ამ ორიოდე დღის წინათ მიხეილ სააკაშვილმა კახეთში თათბირი ჩაატარა და “ფასეული” ინსტრუქციები მისცა მევენახეებსა და მეღვინეებს რთველის დაწყებასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ საკუთარ ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის დაშვების შესახებ მზაობის გამოხატვის ფონზე სააკაშვილმა აღნიშნული საკითხისადმი აბსოლუტურად საპირისპირო დამოკიდებულება გამოავლინა და, ფაქტობრივად, ღვინის ბიზნესით დაკავებულ ქართულ კომპანიებს რუსულ ბაზარზე შესვლა აუკრძალა. მისი სიტყვებით, “რუსეთში არის ყალბი ღვინის წარმოების გამზადებული ბაზრები... ჩვენ რომ მივიღოთ შეკვეთა რუსეთიდან, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ, ვიდრე ჩვენ ბოთლებს ვიყიდით და გავაკეთებთ, ისინი მოსკოვსა და პეტერბურგში ჩამოასხამენ ჩვენს ღვინოებს და ჩვენ დაგვრჩება ნული, რადგანაც მთელი ბაზარი აგებულია ყაჩაღობასა და პირატობაზე”.
ერთი შეხედვით, ზრუნვაა ქართული პროდუქციის რეპუტაციასა და ქართული მეღვინეობის ბიზნესის სტაბილურობაზე. მაგრამ დღევანდელ საქართველოში ბიზნესმენი კი არა, ბავშვიც ხვდება, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტის “რჩევა”. ეს მოთხოვნაა, რომლის არშესრულება, თუ სიგარეტის კოლოფებზე ცნობილი წარწერის პერიფრაზირებას მოვახდენთ, მავნებელია “რჩევამიუღებელთა” ბიზნესის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი “მეგობრულად ურჩევს” ქართულ ბიზნესს რუსულ ბაზარზე შესვლისგან თავშეკავებას. უფრო ადრე, როდესაც პირველად გაისმა რუსული მხრიდან მზადყოფნის ნიშნები ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაშვების შესაძლებლობაზე, სააკაშვილმა, რომ იტყვიან, “ქოში უკუღმა ყარა” და მოჭრით განაცხადა, საქართველოს არ აქვს რუსეთში გასაყიდი ღვინოო. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა და მისი განაცხადი საქმეში ჩახედულებმა კავკასიონის ორივე მხარეს ისე გაიგეს, როგორც “რუსების გასაფუჭებელი ღვინო სადა გვაქვს”, “ეგღა გვაკლია, რომ ქართული ღვინო რუსებს დავალევინოთო”.
აშკარაა, რომ სააკაშვილი პრინციპულად წინააღმდეგია ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე მოხვედრისა და მთელ თავის “ავტორიტეტსა” და ძალაუფლებას იყენებს საამისოდ.
ნუ დავიწყებთ მის ამგვარ დამოკიდებულებაში, ქართული ღვინის რუსეთში არდაშვების შესახებ პერიოდულ დემარშებში, “ქსენოფობიური მეტაფორების” ძიებას, ნურც მხოლოდ შეურაცხყოფის, შელახული თავმოყვარეობისა და მტერი და ოკუპანტი რუსეთისადმი რაღაცით სამაგიეროს გადახდის სურვილით ავხსნით ამას. _ რუსეთის “მტრობა და ოკუპანტობა” საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც მაშინაც კი არ გახსენებია, როდესაც ეკონომიკის უმსხვილესი ობიექტები თანმიმდევრულად და ნარნარად გადასცა რუსული ეკონომიკის ზვიგენებს, რომელთა “ბიზნეს-ფარფლებს” კარგად თუ დავაკვირდებით, კრემლის ქონგურის კონტურებისგან ვერც კი გამოარჩევთ. მარტო აგვისტოს ომის შემდეგ, მესამე ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების სახელებს ამოფარებულ საქართველოში შემოსულ რუსულ კაპიტალზე რომ არაფერი ვთქვათ, უშუალოდ რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის 100 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა _ 900 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ფულადმა ტრანზაქციებმა 1100 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მაშ, რატომ გამოდის სააკაშვილი ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაშვების წინააღმდეგი?
