარის თაოსნობით, ჯერაც ნაცმოძრაობის გავლენის ქვეშაა და ამაზე არაერთხელ თქმულა. ეს კი, საფუძვლიან ვარაუდს აჩენს, რომ პროცესებმა, შესაძლოა, უმართავი ხასიათი მიიღოს და სასამართლოდან ქუჩაში გადაინაცვლოს.