აფხაზეთში დღეს ისევ ის სიტუაციაა, რაც ერთი წლის წინ იყო, როცა რაულ ხაჯინბა მივიდა ე.წ. ხელისუფლების სათავეში. როგორც მაშინ, დღესაც დგას ხალხი სოხუმის ცენტრში და ცვლილებებს და კეთილდღეობას ითხოვს. რა შეიცვალა, ან რა არ შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში, ვინ როგორ აღიქვამს სოხუმიდან ცენტრიდან საზოგადოების მიერ გაგზავნილ მესიჯებს და რატომ აწყობთ აფხაზებს საქართველოსთან „ორმაგი თამაშის“ თამაში?
For.ge საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
აფხაზები დღეს, ისევე როგორც ერთი წლის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ, პრეზიდენტი გადადგომას და ქვეყანაში ცვლილებების გატარებას ითხოვენ. რეალურად რა პრობლემები აწუხებთ მათ და როგორ შეიძლება აფხაზური საზოგადოების მიერ გაგზავნილი მესიჯის აღქმა?
- დიდი ხანია ამ თემებზე ვმუშაობ, მიმოწერაც მაქვს ბევრ მათგანთან. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მთლიან საქართველოში ყველაზე რთულ მდგომარეობაში აფხაზები არიან. თითქოს, გამარჯვებულები არიან, მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია და ქართველებიც დევნილებად აქციეს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
პირველი - მათ გააჩნიათ დემოგრაფიული პრობლემა - ვეღარ მრავლდებიან. გააჩნიათ იდენტობის პრობლემა - აღარ იციან ვისთან უნდა იურთიერთონ. აფხაზეთი საკამოდ მსუყე ლუკმაა და მათ ინტერესზე რომ არ იქნება მორგებული ბევრი რამ, ამასაც აცნობიერებენ. მიმდინარეობს მძიმე პროპაგანდა ქართველებთან მიმართებაში. ხშირად მისაუბრია მათთან, რომ მათ საქართველოს გარდა სხვა გზა არ გააჩნიათ მსოფლიოსთან დასაახლოვებლად, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის, რომ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში, მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა თუ კლუბებში მოსახვედრად შანსი არ აქვთ. მათ განვითარება სჭიდებათ, განათლების მიღების შანსი კი არ არსებობს. რეალურად, დრო გადის, ეპოქა თავის მოთხოვნებს ქმნის, ეს კრიზისი ღრმავდება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლო სიტუაციას ჯერ არ ქმნის.
დრო სჭირდება იმასაც, რომ მათ საქართველოგან რეალური საფრთხე და საშიშროება არ იგრძნონ. 2000-იანი წლების დასაწყისიში სიტუაცია ბევრად გამოსწორებული იყო და გაუმჯობესებულიც, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და საქართველოს მხრიდან საფრთხის განცდის არსებობამ, რაც არ უნდა რეალური და სამართლიანი ყოფილიყო ის, კიდევ უფრო დააშორა ერთიან საქართველოს შემადგენლობაში შესვლის, თუნდაც თეორიული შანსი. პროცესები მიდის, ისინი გრძნობენ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იმის გამო, რომ ვერ ვითარდებიან, რომ პერსპექტივები ძალიან დაბალი აქვთ, რომ ისინი ასიმილირდებიან სხვა ტომებთან და ეს პრობლემები შიდა კონფლიქტებში გადადის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირს ქმნის. თქვენ ბრძანეთ, რომ 2000-იან წლების დასაწყისში სიტუაცია ბევრად გამოსწორებული და გაუმჯობესებული იყო - რა იგულისხმეთ?
- მე კარგად მახოვს ეს პროცესები, იყვნენ დევნილები, სიტუაციაც დაძაბული იყო, მაგრამ საზოგადოებრივი ურთიერთობები ბევრად უფრო კარგად იყო განვითარებული, ხალხი გადადიოდა და გადმოდიოდა, ბევრად მშვიდობიანი განწყობა იყო. 2003 წლის შემდეგ, ეს შენელდა და 2008 -ის მერე გასაგებია, რაც მოხდა.