2006 წლამდე ღვინოს საქართველოდან რუსეთში წარმოებულ ექსპორტში წამყვანი პოზიციები ეკავა. რუსეთზე მოდიოდა ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 87 პროცენტი ნატურით (ლიტრებში) და 77 პროცენტი _ ღირებულებით (აშშ დოლარებში), წელიწადში დაახლოებით 52 მილიონი ბოთლის ექვივალენტი. შედარებისათვის: ეს 5-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელზეც უკრაინასთან მიმართებაში დიდი ძალისხმევის ფასად ჩვენ შევძლებთ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გასვლას. ამიტომ, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე, ტურისტების მოზღვავებასა და თუნდაც მათთვის აქ ღვინის “სამჯერადი დიეტის” დანიშვნაზე, რუსული ბაზრის სრული ჩანაცვლება სხვა ბაზრებით ან თუნდაც შიდა მოხმარების გაორმაგებით, შეუძლებელია.
თუ რუსეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინოების დამზადებას აპირებენ, საქართველოს პრეზიდენტის “რჩევა” ქართული ღვინის რუსეთში გატანისაგან თავის შეკავებაზე უფრო რუსეთის ბიუჯეტზე ზრუნვასა და არა ქართული ღვინის მწარმოებლებზე ზრუნვას ნიშნავს. სააკაშვილის ლოგიკით, გამოდის: რუსეთში ფალსიფიცირებული ღვინოები საერთოდ არ იყიდება და ახლა იქაური კონტრაბანდისტები და ფალსიფიკატორები მსაჯის სასტვენის ხმასავით ელოდებიან ქართული ღვინის პირველი პარტიის საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას, რათა მერე აქედან ჩატანილ ერთ ბოთლზე ასი ფალსიფიცირებული თავად გაუშვან ქსელში და საარაკო მოგება ნახონ?!
მთელი მსოფლიო ვაჭრობს რუსეთთან, რუსეთის შიდა ბაზარი სავსეა ფრანგულიდან დაწყებული, ჩილეს ღვინოებით დამთავრებული, მაგრამ ეტყობა, არც საფრანგეთის პრეზიდენტს _ ნიკოლა სარკოზის, არც ჩილეს პრეზიდენტს _ სებასტიან პინიერას მოუცლელობის გამო ჯერ არ შეუკრებიათ თავიანთი მეღვინეები და არ მოუწოდებიათ მათთვის რუსეთში ღვინის შეტანაზე თავშეკავებისაკენ, მოტივით _ იქაური “ბიზნესმენები” ადგილზე ამზადებენ ჩვენებური ღვინის ფალსიფიკატს და იმით ამარაგებენ სავაჭრო ქსელსო.
ჩვენი პრეზიდენტის დარიგება კი, ეტყობა, იმ “რეალობას” ეფუძნება, რომლითაც რუსულ კრიმინალურ და ნახევრადკრიმინალურ სტრუქტურებს ღვინის ბიზნესის წარმოების თავიანთი სპეციფიკური ხედვა და ტექნოლოგია აქვს: ფალსიფიკაცია _ მხოლოდ ქართულ ღვინოებზე. მსოფლიოს სხვა ქვეყნების ღვინოებზე ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც თურმე ამაზე, თავის დროზე, “დედა აქვთ დაგინებული”.
ან არადა, ყველა იმ ქვეყანას, ვისაც რუსეთში შეაქვს ღვინოები, საქართველოსგან (მისი პრეზიდენტისგან) განსხვავებით, არ ავიწყდება, რეიგანისდროინდელი ერთი ქართველი პოლიტიკური მიმომხილველის ცნობილი ნათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, ქართული ანდაზა: “მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!”...
შე დალოცვილო, თუ რუსეთი მტერია, მაშინ მტრის ეკონომიკას რაც აზარალებს, იმაზე ჩვენ რატომ უნდა გვადარდო?! თუ არსებობს “გონივრული ეჭვი”, რომ კონტრაბანდა და ფალსიფიკაცია წალეკავს რუსულ ბაზარს, ეს შენთვის უკეთესიც უნდა იყოს, რადგან შენი მტრის ბიუჯეტი სათანადოდ ვე(ღა)რ შეივსება.
ასე რომ, ქართული პროდუქციის ფალსიფიკაცია რუსეთის შიდა ბაზარზე ნაკლებად აზარალებს ქართული პროდუქციის მსოფლიო რეპუტაციას, მაგრამ მისი დონე პირდაპირპროპორციული იქნება რუსეთის სახელმწიფოს ფისკალურ ზარალთან. ამიტომ იმის თქმა, რომ არიქა, რუსეთში მზად არიან ფალსიფიცირებული ქართული ღვინით ქვეყნის შიდა ბაზრის გასავსებადო, ქართული ღვინის რუსეთში არგასაშვებ არგუმენტად ვერაფრით გამოდგება.
ნაკლებად სარწმუნო უნდა იყოს ის არგუმენტიც, თითქოს რუსეთი ჯერ შეუშვებს თავის ბაზარზე და მერე ერთხელაც ისევ გამოაცხადებს ემბარგოს და აწყობილ ბიზნესს დაუნგრევს ქართველ მეღვინეებს.
ეს არგუმენტი პოლიტიკურადაა დეტერმინირებული, მთლიანად პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი და არ ითვალისწინებს ბიზნესის პრინციპს _ ურთიერთსარგებლიანობას. ქართული ბიზნესი რუსეთში ვერ იხეირებს, თუ არ იხეირა ამ ბიზნესთან დაკავშირებულმა რუსულმა ბიზნესმაც. და სადაც ბიზნესი ხეირს ნახულობს, იქ პოლიტიკა მეორე პლანზე გადადის. ცნობილი ნათქვამის პერიფრაზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როდესაც ბიზნესის ქვემეხები ისვრიან, კონფრონტაციის მუზები დუმან...
ძაღლის თავი კი, ფაქტობრივად, სულ სხვაგანაა დამარხული: სააკაშვილს, ფაქტობრივად, არ უნდა, რომ მეღვინეებმა, და საერთოდ ქართულმა ბიზნესმა, ფული იშოვონ, ეკონომიკურად წელში გაიმართონ, ხელისუფლების კეთილი ნებისა და წყალობის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად; არ უნდა, რომ ქართული ბიზნესი ა(ღა)რ იყოს დამოკიდებული ქვეყნის ხელისუფლების კეთილგანწყობაზე, მიბმული ნაციონალურ “ფინანსურ ბაგაზე”. ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ფულის მშოვნელი ბიზნესმენი დამოუკიდებელია თავის არჩევანსა და პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაშიც, რაც სააკაშვილისთვის განსაკუთრებით საშიშია. ქართული ბიზნესის მიერ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ფულის შოვნის ყველაზე დიდი სეგმენტი რუსული ბაზარია, ამიტომ ცდილობს “დემოკრატიული” და “საბაზრო” ფრაზეოლოგიით აღჭურვილი სააკაშვილი ამ მიმართულების გადაკეტვას. რუსეთის მტრის ხატად წარმოჩენით, იგი ცდილობს, ადამიანებს არ მისცეს საქმიანი კონტაქტების საშუალება, რაც ამ მტრის ხატის ნგრევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.
ამავე მიზეზით ეწინააღმდეგება იგი ქართველი “ბიზნეს-ხუაციოების” (ხუაციო _ ეთნიკური ჩინელი, რომელიც ჩინეთის საზღვრებს გარეთ ეწეოდა ბიზნესს) _ რუსეთში მოღვაწე წარმატებული ეთნიკური ქართველების საქართველოში ბიზნეს-აქტიურობას. მათ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ საქველმოქმედო, არაკომერციული საქმიანობის უფლება ეძლევათ. სწორედ ეს უნდა იყოს სააკაშვილის ზემოხსენებული გამოსვლის მთავარი არსი, აქ უნდა იყოს “ძაღლის თავი დამარხული”.
სააკაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს რუსული საფრთხის ექსპლუატაციას, რადგანაც იცის, რომ სწორედ ამაზე დგას მისი სახელისუფლო სკამი.
თუმცა მუდმივი ძახილი “მგელი მოდის, მგელი მოდის” ისევე კონტრპროდუქტიულია, როგორც ცოცხალი მგლის დაშინება ვენახის ბოლოში დამარხული ძაღლის თავით.
ასეა ეს და, თუ არ გჯერათ, იქნებ ცოტა რამ ქართველ მეღვინეებსაც ჰკითხოთ...