დღეს სოხუმის თეტრალურ მოედანზე დგას ხალხი, რომელიც იგივე მოთხოვნებს უყენებს ერთი წლის წინ არჩეულ პრეზიდენტ ხაჯინბას, რა მოთხოვნებსაც უყენებდა მის წინამორბედ ანქვაბს 2014 წელს. ძირითად მოთხოვნად, კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლის გარდა, ისევ რჩება სუვერენიტეტის გამყარების პრობლემა და რეფორმები. რას ელოდებოდნენ აფხაზები, რომ ერთ წელიწადში არსებულ პირობებში, ხაჯინბა სუვერენიტეტის და მათი დამოუკიდებლობის გამყარებას შეძლებდა?
- აი, ამაშია პრობლემა. მათ მართლაც გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ და კარგად უნდა გაიაზრონ ის, რომ შეუძლებელია მათ ეს სუვერენიტეტი მიიღონ. მაგრამ, როცა გაიაზრებენ, მერე მოკავშირედ ვის ხედავენ, თავიანთ გენეტიკურ ერთიანობას დანარჩენ საქართველოსთან და ქართველებთან თუ რუსებთან? ეს არის მათი მთავარი პრობლემა, რომლის კარგად გააზრებაც სჭირდებათ მათ.
საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზეთიდან საქართველოში ხშირად გადმოდიან, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ხმამაღალა არ აცხადებენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანხებიც აქვს გამოყოფილი მათ დასაფინანსებლად. ორმაგ თამაშს თამაშობენ აფხაზები და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ის?
- იმის მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს გადატანილი, აფხაზეთი დანარჩენი საქართველოა. ქართული სახელმწიფო სთავაზობს მათ ყველა იმ პერსპექტივას, რაც მსოფლიო ასპარეზზე გააჩნია მას - ჯანდაცვა იქნება, განათლება თუ სოციალური მიმართულებები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ჯანდაცვის სფეროში გამოიხატა. თუ ასე გაგრძელდა პროცესები, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა თაობამ მიიღოს ეს შეთავაზებები განათლების მიმართულებით.
თქვენ გაძლევთ ამის თქმის საფუძველს ის კონტაქტები, რაც აფხაზეთის მოქალაქეებთან გაგაჩნიათ?
- ეს ლოგიკური პროცესია. რუსეთთან მიმართებაში მათ შეიძლება მიიღონ მხოლოდ მინიმალური არსებობის სიკეთეები, საქართველოს მხრიდან მათ ეს ყველაფერი შეიძლება მიიღონ ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში, საერთაშორისო განათლების მიმართულებით. მათი ერთადერთი გადარჩენის გზა, იმ ეთნიკური ნიშნით, რასაც წარმოადგენენ, არის საქართველოსთან ურთიერთობაში და საქართველოსთან ერთიანობაში.
სოხუმში მიმდინარე პროცესებში, ხომ არ მოხდება რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო უხეში ჩარევა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს თვითონ აფხაზების თვითგამორკვევის პროცესს და გაამყარბს რუსეთის პოზიციებს?
- პირველი - ეს ხალხი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უიმედობის და უპერსპექტივობის განცდამ. მეორე - ლიდერების დამოკიდებულებამ ხალხთან მიმართებაში. ისინი წინააღმდეგობაში მოვიდნენ საზოგადოების ინტერესებთან და ვერ შეინარჩუნეს პოსტი დიდი ხნის განმავლობაში. არძინბა, ბაღაფში... სხვათა შორის, ბაღაფშის გამარჯვება განაპირობა იმანაც, რომ ცოლი ქართველი ჰყავდა და მას გალის მცხოვრებლებმაც მისცეს ხმა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა... ანქვაბი, დღევანდელი ხელმძღვანელი ხაჯინბა, ისინი მოქმედებდნენ და მოქმედებენ საკუთარი კარიერისტული მიზნებითვის და ნაკლებად აინტერესებთ ხალხზე ზრუნვა. ეს ყველაფერი სწორედ წინააღმდეგობრივ კავშირებს იწვევს, იწვევს იმ სიტუაციას, რაც დღეს აფხაზეთშია.
რაც შეეხება რუსეთს, ის ძალიან ფრთხილად მოქმედებს დღემდე და ხისტი მოქმედებებისგან თავს იკავებს. ის თავს აფხაზეთის მფარველად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მანდატს იღებს თავის თავზე, ეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი, რუსეთი მათთან დაპირისპირებაში შევა, მაშინ უკვე, სხვა რეალობა იქნება და აბსოლუტურად სხვა პროცესები დადგება.